იტვირთება

მამუკა მდინარაძე: პარლამენტს აქვს დისკრეცია და ეს დისკრეცია არის სწორედ ის ფარგლები უფლებამოსილებისა, რომელიც პარლამენტს საშუალებას აძლევს, საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგ მიიღოს გადაწყვეტილება

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მამუკა მდინარაძის განცხადება არის ტყუილი.

ეკა ბესელია: კონსტიტუციის 39-ე მუხლში წერია პირდაპირ, რომ პარლამენტის წევრის უფლებამოსილება წყდება მისი პირადი განცხადების საფუძველზე. ეს ნორმა გამორიცხავს რაიმე სხვა გადაწყვეტილების მიღებას, გარდა ამ პირის მიმართ უფლებამოსილების შეწყვეტისა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ეკა ბესელიას განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: კონსტიტუციაში და პარლამენტის რეგლამენტში, პირდაპირ არის გაწერილი, რომ პარლამენტის წევრის განცხადების საფუძველზე, მას უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება. აქედან გამომდინარე, პარლამენტის წევრისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისთვის პარლამენტის თანხმობა ფორმალურ ხასიათს ატარებს.

ანალიზი:

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პროცესში გამოვლენილმა დარღვევებმა საზოგადოების ნაწილში კენჭისყრის შედეგების მიმართ უნდობლობა გააჩინა. არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურმა პარტიებმა 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგები არალეგიტიმურად მიიჩნიეს, საპროტესტო აქციები მოაწყვეს და ხელისუფლებისგან ხელახალი არჩევნების ჩატარება მოითხოვეს. მმართველმა გუნდმა ამ მოთხოვნების შესრულებაზე უარი განაცხადა. 2020 წლის 3 ნოემბერს ოპოზიციამ პარლამენტის მანდატებზე უარის თქმის შესახებ შეთანხმება გააფორმა. შექმნილი მძიმე ვითარებიდან გამომდინარე, აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში, კელი დეგნანისა და კარლ ჰარცელის მონაწილეობით, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის, მოლაპარაკების რამდენიმე რაუნდი გაიმართა, თუმცა მხარეებს შეთანხმებისთვის ამ დრომდე არ მიუღწევიათ. ოპოზიცია მმართველი გუნდისგან ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაყენებას, „პოლიტპატიმართა გათავისუფლებასა“ და ხელახალი/რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვს და მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს. ამასთან, 2020 წლის დეკემბერში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოთხოვნით მიმართეს[1] .

2021 წელის 2 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნა. პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა 51 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილა და მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. პლენარული სხდომის დაწყებამდე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ „პარლამენტს აქვს დისკრეცია და ეს დისკრეცია არის სწორედ ის ფარგლები, უფლებამოსილებისა, რომელიც პარლამენტს საშუალებას აძლევს, საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგ მიიღოს გადაწყვეტილება და სწორედ ამ პროცედურული ბერკეტი აამოქმედებს დღეს უმრავლესობით საქართველოს პარლამენტი“.

პარლამენტის მიერ დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტაზე უარს, პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი, ეკა ბესელია გამოეხმაურა. „ტვ პირველთან“ საუბრისას ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ „ კონსტიტუციის 39-ე მუხლში წერია პირდაპირ, რომ პარლამენტის წევრის უფლებამოსილება წყდება მისი პირადი განცხადების საფუძველზე და წერტილი. ეს არის ნორმა, რომელიც ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე, ყოველგვარი „ალბათ“ და „მაგრამს“ გარეშე, გამორიცხავს რაიმე სხვა გადაწყვეტილების მიღებას, გარდა ამ პირის მიმართ უფლებამოსილების შეწყვეტისა“.

საქართველოს კონსტიტუციისა[2] და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის[3] მიხედვით, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის, ერთ-ერთი საფუძველი პარლამენტის წევრის პირადი განცხადებაა. უფლებამოსილების შეწყვეტისთვის, პარლამენტის წევრმა პარლამენტის თავმჯდომარეს განცხადებით უნდა მიმართოს. თავმჯდომარე განცხადებას საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს უგზავნის. კომიტეტი ადგენს განცხადების ნამდვილობას, გარემოებას, რომელიც საფუძვლად დაედო განცხადებას, და არაუადრეს 8 და არაუგვიანეს 15 დღისა, შესაბამის დასკვნას ამზადებს. პარლამენტის წევრს უფლება აქვს, უფლებამოსილების მოხსნის შესახებ განცხადება, პარლამენტის თავმჯდომარისთვის წარდგენიდან 7 დღის ვადაში, გამოითხოვოს და თავისი უფლებამოსილების განხორციელება გააგრძელოს. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დასკვნას პარლამენტის ბიუროს წარუდგენს, რომელსაც აღნიშნული საკითხი უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეაქვს განსახილველად. პარლამენტი ვალდებულია, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი, დაუყოვნებლივ განიხილოს. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, პლენარული სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე კენჭისყრა დაუშვებელია. საკანონმდებლო ორგანო პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს დადგენილებით წყვეტს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში შეიძლება, გასაჩივრდეს.

კონსტიტუციონალისტი დავით ზედელაშვილის შეფასებით, „კონსტიტუცია ამომწურავად ჩამოთვლის პარლამენტის წევრისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებს. პარლამენტს არ აქვს დისკრეცია, უარი თქვას შესაბამისი დადგენილებით უფლებამოსილების შეწყვეტაზე, თუ კონსტიტუციით მითითებული საფუძველი არსებობს. ცალკეულ შემთხვევებში, მაგალითად სამეწარმეო ან სხვა შეუთავსებელი საქმიანობის საფუძვლით შეწყვეტისას, შესაბამისი მატერიალური ფაქტი უნდა დაადგინოს თავად პარლამენტმა. თუ ეს ფაქტი დადგინდა, პარლამენტს არ აქვს დისკრეცია, უარი თქვას უფლებამოსილების შეწყვეტაზე. ასევეა სხვა საფუძვლების დროსაც, როდესაც უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი, პარლამენტის გადაწყვეტილებისგან დამოუკიდებლად დგება. არჩევითი თანამდებობის დაკავება მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა და მისი განხორციელების სამართლებრივი იძულება შეუთავსებელია კონსტიტუციის ფუნდამენტურ ლოგიკასთან“.

პარლამენტის გადაწყვეტილებას კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე პირად ფეისბუქ-გვერდზე გამოეხმაურა. მისი თქმით, უმრავლესობა ვალდებულია, ოპოზიციონერ დეპუტატებს უფლებამოსილება შეუწყვიტოს. პარლამენტის წევრებს საკუთარი მანდატის განკარგვის თავისუფალი შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ. კონსტიტუციაში წერია, რომ არსებობს გადადგომის მექანიზმი. პარლამენტის როლი ამ პროცესში ფორმალური უნდა იყოს.

საბოლოო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კონსტიტუციაში და პარლამენტის რეგლამენტში, პირდაპირ არის გაწერილი, რომ პარლამენტის წევრის განცხადების საფუძველზე, მას უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება. აქედან გამომდინარე, პარლამენტის წევრისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისთვის პარლამენტის თანხმობა ფორმალურ ხასიათს ატარებს. არ შეიძლება დეპუტატი, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ აიძულო, პარლამენტის წევრისთვის დაკისრებული უფლებამოსილება განახორციელოს. შესაბამისად, მამუკა მდინარაძის განცხადება არის ტყუილი. ხოლო, ეკა ბესელიას განცხადება არის სიმართლე.  

[1] „ერთიანი ნაციონალური მოძრაობამ“, საარჩევნო ბლოკმა „ძალა ერთობაშია“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „ლელომ“, „საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ“, „ევროპული საქართველომ“ და ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ პარლამენტს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოთხოვნით მიმართეს. უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა პარტია „მოქალაქეებმაც“ მოითხოვა, თუმცა 2021 წლის 29 იანვარს „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმების გაფორმების შემდეგ, ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა პარლამენტის საქმიანობაში მონაწილეობის გადაწყვეტილება მიიღეს.

[2] საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

[3] საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

2904 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
25%
მეტწილად სიმართლე
14%
ყალბი ამბავი
14%
ნახევრად სიმართლე
11%
მეტწილად მცდარი
9%

ყველაზე კითხვადი