იტვირთება

გიგლა მიქაუტაძე: მსოფლიო ბანკის „ლოგისტიკის ინდექსში“ საქართველო 119-ე ადგილზე გადავიდა და სამეზობლოში ყველაზე ცუდი პოზიცია დაიკავა.

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გიგლა მიქაუტაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

რეზიუმე: 2014 წლიდან, ლოგისტიკის ინდექსში, საერთაშორისო შედარების თვალსაზრისით [1] აზერბაიჯანი არ შეფასებულა, შესაბამისად, 2016 და 2018 წლებში საქართველოს კონიუნქტურას აზერბაიჯანთან ვერ შევადარებთ. 2012-2014 წლებში, კი საქართველო აზერბაიჯანზე კარგ პოზიციაზე იყო. განცხადება აღნიშნულ გარემოებას ყურადღების მიღმა ტოვებს და შესაბამისად უზუსტობას შეიცავს. სხვა მეზობელი ქვეყნების თვალსაზრისით, ბოლო 2018 წლის მონაცემებით, თურქეთთან (47-ე პოზიცია), რუსეთთან (75-ე პოზიცია) და სომხეთთან (92-ე პოზიცია) შედარებით, საქართველო 119-ე ადგილით (160 ქვეყანას შორის) უარეს პოზიციას იკავებს. 2016 წელს, საქართველო (130-ე ადგილით) წინ უსწრებდა სომხეთს (141-ე ადგილი), ხოლო 2014 წელს, საქართველოზე ცუდი პოზიცია მხოლოდ აზერბაიჯანს ეკავა. ამავდროულად აღსანიშნავია, რომ საქართველომ რეიტინგში პოზიცია, საკუთარ ადგილთან შედარებით, 2016 წელს გაიუმჯობესა, მაგრამ 2012-2014 წლებში არსებული უკეთესი ნიშნულისთვის არ მიუღწევია.

ანალიზი:

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა, გიგლა მიქაუტაძემ, „ქართული ოცნების“ 8- წლიანი საქმიანობის ეკონომიკური ასპექტების შეფასებისას განაცხადა: „მსოფლიო ბანკის „ლოგისტიკის ინდექსში“ საქართველო 119-ე ადგილზე გადავიდა და სამეზობლოში ყველაზე ცუდი პოზიცია დაიკავა“.

ლოგისტიკის ინდექსი შეფასების ინსტრუმენტს წარმოადგენს, რომლის მიზანია ქვეყნებს სავაჭრო ლოგისტიკასთან დაკავშირებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების დადგენაში დაეხმაროს. მსოფლიო ბანკის ლოგისტიკის ინდექსი ორ წელიწადში ერთხელ ქვეყნდება. აღნიშნული კვლევა ლოგისტიკის სფეროს წარმომადგენელი კომპანიების მიერ შევსებულ კითხვარებს ეფუძნება. შეფასება 5-ბალიან შკალაზე (1 ქულა არის ძალიან ცუდი, ხოლო 5 ქულა - ძალიან კარგი) ექვსი ძირითადი ინდიკატორის მიხედვით ხდება:

1. საბაჟო პროცედურებისა და საზღვრის მართვის ეფექტურობა;

2. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ხარისხი;

3. კონკურენტუნარიანი საერთაშორისო გადაზიდვების წარმოების შესაძლებლობა;

4. ლოგისტიკური მომსახურებების შესაძლებლობები და ხარისხი;

5. ტვირთის თრექინგის შესაძლებლობა;

6. ტვირთის განრიგის მიხედვით დანიშნულების ადგილამდე დროულად მიწოდება;

2018 წლის ლოგისტიკის ინდექსი მსოფლიო ბანკის მიერ 2017 წლის სექტემბერი - 2018 წლის თებერვლის პერიოდში მოპოვებულ მონაცემებს ემყარება. მიმდინარე მდგომარეობით, საქართველო 160 ქვეყანას შორის [2] 119-ე პოზიციას იკავებს, რაც 2016 წელთან შედარებით 11 პოზიციით გაუმჯობესებას წარმოადგენს.

ცხრილი 1: საქართველო ლოგისტიკის ინდექსში (LPI)

წყარო: მსოფლიო ბანკი

როგორც ცხრილი 1-დან ჩანს, რეიტინგით (77) და აბსოლუტური ქულით (2.77) საქართველოს საუკეთესო პოზიცია 2012 წელს ეკავა. 2014-2016 წლებში, როგორც აბსოლუტური ქულა, ასევე ადგილი რეიტინგში, უარესდებოდა. 2018 წელს ტენდენცია შეიცვალა, ქვეყანამ 2016 წელთან შედარებით პოზიცია 11 ადგილით, აბსოლუტური ქულა კი 0.09 პუნქტით გაიუმჯობესა. მიუხედავად ამისა, მაჩვენებლებს წარსულში დაფიქსირებულ უკეთეს ნიშნულამდე არ მიუღწევია.

ცხრილი 2: საქართველოს და მეზობელი ქვეყნების რეიტინგი და ქულა ლოგისტიკის საერთაშორისო ინდექსში, 2010-2018 წლებში.

წყარო: მსოფლიო ბანკი

საქართველოს მეზობელი ქვეყნების რეიტინგი და ქულა 2010-2018 წლებში ლოგისტიკის ინდექსში ცხრილ 2-შია წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანი ბოლოს 2014 წელს შეფასდა, შესაბამისად, 2016 და 2018 წლის ინდექსებში საქართველოს კონიუნქტურას აზერბაიჯანთან ვერ შევადარებთ. თუმცა, თურქეთთან (47-ე პოზიცია), რუსეთთან (75-ე პოზიცია) და სომხეთთან (92-ე პოზიცია) შედარებით, სარეიტინგო ქულით და შესაბამისად პოზიციით, საქართველო ყველაზე ცუდ პოზიციას იკავებს. 2016 წელს, საქართველო წინ უსწრებდა სომხეთს, ხოლო 2014 წელს, საქართველოზე ცუდი პოზიცია მხოლოდ აზერბაიჯანს ეკავა.

[1] საერთაშორისო ინდექსთან ერთად ხორციელდება ლოგისტიკის კვლევა ქვეყნების შიგნით, რაც ლოგისტიკის ინდექსის ცალკეულ კომპონენტს წარმოადგენს, თუმცა, საერთაშორისო რეიტინგის ფარგლებში არ ექცევა.

[2] 2014-2020 წლებში რეიტინში 160 ქვეყანა იყო წარმოდგენილი, ხოლო 2010-2012 წლებში 155. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, რეიტინგში რიგი ქვეყნების ჩამატება/ამოღება ხდებოდა, რასაც შესაძლოა საქართველოს რეიტინგი უკეთეს, ან უფრო ცუდ პოზიციაზე მოექცია, თუმცა, საბოლოო ჯამში ქვეყნების გადანაცვლების ეფექტი ერთანეთს აბალანსებს და აღნიშნულ ფაქტორს, საქართველოს პოზიციის ცვლილებაზე არსებითი გავლენა არ მოუხდენია.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

4902 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
28%
სიმართლე
17%
მეტწილად სიმართლე
10%
ტყუილი
8%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი