მცდარი მტკიცებები პირბადეებზე, PCR ტესტებზე და კორონავირუსთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებლებისა და გვერდების მიერ პოსტები ვრცელდება, რომლებიც კორონავირუსთან დაკავშირებით არაერთ ყალბ მტკიცებას შეიცავს.

მტკიცება: ჯანმომ მიცვალებულების აუტოფსია აკრძალა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, აღნიშნული ინფორმაცია არის ყალბი ამბავი

სინამდვილეში, ჯანმოს სახელმძღვანელოში ნათლად არის მითითებული, რომ გარდაცვლილის სხეულის გაკვეთა მაშინაც კი დასაშვებია, თუ ვარაუდი, ან დადასტურებული ცნობა არსებობს, რომ პირი კორონავირუსით დაინფიცირების შედეგად გარდაიცვალა. აღნიშნულ სახელმძღვანელოში რეკომენდაციები იმ პერსონალისთვის არის მოცემული, რომელმაც გაკვეთის პროცედურა უნდა ჩაატაროს. მითითებების თანახმად, პერსონალმა შესაბამისი უსაფრთხოების ზომები უნდა დაიცვას, რათა შესაძლო დაინფიცირება თავიდან აიცილოს. მაგალითად, პერსონალი ყველა საჭირო ნივთით შესაბამისად უნდა იყოს ეკიპირებული. პროცედურა სათანადო ვენტილაციით აღჭურვილ ოთახში უნდა ჩატარდეს. საუკეთესო ვარიანტი ბუნებრივი ვენტილაციის გამოყენებაა. მექანიკური ვენტილაციის აუცილებლობის შემთხვევაში, ოთახში უარყოფითი წნევა უნდა შეიქმნას, რათა ჰაერის ნაკადის გაკონტროლება შესაძლებელი გახდეს. უზრუნველყოფილ უნდა იქნას სათანადო განათება.

მტკიცება: არაინფიცირებულ გარდაცვლილებს სიკვდილის მიზეზად კოვიდს უწერდნენ

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, აღნიშნული ინფორმაცია არის ყალბი ამბავი

მსგავსი ბრალდება კორონავირუსის პანდემიის დაწყების დღიდან არაერთხელ გაჟღერდა. ერთ-ერთი მათგანი იტალიის სტატისტიკურ მონაცემებს ეხებოდა, რომელიც სოციალურ ქსელში მანიპულაციურად გავრცელდა. იტალიელი ვირუსოლოგი, ჯულიო ტარო კორონავირუსით გარდაცვლილებად მხოლოდ იმ პაციენტებს თვლის, რომლებსაც სხვა თანმხლები დაავადებები არ ჰქონიათ. მაშინ, როცა ჯანმოს მიერ შემუშავებული მითითებების თანახმად, COVID-19-ით გარდაცვლილად განისაზღვრება პირი, რომელსაც კორონავირუსი კლინიკურად დაუდასტურდა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გარდაცვალების სხვა, აშკარად ალტერნატიული მიზეზი არსებობს (რომელიც COVID-19-თან არ შეიძლება, დაკავშირებული იყოს. მაგ.: ფიზიკური ტრავმა, ავარია, სხვ.). ასევე, COVID-19-ით ავადმყოფობასა და გარდაცვალებას შორის სრული გამოჯანმრთელების პერიოდი არ უნდა არსებობდეს. COVID-19-ით გარდაცვლილებად მიიჩნევიან ის პირებიც, რომლებსაც დაუდასტურდათ ვირუსი და პარალელურად, ქრონიკული დაავადებები (დიაბეტი, გულის კორონალური არტერიის დაავადება, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება და ა.შ.), შესაბამისად, დაბალი იმუნიტეტი ჰქონდათ და კორონავირუსის შედეგად მათი მდგომარეობა დამძიმდა. აღსანიშნავია, რომ ჯანმოს მიხედვით, ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები COVID-19-ით სიკვდილის მაღალი რისკის ქვეშ არიან.

მტკიცება: სასუნთქი აპარატები პაციენტების გარდაცვალებას იწვევს

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, აღნიშნული ინფორმაცია არის ყალბი ამბავი

მოსაზრება, რომ სასუნთქი აპარატები პაციენტების გარდაცვალებას იწვევდა, სოციალურ ქსელში 2020 წლის დასაწყისიდან გავრცელდა. ამ პერიოდში ზოგიერთ საავადმყოფოში სასუნთქ აპარატებზე შეერთებული პაციენტების დიდი წილი გარდაიცვალა. თუმცა ექიმები აცხადებენ, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ სასუნთქი აპარატები სიკვდილს აჩქარებენ.

საინფორმაციო სააგენტო Reuters ჩინეთის, იტალიის, ესპანეთის, გერმანიისა და აშშ-ის 30 ექიმსა და მედიცინის სპეციალისტს დაუკავშირდა, რომელთაც კოვიდ-პაციენტების მკურნალობის გამოცდილება ჰქონდათ. თითქმის ყველა მათგანი თანხმდებოდა, რომ სასუნთქი აპარატები პაციენტების გადასარჩენად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თუმცა, ამასთანავე, ბევრმა მათგანმა აღნიშნა, რომ არსებობს რისკი, რომელიც სასუნთქი აპარატის ტიპს - მექანიკურ სასუნთქ აპარატს - უკავშირდება. მისი გამოყენებისას აუცილებელია, გათვალისწინებულ იქნას სწორი დრო და სიხშირე: შესაძლოა, მისმა ნაადრევმა ან ხშირმა გამოყენებამ ფატალური შედეგი გამოიწვიოს. ასევე უნდა გამოირიცხოს მისი გამოყენება არასპეციალისტთა მიერ, რომელთაც მისი მოხმარების შესახებ სპეციალური მოსამზადებელი ეტაპები გავლილი არ აქვთ. ამასთანავე, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მექანიკური სასუნთქი აპარატები განსაკუთრებით მძიმე, სუნთქვის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებთან გამოიყენება. ამდენად, რისკი, რომ პაციენტი დამძიმებული მდგომარეობიდან გამომდინარე გარდაიცვალოს, იზრდება. თუმცა ხაზგასასმელია, რომ სასუნთქი აპარატები მძიმე პაციენტებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და მისი წესისამებრ გამოყენება ადამიანთა გარდაცვალებას არ იწვევს.

