მირდატ ქამადაძე: ბათუმის 2021 წლის ბიუჯეტის მიხედვით, მერია საკუთარ კომფორტს 1 700 000 ლარით ზრდის, ხოლო ჯანდაცვის ხარჯები, 2020 წელთან შედარებით, დაახლოებით 700 000 ლარით იზრდება
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მირდატ ქამადაძის განცხადება არის სიმართლე.
რეზიუმე: ბათუმის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის მიხედვით, შრომის ანაზღაურებისთვის განკუთვნილი ხარჯის საპროგნოზო მაჩვენებელი იზრდება. 2020 წელს, აღნიშნული მიზნით, ბიუჯეტის თავდაპირველ ვარიანტში, დაგეგმილი 23,573,000 ლარი იყო. პანდემიით გამოწვეული სიტუაციის გათვალისწინებით, ფინანსურ დოკუმენტში ცვლილებები განხორციელდა, რის შედეგადაც შრომის ანაზღაურების ხარჯი გაიზარდა და 24,614,500 ლარი შეადგინა. 2021 წელს კი ამ მიზნით 25,115,500 ლარის დახარჯვა იგეგმება. პარამეტრის ზრდა, 2020 წლის საბოლოო გეგმასთან შედარებით, 501,000 ლარს შეადგენს.
მომავალი წლის ბიუჯეტში საქონელი და მომსახურების ხარჯი 1,233,000 ლარით იზრდება, რისთვისაც 39,754,400 ლარი გამოიყო. განცხადების ავტორმა, კომფორტზე საუბრისას, სწორედ შრომის ანაზღაურებისა და საქონელი და მომსახურების ხარჯის საპროგნოზო პარამეტრების ჯამური მაჩვენებელი, 2020 წლის საბოლოო გეგმური მაჩვენებლების ჯამს შეადარა. აქედან გამომდინარე, ადმინისტრაციული ხარჯი (შრომის ანაზღაურება და საქონელი და მომსახურება) მართლაც თითქმის 1,700,000 ლარით იზრდება, უფრო ზუსტად კი - 1,734,000 ლარით.
რაც შეეხება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამებისთვის დაგეგმილ ასიგნებებს, თუ მომავალი წლის საპროგნოზო მაჩვენებელს 2020 წლის პირვანდელ გეგმასთან შევადარებთ, ზრდა მართლაც უმნიშვნელოა, მაგრამ არა 700 000 ლარით, როგორც ამას განცხადების ავტორი მიუთითებს, არამედ - 584 000 ლარით. 2019 წლის ფაქტობრივ მაჩვენებელთან, 16 376 800 ლართან შედარებით კი, მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული ხარჯი 466 900 ლარით ნაკლებია.
ანალიზი
პოლიტიკოსმა მირდატ ქამადაძემ განაცხადა, რომ ბათუმის 2021 წლის ბიუჯეტის მიხედვით, თვითმმართველობა საკუთარ კომფორტს ზრდის, რაც ნიშნავს, რომ შრომის ანაზღაურებისა და საქონელი და მომსახურებისთვის განკუთვნილი ხარჯის მოცულობა 1,700,000 ლარით იზრდება, ჯანდაცვის ხარჯები კი, 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით, იკლებს, ხოლო 2020 წლის მაჩვენებელთან მიმართებით, ზრდა 700,000 ლარამდეა.
„ფაქტ-მეტრმა“ აღნიშნული განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
ბათუმის 2021 წლის ბიუჯეტის შესახებ ჩვენ სტატია რამდენიმე დღის წინ უკვე გამოვაქვეყნეთ. საბიუჯეტო პარამეტრების გაანალიზებისას აღვნიშნეთ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის შემოსულობები და გადასახდელები, 2020 წლის ბიუჯეტის პირვანდელი ვარიანტის პარამეტრებთან შედარებით, მნიშვნელოვნად შემცირდა. თუმცა საბოლოო გეგმიურ მაჩვენებლებს თუ შევადარებთ, შემოსულობების ნაწილში - ზრდა, ხოლო გადასახდელების ნაწილში კლება ფიქსირდება, რაც ნაშთის ცვლილებით ბალანსდება.
ცხრილი 1. ბათუმის 2021 წლის შემოსულობებისა და გადასახდელების საპროგნოზო მაჩვენებლები
წყარო: ბათუმის საკრებულოს დადგენილება ბათუმის 2021 წლის ბიუჯეტის შესახებ
მიუხედავად იმისა, რომ ხარჯვითი ნაწილი მნიშვნელოვნად შემცირებულია, შრომის ანაზღაურებისა და საქონელი და მომსახურების ხარჯის ზრდაა დაგეგმილი. უფრო კონკრეტულად კი, 2020 წლის ბიუჯეტში თავდაპირველად დაგეგმილი იყო 23,573,000 ლარი შრომის ანაზღაურებისთვის და 41,667,400 ლარი - საქონელი და მომსახურებისთვის. პანდემიიდან გამოწვეული რეალობიდან გამომდინარე, ბიუჯეტი დაკორექტირდა. მართალია, საქონელი და მომსახურებისთვის დაგეგმილი ხარჯის მოცულობა შემცირდა, მაგრამ შრომის ანაზღაურების ხარჯი გაიზარდა.
ცხრილი 2. ბათუმის 2021 წლის ბიუჯეტის ხარჯები
წყარო: ბათუმის საკრებულოს დადგენილება ბათუმის 2021 წლის ბიუჯეტის შესახებ
თუ განცხადების ავტორის ლოგიკას მივყვებით, ის ერთმანეთთან 2020 წლის ბიუჯეტის საბოლოო გეგმური მაჩვენებლების ჯამსა და 2021 წლის ბიუჯეტში დაგეგმილი მაჩვენებლების ჯამურ მონაცემს ადარებს. ეს ნიშნავს, რომ 2020 წლის საბოლოო პარამეტრების გათვალისწინებით, ადმინისტრაციულმა ხარჯმა (შრომის ანაზღაურებას პლუს საქონელი და მომსახურება) 63,135,900 ლარი შეადგინა, ხოლო 2021 წლს 64,869,900 ლარი იქნება, ანუ 1,734,000 ლარით მეტი. თუმცა 2020 წლის ბიუჯეტის თავდაპირველ გეგმასთან შედარებით, ამ მიზნით 370,500 ლარით ნაკლების დახარჯვა იგეგმება (განცხადების ავტორი ამ მაჩვენებლებს არ გულისხმობდა და ჩვენ მხოლოდ ინფორმაციისთვის აღვნიშნეთ).
აქვე ერთი დეტალიც: მომავალი წლიდან მომუშავეთა რიცხოვნობის ზრდაც არის დაგეგმილი. თუ 2020 წლის ბიუჯეტის საბოლოო გეგმის მიხედვით, შრომის ანაზღაურების თანხა განკუთვნილი იყო 2,585 პირისთვის, 2021 წელს ანაზღაურებას 2,622 დასაქმებული აიღებს (იგულისხმება შტატში დასაქმებული).
პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან გამომდინარე, მოსახლეობის განსაკუთრებულ ყურადღებას ბიუჯეტის ის ხარჯები იქცევს, რომელიც ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე უნდა მიიმართოს. ბათუმის 2021 წლის ბიუჯეტში, ამ მიმართულებით, 15,909,900 ლარია გათვალისწინებული. ეს კი მნიშვნელოვნად ნაკლებია, ვიდრე 2019 წელს იყო და ოდნავ მეტი, ვიდრე მერიამ 2020 წლის ბიუჯეტის პირველ ვარიანტში გაითვალისწინა.
ცხრილი 3. ბათუმის 2021 წლის ბიუჯეტით ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით დაგეგმილი ხარჯები
წყარო: ბათუმის საკრებულოს დადგენილება ბათუმის 2021 წლის ბიუჯეტის შესახებ
ცხრილი 2-დან ჩანს, რომ ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით, 2019 წელთან შედარებით, 2020 წლის ბიუჯეტში თავიდანვე შემცირებული ხარჯი დაიგეგმა და ცვლილებების შემდეგ, კიდევ უფრო შემცირდა. 2021 წლის გეგმა 2019 წლის ფაქტთან შედარებით, 466 900 ლარით ნაკლებია. თუმცა 2020 წლის ბიუჯეტის როგორც პირვანდელ, ისე საბოლოო მაჩვენებლებთან შედარებით, იზრდება. შესაბამისად, 584 000 ლარითა და 1 414 900 ლარით.