კობა გვენეტაძე: მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი გვქონდა ისტორიული მინიმუმი 2019 წელს, 2020 წელს ველოდებით უარესს. კერძოდ, ამან შექმნა წნეხი გაცვლით კურსზე, ეს გადაეცა ინფლაციას

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, კობა გვენეტაძის განცხადება არის სიმართლე

რეზიუმე: 2019 წელს, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 957 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მშპ-ს 5.5%-ს წარმოადგენდა. ისტორიული თვალსაზრისით, 5.5% დეფიციტი საუკეთესო მაჩვენებელია. 2020 წლის წინასწარ ცნობილი სამი კვარტლის მონაცემებით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 1.4 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება. ასევე, გასათვალისწინებელი ფაქტია, რომ ზოგადად, მეოთხე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, წინა კვარტლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად ღრმავდება ხოლმე. შესაბამისად, ყველა საფუძველი არსებობს, ვივარაუდოთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში, 2020 წლის მონაცემით ყველაზე ღრმა დეფიციტი დაფიქსირდება.

უცხოური ვალუტის ნაკადების შემოსვლა ლარის კურსის გამყარებას იწვევს, შესაბამისად, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაღრმავება ლარის კურსზე უარყოფითად მოქმედებს. ეროვნული ვალუტის კურსის შემცირებას მთელი რიგი უარყოფითი შედეგები აქვს. მათ შორის, რადგან ვალუტის კურსის გაუფასურება იმპორტული საქონლის გარკვეულ ნაწილს აძვირებს, ლარის გაუფასურებით გამოწვეული ფასების ზრდა ინფლაციის მაჩვენებელში აისახება. ლარის კურსის შემცირების გავლენა ინფლაციაზე შესაძლოა, სხვადასხვა ფაქტორებით დაბალანსდეს და ამ ორ ეკონომიკურ პარამეტრს შორის, კავშირი არაპირდაპირია, რომელიც სხვადასხვა სიტუაციებში სხვადასხვა მასშტაბებით ვლინდება. თუმცა, სხვა თანაბარ პირობებში, ლარის კურსის მკვეთრი და გრძელვადიანი გაუფასურება მნიშვნელოვან ინფლაციურ ზეწოლას წარმოშობს, იმის მიუხედავად, რომ ეკონომიკის ჩაკეტვიდან გამომდინარე, ერთობლივი მოთხოვნის კლება ფასების ზრდას გარკვეულწილად ზღუდავს.

ანალიზი:

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ, მიმდინარე პანდემიურ კრიზისთან დაკავშირებით განაცხადა(9:30 წთ-ზე): „მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი გვქონდა ისტორიული მინიმუმი 2019 წელს, 2020 წელს ველოდებით უარესს. კერძოდ, ამან შექმნა წნეხი გაცვლით კურსზე, ეს გადაეცა ინფლაციას.

ქვეყანაში შემავალი და გამავალი ფულადი ნაკადების შესახებ მონაცემები სრულყოფილად ქვეყნის საგადასახდელო ბალანსშია მოცემული. საგადასახდელო ბალანსი ერთგვარი ანგარიშია, რომელიც კონკრეტული ქვეყნის ეკონომიკასა და დანარჩენ მსოფლიოს შორის ფულის მოძრაობას ასახავს. ბალანსი მიმდინარე ანგარიშის, კაპიტალის ანგარიშის და ფინანსური ანგარიშისგან შედგება. მიმდინარე ანგარიში საქონლით და მომსახურებით ვაჭრობის მუხლს, შემოსავლების და ტრანსფერების მუხლებს მოიცავს. თავის მხრივ, შემოსავლების მუხლი შემოსავლის ნაკადებს გვიჩვენებს: საზღვარგარეთიდან (კერძოდ, შრომის ანაზღაურებასა და საინვესტიციო შემოსავალს) და საქართველოდან გადარიცხულ შემოსავლებს. ტრანსფერები მოიცავს მიმდინარე ტრანსფერებს ქვეყნის რეზიდენტებს და არარეზიდენტებს შორის (მაგალითად გრანტები, ფინანსური დახმარებები). მიმდინარე ანგარიშის წარმოდგენილია გრაფიკ 1-ზე.

