„ალტ-ინფოს“-ს ეთერში ანტიამერიკული დეზინფორმაცია და პროპაგანდა ვრცელდება
ვერდიქტი: მეტწილად მცდარი
სტატია:
ანტიდასავლური მედია „ალტ-ინფო“ თავის გადაცემაში, „ალტ-ანალიტიკა“, ფაქტობრივ უზუსტობებზე დაყრდნობით, ანტიამერიკულ და NATO-ს საწინააღმდეგო დეზინფორმაციასა და პროპაგანდას ავრცელებს. აშშ-ისა და ახლო აღმოსავლეთის ურთიერთობების განხილვისას ეთერში არაერთხელ გაჟღერდა ამერიკის ახალი ადმინისტრაციის საწინააღმდეგო გზავნილები, რომლებიც, თავის მხრივ, რასისტულ და ჰომოფობიურ განცხადებებს ეყრდნობოდა. „ალტ-ინფოს“ Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოს, 18 მარტის მონაცემებით, 1 500-ზე მეტი გამოხმაურება და 13 ათასზე მეტი ნახვა აქვს.
2021 წლის 27 თებერვალს, „ალტ-ინფოს“ სატელევიზიო გადაცემა „ალტ-ანალიტიკის“ ერთ-ერთი ნაწილი „ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის გართულებულ მდგომარეობას“ მიეძღვნა. ეთერში წამყვანების მიერ არაერთი მანიპულაციური განცხადება გაჟღერდა, რომელთა მიზანიც ამერიკის, კონკრეტულად - ბაიდენის ადმინისტრაციის, უძლურების წარმოჩენა და დისკრედიტაცია იყო.
გადაცემის წამყვანთა განცხადებით, 2021 წლის 15 თებერვალს პროირანულმა, შიიტურმა, პროქსი ძალებმა ერაყის სხვადასხვა ტერიტორიაზე განლაგებულ ამერიკულ ბაზებზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. შეტევის საპასუხოდ კი, ბაიდენმა პროპორციული ძალა, არა ირანის მიმართულებით ან უშუალოდ ერაყის ტერიტორიაზე, არამედ სირიაში, პროირანული ობიექტების წინააღმდეგ გამოიყენა. როგორც „ალტ-ინფო“ აცხადებს, ამერიკის მიერ სირიაში დაბომბილი სამიზნე, რეალურად, სტრატეგიულ ან რაიმე მნიშვნელობის ობიექტს არ წარმოადგენდა. გადაცემის წამყვანთა თანახმად, მიზეზი, რატომაც ბაიდენმა მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო, ერთი - ირანის უპირატესობა და ამერიკის პოლიტიკური სისუსტეა, ხოლო მეორე - ამერიკის თავდაცვის მდივნის არაკომპეტენტურობა, რომელიც თანამდებობაზე მხოლოდ მისი კანის ფერის გამო დაინიშნა. აღნიშნული მაგალითით წამყვანები ამერიკის უძლურების წარმოჩენას ცდილობენ. მკაფიოდ აღნიშნავენ, რომ სამომავლოდ ამერიკის და NATO-ს ჯარების საქართველოში განლაგებით საქართველოს აგრესორისგან დაცვა მხოლოდ ილუზიაა და ყველანაირ ლოგიკას მოკლებული წარმოდგენაა, რადგან ამერიკა საკუთარ ბაზებს ერაყშიც კი ვერ იცავს.
სინამდვილეში, „ალტ-ინფოს“ წამყვანების მტკიცებები რეალური ფაქტების დამახინჯებაა, რაც საზოგადოებაში ანტიამერიკული განწყობების წახალისებას ისახავს მიზნად. 15 თებერვალს ირანისგან მხარდაჭერილმა სამხედრო დაჯგუფებებმა ჩრდილოეთ ერაყში, ერბილის საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს, მათ შორის, ამერიკულ ბაზებზე, სარაკეტო იერიში მიიტანეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფებამ, „სარაია ავლიაა ალ-დამმა“ (Saraya Awliyaa al-Dam) აიღო. მათ განაცხადეს, რომ თავდასხმის მოტივი ერაყის ამერიკული ოკუპაცია იყო.
საპასუხოდ, ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, 25 თებერვალს აღმოსავლეთ სირიაში, ირანის მიერ მხარდაჭერილი სამხედრო დაჯგუფებების ინფრასტრუქტურაზე, ამერიკამ სამხედრო იერიში მიიტანა. ამერიკის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა, აღნიშნულთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, თუ რომელ სამიზნეზე განახორციელეს თავდასხმა და სამიზნეს იგივე შიიტური შეიარაღებული დაჯგუფება იყენებდა, რომელმაც წინა (15 თებერვლის) თავდასხმა განახორციელა.
