კახი კალაძე: აყვანის ღონისძიების დროს არავინ დაშავებულა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, კახი კალაძის განცხადება არის მცდარი.
რეზიუმე: ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაციის ფარგლებში 17 ადამიანი დაშავდა. მათგან 15-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა ადგილზევე მსუბუქად შეფასდა, ხოლო ორი მოქალაქე კლინიკაში გადაიყვანეს.
ანალიზი:
2021 წლის 23 თებერვალს პოლიცია და სპეცრაზმი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სათავო ოფისში შეიჭრა და პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავა.
აღნიშნულს თბილისის მერი, კახი კალაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, აყვანის ღონისძიების დროს არავინ დაშავებულა: „პირველი, რაც მინდა ვთქვა, საბედნიეროდ, აყვანის ღონისძიების დროს არავინ დაშავებულა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.“
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაციის დროს, პირველადი სასწრაფო სამედიცინო დახმარება 17 მოქალაქეს დასჭირდა. მათგან 15-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა ადგილზევე მსუბუქად შეფასდა, ხოლო ორი მოქალაქე კლინიკაში გადაიყვანეს. სამინსიტროს განცხადების მიხედვით, ერთმა პაციენტმა კლინიკა უკვე დატოვა, ხოლო მეორე პაციენტი სამედიცინო დაწესებულებას დღის განმავლობაში დატოვებს. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ კახი კალაძის განცხადება არის მცდარი. როგორც სამინისტროს განცხადებიდან ჩანს, სამედიცინო დახმარება 17 ადამიანს დასჭირდა.
აქვე, აღსანიშნავია ისიც, რომ სახალხო დამცველის შეფასებით, სპეცოპერაციის ფარგლებში, დახურულ სივრცეში მოქალაქეების წინააღმდეგ წიწაკის გაზის/სპრეის გამოყენება, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას უტოლდება.