გრაფიკი 1: მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დინამიკა 2012-2020 (სამი კვარტლის) წლებში

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

2019 წელს, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 957 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მშპ-ს 5.5%-ს წარმოადგენდა. ისტორიული თვალსაზრისით, 5.5% დეფიციტი საუკეთესო მაჩვენებელია. მიმდინარე ანგარიშის სტრუქტურა წარმოდგენილია ცხრილ 2-ში. 2020 წლის წინასწარ ცნობილი სამი კვარტლის მონაცემებით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 1.4 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება. ასევე, გასათვალისწინებელი ფაქტია, რომ ზოგადად, მეოთხე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, წინა კვარტლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად ღრმავდება ხოლმე. შესაბამისად, ყველა საფუძველი არსებობს, ვივარაუდოთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში, 2020 წლის მონაცემით ყველაზე ღრმა დეფიციტი დაფიქსირდა.

მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დეტალური სტატისტიკა ბოლო წლების განმავლობაში წარმოდგენილია ცხრილ 2-ზე. კრედიტის მუხლი ვალუტის შემოსავალს წარმოადგენს, ხოლო დებეტი გასავალს (აღნიშნული მუხლები დაბალანსებულია კაპიტალის ან ფინანსურ ანგარიშებში). აშკარაა, რომ 2020 წელს, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მომსახურების ექსპორტის კლებას უკავშირდება, რაც ბუნებრივია, პანდემიური კრიზისის გამო, ტურიზმის სფეროს შეჩერებას უკავშირდება. კერძოდ, 2020 წლის არსებული სამი კვარტლის მონაცემებით, შემოსავლების სალდომ მოგზაურობის მუხლიდან 340 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.7 მლრდ აშშ დოლარით შემცირებას წარმოადგენს.

გრაფიკი 2: მიმდინარე ანგარიში დეტალურად, 2012-2020 (3 კვარტლის) წლებში

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

2020 წლის დასაწყისთან შედარებით, ლარის კურსი დოლართან მიმართებით დაახლოებით 14%-ით, ხოლო 2014 წელთან შედარებით, დაახლოებით 90%-ით არის გაუფასურებული. მცურავი გაცვლითი რეჟიმის შემთხვევაში, ვალუტის კურსს, ისე როგორც სხვა საბაზრო საქონლის შემთხვევაში, მოთხოვნა და მიწოდება განსაზღვრავს. ბუნებრივია, უცხოური ვალუტის ნაკადები ლარის კურსის გამყარებას იწვევს, შესაბამისად, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაღრმავება ლარის კურსზე უარყოფითად მოქმედებს. რა თქმა უნდა, ეროვნული ვალუტის კურსის შემცირებას მთელი რიგი უარყოფითი შედეგები აქვს. მათ შორის, სესხის მომსახურების წნეხი იმ პირთათვის იმატებს, ვისაც შემოსავალი ლარში, ხოლო ვალდებულები უცხოურ ვალუტაში აქვს, იმპორტის ნაწილს, მოგზაურობას უცხოეთში და ა.შ. აძვირებს. რადგან ვალუტის კურსის გაუფასურება იმპორტული საქონლის გარკვეულ ნაწილს აძვირებს, ლარის გაუფასურებით გამოწვეული ფასების ზრდა ინფლაციის მაჩვენებელში აისახება. ლარის კურსის გავლენა ინფლაციაზე შესაძლოა, სხვადასხვა ფაქტორებით დაბალანსდეს და ამ ორ ეკონომიკურ პარამეტრს შორის, კავშირი არაპირდაპირია, რომელიც სხვადასხვა სიტუაციებში სხვადასხვა მასშტაბებით ვლინდება. თუმცა, სხვა თანაბარ პირობებში, ლარის კურსის მკვეთრი და გრძელვადიანი გაუფასურება მნიშვნელოვან ინფლაციურ ზეწოლას წარმოშობს, იმის მიუხედავად, რომ ეკონომიკის ჩაკეტვიდან გამომდინარე, ერთობლივი მოთხოვნის კლება ფასების ზრდას გარკვეულწილად ზღუდავს.

ფოტო: 1tv.ge

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი