რომ 2016 წლის დასრულებამდე გორში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს საცხოვრებელ ფართთან დაკავშირებული პრობლემები აღარ ექნებოდათ და მასშტაბური სამშენებლო პროექტები მათი განსახლების საკითხს გადაჭრიდა.
„გორში ვიწყებთ ახალ მშენებლობებს, რომლის დამთავრების შემდეგაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ გორში 2016 წლის ბოლოს დევნილთა განსახლების პრობლემა აღარ იარსებებს“, - განაცხადა სუბარმა.
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, შესრულდა თუ არა დასახელებულ ვადაში მინისტრის ეს დაპირება.
იძულებით გადაადგილებული პირები გორში 90-იანი წლების კონფლიქტის და 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დასახლდნენ. 8 წლის წინ მათი ნაწილი კოტეჯებში, ნაწილი კი საბავშვო ბაღებსა და უფუნქციო შენობებში შეასახლეს. დევნილთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, ქალაქ გორში სულ 1 870 დევნილი ოჯახია რეგისტრირებული.
სამინისტროს 2015 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე სოზარ სუბარი აცხადებდა,რომ 2016 წლის ბოლომდე საცხოვრებელი ფართით სულ 1 581 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდებოდა. „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში კი სახლის შეძენაზე 525 ოჯახს ეთქვა თანხმობა, რომლიდანაც 226 სახლი უკვე შეძენილია. „პირველად, 21 წლიანი დევნილობის შემდეგ, დევნილებს ბინები თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში გადაეცემათ. ამ ეტაპზე სამინისტრომ უკვე შეისყიდა 300-მდე ბინა თბილისში, ქუთაისსა და ბორჯომში”, - აღნიშნა სუბარმა
მიმდინარე წლის ბოლო თვეს კი პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა,რომ საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში 2012 წლიდან დღემდე სულ 13 600 დევნილ ოჯახს გადაეცა და ეს პროცესი გაგრძელდებოდა. აქედან 1 058 ოჯახი გორში რეგისტრირებული დევნილი ოჯახია.
გარდა ამისა, დევნილთა სამინისტროს ინფორმაციით,გორში სულ 1 870 დევნილი ოჯახი ცხოვრობს და აქედან საცხოვრებელი ფართით 1 058 მათგანია უზრუნველყოფილი. 2012 წლიდან დღემდე სამინისტრომ ქალაქ გორში, ბესიკის ქ. N4-ში, ნანეიშვილის ქ. N7-ში და ცხინვალის ქ. N18-ში მდებარე ყოფილი საბავშვო ბაღების ბინებად გადაკეთების სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა. მოსკოვის ქუჩაზე კი, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გადაცემულ მიწის ნაკვეთზე, 480 ოჯახზე გათვლილი ოთხი შეწყვილებული ათსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა ისევ მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება ცხინვალის გზატკეცილის მე-3 კილომეტრზე მდებარე თავდაცვის სამინისტროს ყოფილ კუთვნილ შენობაში, რომელიც 29 ოჯახისთვისაა გათვალისწინებული.
დევნილთა ჩასახლებებიდან საცხოვრებლად შეუსაბამო და რთული მდგომარეობით გორში წლების მანძილზე 3 ობიექტს გამოარჩევენ. სასტუმრო „ქართლში“, ტურბაზის ხის კოტეჯებსა და ყოფილი ნარკოლოგიური ცენტრის შენობაში არსებული ვითარება სახალხო დამცველის 2014 წლის ანგარიშშიცაა ასახული (გვ. 28). პირველ და მეორე დასახლებაში ე.წ. „ძველი დევნილები“ ცხოვრობენ, ხოლო მესამეში - 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად ადგილნაცვალი 60-მდე ოჯახი. 8 წლის განმავლობაში ნარკოლოგიური ცენტრის შენობაში მცხოვრები დევნილები საცხოვრებელი ფართის სიმცირესა და ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობების არარსებობაზე საუბრობენ და ხელისუფლებისაგან ალტერნატიული ფართის გამოყოფას ითხოვენ. ჩაბნელებული დერეფნები, საერთო სამზარეულო და სველი წერტილები, ოჯახზე გამოყოფილი ერთი ვიწრო ოთახი, რომელიც სამზარეულოს, საძინებლისა და აბაზანის ფუნქციებს ერთდროულად ითავსებს - ეს ყველაფერი, აქ მაცხოვრებლების თქმით, ცხოვრებას გაუსაძლისს ხდის. მინისტრის დაპირებისმიხედვით, მათი ნაწილი ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს მიიღებდა, ნაწილს კი იმავე შენობაში გაფართოების შესაძლებლობა მიეცემოდა.
რთულ პირობებში მცხოვრებ დევნილებს მდგომარეობის გაუმჯობესების იმედი 2014 წლის ზაფხულში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ მიეცათ, რომლის მიხედვითაც, ქალაქის საავადმყოფოს ყოფილ შენობაში დევნილები უნდა შეესახლებინათ. თუმცა, მათი მოლოდინი ამაო აღმოჩნდა, რადგან აღნიშნული ობიექტი ავარიული და საფრთხის შემცველი აღმოჩნდა.ერთი წლის შემდეგ მინისტრმა სოზარ სუბარმა გორში ახალი პროექტის დაწყების შესახებ განაცხადა, რომლის მიხედვითაც, გორში, მოსკოვის ქუჩაზე, 8 ათსართულიანი კორპუსი აშენდებოდა და ბინას 480 დევნილი ოჯახი მიიღებდა. სამშენებლო სამუშაოები დაიწყო, თუმცა, იქ დევნილები ჯერ არ შესახლებულან.
დასკვნა
ფაქტ-მეტრის მიერ მოკვლეული მასალებიდან ირკვევა, რომ გორში დევნილთა განსახლების პროცესი დაწყებულია და ამ დროის მონაცემებით, საცხოვრებელი ფართით ქალაქში რეგისტრირებული 1 870 დევნილი ოჯახიდან გრძელვადიანი საცხოვრებლით 1 058 ოჯახია უზრუნველყოფილი.
2012წლიდან სამინისტრომ ქალაქ გორში სხვადასხვა ობიექტის ბინებად გადაკეთების სამუშაოები დაიწყო და რამდენიმე მათგანში ეს პროცესი ისევ გრძელდება. სამუშაოები მიმდინარეობს მოსკოვის ქუჩაზე მშენებარე კორპუსებში, სადაც 480 დევნილი ოჯახის შესახლებას აანონსებდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ სამინისტრო ბინების გადაცემის საკითხს სპეციალურად შემუშავებული კრიტერიუმების შესაბამისად არეგულირებს და ფართით უზრუნველყოფა, პირველ რიგში, საცხოვრებელი პირობების სირთულის მიხედვით ხორციელდება. აქედან გამომდინარე, მშენებარე კორპუსებში ბინებით დაკმაყოფილების მომლოდინე 500-მდე ოჯახი ახალ წელს კვლავ საცხოვრებლად მძიმე პირობებში ხვდება.
შესაბამისად, სოზარ სუბარის დაპირება არ შესრულდა.