ენმ: გორში, საავადმყოფოს ყოფილი შენობისთვის დევნილთა სამინისტრომ 1 მლნ 100 ათასი ლარი გადაიხადა, მერია კი მისი დაცვისთვის 30 ათას ლარამდე ხარჯავს

ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, ეს განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე:

გორში, ცხინვალის გზატკეცილზე მდებარე ყოფილი საავადმყოფოს შენობის რეაბილიტაცია და იქ დევნილების შესახლება 2014 წელს დაანონსდა. ამავე წელს გამოცხადდა ტენდერი, რომლის მიხედვით, სამუშაოები 3 აგვისტოს უნდა დასრულებულიყო. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან სამინისტრომ ურთიერთობა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის გამო შეწყვიტა. 2014 წლის ბოლოს აღნიშნულ ობიექტზე შენობა ჩამოინგრა.

მომხდარი ფაქტიდან 6 წელში, შენობა გორის მერიის ბალანსზე გადავიდა. ადგილობრივმა თვითმმართველობამ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსგან დასკვნა მიიღო, რომლის მიხედვით, შენობა ავარიულია და აღდგენას აღარ ექვემდებარება. ამის გამო მერიამ ამ ობიექტის დემონტაჟი გადაწყვიტა, ტერიტორიას კი დაცვა გამოუყო. ავარიული უფუნქციო შენობის დაცვაში მუნიციპალიტეტმა წელიწადში 28 800 ლარი გაითვალისწინა.

ანალიზი:

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ბექა ქორჩილავამ, ხელისუფლება თანხების არაეფექტურ ხარჯვაში დაადანაშაულა და ამის მაგალითად, გორის ყოფილი საავადმყოფოს შენობისთვის გათვალისწინებული ხარჯები დაასახელა.

„ამ შენობაში 1 მლნ 100 ათასი ლარია გადახდილი დევნილთა სამინისტროს მიერ. მაშინდელი მინისტრი, სოზარ სუბარი ზარ-ზეიმით აცხადებდა, რომ ამ კორპუსში შესახლდებოდნენ და იცხოვრებდნენ დევნილები, მაგრამ დაპირება დაპირებად დარჩა. გორის მერი კი ამ უსახური შენობის დაცვაში ყოველწლიურად 30 ათას ლარამდე ხარჯავს და ქარს ატანს გორელების ბიუჯეტს“,-აღნიშნა ბექა ქორჩილავამ.

ქ. გორში, ცხინვალის გზატკეცილი N14-ში მდებარე შენობა-ნაგებობის (ყოფილი საავადმყოფოს შენობა) სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა 2014 წლის 10 იანვარს განხორციელდა. ტენდერში შპს NBG-მ გაიმარჯვა, რომელთანაც უწყებამ 1მლნ 100 ათასი ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა.

შენობის რეაბილიტაციის შესახებ ინფორმაცია დევნილებს, მაშინდელმა მინისტრმა პირადად მიაწოდა. სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ შენობა მალე დასრულდებოდა და იძულებით გადაადგილებული პირების შესახლების პროცესი დაიწყებოდა. მანამდე უწყება ახალ კომპანიას მოძებნიდა სამუშაოების დასასრულებლად, რადგან სუბარის თქმით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას სამინისტრომ ხელშეკრულება დახარვეზებული სამუშაოების გამო შეუწყვიტა.

მოგვიანებით, ამ ობიექტზე შენობა ჩამოინგრა, რის შემდეგაც ტერიტორია ადგილობრივი თვითმმართველობის ბალანსზე გადავიდა. საბოლოოდ, დევნილების ამ შენობაში შესახლებაც ვეღარ მოხერხდა. ამის შესახებ „ფაქტ-მეტრიც“ წერდა.

2014 წლის დეკემბერში ამ ობიექტთან დაკავშირებით, დევნილთა სამინისტრომ ახალი განცხადება გაავრცელა:

„ სამშენებლო სამუშაოები ამ ეტაპისთვის შეჩერებულია, რადგან ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს NBG, შავ სიაშია შეყვანილი. ამის მიზეზი კომპანიის მხრიდან უხარისხო მშენებლობა გახდა. სამინისტროს თანამშრომლებს, რომლებიც მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობაზე იყვნენ პასუხისმგებლები 800 000 ლარის სამუშაოების შესრულების მიღება-ჩაბარების დოკუმენტზე აქვთ ხელი მოწერილი, რეალურად კი მშენებლობაზე 100 000 ლარის სამუშაოებია გაწეული. აღნიშნული თანამშრომლები დღეს დევნილთა და განსახლების სამინისტროში აღარ მუშაობენ და მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს“,-წერია უწყების განცხადებაში.

სატენდერო დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ შავ სიაში შეყვანილ კომპანია შპს NBG-სთან დევნილთა სამინისტროს 6 მიღება-ჩაბარების აქტი აქვს გაფორმებული+1 საავანსო დოკუმენტი, რომლის საერთო ღირებულებამ 1 094 962 ლარი შეადგინა.

უწყებამ შეუსრულებელი სამუშაოებისა და ხელშეკრულების დარღვევისთვის კომპანიას ჯარიმაც დააკისრა:

„ხელშეკრულების დადგენილი სამუშაოს მოწოდების ვადის გადაცილების შემთხვევაში გეკისრებათ პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სამუშაოს საერთო სახარჯთაღრიცხვო ღირებულების 0,1 %-ის ოდენობით თანხით - 133,923.10 ლარი (1,174,764 X 0.1% X 114 დღე), ხოლო სამუშაოების ნაწილობრივ შეუსრულებლობისას გეკისრებათ ჯარიმა შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 100%-ის ოდენობით თანხით 323,262.58 ლარი. სულ 457,185.68 ლარი,“-წერია უწყებისგან კომპანიისთვის გაგზავნილ გაფრთხილების წერილში.

დევნილთა სამინისტროს ინფორმაციით, „NBG“-ს ხელმძღვანელობა პასუხისგებაშია მიცემული, სამინისტროს ყოფილ თანამშრომლებთან ერთად (საფინანსო დეპარტამენტის უფროსი ამირან გოგიძე, ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი თემურ მაღალდაძე და სპეციალისტი რატი სვანიძე).

მოძიებული მასალებიდან ირკვევა, რომ ბიუჯეტიდან მილიონ ლარამდე თანხა, გორში ყოფილი საავადმყოფოს რეაბილიტაციის მიზნით, მართლაც დაიხარჯა, თუმცა იქ დევნილების შესახლება ვერ მოხერხდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ შპს „NBG“-ის არაპირდაპირ კავშირებზე სამინისტროს წარმომადგენლებთან და ამ კომპანიის მიერ ხშირად მოგებულ ტენდერებზე მედია იმ პერიოდში აქტიურად წერდა.

რაც შეეხება გორის ყოფილი საავადმყოფოს შენობისთვის დაცვის გამოყოფას, იქიდან გამომდინარე, რომ გორის მერიას ეს ობიექტი 2020 წლიდან გადაეცა, ამ დრომდე ადგილობრივი თვითმმართველობა ტერიტორიის დაცვისთვის ბიუჯეტიდან თვეში 2 400 ლარს (წელიწადში 28 800 ლარი) ხარჯავს. სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნიდან გამომდინარე კი უწყება უახლოეს მომავალში ამ ობიექტის დემონტაჟს გეგმავს.

აქედან გამომდინარე, განცხადების ორივე ნაწილი, მშენებლობის ღირებულებისა და მის დაცვაზე გამოყოფილი თანხის შესახებ, რეალური რიცხვებია. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ბექა ქორჩილავას განცხადება არის სიმართლე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი