იტვირთება

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აჭარის ა/რ ავტონომიური ბიუჯეტით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციების 2019 წლის 31 დეკემბრით დასრულებული პერიოდისთვის მომზადებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი განახორციელა და ანგარიში 2020 წლის ბოლოს გამოაქვეყნა. ერთ-ერთი რეკომენდაციით, რომელიც აუდიტმა აჭარის ა/რ მთავრობას მისცა, მნიშვნელოვანია ავტომობილების საჭიროების მიხედვით გადანაწილება და ავტოპარკზე გასაწევი ხარჯების შემცირება, რისთვისაც მთავრობამ ტრანსპორტის ხარჯების ოპტიმიზაციის გეგმა უნდა შეიმუშაოს.

„ფაქტ-მეტრი“ დაინტერესდა, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაცია რამდენად გაითვალისწინა. ამიტომ აჭარის ა/რ მთავრობის აპარატის, ოთხივე სამინისტროსა და სამინისტროების საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მომსახურებასა და საწვავზე 2019-2020 წლებში გახარჯული თანხის შესახებ, ინფორმაცია ოფიციალურად გამოვითხოვეთ.

ამ ეტაპზე გაგაცნობთ ინფორმაციას, რა მოცულობის ხარჯი გასწია აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ აპარატის დაქვემდებარებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების საწვავსა და ტექნიკურ მომსახურებაზე.

როგორც სამინისტროს პასუხიდან ირკვევა, 2019 წელს უწყებამ ჩვიდმეტი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურებისთვის 62 042 ლარი გახარჯა. აღნიშნულ პერიოდში სამინისტრომ 40 035 ლიტრი საწვავი გამოიყენა, რისთვისაც ბიუჯეტიდან გადახდილი თანხის მოცულობამ 87 089 ლარი შეადგინა.

2020 წლის განმავლობაში კი სამინისტრომ ტექნიკური მომსახურების ხარჯი - 61 968 ლარი, ოცი ერთეული სატრანსპორტო საშუალებისთვის გასწია. რაც შეხება საწვავს, შარშან უწყებამ 29 094 ლიტრი საწვავი შეიძინა და ამისთვის 52 499 ლარი გადაიხადა.

საინტერესოა, რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ერთი და იმავე ავტომობილისთვის, წლის განმავლობაში, ერთი და იგივე სათადარიგო ნაწილები, რამდენჯერმე აქვს შეძენილი.

მაგალითად: სამინისტრომ 2020 წელს სატრანსპორტო საშუალება HIUNDAI SONATA-სთვის (სახ. ნომერი DH-062-HD) სათადარიგო ნაწილების შეძენისა და რემონტისთვის რამდენიმე ხელშეკრულება გააფორმა. სახელმწიფო შესყიდვების გვერდზე ატვირთული მიღება-ჩაბარების აქტებში (დანართი 1, დანართი 2, დანართი 3, დანართი 4). ერთი და იგივე ნაწილი რამდენჯერმე გვხვდება, მაგალითად, „ყუმბარის პილნიკი“ (ყუმბარის მტვერსარიდი), გადაცემათა კოლოფის ქვედა ბალიში, „სტერჟენი“ (სტაბილიზაციის ძელის კავშირი) და სხვა (სახელმწიფო შესყიდვა SPA190005862). აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ამ სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურებისთვის 2019 წელს გახარჯული 5 549 ლარია, ხოლო 2020 წელს - გაცილებით მეტი, 8 185 ლარი. როგორც სამინისტროდან მიღებული პასუხებიდან ირკვევა, HIUNDAI SONATA-თი მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე გადაადგილდება.

შთამბეჭდავად გამოიყურება სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების სარგებლობაში არსებული ავტომობილების ხარჯიც. კერძოდ, 2019 წელს 10 580 ლარია გახარჯული HYUNDAI SANTA FE-ს მხოლოდ ტექნიკური მომსახურებისთვის, ხოლო TOYOTA HILUX-ისთვის (სახ. ნომერი LL-621-LC), 2020 წელს - 6 182 ლარი, 2019 წელს კი - 2 952 ლარი. საკმაოდ ძვირი დაუჯდა სახელმწიფოს LEXUS RX 400 H-ის (სახ. ნომერი LP-245-PL) ტექმომსახურება - 7 588 ლარი გადახდილია 2019 წელს და 3 611 ლარი - 2020 წელს. ასევე HUNDAI ELANTRA-ს (სახ. ნომერი LL-577-LC) ტექმომსახურებისთვის გაიხარჯა, შესაბამისად, 2 579 ლარი და 5 155 ლარი. (დანართი 5, დანართი 6, დანართი 7, დანართი 8).

საწვავის ყველაზე დიდი რაოდენობა კი, ორივე საანგარიშო წელს, მინისტრმა აითვისა. შარშან მან ჯამში - 3 692 ლიტრი საწვავი გახარჯა, რისთვისაც გადახდილია 6 582 ლარი. 2019 წელს კი უწყების პირველმა პირმა 11 121 ლარის ღირებულების 5 195 ლიტრი საწვავი გამოიყენა. (დანართი 9, დანართი 10)

საერთო ჯამში, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აპარატის სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურებისა და საწვავის ხარჯმა 2019 წელს 149 131 ლარი შეადგინა, ხოლო 2020 წელს - 114 467 ლარი.

აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს რამდენიმე საქვეუწყებო დაწესებულება ექვემდებარება. მათ შორის, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, საავტომობილო გზების დეპარტამენტი და სავაჭრო-სამრეწველო პალატა.

აღნიშნული ორგანიზაციების სატრანსპორტო საშუალებების ხარჯები ასე გამოიყურება:

ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი - 2019 წელს სამი ერთეული ავტომობილის ტექნიკური მომსახურება -9 654 ლარი; საწვავი 8 258 ლიტრი - 18 251 ლარი; სულ - 27 905 ლარი. 2020 წელს - იმავე რაოდენობის ავტომობილების ტექმომსახურება - 8 444 ლარი; საწვავი 8 030 ლიტრი - 14 243 ლარი, სულ - 22 687 ლარი. დანართი 11

საავტომობილო გზების დეპარტამენტი: 2019 წელს 19 ერთეული სატრანსპორტო საშუალების ტექმომსახურება - 72 852 ლარი; საწვავი 54 610 ლიტრი - 122 517 ლარი; სულ - 195 369 ლარი. 2020 წელს 17 ერთეული სატრანსპორტო საშუალების ტექმომსახურება - 78 231 ლარი; საწვავი 46 692 ლიტრი - 84 547 ლარი, სულ - 162 779 ლარი. დანართი 12

სავაჭრო-სამრეწველო პალატა: 2019 წელს ორი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ტექმომსახურება - 1 941 ლარი; საწვავი 2 200 ლიტრი - 4 460 ლარი; სულ - 6 401 ლარი. 2020 წელს ორი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ტექმომსახურება - 856 ლარი; საწვავი 1 600 ლიტრი - 2 868 ლარი; სულ - 3 724 ლარი. დანართი 13

აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აპარატისა და სამი საქვეუწყებო დაწესებულების სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურებისა და საწვავისთვის 2019 წელს გადახდილია ჯამში 378 800 ლარი, ხოლო 2020 წელს - 303 657 ლარი.

შენიშვნა: დოკუმენტებში სათადარიგო ნაწილების სახელები მითითებულია რუსული ენიდან შემოტანილი ბარბარიზმებით.


მსგავსი სიახლეები

3686 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
19%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
8%
ყალბი ამბავი
8%

ყველაზე კითხვადი