დეზინფორმაცია: COVID-19-ის ვაქცინა ალცჰეიმერს იწვევს... ვაქცინით დნმ-ის დაპროგრამება ხდება
ვერდიქტი: ყალბი ამბავი
სოციალურ ქსელში COVID-19-ის ვაქცინაზე მორიგი დეზინფორმაცია გავრცელდა. კერძოდ, პოსტის ავტორი წერს, რომ „კოვიდვაქცინას შეუძლია გამოიწვიოს: გაფანტული სკლეროზი, ლუ გერიგის დაავადება, ალცჰეიმერი.. ვაქცინის შემადგენლობა არის ორგანიზმის მკვლელი... ვაქცინა არის ოპერატიული სისტემა, რომელსაც თქვენი დნმ-ის დაპროგრამება შეუძლია...“. პოსტის ავტორი მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ ვაქცინა არ გაიკეთონ.
მტკიცება, რომ COVID-19-ის ვაქცინებმა შეიძლება გამოიწვიოს ალცჰეიმერი ან ნერვული სისტემის სხვა დაავადებები, არის ყალბი ამბავი.
შესაბამისმა კვლევებმა და ვაქცინაციის პროცესის მონიტორინგმა აჩვენა, რომ COVID-19-ის ვაქცინით აცრის შემდეგ შესაძლოა, მსუბუქი სიმპტომები გამოვლინდეს, როგორებიცაა: სისუსტე, ინექციის ადგილის ტკივილი, შეშუპება ან სიწითლე, ტემპერატურის მატება. ყველაზე ძლიერი გვერდითი ეფექტი, რაც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინამ შეიძლება გამოიწვიოს, ანაფილაქსიური ალერგიული რეაქციების განვითარებაა, თუმცა ძალიან იშვიათ შემთხვევაში. ზოგადად, ნებისმიერ ფარმაცევტულ პროდუქტს, მათ შორის ვაქცინას, გვერდითი რეაქციები ახასიათებს.
დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელი ორგანოს ცნობით, კოვიდვაქცინები, რომლებიც დიდ ბრიტანეთში მილიონობით ადამიანს გაუკეთეს, ძალზედ უსაფრთხოა. ვაქცინაციის შემდეგ, მხოლოდ მსუბუქი, მოსალოდნელი, გვერდითი ეფექტები გამოვლინდა.
ისრაელში, რომელიც მილიონ მოსახლეზე აცრილი მოქალაქეების რაოდენობით მსოფლიოში მოწინავეა, COVID-19-ის (Pfizer-ის) ვაქცინით აცრის შემდგომ გვერდითი მოვლენები მხოლოდ 0.3%-ზე ნაკლებს აღენიშნებოდა.
COVID-19-ის ვაქცინები შემჭიდროებულ ვადებში შეიქმნა და დამტკიცდა, თუმცა კვლევის არცერთი საფეხური, რომლითაც ვაქცინების ეფექტურობა და უსაფრთხოება დგინდება, გამოტოვებული არ ყოფილა. COVID-19-ის ვაქცინებმა ((BioNTech/Pfizer, Moderna და AstraZeneca), რომელთაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და მაღალი სანდოობის მქონე საერთაშორისო მარეგულირებლების ავტორიზაცია აქვთ, დამტკიცებამდე, ფართომასშტაბიანი და დეტალური შემოწმება გაიარეს, რომელიც პრეკლინიკურ და კლინიკური კვლევის სამი ფაზას მოიცავს, რომლის საფუძველზეც მისი უსაფრთხოება და ეფექტიანობა დგინდება (იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია COVID-19-ის ვაქცინების გვერდითი ეფექტებისა და უსაფრთხოების შესახებ).
რაც შეეხება ვაქცინების შემადგენლობას, ვაქცინა შეიცავს დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმის მცირე ზომის ფრაგმენტს ან ამ მცირე ზომის ფრაგმენტის შექმნის პროგრამას. ვაქცინა ასევე შეიცავს სხვა ინგრედიენტებს, რომლებიც აუცილებელია ვაქცინის ეფექტურობისა და უსაფრთხოებისთვის. ვაქცინის თითოეული კომპონენტი კონკრეტულ მიზანს ემსახურება და წარმოების პროცესში თითოეული ინგრედიენტის უსაფრთხოება მოწმდება.
ზოგიერთი ვაქცინა შესაძლოა, ასევე ადიუვანტებსაც შეიცავდეს. ადიუვანტი აუმჯობესებს ვაქცინაზე იმუნურ რეაქციას ინექციის წერტილზე ვაქცინის უფრო ხანგრძლივი პერიოდით შენარჩუნების ან ადგილობრივი იმუნური უჯრედების სტიმულირების მეშვეობით. ადიუვანტი შესაძლოა, იყოს ალუმინის მარილების (მაგ.: ალუმინის ფოსფატის, ალუმინის ჰიდროქსიდის ან ალუმინ-კალიუმის სულფატის) მცირე რაოდენობა. დამტკიცებულია, რომ ალუმინი არ იწვევს ხანგრძლივ ჯანმრთელობის პრობლემებს და ადამიანები რეგულარულად იღებენ ალუმინს საკვების და სასმელის მოხმარების პროცესში.
არსებობს მითი, ალუმინისა და ალცჰეიმერის კავშირის შესახებ, მაგრამ ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს . ადამიანის ვაქცინებში გამოყენებული ალუმინის რაოდენობა წარმოუდგენლად მცირეა და, როგორც წესი, მილიგრამზე ნაკლებს იწონის (0,2 – დან 0,8 მგ – მდე). შედარებისთვის, ზრდასრული ადამიანი ჩვეულებრივ დღეში შვიდიდან ცხრა მილიგრამამდე ალუმინს იღებს, რადგან ის გვხვდება სხვადასხვა საკვებში და სასმელში. ალცჰეიმერის საზოგადოების ცნობით, „ვერცერთმა კვლევამ ან ჯგუფმა ვერ დაადასტურა, რომ ალუმინმა შესაძლოა, ალცჰეიმერის დაავადების განვითარება გამოიწვიოს“.
მტკიცება, რომ ვაქცინა არის ოპერატიული სისტემა, რომელსაც დნმ-ის დაპროგრამება შეუძლია, არის ყალბი ამბავი.
საუბარი იმაზე, რომ ვაქცინა, ანუ სამედიცინო პრდუქტი არის ოპერატიული სისტემა, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და აბსურდულია.
ვაქცინა მედიცინის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევაა. ვაქცინაცია მილიონობით ადამიანს ისეთი მძიმე დაავადებებისგან და მისგან გამოწვეული სიკვდილისგან იცავს, როგორებიცაა: პოლიომელიტი, წითელა, წითურა, ყივანახველა, ტეტანუსი, დიფტერია, ჩუტყვავილა, ყბაყურა, ცოფი, B ჰეპატიტი, გრიპი და ა.შ.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები, რიგ შემთხვევაში, ინოვაციური ტექნოლოგიით არის დამზადებული. კერძოდ, Pfizer-ის და Moderna-ს ვაქცინები mRNA ტექნოლოგიას ეყრდნობა. mRNA ვაქცინები ასწავლიან ჩვენს უჯრედებს, თუ როგორ უნდა შექმნან ცილა, რომელიც იმუნურ პასუხს იწვევს.
ვაქცინები, მათ შორის COVID-19 ვაქცინები, არ ხვდება უჯრედის ბირთვში, სადაც ინახება ჩვენი დნმ. ეს ნიშნავს, რომ ვაქცინას არანაირად არ შეუძლია დნმ-ზე გავლენა მოახდინოს. ვაქცინის ერთადერთი ფუნქცია იმუნური რეაქცია და ანტისხეულების წარმოქმნაა, რომელიც გვიცავს ინფიცირებისგან.
-------------------------------------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.
------------------------------------