ივანე მაჭავარიანი: ჩვენმა ეკონომიკამ აჩვენა მაღალი ხარისხობრივი წინსვლაც. მათ შორის, ისეთი მნიშვნელოვანი პარამეტრის კუთხით, როგორიცაა სავაჭრო ბალანსი და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, რომელიც 2-ჯერ და მეტად შემცირდა
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ივანე მაჭავარიანის განცხადება არის ნახევრად სიმართლე
რეზიუმე: სავაჭრო ბალანსის ნაწილში, ფინანსთა მინისტრის განცხადება ზუსტი არ არის. იმის მიუხედავად, რომ ბოლო წლებში ექსპორტი ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა. წლიდან წლამდე იმპორტის მაჩვენებელიც იზრდებოდა, რის შედეგადაც 2012-2019 წლებში, სავაჭრო დეფიციტი 5.1-5.9 მლრდ აშშ დოლარამდე მერყეობდა. 2019 წლის მონაცემებით, საქონლის ექსპორტი 3.8 მლრდ აშშ დოლარით განისაზღვრა, ხოლო იმპორტი 9.5 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა. სავაჭრო დეფიციტი 5.7 მლრდ აშშ დოლარს წარმოადგენდა, რაც აბსოლუტური მონაცემის თვალსაზრისით, უფრო ღრმა დეფიციტს წარმოდგენს, ვიდრე 2015, 2016 და 2017 წლებში. მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობითი მაჩვენებლის მიხედვით, სავაჭრო დეფიციტი უფრო მცირე 2013, 2014 და 2017 წლებში იყო. შესაბამისად, ბოლო წლებში მიღწეულ წარმატებაზე საუბარი, საფუძველს მოკლებულია.
მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2019 წელს 5.5%-ს შეადგენდა, რაც ისტორიულად საუკეთესო მაჩვენებელს წარმოადგენს. 2015-2018 წლებში, დეფიციტი საშუალოდ 10%-ის ფარგლებში მერყეობდა. ბოლო წლების განმავლობაში, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირების მნიშვნელოვან ფაქტორს მომსახურების მუხლის ზრდა წარმოადგენდა, რაც ბუნებრივია, მეტწილად ტურიზმის სფეროს ზრდასთან არის დაკავშირებული. აქვე აღსანიშნავია, რომ წლიდან წლამდე, უცხოეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობაც მნიშვნელოვნად იზრდება. რას გულისხმობს ფინანსთა მინისტრი ხარისხობრივ წინსვლაში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის თვალსაზრისით, ბუნდოვანია, რადგან აღნიშნული საყოველთაოდ მიღებული ობიექტური კრიტერიუმით გაზომვას არ ექვემდებარება. შესაბამისად, განცხადების ამ ნაწილის ფაქტობრივად გადამოწმება შეუძლებელია, იმის მიუხედავად, რომ დასახელებულ მტკიცებასთან დაკავშირებით მთელი რიგი კითხვების არსებობაა შესაძლებელი.
ანალიზი
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა: „ჩვენმა ეკონომიკამ აჩვენა მაღალი ხარისხობრივი წინსვლაც. მათ შორის, ისეთი მნიშვნელოვანი პარამეტრის კუთხით, როგორიცაა სავაჭრო ბალანსი და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, რომელიც 2-ჯერ და მეტად შემცირდა“.
საქართველოში, ისტორიულად, იმპორტი ექსპორტს მნიშვნელოვნად აღემატება, რაც ქვეყნის ეკონომიკას გარკვეულწილად მოწყვლად მდგომარეობაში აყენებს, განსაკუთრებით ვალუტის გაცვლითი კურსის მკვეთრი მერყეობის პირობებში. კონიუნქტურულ სისუსტეზე აგრეთვე ის ფაქტი მიანიშნებს, რომ საქართველოს საექსპორტო ჯგუფებიდან უმთავრესი ნაწილი პრაქტიკულად ნედლეულია (სპილენძის მადანი და ფეროშენადნობები), ხოლო მანქანების ექსპორტი რეალურად რეექსპორტს წარმოადგენს. იმის მიუხედავად, რომ ბოლო წლებში ექსპორტი ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა, წლიდან წლამდე, იმპორტის მაჩვენებელიც იზრდებოდა, რის შედეგადაც 2012-2019 წლებში, სავაჭრო დეფიციტი, ანუ ექსპორტსა და იმპორტს შორის სხვაობა არსებითად არ მცირდებოდა და 5.1 მლრდ-დან 5.9 მლრდ აშშ დოლარამდე მერყეობდა. 2019 წლის მონაცემებით, საქონლის ექსპორტი 3.8 მლრდ აშშ დოლარით განისაზღვრა, ხოლო იმპორტი 9.5 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა. შესაბამისად, სავაჭრო დეფიციტი 5.7 მლრდ აშშ დოლარს წარმოადგენდა, რაც აბსოლუტური მონაცემის თვალსაზრისით უფრო ღრმა დეფიციტს წარმოადგენს, ვიდრე 2015, 2016 და 2017 წლებში. მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობითი მაჩვენებლის მიხედვით, სავაჭრო დისბალანსი 2013, 2014 და 2017 წლებში უფრო მცირე იყო.
ცხრილი 1: საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა 2012-2020* (იანვარ-ნოემბრის მონაცემები) წლებში, მლნ აშშ დოლარი
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
2020 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებით, საქონლის ექსპორტმა 3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, იმპორტმა 7.2 მლრდ აშშ დოლარი, ხოლო სავაჭრო სალდომ 4.2 მლრდ აშშ დოლარი. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ექსპორტი შემცირდა 11%-ით, 3.4 მლრდ აშშ დოლარიდან 3 მლრდ აშშ დოლარამდე, იმპორტი 15.9%-ით, 8.5 მლრდ აშშ დოლარიდან 7.1 მლრდ აშშ დოლარამდე, ხოლო სავაჭრო დეფიციტი შემცირდა 19%-ით, 5.1 მლრდ აშშ დოლარიდან 4.2 მლრდ აშშ დოლარამდე. ბუნებრივია, სხვა თანაბარ პირობებში, სავაჭრო დეფიციტის შემცირება დადებითი მოვლენაა. თუმცა, პანდემიის ფონზე გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის შედეგად, დეფიციტის კლების ხარისხობრივ წინსვლად შეფასება, შინაარსს მოკლებულია. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ დასახელებული „გაუმჯობესება“, იმპორტის მაჩვენებლის ექსპორტის მაჩვენებელზე მეტად კლებას მოჰყვა. ამავდროულად, როგორც იმპორტის, ასევე ექსპორტის კლება ცალსახად უარყოფითმა ეკონომიკურმა ფაქტორებმა განაპირობა, როგორებიც იყო: საზღვრების ჩაკეტვა, საყოველთაო კარანტინი, ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვა, ეკონომიკური, ფისკალური და მონეტარული რყევები, განუსაზღვრელობა, და ა.შ.
ქვეყანაში შემავალი და გამავალი ფულადი ნაკადების შესახებ მონაცემები სრულყოფილად ქვეყნის საგადასახდელო ბალანსშია მოცემული. საგადასახდელო ბალანსი ერთგვარი ანგარიშია, რომელიც კონკრეტული ქვეყნის ეკონომიკასა და დანარჩენ მსოფლიოს შორის ფულის მოძრაობას ასახავს. ბალანსი მიმდინარე ანგარიშის, კაპიტალის ანგარიშის და ფინანსური ანგარიშისგან შედგება. მიმდინარე ანგარიში საქონლით და მომსახურებით ვაჭრობის მუხლს, შემოსავლების და ტრანსფერების მუხლებს მოიცავს. თავის მხრივ, შემოსავლების მუხლი შემოსავლის ნაკადებს გვიჩვენებს: საზღვარგარეთიდან (კერძოდ, შრომის ანაზღაურებასა და საინვესტიციო შემოსავალს) და საქართველოდან გადარიცხულ შემოსავლებს. ტრანსფერები მოიცავს მიმდინარე ტრანსფერებს ქვეყნის რეზიდენტებსა[1] და არარეზიდენტებს შორის (მაგალითად გრანტები, ფინანსური დახმარებები).
გრაფიკი 1: მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2012-2019 წლებში
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
2019 წელს, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 5.5%-ს შეადგენდა, რაც ისტორიული თვალსაზრისით, საუკეთესო მაჩვენებელია. მიმდინარე ანგარიშის სტრუქტურა წარმოდგენილია ცხრილ 2-ში. 2020 წლის წინასწარ ცნობილი სამი კვარტლის მონაცემებით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 1.4 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება.
ცხრილი 2: მიმდინარე ანგარიშის სტრუქტურა 2012-2020*(3 კვარტლის) წლებში, მლნ აშშ დოლარი
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირების მნიშვნელოვან ფაქტორს მომსახურების მუხლის ზრდა წარმოადგენდა, რაც ბუნებრივია, მეტწილად ტურიზმის სფეროს განვითარებით არის განპირობებული. აქვე, აღსანიშნავია, რომ წლიდან წლამდე, უცხოეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობაც მნიშვნელოვნად იზრდება. ბუნდოვანია, ხარისხობრივ წინსვლაში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის თვალსაზრისით, ფინანსთა მინისტრი რას გულისხმობს. შესაბამისად, განცხადების ამ ნაწილის ფაქტობრივად გადამოწმება შეუძლებელია.
[1]პირი, რომელიც ფაქტობრივად იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე 182 დღეზე მეტ ხანს ნებისმიერ 12-თვიან პერიოდში, რომელიც მთავრდება საგადასახადო წელს, ან იგი საგადასახადო წლის განმავლობაში იმყოფებოდა უცხოეთში საქართველოს სახელმწიფო სამსახურში.