QAnon-ის კონსპირაცია: აშშ-ის სამხედროებმა მიწისქვეშა გვირაბში დაპატიმრებული ათასობით ბავშვი ტყვეობიდან იხსნეს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

Facebook-მომხმარებელი Goria Shiva Facebook-ის ჯგუფში „ანტი-მასონობა“, „ანტიქრისტეს“ ახალი მსოფლიო წესრიგი (NWO), „ანტი-ეკუმენიზმი“ ერთი და იმავე შინაარსის მქონე ორ პოსტს (ბმული 1, ბმული 2) ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაცია ვაშინგტონის ღრმა მიწისქვეშა სამხედრო ბაზებსა და გვირაბებში აღმოჩენილი ათასობით დაპატიმრებული ბავშვის გათავისუფლებისთვის ჩატარებულ სპეცოპერაციას ეხება. მასალის თანახმად, გატაცებულ ბავშვებს ორგანოებს ანესთეზიის გარეშე აჭრიდნენ და მათ ადრენოქრომის დასამზადებლად იყენებდნენ. გარდა ამისა, ბავშვების გარკვეული ნაწილი კანიბალიზმის მსხვერპლი ხდებოდა, ნაწილს კი წვავდნენ და მათი ფერფლისგან ალმასს ამზადებდნენ. ეს ყველაფერი კი ჯორჯ ბუშის მიერ გაცემული ბრძანების საფუძველზე, ტრამპის გაპრეზიდენტებამდე ხდებოდა. სინამდვილეში, მოცემული ინფორმაცია ფართოდ გავრცელებული შეთქმულების თეორიის, QAnon-ის ნაწილია, რომლის მხარდამჭერები FBI-ის მიერ შიდა ტერორისტულ საფრთხედ არიან გამოცხადებული.

QAnon-ის დაჯგუფების შესახებ

QAnon შეთქმულების თეორეტიკოსთა ულტრამემარჯვენე ჯგუფია. QAnon-ის თეორიის მიმდევრები ამტკიცებენ, რომ აშშ-ში ბავშვების ექსპლუატაციის გლობალური სქემა არსებობს, რომელშიც სატანის მორჩილი ზოგიერთი დემოკრატი ლიდერიც არის ჩართული. იდეის მიმდევრებს სჯერათ, რომ ტრამპი სწორედ ამ სქემის გამჟღავნებას აპირებს. ეს მოძრაობა 2017 წელს შეიქმნა. ერთ-ერთმა მომხმარებელმა, სახელწოდებით „Q“, 2017 წლის ოქტომბერში ფორუმ 4chan-ზე შეთქმულების თეორიის პირველი იდეები გაავრცელა. მოძრაობის მიმდევართა სლოგანია - „Where We Go One, We Go All“.

The Guardian-ის თანახმად, QAnon-ის კონსპირაციები Pizzagate-ის შეთქმულების თეორიას ეყრდნობა. თეორიის მიხედვით, ვაშინგტონის შტატის პიცერია Pizzagat-ში ჰილარი კლინტონთან დაკავშირებული პედოფილების ჯგუფი მუშაობდა. ულტრამემარჯვენე გამოცემების მტკიცებით, ბავშვების ტრეფიკინგში ჰილარი კლინტონი იყო ჩართული.

2020 წლის გაზაფხულიდან სტატიები და პოსტები იმის შესხებ, თითქოს, ამერიკის სამხედროებმა გატაცებული ბავშვები იხსნეს, უცხოურ სოციალურ ქსელებშიც აქტიურად ვრცელდება. ქართული Facebook-ანგარიშის მიერ გავრცელებული კონსპირაცია სათავეს ჯერ კიდევ 2020 წლის აპრილში timothycharlesholmseth.com-ზე გამოქვეყნებული სტატიიდან იღებს. ტიმოთი ჰოლმსეტის ავტორობით გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით „ამ წუთებში ქალაქ ნიუ-იორკში ბავშვთა სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს“, ვიდეომასალა და პოსტერია მოცემული.

