იტვირთება

დეზინფორმაცია: კოვიდ-პასპორტზე ცხვრის გამოსახულებაა დატანილი

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

Facebook-მომხმარებელი შორე შანიძე, ვაქცინაციასთან დაკავშირებით, კიდევ ერთ დეზინფორმაციას ავრცელებს. პირველ თებერვალს გამოქვეყნებულ პოსტში, რომელსაც 60 გაზიარება და 56 კომენტარი აქვს, შორე შანიძე ვაქცინის გაყალბებულ სერთიფიკატს შემდეგი წარწერით აზიარებს: „რა სიმბოლურია კოვიდ-პასპორტების აღმნიშვნელი სიმბოლო-ცხვარი😀ცხვრები ხართო და არ ვართ თუ“.

Facebook-მომხმარებლის მიერ გაზიარებული ინფორმაცია 2 მცდარ ფაქტს შეიცავს. პირველი: შორე შანიძის მიერ გავრცელებული სურათი კომპიუტერულადაა დამუშავებული. რეალურად, ბარათზე ცხვრის მაგივრად შემდეგი წარწერაა გამოსახული „I GOT MY COVID-19 VACCINE”, რაც ნიშნავს - მე მივიღე COVID-19-ის ვაქცინა.

მეორე მცდარი ფაქტი ისაა, რომ გავრცელებულ ბარათს შორე შანიძე კოვიდ პასპორტად ასაღებს. რეალურად, კონკრეტული ბარათი ისრაელში, რამათ-განში, შებას სამედიცინო ცენტრში წარმოებული კოვიდ-სერთიფიკატია. სამედიცინო ცენტრის მიერ Twitter-ზე 18 იანვარს გამოქვეყნებული პოსტის თანახმად ირკვევა, რომ ვაქცინაციის მაღალი დონიდან გამომდინარე, სამედიცინო ცენტრმა მიიღო სასადილოს გახსნის გადაწყვეტილება. პოსტის თანახმად, სასადილოს გახსნის შემდეგ იმ მომუშავე პერსონალის აღრიცხვა, რომელთაც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ჩაუტარდათ, სწორედ კონკრეტული სერთიფიკატის საშუალებით მოხდება.

აღნიშნული ინფორმაციიდან გამომდინარე, შორე შანიძის მიერ გაზიარებული ბარათის ფოტო კოვიდ-პასპორტს არ ასახავს და, ამასთანავე, მასზე გამოსახული ცხვარი ფოტო მონტაჟის შედეგადაა დატანილი.

ინფორმაცია კოვიდ-პასპორტების შესახებ

მას შემდეგ, რაც პანდემიის შედეგად საერთაშორისო მგზავრობა 90 %-ით შემცირდა, ე.წ. „კოვიდ პასპორტების“ ან მობილური აპლიკაციის მიმართ, რომელიც დაამტკიცებს, რომ მოგზაურს Covid-19-ის დიაგნოსტიკური ტესტი ან Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა გაკეთებული აქვს, განსაკუთრებული ინტერესი გაჩნდა.

აღნიშნული დოკუმენტების სისტემის შემოღებაზე საუბარია სკანდინავიის ქვეყნებში, სადაც დანიამ და შვედეთმა „ვაქცინის პასპორტის“ იდეა წარადგინეს. ქვეყნების განმარტებით, დოკუმენტის წარდგენა, როგორც ქვეყნების ეკონომიკის აღდგენას, ისე უსაფრთხო შიდა და საერთაშორისო მგზავრობას, შეუწყობს ხელს. ამასთან ერთად, ორივე მთავრობის წარმომადგენლებმა იდეა გააჟღერეს, რომ შესაძლოა, „ვაქცინის პასპორტების“ სისტემა გაფართოვდეს და დოკუმენტის მფლობელებს სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებზე დასწრების საშუალებაც მიეცეთ.

ვაქცინაციის პასპორტის იდეა შემდეგ ქვეყნებშიც გაჟღერდა: დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, კვიპროსი, ჩეხეთი, ესტონეთი, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, იტალია, პორტუგალია, სლოვაკეთი და ესპანეთი.

ზემოთ აღნიშნულ ქვეყნებში, იდეის არსებობის ან საკითხზე დაწყებული მუშაობის მიუხედავად, ჯერ „ვაქცინის პასპორტები“ არ ფუნქციონირებს.

დღეის მონაცემებით, ისრაელი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მსგავსი სახის დოკუმენტაცია ფუნქციონირებს. ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, 21 თებერვლიდან, ის პირები, რომელთაც ჩაიტარეს ვაქცინაციის კურსი ან გადაიტანეს კორონა ვირუსი, მიიღებენ ე.წ. „მწვანე პასპორტს“. მწვანე პასპორტი მოთხოვნილი იქნება ისეთ ლოკაციებზე შესვლისას, როგორიცაა: სავარჯიშო დარბაზები, საცურაო აუზები და სასტუმროები. ამასთან ერთად, მწვანე პასპორტით შესაძლებელი იქნება სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებზე დასწრება. ქუჩის მაღაზიებში, მოლებში, მარკეტებში, მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებში „მწვანე პასპორტის“ წარდგენა არ მოითხოვება.

ისრაელის მოქალაქეებს მწვანე პასპორტის აღება, 21 თებერვლიდან, სამი გზით შეუძლიათ:

1. ტელეფონში აპლიკაცია Traffic Light (Ramzor)-ის აპლიკაციის გადმოწერით, რის შედეგადაც, პერსონალური დეტალების შეყვანის შემდეგ, მოქალაქეები ელექტრონულ მოწმობას იღებენ.

2. ჯანდაცვის სამინისტროს საიტზე რეგისტრაციით, საიდანაც ბეჭდვით ფორმატზე მორგებული დოკუმენტის გადმოწერის საშუალება ეძლევათ.

3. ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე (*5400) ზარის განხორციელებით, რის შედეგადაც, ელექტრონული ფოსტით ან ფაქსით დოკუმენტის მიღებას შეძლებენ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

--------------------------------------------------------------

ყალბი ამბავი გამოგვიგზავნა ფაქტ-მეტრისა და მოხალისეთა ჰაბის ერთობლივი პროექტის, "მოხალისე ფაქტჩეკერის" მონაწილემ, ქეთი დოდაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

3719 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
19%
მეტწილად სიმართლე
11%
ყალბი ამბავი
8%
ნახევრად სიმართლე
8%

ყველაზე კითხვადი