ათწლეულების მანძილზე, საერთაშორისო მოგზაურობის სტატისტიკა პირველად შემცირდა. ტურიზმის ეროვნული სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, 2020 წელს საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები, 2019 წელთან შედარებით, 81.3%-ით ნაკლები იყო, რაც აბსოლუტურ მაჩვენებლებში 9.35 მილიონი მოგზაურიდან, 1.75 მილიონამდე ვარდნაში გამოიხატება. აღსანიშნავია ისიც, რომ ტურისტული ვიზიტი ქვეყანაში მინიმუმ 24-საათიან გაჩერებას ნიშნავს. ბუნებრივია, მნიშვნელოვანი სწორედ ეს კომპონენტია, რადგან ტურისტული ვიზიტების დროს საჭიროა კვება, განთავსება, გართობა და ა.შ, რაც მთლიან ხარჯებს ზრდის.

ტურიზმზე საუბრისას მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, თუ როგორ ვითარდებოდა სექტორი, განსაკუთრებით ბოლო ათწლეულის მანძილზე.

გრაფიკი 1: საერთაშორისო ვიზიტორების და მოგზაურების სტატისტიკა, მლნ

წყარო: ტურიზმის ეროვნული სააგენტო

ბუნებრივია, ტურიზმის სექტორის ზრდასთან ერთად მისი შემოსავლებიც იზრდებოდა. რეკორდული 2019 წელი იყო, როდესაც შემოსავლებმა 3.26 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, თუმცა 2020 წელს, რადიკალურად შემცირდა, როგორც ტურიზმის სექტორი, ასევე შესაბამისი შემოსავლებიც და ის მხოლოდ 0.54 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა.

გრაფიკი 2: შემოსავლები ტურიზმიდან 2013-2020 წლებში, მლრდ

წყარო: საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო

ტურიზმის შემოსავლებში მნიშვნელოვანია ის, რომ კოვიდპანდემიიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვების შემდგომ შემოსავლებმა მკვეთრად იკლო და თუ 2019 წლის აპრილში 267,2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, უკვე 2020 წლის აპრილში ეს რიცხვი მხოლოდ 8.5 მილიონი აშშ დოლარი გახლდათ.

გრაფიკი 3: ტურიზმის შემოსავლები 2020 წელი

წყარო: ტაბულა

მას შემდეგ, რაც კოვიდპანდემია დაიწყო და დაწესებულმა შეზღუდვებმა ტურიზმის სექტორის მკვეთრი შემცირება გამოიწვია, ხელისუფლების პოლიტიკამ, ეს ყველაფერი ადგილობრივი ტურიზმით დაებალანსებინა და ზაფხულის პერიოდში ოდნავ შერბილებულმა შეზღუდვებმა, შედეგი ვერ გამოიღო. მეტიც, თუ 2019 წლის მესამე კვარტალში ადგილობრივი ტურისტების ვიზიტების რაოდენობა 1.39 მილიონი იყო, 2020 წლის მესამე კვარტალში 5.5%-ით შემცირდა და 1.31 მილიონი ვიზიტი შეადგინა. შესაბამისად, ამ ყველაფერმა არათუ საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულ დანაკლისი დააბალანსა, არამედ, ადგილობრივი ტურიზმის 2019 წლის მაჩვენებელსაც ვერ გაუტოლდა.

გრაფიკი 4: ადგილობრივი ტურისტების რაოდენობა (მესამე კვარტალი), მლნ

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ხელისუფლებამ ტურიზმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილის, სასტუმროების გადასარჩენად კოვიდ საკარანტინე სივრცეები მოაწყო, რისთვისაც ბიუჯეტიდან 32.5 მილიონი ლარი გამოყო (2020 წლის სექტემბრის მონაცემებით). ამავდროულად საშემოსავლო და ქონების გადასახადი გადაუვადა, შემდგომ ჩამოაწერა, თუმცა ეს თანხა მწირია იმ დანაკლისთან შედარებით, რაც სექტორმა მიიღო.

საინტერესოა ისიც, რომ მომიჯნავე სექტორებმა, როგორიცაა სარესტორნო ბიზნესი და ავიაცია, ასევე დიდი ზარალი განიცადეს. მათი ნაწილი გაკოტრდა. მთავრობამ ამის სანაცვლოდ, სესხის პროცენტი და ავიაბილეთები დაასუბსიდირა. ქონების და საშემოსავლო გადასახადები მათაც გადაუვადეს. თუმცა, როგორც სასტუმროებისთვის, ასევე სარესტორნო და ავიაციის სექტორებისთვის, ეს დახმარება, იმ უზარმაზარ დანაკლისთან შედარებით, ძალიან მცირეა.

საბოლოო ჯამში, 2020 წელი კოვიდპანდემიიდან და იმ შეზღუდვებიდან გამომდინარე, რაც მთავრობამ დააწესა, საქართველოს ტურიზმისთვის უმძიმესი გამოდგა, დაიკარგა ათი ათასობით სამუშაო ადგილი და ზოგადად სექტორმა უდიდესი ფინანსური ზარალი მიიღო.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი