დეზინფორმაცია: ექთანს COVID-19-ის ვაქცინის გაკეთების შემდგომ ბელის დამბლა განუვითარდა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ანალიზი

2002 წლის 28 დეკემბერს, Facebook-მომხმარებელმა შორე შანიძემ პოსტი გამოაქვეყნა წარწერით - „აჰაა კიდევ ერთი ამერიკელი ექთანი, რომელიც ამბობს ვაქცინის გაკეთების შემდეგ ყბა მომექცაო სთხოვს და მოუწოდებს ხალხს არ გაიკეთონ კოვიდ ვაქცინა ეს რასაც ვიგებთ და რასაც ვერ ვიგებთ რამდენი იქნება“. პოსტს თან ვიდეო ახლავს, რომელშიც ქალი, კალილა მიჩელის სახელით, ირწმუნება, რომ COVID-19-ზე ვაქცინაციის შემდგომ სამ დღეში სახის მარცხენა მხარეს პრობლემები შეექმნა და ბელის დამბლა განუვითარდა. მიჩელი ამერიკის საზოგადოებას მიმართავს, რომ ეს ვაქცინაცია ყველაზე ცუდი რამ არის და მათ ვაქცინის არ გაკეთებისკენ მოუწოდებს. პოსტში გაჟღერებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ყალბი ამბავია.

თავდაპირველად ვიდეო youtube-არხ „Shirt Boy“-ზე 21 დეკემბერს გამოქვეყნდა სათაურით - „ COVID-19-ის გვერდითი მოვლენები“ და აღწერით - „მე გავიკეთე ვაქცინა და ახლა ბელის დამბლა დამიდგინეს 😭😢". ვიდეო გვერდიდან ამჟამად უკვე წაშლილია, თუმცა ის ინტერნეტში ფართოდ გავრცელდა. ვიდეო ბერძნულ ენაზე ისევ ხელმისაწვდომია, რომელსაც თან ფრანგული სუბტიტრებიც ერთვის.

წყარო: Newtube.app channel

ვიდეოში წარმოდგენილი ქალის იდენტიფიცირებას ის ფაქტი ართულებს, რომ მასში დამატებითი დეტალები თუ როდის, სად და რომელი ვაქცინა გაუკეთდა მიჩელს, მოცემული არ არის. ასევე უცნობია, თუ ის ნამდვილად ექთანია, მაშინ კონკრეტულად რომელ სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობს.

ამერიკულმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციამ, Politifact-მა Facebook-ზე Khalila Mitchell-ის ანგარიში იპოვა, რომლის თანახმად აღნიშნული პირი ნეშვილში, ტენესის შტატში საცხობსა და რალფ ლორენთან მუშაობს, თუმცა სამედიცინო დაწესებულება არსადაა ნახსენები.

წყარო: politifact

ამასთანავე, ვიდეოს გავრცელების შემდეგ, ტენესის ჯანდაცვის კომუნიკაციისა და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა შელი ვოლკერმა განაცხადა, რომ ჯანმრთელობის პროფესიონალურ სალიცენზიო სისტემაში კალილა მიჩელის სახელით ექთნის შესახებ ჩანაწერები არ მოიძებნება. უფრო მეტიც, ფაქტების გადამმოწმებელმა პლატფორმამ, Lead Stories, ტენესისა და სხვა 49 შტატის ოფიციალური სამედიცინო ონლაინ-ბაზები გადაამოწმა, თუმცა კალილა მიჩელის სახელითა და გვარით ექთანი ვერ იპოვა.

ცნობისთვის, Pfizer-ის ვაქცინების პირველი პარტია ნეშვილში 2020 წლის 16 დეკემბერს მიიღეს. ტენესის შტატში ვაქცინაციის პროცესი დღემდე შეზღუდულია და ძირითადად სამედიცინო პერსონალზეა ორიენტირებული, მათ შორის პაციენტების მიმღებ პერსონალზე, სამედიცინო დაწესებულების მუდმივ თანამშრომლებსა და გრძელვადიანი მკურნალობის რეზიდენტებზე. ვაქცინის შეთავაზება დამსაქმებელთა, ჯანმრთელობის განყოფილებების ან საავადმყოფოების ადმინისტრაციების მეშვეობით ხდება. 29 დეკემბრის მონაცემებით, ტენესიში დაახლოებით 80 000 ადამიანი აიცრა. აღსანიშნავია, რომ ამ მონაცემებით კალილა მიჩელი აცრილთა შორის არ ფიქსირდება.

ბელის დამბლა და ვაქცინაცია

რაც შეეხება ბელის დამბლას, ის ზოგადად სახის კუნთების უეცარი დასუსტებით ვლინდება, რის შედეგადაც, სახის ნახევარი პარალიზდება. მისი გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ სავარაუდოა, რომ სახის კუნთების მაკონტროლებელ ნერვზე ანთების ან ვირუსული ინფექციების შედეგად ვითარდება. ბელის დამბლა მეტწილად დროებითია და სიმპტომები რამდენიმე დღეში ან კვირაში უმჯობესდება.

მას შემდეგ, რაც FDA-მ Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის დამტკიცებასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს აშშ-ში 4 მოხალისეს Pfizer-ის ვაქცინით სახის დამბლა განუვითარდა. ამ დროიდან კი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში არაერთი დეზინფორმაცია და ყალბი ამბავი გავრცელდა, რაზეც „ფაქტ-მეტრი“ სხვა სტატიებშიც წერდა (ბმული 1, ბმული 2).

სინამდვილეში, FDA-ის მოხსენების ანგარიშში აღნიშნულია, რომ ვაქცინირებულთა ჯგუფიდან 4 მოხალისეს ბელის დამბლა ანუ სახის კუნთების დამბლა განუვითარდათ. მათ სიმპტომები განსხვავებულ დროს გამოუვლინდათ: ერთ მონაწილეს ვაქცინის გაკეთებიდან მესამე დღეს, დანარჩენ სამს კი - მე-9, 37-ე და 48-ე დღეს. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია დამბლის განვითარება - მკაფიო მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ბელის დამბლასა და ვაქცინის მიღებას შორის არაა დადასტურებული, მოხალისეებში დაფიქსირებული სიხშირე კი, წლიურად მოსალოდნელი შემთხვევების ნორმაში ჯდება. FDA-მ აღნიშნულის გამო განაცხადა, რომ მოსახლეობაში ვაქცინის გავრცელების პარალელურად ბელის დამბლის შემთხვევების მონიტორინგი გაგრძელდება.

Shirt Boy- ის Youtube- არხი

აღსანიშნავია, რომ youtube-არხ 'Shirt Boy'-ზე ზემოხსენებული ვიდეოს გარდა კიდევ ორი ვიდეო იყო განთავსებული, რომლებიც დღეისთვის უკვე ხელმისაწვდომი აღარ არის. პირველი მათგანი 2020 წლის 15 ივნისს გამოქვეყნდა და ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას უკავშირდება (George Floyd!! RACE WAR), მეორე კი - 25 დეკემბერს - „Before I took Covid 19 vaccine” („სანამ COVID-19-ის ვაქცინას გავიკეთებდი“). 2021 წლის პირველ იანვარს გვერდზე ახალი ვიდეოც აიტვირთა - „COVID19 HERE!!HospitalS Needs to be STERILIZED“(COVID-19 აქ!! საავადმყოფოებს სტერილიზაცია სჭირდებათ).

წყარო:Leadstories.com

წყარო: youtube.com

ამრიგად, ვიდეოში კალილა მიჩელის სახელით წარმოდგენილი ქალის იდენტიფიცირების შედეგად დადგინდა, რომ ამ სახელის მქონე პიროვნება სამედიცინო დაწესებულების თანამშრომელი არ არის, მეტიც, დღემდე უცნობია, ნამდვილად ჩაუტარდა, თუ - არა, მას ვაქცინაცია. შესაბამისად, შორე შანიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს ექთანს კორონავირუსის ვაქცინის გაკეთების შემდგომ ბელის დამბლა განუვითარდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

--------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები: