რევაზ ხარაზი: [აჭარის] მუნიციპალიტეტებში საკრებულოს წევრები ასიათასობით ლარის ხელფასებს, დანამატებს, პრემიებს არაფრის კეთებაში იღებენ
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, რევაზ ხარაზის განცხადება არის სიმართლე.
რეზიუმე: 2020-2021 წლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ხულოს, ქედის, შუახევის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების შესაბამისობის ანგარიშები გამოაქვეყნა.
ანგარიშები 2018-2019 წლების პერიოდს მოიცავს და მათში, აუდიტის მიერ აღმოჩენილი არაერთი საყურადღებო გარემოების გარდა, საუბარი მუნიციპალიტეტების საკრებულოების არათანამდებობის პირი წევრების დაუსაბუთებელ ანაზღაურებაზეც არის.
როგორც ირკვევა, ხუთი მუნიციპალიტეტის საკრებულოების არათანამდებობის პირ წევრებზე, საანგარიშო პერიოდში, ჯამში 495 640 ლარია გაცემული . აუდიტის სამსახურის დასკვნით, მუნიციპალიტეტებმა შესაბამისი, კანონით გათვალისწინებული, დოკუმენტები ვერ წარადგინეს. ეს ნიშნავს, რომ საკრებულოს წევრების ხარჯების ანაზღაურების წესი და პრაქტიკა მოქმედ კანონმდებლობას სრულად არ შეესაბამება.
პოლიტიკოსი აღნიშნულ საკითხს მაშინ შეეხო, როცა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ორი ოპოზიციონერი წევრისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ განცხადება გააკეთა. ქობულეთის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტის გადაწყვეტილება უმრავლესობამ იმით დაასაბუთა, რომ ისინი, ექვსი თვის განმავლობაში, საკრებულოს მუშაობაში არ მონაწილეობდნენ. საუბარია ბონდო თედორაძესა და მამული სურმანიძეზე, რომლებიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან და 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, საპროტესტო აქციებში აქტიურად ჩაერთნენ. ოპოზიციონერები მიიჩნევენ, რომ საკრებულოს გადაწყვეტილება პოლიტიკური ხასიათისაა. მათივე განმარტებით, ამ ხნის განმავლობაში, საკრებულოს სხდომებს ბოიკოტის გამო არ ესწრებოდნენ, თუმცა საკრებულოს წევრის სხვა საქმიანობას მუდმივად ახორციელებდნენ, მათ შორის, ხვდებოდნენ ამომრჩევლებს, მონაწილეობდნენ ფრაქციის მუშაობაში, კითხვით მიმართავდნენ საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს/თანამდებობის პირს, განიხილავდნენ ამომრჩევლების წერილებსა და საჩივრებს. მათი შეფასებით, გამოდის, რომ საკრებულოს სხვა დეპუტატებს ანაზღაურებას უხდიან იმაში, რისთვისაც ენმ-ის წევრებს უფლებამოსილება შეუწყვიტეს.
ანალიზი: პოლიტიკოსმა რევაზ ხარაზმა განაცხადა: „ორ ჩვენს საკრებულოს წევრს შეუწყვიტეს უფლებამოსილება, თითქოს თავიანთი უფლებამოსილების შეუსრულებლობის გამო. აი ამ სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში წერია, რომ ხულოს, ქედის, შუახევის და სხვა მუნიციპალიტეტებში, ანალოგიურად, საკრებულოს წევრები იღებენ ხელფასებს, დანამატებს, პრემიებს და ეს არის ასობით ათასი ლარი და ამას იღებენ არაფრის კეთებაში“.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ოპოზიციონერ წევრებს, ბონდო თედორაძესა და მამული სურმანიძეს, უფლებამოსილება ვადაზე ადრე, 2021 წლის 26 თებერვალს შეუწყვიტა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საკრებულოს სხდომებს ექვსი თვის განმავლობაში არ ესწრებოდნენ, მათივე განმარტებით - ბოიკოტის რეჟიმში ყოფნის გამო. ორივე დეპუტატი მიიჩნევს, რომ უმრავლესობის გადაწყვეტილება პოლიტიკური ანგარიშსწორება იყო. საკრებულოს თავმჯდომარემ კი განაცხადა, რომ უფლებამოსილების შეწყვეტამდე, ამ დეპუტატებს არაერთხელ სთხოვეს, წარმოედგინათ არგუმენტები, რომელთა გამოც ისინი საკრებულოს სხდომებს აცდენდნენ, თუმცა მათ ეს არ გააკეთეს. მამული სურმანიძის განცხადებით, მართალია, საკრებულოს სხდომებს არ ესწრებოდა, მაგრამ დეპუტატის საქმიანობას ახორციელებდა, მათ შორის, საკუთარ ამომრჩევლებთან შეხვედრებს მართავდა. ბონდო თედორაძემაც განაცხადა, რომ სხდომებზე დასწრება საკრებულოს წევრის ერთადერთი ფუნქცია არაა და კოდექსით განსაზღვრულ სხვა საქმიანობას ყოველთვის ახორციელებდა. ის საკრებულოში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე იყო.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად, საკრებულოს წევრის საქმიანობის ფორმებია: მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებში მონაწილეობა; მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება და ინიცირება; კომისიების, ფრაქციებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობა; საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოსადმი/თანამდებობის პირისადმი კითხვით მიმართვა; ამომრჩეველთა მიღება; მათი წერილებისა და საჩივრების განხილვა.
ზემოთ აღნიშნული კოდექსის 43-ე მუხლით, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისა და შეჩერების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება გახდეს ის, რომ საკრებულოს წევრი ექვსი თვის განმავლობაში ზედიზედ, არასაპატიო მიზეზით, საკრებულოს მუშაობაში არ მონაწილეობს. სწორედ ეს საფუძველი გამოიყენა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო ორგანომ ორი წევრისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტისთვის.
ოპოზიციონერი წევრებისთვის საკრებულოს დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის პარალელურად, თითქმის იმავე პერიოდში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აჭარის მუნიციპალიტეტების, კერძოდ, ხულოს, ქედისა და შუახევის შესახებ შესაბამისობის აუდიტის ანგარიშები გამოაქვეყნა. უფრო ადრე, 2020 წელს, გამოქვეყნდა ასევე ხელვაჩაურისა და ქობულეთის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშებიც. ხუთივე ანგარიშში საუბარია საკრებულოს არათანამდებობის პირი წევრებისთვის გადახდილ ანაზღაურებაზე. აუდიტის სამსახური, ყველა შემთხვევაში, მიუთითებს, რომ მუნიციპალიტეტმა საკრებულოს წევრების ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები ვერ წარადგინა. საინტერესოა ისიც, რომ ანაზღაურებულია დადგენილებით განსაზღვრული მაქსიმალური თანხები. აუდიტი მიიჩნევს, რომ ეს ანაზღაურების დაუსაბუთებლად გაცემაზე მიანიშნებს, რადგან შეუძლებელია, საკრებულოს ყველა წევრს ერთი და იგივე დავალება ჰქონდეს შესასრულებელი.
საანგარიშო პერიოდში საკრებულოს არათანამდებობის პირ წევრებზე, ხუთივე მუნიციპალიტეტში, ანაზღაურების სახით, ჯამში 495 640 ლარია გაცემული.
ცხრილი 1. მუნიციპალიტეტის საკრებულოების არათანამდებობის პირ წევრებზე შესაბამისი დოკუმენტური დასაბუთების გარეშე გაცემული ანაზღაურება
წყარო: სახელმწიფო აუდიტის სამსახური
მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის საქმიანობის ანაზღაურების წესს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 41-ე მუხლი განსაზღვრავს, რომელშიც წერია, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს სამსახურებრივი საქმიანობისგან მოუწყვეტლად და უსასყიდლოდ. ანაზღაურებადია მხოლოდ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირის საქმიანობა. არათანამდებობის პირი წევრის უფლებამოსილების განხორციელებისთვის ხარჯების ანაზღაურების წესს თვითონ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება განსაზღვრავს. აუცილებელი პირობაა, რომ ანაზღაურებისთვის წარდგენილი იყოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნულია დოკუმენტის დასახელება, შედგენის თარიღი, სამეურნეო ოპერაციის შინაარსი, რაოდენობა, ფასი, თანხა, სამეურნეო ოპერაციაში მონაწილე მხარეთა დასახელება, დოკუმენტის სწორად გაფორმებისთვის პასუხისმგებელ პირთა ხელმოწერები და სხვა მონაცემები.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავის ანგარიშებში სწორედ ამ დოკუმენტების არარსებობაზე მიუთითებს. ამასთანავე, ის მუნიციპალიტეტებს რეკომენდაციას აძლევს, რომ საკრებულოს წევრების ხარჯების ანაზღაურების წესი და პრაქტიკა კანონმდებლობის მოთხოვნებს სრულად შეესაბამებოდეს.
აუდიტის სამსახურის შენიშვნას ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი მუხრან სალაძე არ ეთანხმება. კერძოდ, საკითხზე კომენტარისას მან აღნიშნა, რომ საკრებულოს დეპუტატები უფლებამოსილებას არა მხოლოდ საკრებულოს სხდომებზე, არამედ თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე ახორციელებენ, რისთვისაც გადაადგილება და შესაბამისად, ანაზღაურება სჭირდებათ.
სწორედ ამის გამო მიიჩნევს ოპოზიცია, რომ ბონდო თედორაძისა და მამული სურმანიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას პოლიტიკური სარჩული აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციონერებს საკრებულო იმ მიზეზით დაატოვებინა, რისთვისაც უმრავლესობის წევრები ანაზღაურებას იღებენ - საკუთარ ამომრჩევლებთან შეხვედრებისა და საკანონმდებლო ორგანოს გარეთ განხორციელებული საქმიანობისთვის.
ინფორმაციისთვის: ბონდო თედორაძე, სხვა ოპოზიციონერებთან ერთად, 2020 წლის არჩევნების შემდეგ, ბათუმში გამართული საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი და მონაწილე იყო. მოგვიანებით ის, სხვა თანამოაზრეებთან ერთად, თბილისში მიმდინარე აქციებს შეუერთდა და ქართულ მედიაარხებზე არაერთხელ გამოჩნდა, როგორც პროტესტის აქტიური მონაწილე და ნიკა მელიას მხარდამჭერი.