მტკიცება: PCR ტესტის შემქმნელმა თქვა, რომ ამ ტესტების დანიშნულება დიაგნოზის დასმა არ არის

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, აღნიშნული ინფორმაცია არის ყალბი ამბავი

სტატიის ავტორი კორონავირუსის დიაგნოზის პი-სი-არ ტესტით განსაზღვრას სტატისტიკის გაყალბების მცდელობად აფასებს. „ამ ტესტის შემქმნელი კერი მულისი თავის ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ ეს ტესტები არ არის შექმნილი რაიმე დაავადების დიაგნოზის დასასმელად“.

PCR მეთოდი (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია) ამერიკელმა კ. მულისმა (1983) აღმოაჩინა, რომელმაც ამისთვის ნობელის პრემია მიიღო. ის სამედიცინო და ბიოლოგიურ კვლევათა ლაბორატორიებში სხვადასხვა საჭიროებისთვის გამოიყენება. მაგალითად, PCR მეთოდით ხდება: გენების ფუნქციური ანალიზი, მემკვიდრულ დაავადებათა დიაგნოსტირება, გენეტიკურ ანაბეჭდთა იდენტიფიკაცია (გამოიყენება სასამართლო ექსპერტიზაში და მამობის ტესტირებისას), ინფექციურ დაავადებათა დიაგნოსტირება.

PCR-ის გამომგონებელს არასდროს უთქვამს, რომ ის არ იყო შექმნილი ინფექციური დაავადებების დასადგენად. მსგავსი დეზინფორმაცია სოციალურ ქსელში ადრეც გავრცელდა, იხილეთ ამ თემაზე fullfact.org-ის სტატია.

COVID-19-ის დიაგნოსტირება პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) მეთოდით ან/და სწრაფი ტესტით, SARS-COV-ის ანტიგენის ან ანტისხეულების განსაზღვრით არის შესაძლებელი. დღესდღეობით COVID-19-ის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტად, სწორედ PCR მეთოდი მიიჩნევა. PCR (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის) მეთოდით ცხვირ-ხახის ნაცხში SARS-COV-ის რნმ-ის განსაზღვრა ხდება. ტესტირებისთვის მასალა როგორც ზემო სასუნთქი გზებიდან, ისე ქვემო სასუნთქი გზებიდან უნდა შეგროვდეს. ამგვარი მეთოდით დიაგნოსტირება მხოლოდ მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიებშია შესაძლებელი.

მედიცინაში PCR მეთოდით გენეტიკურ მასალის (დნმ და რნმ) კვლევაზე დამყარებული მრავალრიცხოვანი ინფექციების მაღალი სიზუსტით დიაგნოსტიკა ხორციელდება.

PCR მეთოდით დიაგნოსტირებასთან დაკავშირებით არაერთი დეზინფორმაცია გავრცელდა, იხილეთ ამ თემაზე „ფაქტ-მეტრის“ სტატია.

მტკიცება: უამრავი ინფექციონისტი ამტკიცებს, რომ პირბადე აქვეითებს იმუნიტეტს და არის ინფექციის წარმომშობი წყარო

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, აღნიშნული ინფორმაცია არის ყალბი ამბავი

პირბადეების ტარებასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია აქამდეც არაერთხელ გავრცელდა (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატიები: ბმული 1, ბმული 2, ბმული 3). სამეცნიერო კვლევები ადასტურებს, რომ პირბადის სწორად გამოყენება ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა. ამერიკული თორაკალური ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პირბადის ტარება შესაძლოა, არაკომფორტული იყოს, მაგრამ ჟანგბადის ნაკადს ფილტვებში, ფილტვების მძიმე დაავადებების მქონე ადამიანებშიც კი, არ ზღუდავს. პირბადის ტარებისას დისკომფორტი სახის მგრძნობიარე ნერვების გაღიზიანებით, ჩასუნთქული ჰაერის დათბობით ან კლაუსტროფობიის განცდებით არის გამოწვეული.

სპეციალისტები თანხმდებიან, რომ პირბადის გამოყენება ინფექციებს, მათ შორის, ფილტვის სოკოვან ინფექციებს არ იწვევს და მისი გამოყენება კორონავირუსის პანდემიის პირობებში უსაფრთხოა (ბმული 1, ბმული 2). ინფექციური დაავადებებისა და პულმონოლოგიის სპეციალისტის, თომას ნეშის, თანახმად, პირბადის გამოყენებით სოკოვანი ინფექციით დაინფიცირება მხოლოდ იმ შემთხვევებშია შესაძლებელი, თუ სოკოვანი მიკროორგანიზმი პირბადეზე სხვა გარემოდან მოხვდება (მაგალითად, თუ პირბადე დაბინძურებულ ადგილზე მოვათავსეთ და 1 თვის შემდეგ გავიკეთეთ), შემდეგ კი პირის ღრუში აღმოჩნდება.

----------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი