იტვირთება

ნათია თურნავა:„თუ შევხედავთ ევროპული ქვეყნების გამოცდილებას ვნახავთ, რომ ზამთრის კურორტები უმეტესად არ ფუნქციონირებს. ამიტომ ვერ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და ეპიდვითარებას ვემორჩილებით. ზამთრის სეზონი მთელ მსოფლიოში ჩავარდა“

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ნათია თურნავას განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

რეზიუმე: ევროპაში ალპების მთათა სისტემაზე განლაგებული მთის კურორტები, მოიცავს ავსტრიას, შვეიცარიას, იტალიას და საფრანგეთს. ავსტრიაში და შვეიცარიაში, მსგავსად საქართველოს ეპიდემიური სიტუაციის მიუხედავად, მთის კურორტების დიდი ნაწილი ღიაა და ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს. საფრანგეთში და იტალიაში კი მიუხედავად იმისა, რომ ეპიდვითარება უფრო გაუმჯობესებულია, ვიდრე ავსტრიასა და შვეიცარიაში, თითქმის ყველა კურორტი დაკეტილია. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ნათია თურნავას განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

ანალიზი

22 იანვარს საკოორდინაციო საბჭოს გამართვის შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, განაცხადა: „თუ მსოფლიოს მაგალითს შევხედავთ ვნახავთ, რომ ზამთრის კურორტები უმეტესად არ ფუნქციონირებს. ამიტომ ვერ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და ეპიდვითარებას ვემორჩილებით. ზამთრის სეზონი მთელ მსოფლიოში ჩავარდა“.

დღეის მდგომარეობით ევროპაში არსებული 783 სათხილამურო კურორტიდან, 298 არის ღია და ფუნქციონირებს, ხოლო 485 კი დახურულია. ამ კურორტების დიდი ნაწილი ალპების მთათა სისტემაზეა განთავსებული. საინტერესოა, განვიხილოთ ამ სისტემაში შემავალი თითოეული ქვეყნის მიდგომა მთის კურორტებთან დაკავშირებით:

შვეიცარია

შვეიცარიაში კოვიდ-19-ის შემთხვევები დღიურად 1500-2000 აღწევს, ასევე დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ყოველ 1 მილიონ მოსახლეზე 54927-ის ტოლია, თუმცა ამის მიუხედავად მათი 85 ზამთრის კურორტიდან 78 ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს, ხოლო 7 დაკეტილია.

ავსტრია

შვეიცარიის მსგავსად ავტრიაშიც დღიურად კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 1500-2000 აღწევს, ხოლო ყოველ 1 მილიონ მოსახლეზე კი 42849-ია. ამ ფონზე ავსტრიაში არსებული 211 კურორტიდან, 159 ღიაა, ხოლო 52 კი დაკეტილი.

საფრანგეთი

ავსტრიისა და შვეიცარიისგან განსხვავებით, საფრანგეთში, კორონავირუსის გავრცელების მხრივ, შედარებით უკეთესი სიტუაციაა, სადაც მართალია დღიურად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 20-25 ათასს აღწევს, თუმცა შემთხვევები ყოველ 1 მილიონ მოსახლეზე 40822 ტოლია, მაგრამ მიუხედავად ამისა, საფრანგეთში არსებული 83 კურორტიდან მხოლოდ 4-ია ღია, ხოლო 79 დაკეტილი.

იტალია

საფრანგეთის მსგავსია ეპიდემიური მდგომარეობა იტალიაშიც, სადაც დღიურად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 15-20 ათასს აღწევს, ხოლო 1 მილიონ მოსახლეზე შემთხვევების რაოდენობა 36428-ის ტოლია. ამ ფონზე იტალიაში 80 კურორტიდან მხოლოდ 1-ია ღია და 79 კი დაკეტილი.

საქართველო

რაც შეეხება საქართველოს, ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნებისგან განსხვავებით, დღიური შემთხვევების რაოდენობა ერთ-ერთი ყველაზე მცირეა და მხოლოდ 1000-1500-ია, მაგრამ 1 მილიონ მოსახლეზე 68087 ტოლია. ამ ფონზე საქართველოში არსებული ხუთივე სათხილამურო კურორტი დაკეტილია.

გრაფიკი 1: ღია და დაკეტილი კურორტები

წყარო:skiresort.info

გრაფიკი 2: კოვიდ-19-ის შემთხვევები - 1 სექტემბრიდან დღემდე

წყარო:მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია

მიუხედავად დაახლოებით საქართველოს მსგავსი ეპიდემიური მდგომარეობისა, ავსტრიასა და შვეიცარიაში კურორტების უდიდესი ნაწილი ღიაა და მუშაობს. შედარებით ხისტი მიდგომა აქვს იტალიასა და საფრანგეთს, სადაც სამთო კურორტების დიდი ნაწილი დაკეტილია. შესაბამისად, ნათია თურნავას განცხადება, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, არის ნახევრად სიმართლე.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

2924 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
25%
მეტწილად სიმართლე
14%
ყალბი ამბავი
14%
ნახევრად სიმართლე
11%
მეტწილად მცდარი
9%

ყველაზე კითხვადი