იტვირთება

გიორგი სურმანიძე: 39 ათას ტონაზე მეტი ციტრუსია [მანდარინი] რეალიზებული პანდემიისა და ჩაკეტილი საზღვრების პირობებში

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გიორგი სურმანიძის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: 2020 წლის სექტემბრიდან 2021 წლის 7 თებერვლის ჩათვლით პერიოდში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან ექსპორტზე 18 965 000 აშშ დოლარის ღირებულების 39 017 ტონა ციტრუსი (მანდარინი) გავიდა. მოგეხსენებათ, 2020 წელს, კოვიდპანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო, საქართველოდან ექსპორტი შემცირდა, მათ შორის, რუსეთის ბაზარზეც. თუმცა აჭარიდან ექსპორტირებული ციტრუსის ჯამური რაოდენობის ყველაზე დიდი წილი - 57,7%, სწორედ რუსულ ბაზარზე მოხვდა. ამავე საანგარიშო პერიოდში ციტრუსის ექსპორტი სომხეთის, მოლდოვასა და აზერბაიჯანის ბაზრებზე გაიზარდა.

თუ 2020-2021 წლებში განხორციელებული ექსპორტის მოცულობას 2019-2020 წლის მარკეტინგულ წელს (2019 წლის სექტემბრიდან 2020 წლის აგვისტოს ჩათვლით პერიოდი) შევადარებთ, გამოვა, რომ ბოლო ექვს თვეში 7 508 ტონით მეტი მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, ვიდრე წინა თორმეტთვიან პერიოდში. ასევე წელს მეტია ციტრუსის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალიც. სხვაობა 2 648 000 აშშ დოლარს შეადგენს.

ანალიზი: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა გიორგი სურმანიძემ განაცხადა: „39 ათას ტონაზე მეტი ციტრუსია [მანდარინი] რეალიზებული პანდემიისა და ჩაკეტილი საზღვრების პირობებში.“

„ფაქტ-მეტრმა“ აღნიშნული განცხადება გადაამოწმა.

2020 წელს, COVID-19-ით გამოწვეული პანდემიით გამო, გარკვეული შეზღუდვები დაწესდა, რაც საქართველოდან პროდუქციის ექსპორტის მაჩვენებლებზეც აისახა. აღნიშნულ პერიოდში ქვეყნიდან ექსპორტირებული საქონლის მოცულობა შემცირდა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა აშშ, თურქეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა და სხვა. პანდემიის პერიოდში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან უცხოურ ბაზრებზე 39 ათას ტონაზე მეტი მანდარინი შევიდა. ექსპორტირებული ციტრუსის დიდი წილი რუსულ ბაზარზე მოდის.

2019-2020 მარკეტინგულ წელს, რომელიც 2019 წლის 1 სექტემბრიდან 2020 წლის აგვისტოს ჩათვლით პერიოდს მოიცავს, აჭარიდან სხვადასხვა ქვეყნის ბაზარზე 16 317 000 აშშ დოლარის ღირებულების 31 509 ტონა ციტრუსი შევიდა. 2020 წლის 1 სექტემბრიდან 2021 წლის 7 თებერვლის ჩათვლით პერიოდში კი ექსპორტირებულია 39 017 ტონა ციტრუსი, რომლის ჯამურმა ღირებულებამ 18 965 000 აშშ დოლარი შეადგინა. (დანართი 1 )

გრაფიკი 1. მანდარინის ექსპორტი 2019-2020 და 2020-2021 მარკეტინგულ წლებში, ქვეყნების მიხედვით

წყარო: აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ( დანართი 2 ) ( დანართი 3 )

2019-2020 მარკეტინგულ წელს სწორედ რუსულ ბაზარზე შევიდა ექსპორტირებული მანდარინის 65%. 2020-2021 წელს კი ეს მაჩვენებელი შემცირდა და 57,7% შეადგინა. თუმცა, როგორც ვხედავთ, ციტრუსის რეალიზება ძირითადად მაინც რუსულ ბაზარზეა დამოკიდებული, რაც, ცნობილი მოვლენებიდან და პრაქტიკიდან გამომდინარე, მნიშვნელოვან რისკებს ქმნის. ამიტომ აუცილებელია ახალი ბაზრების მოძიება. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ გაიზარდა სომხეთის, მოლდოვასა და აზერბაიჯანის ბაზარზე ექსპორტირებული ციტრუსის რაოდენობა. კერძოდ, სომხეთში, გასულ მარკეტინგულ წელს, შეტანილია ექსპორტირებული მანდარინის ჯამური რაოდენობის 14%, ხოლო 2020-2021 წლის ექვსთვიან პერიოდში - 22,3%. მესამე ადგილზე უკრაინაა, სადაც, შესაბამისად, 17% და 13,7% ციტრუსის ექსპორტირება მოხდა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აჭარის რეგიონში ციტრუსის წარმოება, 2014-2019 წლებში, ასე გამოიყურება:

ცხრილი 1. ციტრუსის წარმოების მაჩვენებელი აჭარის ა/რ, 2014-2019 წლები

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

როგორც ვხედავთ, ჩვენ მიერ აღებულ საანგარიშო პერიოდში, 2015 წელს რეგიონში ყველაზე დიდი რაოდენობის ციტრუსი აწარმოეს. ინფორმაციისთვის, აჭარის ა/რ რესპუბლიკური ბიუჯეტი ციტრუსის მოსავლის რეალიზების ხელშეწყობის ქვეპროგრამას უკვე რამდენიმე წელია, რაც აფინანსებს. წლევანდელ ბიუჯეტში, ამ მიზნით, 400 000 ლარია გათვალისწინებული, რაც გასული წლების მაჩვენებლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად შემცირებულია. მიუხედავად ამისა, შეინიშნება, რომ პანდემიის პირობებში ციტრუსის ექსპორტი გაიზარდა, თუმცა, ზოგადად ამ სფეროში საკმაოდ დიდია რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება, რაც დარგს მოწყვლადს ხდის რუსეთის არაპროგნოზირებადი ქმედებების მიმართ.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

2847 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
26%
მეტწილად სიმართლე
14%
ყალბი ამბავი
13%
ნახევრად სიმართლე
11%
მეტწილად მცდარი
9%

ყველაზე კითხვადი