იტვირთება

დეზინფორმაცია: მთელი მსოფლიო კორონავირუსის ვაქცინის მიღებაზე უარს აცხადებს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

14 თებერვალს Facebook-ის მომხმარებელმა საკუთარ ანგარიშზე ფოტო შემდგომი შინაარსის აღწერით გამოაქვეყნა: მთელი მსოფლიო უარს აცხადებს კორონავირუსის ვაქცინის მიღებაზე: 89 000 ჰოლანდიელი ექიმი უარს აცხადებს ვაქცინაზე; ნორვეგია შვეიცარია და სხვა ქვეყნები უარს აცხადებენ 65 წელს ზემოთ მყოფი ადამიანების ვაქცინირებაზე; ექიმთა მსოფლიო ალიანსის 120 000 ექიმი უარს აცხადებს ვაქცინაზე და ა.შ. პოსტში მოყვანილი მონაცემები რეალობას არ შეესაბამება და გამოგონილია. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მომხმარებელი დეზინფორმაციისა და ყალბი ინფორმაციის შემცველ პოსტებს აქამდეც არაერთხელ ავრცელებდა.

მტკიცება 1: 89 000 ჰოლანდიელმა ექიმმა და მედდამ ვაქცინაზე უარი განაცხადა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

აღნიშნული დეზინფორმაცია სათავეს „ექიმთა მსოფლიო ალიანსის“ მიერ გავრცელებული კონსპირაციული და ყალბი ინფორმაციიდან იღებს. დეზინფორმაცია რუსულენოვანი ანტივაქცინაციის მომხრეთა მიერ არაერთხელ გავრცელდა. აღსანიშნავია, რომ დეზინფორმაციის ინგლისურენოვან ორიგინალში საუბარი არა ჩრდილოეთ ან სამხრეთ ჰოლანდიაზე ( ნიდერლანდების პროვინციები), არამედ მთლიანად ქვეყანაზეა. გარდა ამისა, ინგლისურენოვან დეზინფორმაციაში საუბარი არა 89 ათას ექიმსა და ექთანზე, არამედ - 87 ათასზეა.

„ექიმების მსოფლიო ალიანსის“ ავტორობით გავრცელებულ ვიდეორგოლში, რომელიც YouTube-მა პლატფორმის წესების დარღვევების გამო წაშალა, კორონავირუსის პანდემიასთან და ვაქცინებთან დაკავშირებული ცნობილი დეიზინფორმაციული ნარატივი ვრცელდებოდა. სწორედ აქედან გავრცელდა დეზინფორმაცია, თითქოს „ნიდერლანდებში დაახლოებთ 87 000 ექიმმა და ექთანმა უარი განაცხადა ვაქცინაციაზე“.

რეალურად, „ცნობები“ მთლიანად გამოგონილია. ნიდერლანდების მთავრობის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში 269 ათასი მედიცინის მუშაკია დარეგისტრირებული. 10 თებერვლის მონაცემებით, ნიდერლანდების სამედიცინო დაწესებულებების დაახლოებით 200 ათასმა თანამშრომელმა იმუნიზაციის გეგმის ფარგლებში კორონავირუსის ვაქცინა უკვე მიიღო. გეგმის მიხედვით, თებერვლის ბოლომდე, სამედიცინო პერსონალის ვაქცინირება დასრულდება.

მტკიცება 2: ნორვეგია, შვეიცარია და სხვა ქვეყნები უარს აცხადებენ 65 წელს ზემოთ მყოფი ადამიანების ვაქცინაციაზე, მოხუცებულთა თავშესაფრებში სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის გამო

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ნორვეგიას და შვეიცარიას ხანშიშესული მოქალაქეების აცრაზე უარი არ განუცხადებიათ - ვაქცინაცია BioNTech/Pfizer-ისა და Moderna-ს პრეპარატებით დადგენილი წესის მიხედვით მიმდინარეობს.

დეზინფორმაცია, სავარაუდოდ, მას შემდეგ გავრცელდა, რაც ნორვეგიისა და შვეიცარიის მთავრობებმა AstraZeneca-ს ვაქცინით 65 წელს ზემოთ მყოფი მოქალაქეების აცრისგან თავი შეიკავეს.

2021 წლის 29 იანვარს, ევროპის მედიკამენტების სააგენტომ (EMA) დაამტკიცა AstraZeneca-ს ვაქცინის როგორც უსაფრთხოება, ისე მისი ეფექტურობა და გასცა ავტორიზაცია მისი გამოყენების შესახებ. ნებისმიერი ვაქცინის გამოყენების ან რომელიმე ქვეყანაში დაშვების საკითხი კონკრეტული ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. 2 თებერვალს, შვეიცარიის სამთავრობო უწყებების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა შვეიცარიაში არ გამოიყენონ. ოფიციალური განცხადებით, ვაქცინის დაშვება შესაძლოა, ამერიკიდან ვაქცინის დამატებითი მესამე ფაზის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, თებერვლის ბოლოს მოხდეს. მანამდე კი, შვეიცარია მოსახლეობის აცრას BioNTech/Pfizer-ისა და Moderna-ს პრეპარატებით აგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ ვაქცინის მესამე ფაზამ, რომელიც Lancet-მა გამოაქვეყნა, ბრიტანეთიდან, ბრაზილიიდან და სამხრეთ აფრიკიდან, 17 177 მოხალისის მონაცემებზე დაყრდნობით, 82%-მდე ეფექტურობა და უსაფრთხოება აჩვენა.

გარდა ამისა, შვეიცარიისა და ნორვეგიის მოხუცებულთა თავშესაფრებში ვაქცინით გამოწვეული სიკვდილის შემთხვევები არ ფიქსირდება. იანვარში სოციალურ სივრცეში ცნობები ნორვეგიაში 23 ხანშიშესული გარდაცვლილი ადამიანის შესახებ გავრცელდა. გარდაცვლილი 23 მოქალაქე 80+ ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნებოდა და განუკურნებელი დაავადებები ჰქონდათ. ნორვეგიის ჯანდაცვის ინსტიტუტებმა გარდაცვალების შემთხვევები შეისწავლეს. აუტოფსიის შედეგად დადგინდა, რომ ხანშიშესული ადამიანების გარდაცვალებასა და ვაქცინაციას შორის პირდაპირი კავშირი არ არსებობს.

„ფაქტ-მეტრი“ამ თემაზე (ბმული 1) აქამდეც წერდა.

მტკიცება 3: ექიმთა მსოფლიო ასოციაციის 120 000 ექიმი და ექთანი უარს აცხადებს ვაქცინაზე

„ექიმთა მსოფლიო ალიანსი“ - ანტივაქცინაციისა და სამედიცინო შეთქმულებების მომხრეთა მცირე ჯგუფია. ჯგუფი გაერთიანებულ სამეფოში 2020 წლის მაისში (კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების პერიოდში), როგორც არაკომერციული ორგანიზაცია, დარეგისტრირდა. აღსანიშნავია, რომ არც ერთი საერთაშორისო სანდო პლატფორმა ამ ინფორმაციას არ ავრცელებს. ამასთანავე, „ექიმთა მსოფლიო ალიანსში“ გაწევრიანებულია 30-მდე პირი, შესაბამისად მტკიცება რომ აღნიშნული ალიანსის 120 ათასმა წევრმა უარი განაცხადა ვაქცინაზე, უსაფუძვლოა.

ალიანსი კორონავირუსთან დაკავშირებულ ინფორმაციას აქტიურად ავრცელებს. მათი განცხადებები, ფაქტების გადამმოწმებელი გამომცემლობების, მათ შორის „ფაქტ-მეტრის“ მიერ, არაერთხელ იქნა გადამოწმებული.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

3719 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
19%
მეტწილად სიმართლე
11%
ყალბი ამბავი
8%
ნახევრად სიმართლე
8%

ყველაზე კითხვადი