მიხეილ სარჯველაძე: განცხადება, რომ ამ ცვლილებებით რეგულარული მომხმარებლისთვის არაფერი იცვლება, არასწორია
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მიხეილ სარჯველაძის განცხადება არის მეტწილად მცდარი
რეზიუმე: პარლამენტმა „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვა დაიწყო, რომლის თანახმადაც, ნარკოტიკული საშუალებისთვის ოდენობები ზუსტდება.
კანონპროექტი საკანონმდებლო დონეზე არსებული პრობლემების გარკვეულ ნაწილს აღმოფხვრის იმ მხრივ, რომ ადამიანები ზოგიერთი ნარკოტიკული საშუალებების ოდენობების განუსაზღვრელობის გამო, მკაცრ და არაპროპორციულ სასჯელს არ დაექვემდებარებიან. აგრეთვე, კანონპროექტის მიღებამ ცალკეულ შემთხვევებში უკუძალით შესაძლოა გააუქმოს ან შეამსუბუქოს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
მიუხედავად ამისა, როგორც სხვადასხვა ორგანიზაცია და შესაბამისი სპეციალობის ადამიანები აღნიშნავენ, და როგორც, უშუალოდ კანონპროექტიდანვე ჩანს, ცვლილებები რეგულარულ მომხმარებლებზე გათვლილი არ არის. კერძოდ, კანონპროექტით წარმოდგენილი ოდენობები არის ძალიან მცირე და გათვლილია ადამიანებზე, რომლებიც რეგულარულად არ მოიხმარენ/ახლა იწყებენ ასეთი ნივთიერებების მოხმარებას.
კანონპროექტის მიღების შემდეგაც, ნარკოტიკული საშუალების რეგულარული მომხარებლები, პრაქტიკულად, კვლავ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ქვეშ მოექცევიან. აქედან გამომდინარე, მიხეილ სარჯველაძის განცხადება არის მეტწილად მცდარი.
ანალიზი
1 თებერვალს პარლმანეტმა „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვა დაიწყო.
კანონპროექტის თანახმად, ზემოაღნიშნული კანონის №2 დანართში მითითებული სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებებიდან 8 ნივთიერების ოდენობები და მათი დოზები ზუსტად განისაზღვრება.
კანონპროექტთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა უარყოფითი შეფასება გაავრცელა და აღნიშნა, რომ დოკუმენტი ვერ პასუხობს ნარკოპოლიტიკით დაზარალებული ადამიანების საჭიროებებს. განცხადების ავტორებისთვის გაუგებარია, თუ რატომ ხდება ერთჯერადი დოზის ოდენობის გამოთვლა ეპიზოდური მომხმარებლის მაგალითზე და არა რეგულარული მომხმარებლის დღიური დოზის ოდენობის გათვალისწინებით. დოზებთან დაკავშირებით იგივე შენიშვნა სახალხო დამცველის აპარატსაც აქვს.
კრიტიკულ შენიშვნებს მიხეილ სარჯველაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ განცხადება, რომ ამ ცვლილებებით რეგულარული მომხმარებლისთვის არაფერი იცვლება, არასწორია.
„მცირე ოდენობის საზომად და კრიტერიუმად აღებული იქნა ინციდენტური მოხმარების შემთხვევა, იყო მსჯელობა, ინიციატივა და სურვილი, რომ ეს ოდენობა გაზრდილიყო და საზომად აღებულიყო ნარკომომხმარებლის, რეგულარულად მომხმარებელი პირისთვის საჭირო დოზა, ეს, მე მგონი, არ იყო ჩვენი მიზანი. ჩვენი მიზანი იყო კანონში როგორც არის რეგლამენტირებული, იმ ლოგიკას გავყოლოდით. არ არის ასე, რომ რეგულარული მომხმარებლისთვის არაფერი არ იცვლება, იცვლება თუკი გაეცნობით კანონპროექტს, მათ შორის, ზოგიერთ შემთხვევაში დიდი ოდენობის განმსაზღვრელი კრიტერიუმიც, რიცხვიც იცვლება, ამიტომ ამის თქმა, რომ რეგულარულ მომხმარებელს ეს არ ეხება, ეს ასე არ არის,“- განაცხადა სარჯველაძემ.
„ფაქტ-მეტრი“ დაინტერესდა, რამდენად შეესაბამება სიმართლეს მიხეილ სარჯველაძის განცხადება იმის თაობაზე, რომ შემოთავაზებული კანონპროექტი ნარკოტიკული საშუალებების რეგულარულ მომხმარებლებსაც ეხება.
ნარკოტიკული საშუალებების ოდენობების განუსაზღვრელობის პრობელმა
ნარკოტიკული საშუალებების ოდენობების განუსაზღვრელობა ნარკოპოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ნარკოტიკული საშუალებების უმეტესობისთვის, მათ შორის, ხშირად მოხმარებადი ნივთიერებებისთვის (მაგ. LSD, MDMA, მეტამფეტამინი და ა.შ.), განსაზღვრული არ არის, თუ რა ითვლება მცირე და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად, ეს კი მცირე ოდენობის ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელთა მიმართ არაპროპორციული სასჯელების გამოყენებას განაპირობებს. კერძოდ, დოზების განუსაზღვრელობის გამო, ნარკოტიკული ნივთიერების ძალიან მცირე ოდენობით აღმოჩენაც კვალიფიცირდება, როგორც დიდი ოდენობა, შესაბამისად, სასჯელიც იმაზე მკაცრი და არაპროპორციულია, ვიდრე რეალურად უნდა იყოს.
რა იცვლება შემოთავაზებული კანონპროექტით ?
შემოთავაზებული კანონპროექტი 8 ნარკოტიკული საშუალების მცირე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის საწყის, დიდ და განსაკუთრებით დიდ ოდენობებს ადგენს/ახლებურად განსაზღვრავს.
ცხრილი 1: ნარკოტიკული საშუალებების ოდენობები გრამებში არსებული კანონმდებლობისა და შემოთავაზებული კანონპროექტის მიხედვით
შენიშვნა: მცირე ოდენობის გრაფაში მითითებულ ოდენობამდე და ამ ოდენობის ჩათვლით, ითვლება მცირე ოდენობად. მცირე ოდენობის გრაფაში მითითებულ ოდენობაზე მეტი დიდი ოდენობის გრაფაში მითითებულ ოდენობამდე და მის ჩათვლით, ითვლება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად. დიდი ოდენობის გრაფაში მითითებულ ოდენობაზე მეტი განსაკუთრებით დიდი ოდენობის გრაფაში მითითებულ ოდენობამდე და მის ჩათვლით, ითვლება დიდ ოდენობად. განსაკუთრებით დიდი ოდენობის გრაფაში მითითებულ ოდენობაზე მეტი ითვლება განსაკუთრებით დიდ ოდენობად.
სადაც მცირე გრაფაში არ არის განსაზღვრული ოდენობა, დიდი ოდენობის გრაფაში მითითებულ ოდენობამდე (მითითებული ოდენობის ჩათვლით) ითვლება დიდ ოდენობად.
კანონპროექტით დაზუსტდა, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის საწყის ოდენობად მცირე ოდენობის გრაფაში მითითებულ ოდენობამდე (მითითებული ოდენობის ჩათვლით) იმ შემთხვევაში განისაზღვრება, თუ სახეზეა სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე ან 2731-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული, ანუ თუ პირს ხსენებული მუხლებით გათვალისწინებული ქმედებისთვის მანამდე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ჰქონდა დაკისრებული.
რას გულისხმობს ეს?
მცირე ოდენობის ნარკოტიკული საშუალების ფლობა პირველ ჯერზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობას იწვევს[1] , ხოლო მეორე ჯერზე - სისხლისსამართლებრივს[2] . ვინაიდან ნარკოტიკული საშუალებების უმეტესობისთვის მცირე ოდენობები განსაზღვრული არ არის, ასეთი საშუალებების ნებისმიერი ოდენობით ფლობა, პირველივე ჯერზე იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილების მიღების შემთხვევაში, ზემოაღნიშნული 8 ნარკოტიკული საშუალებიდან რომელიმეს მცირე ოდენობით ფლობა მხოლოდ განმეორებით შემთხვევაში გამოიწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, პირველ შემთხვევაში კი - ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დადგება.
რაც შეეხება დიდი ოდენობის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს, როგორც ზემოთ მოცემული ცხრილიდან ჩანს, ზოგ შემთხვევაში ისინი დაზუსტდა იმგვარად, რომ თუ დღეს მოქმედი კანონმდებლობით კონკრეტული ოდენობა დიდ ოდენობად ითვლება, ცვლილების მიღების შემდეგ ის უკვე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის საწყის ოდენობად ჩაითვლება.
აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონმდებლობით, მეთადონსა და ჰეროინს მცირე ოდენობა არ გააჩნიათ, კანონპროექტით კი მათი ოდენობებიც ზუსტდება და ხდება ზღვრის გავლება მცირე და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საწყის ოდენობებს შორის.
გარდა ამისა, ინიციატორების განმარტებით, კანონს ექნება უკუძალა, რადგან ცალკეულ შემთხვევებში ამ კანონის მიღებამ შესაძლოა გააუქმოს ან შეამსუბუქოს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა იმ ქმედებისთვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.
რას ცვლის კანონპროექტი რეგულარული მომხმარებლებისთვის ?
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, ოდენობის საზომად, მართლაც, იქნა აღებული ნარკოტიკის ეპიზოდური მომხმარებლის მიერ მოხმარებულ ერთ დოზაზე მეტი ოდენობა, რომლის დათვლა თითოეული ნივთიერების შემთხვევაში ხდება სუფთა სუბსტანციის სახით.
გარდა ამისა, როგორც კანონპროექტის ინიციატორმა, მიხეილ სარჯველაძემ თავადვე აღნიშნა, მცირე ოდენობის საზომად და კრიტერიუმად რეგულარული მომხმარებელი პირისთვის საჭირო დოზა არ იქნა აღებული.
აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ შემოთავაზებული ცვლილებებით, დამწყები მომხმარებლების ინტერესები უფროა გათვალისწინებული, ვიდრე რეგულარული მომხმარებლების.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში ვკითხულობთ, „მაგალითად, ნივთიერება ჰეროინის შემთხვევაში, რეგულარული და დამოკიდებული მომხმარებლის ერთჯერადი დოზა, ხშირ შემთხვევაში, შეადგენს 50-100 მილიგრამს (0,05-0,1 გრამი) ანუ, კანონპროექტში განსაზღვრულ ოდენობაზე 10-20-ჯერ მეტს. როგორც შედეგი, ჰეროინის შემოთავაზებული ოდენობის (5 მილიგრამი) დამტკიცების პირობებში შესაძლოა, მხოლოდ ერთეული დამწყები/ექსპერიმენტატორი მომხმარებლები აღარ მოექცნენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ქვეშ“. განცხადების ავტორებისთვის ბუნდოვანია, თუ რა პრინციპით განისაზღვრა დასახელებულ ნივთიერებათა მომხმარებლის ერთჯერადი დოზები.
ექიმი-ნარკოლოგი დავით ოთიაშვილის შეფასებით, კანონპროექტს მინიმალური პრაქტიკული გავლენა ექნება ადამიანის ცხოვრებაზე. მისი განმარტებით, „კანონპროექტით წარმოდგენილი ოდენობები არის ძალიან მცირე და გათვლილია ადამიანებზე, რომლებიც არ მოიხმარენ/ახლა იწყებენ ასეთი ნივთიერებების მოხმარებას. „რეგულარული მომხმარებელი, საკუთარი მოხმარებისთვის რომ იქონიებს რაღაც ოდენობას, ეს ოდენობა იქნება იმაზე მეტი, ვიდრე კანონპროექტით არის შემოთავაზებული, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანი ისევ წავა ციხეში.“ - განაცხადა მან „რადიო თავისუფლებასთან“.
იგივე საკითხზე სახალხო დამცველის აპარატსაც ჰქონდა შენიშვნა. კერძოდ, როგორც სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა: „შესაბამისი ორგანიზაციები, რომელშიც არიან ნარკოლოგები და ადამიანები, რომლებიც სპეციალურ ცოდნას ფლობენ, აღნიშნავენ, რომ დოზები, რომელიც კანონპროექტშია წარმოდგენილი, საკმარისად მაღალი არაა, მცირე დოზებია განსაზღვრული. გარკვეულ პირთა პასუხისმგებლობაში მოქცევა მაინც სისხლის სამართლის სპეკულირების ქვეშ მოხდება და ეს არის პრობლემა, როგორც ნარკოლოგები აღნიშნავენ.“
აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ნარკოპოლიტიკის პლატფორმის ავტორობით მომზადებული კანონპროექტი ამ საკითხის მოწესრიგებისას, ეპიზოდური მოხმარებისთვის საკმარისი ერთჯერადი ოდენობის ნაცვლად, რეგულარული მომხმარებლის დღიურ სამყოფ დოზას ითვალისწინებდა, თუმცა კანონპროექტს მსვლელობა აღარ მიეცა.
დასკვნა
წარმოდგენილი კანონპროექტი საკანონმდებლო დონეზე არსებული პრობლემების გარკვეულ ნაწილს აღმოფხვრის იმ მხრივ, რომ ადამიანები ზოგიერთი ნარკოტიკული საშუალებების ოდენობების განუსაზღვრელობის გამო, მკაცრ და არაპროპორციულ სასჯელს არ დაექვემდებარებიან.
აგრეთვე, ამ კანონპროექტის მიღებამ ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა გააუქმოს ან შეამსუბუქოს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა იმ ქმედებისთვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.
მიუხედავად ამისა, როგორც სხვადასხვა ორგანიზაცია და შესაბამისი სპეციალობის ადამიანები აღნიშნავენ, და როგორც, უშუალოდ კანონპროექტიდანვე ჩანს, ცვლილებები, ძირითადად, გათვლილია ადამიანებზე, რომლებიც ნარკოტიკული საშუალების რეგულარული მომხარებლები არ არიან. შესაბამისად, კანონპროექტის მიღების შემდეგაც, ნარკოტიკული საშუალების რეგულარული მომხარებლები, პრაქტიკულად, კვლავ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ქვეშ მოექცევიან.
ფოტო: reginfo.ge