პენტაგონის პრესმდივნის, ჯონ კირბის, თანახმად, ამერიკის მიერ მიტანილი იერიშით სირიისა და ერაყის საზღვართან მდებარე მრავალი ობიექტი განადგურდა, რომლებსაც ირანისგან მხარდაჭერილი არაერთი გასამხედროებული ჯგუფი აკონტროლებდა. პენტაგონში აცხადებენ, რომ პროპორციული სამხედრო საპასუხო იერიში დიპლომატიურ ზომებსა და კოალიციურ პარტნიორებთან კონსულტაციასთან ერთად იყო გატარებული. როგორც პრესმდივანმა აღნიშნა, ოპერაციამ ერთმნიშვნელოვანი სიგნალი გაგზავნა: „პრეზიდენტი ბაიდენი ამერიკული და კოალიციური ძალების ინტერესთა დასაცავად იმოქმედებს“.
შესაბამისად, „ალტ-ინფოს“ მტკიცება, რომ ამერიკამ იერიში სირიის ერთ-ერთ უმნიშვნელო და არასტრატეგიულ ობიექტზე მიიტანა, რადგან ირანისთვის პირდაპირი წინააღმდეგობის გაწევა არ შეეძლო, მცდარია. თავდაცვის მდივნის განცხადებით, ობიექტი, რომელიც დაიბომბა, სირიისა და ერაყის არაკონტროლირებად საზღვართან მდებარეობდა და მას შიიტური შეიარაღებული დაჯგუფება იყენებდა, რომელთაც წინა თავდასხმა განახორციელეს.
რაც შეეხება „ალტ-ინფოს“ მეორე მტკიცებას, რომ აღნიშნული არაკომპეტენტური თავდასხმა არაკომპეტენტურმა თავდაცვის მდივანმა განახორციელა, რომელიც მდივნად მხოლოდ კანის ფერის გამო დანიშნეს, ასევე მცდარია.
2021 წლის 22 იანვარს 4-ვარსკვლავიანი გენერალი, ლოიდ ოსტინი, ამერიკის სენატმა თავდაცვის 28-ე მდივნად აირჩია. მისი 41-წლიანი სამხედრო კარიერა სამხედრო კორპუსის, დივიზიის, ბატალიონისა და ბრიგადის მეთაურის თანამდებობებს მოიცავს. მას 2003 წლის ერაყის ომში მე-3 ქვეითი დივიზიის ხელმძღვანელობისთვის ვერცხლის ვარსკვლავი აქვს მიღებული. შვიდი წლის შემდეგ მან ერაყში შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების გენერალური სარდლის მოვალეობის შესრულება დაიწყო. ის ასევე არმიის შტაბის უფროსის მოადგილედ და აშშ-ს ცენტრალური სარდლობის მეთაურად მსახურობდა, რის ფარგლებშიც, ახლო აღმოსავლეთსა და ავღანეთში ჩატარებულ ყველა ოპერაციაზე პასუხისმგებლობას იღებდა. 2016 წელს ოსტინმა აქტიური სამხედრო სამსახური დატოვა. ვრცლად მის სამხედრო კარიერას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.
მისი 41-წლიანი სამხედრო კარიერისა და ახლო აღმოსავლეთის ექსპერტიზის გათვალისწინებით, „ალტ-ინფოს“ მტკიცება, რომ ამერიკის საპასუხო სამხედრო იერიში არაკომპეტენტური თავდაცვის მდივნის დამსახურება იყო, რომელიც მდივნად მხოლოდ კანის ფერის გამო დანიშნეს, მცდარია.
ამავე გადაცემაში მკვეთრად ანტიამერიკული და NATO-ს საწინააღმდეგო პროპაგანდა ვრცელდება. როგორც წამყვანები აცხადებენ, ამერიკის თუ NATO-ს ჯარების საქართველოში განლაგებით, საქართველოს აგრესორისგან დაცვა მხოლოდ ილუზია და ყველანაირ ლოგიკას მოკლებული წარმოდგენაა, რადგან ამერიკა საკუთარ ბაზებს ერაყშიც კი ვერ იცავს. აღნიშნული განცხადება საზოგადოებაში ამერიკისა და NATO-სადმი უნდობლობის გაჩენას ემსახურება. მსგავსი გზავნილების გავრცელების მიზანი საქართველოს NATO-ში გაწევრიანების მხარდაჭერის შემცირებაა, რაც საქართველოში რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. მოცემული პრორუსული გზავნილები საქართველოში სისტემურად ვრცელდება. დეტალურად შეგიძლიათ, იხილოთ „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ (GRASS) ანგარიშებში - „დეზინფომეტრი“.
„ალტ-ინფო“ ცნობილი ანტიდასავლური პროპაგანდის გამავრცელებელი წყაროა, რომელსაც ყალბი და მანიპულაციური ხასიათის ინფორმაცია არაერთხელ გაუვრცელებია. ვრცლად, „ალტ-ინფოს“ შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ „ფაქტ-მეტრის“ მასალაში.