ვიდეო ამჟამად ხელმისაწვდომი აღარ არის. თუმცა Reuters-ის მიერ 15 ივნისს გამოქვეყნებულ მასალაში, სადაც მოცემული სტატიის, მისი ავტორისა და სტატიის გამავრცელებელი ვებგვერდის სანდოობაა გადამოწმებული, აღნიშნულია, რომ timothycharlesholmseth.com-ზე განთავსებულ ვიდეოებში დაუდგენელი ვინაობის პირები იმის შესახებ საუბრობენ, თითქოს, სპეცოპერაცია ბავშვების გათავისუფლებისთვის ნამდვილად ჩატარდა და ისინი იმ სამედიცინო პერსონალს იცნობენ, რომლებმაც ტყვეობიდან გათავისუფლებულ ბავშვებს სამედიცინო დახმარება გაუწიეს.

რაც შეეხება პოსტერს, მასზე შემდეგ წარწერას ვკითხულობთ: „ტიმოთი ჩარლზ ჰოლმსეტის მოხსენება „პენტაგონის პედოფილიის სამუშაო ჯგუფის“ შესახებ“. ამასთან ერთად, 2020 წლის 9 აპრილს გამოცემა BeforeItsNews.com ტიმოთი ჰოლმსეტზე დაყრდნობით ამტკიცებდა, რომ სწორედ „პენტაგონის პედოფილიის სამუშაო ჯგუფის“ სპეცოპერაციის შედეგად აშშ-ის დიდი ქალაქების მიწისქვეშა გვირაბებიდან 35 000 გატაცებული ბავშვი დაიხსნეს. მათი ნაწილი გარდაცვლილი, ნაწილი კი ნაწამები დახვდათ.

სინამდვილეში, ახალი ამბების წყაროების გადამმოწმებელი ვებგვერდის, Media Bias/Fact Check-ის მონაცემების თანახმად, გამოცემა BeforeItsNew.com მემარჯვენეთა შეთქმულების თეორიების პოპულარიზაციის და ყალბი ამბების გავრცელების პლატფორმას წარმოადგენს. გამოცემა ნაკლები გამჭვირვალობით და არასანდო წყაროების გამოყენებით ხასიათდება. რაც შეეხება ტიმოთი ჩარლზ ჰოლმსეტს, Reuters-ის მიხედვით, იგი მინესოტის გამომძიებელი ჟურნალისტია, რომელიც წლების განმავლობაში აშშ-ში ბავშვების ტრეფიკინგთან და გატაცებასთან დაკავშირებით უსაფუძვლო თეორიებს ავრცელებს. იგი ამტკიცებდა, რომ „პენტაგონის პედოფილიის სამუშაო ჯგუფის“ წევრი იყო. თუმცა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, პენტაგონში ასეთი დეპარტამენტი საერთოდ არ არსებობს. ამასთან ერთად, ჰოლმსეტი აცხადებს, რომ იგი QAnon- ის დაჯგუფების წარმომადგენელია. Reuters-ში ასევე აღნიშნულია, რომ ბავშვების „გათავისუფლების“ დამადასტურებელი ფოტო ან ვიდეო მტკიცებულება არ არსებობს. ნიუ-იორკის ბავშვთა და საოჯახო სამსახურის წარმომადგენლის, ბავშვთა მომსახურების ადმინისტრაციისა და ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

ამრიგად, მტკიცება, რომ თითქოს, ამერიკის სამხედროებმა გატაცებული და გვირაბში დატყვევებული ბავშვები იხსნეს, ფართოდ გავრცელებული შეთქმულების თეორიის, QAnon-ის ნაწილია და რეალობასთან კავშირი არ აქვს.

ბავშვების ორგანიზმიდან ადრენოქრომის ნივთიერების მიღება და მათი მონაწილეობით სატანური რიტუალების ჩატარებაც Qanon-ის თეორიას უკავშირდება. კონსპირაციის მიხედვით, ადრენოქრომი მისტიური საშუალებაა, რომელსაც მსოფლიო ელიტები სატანური რიტუალების ჩასატარებლად იყენებენ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი