იტვირთება

აჭარის რეგიონის მუნიციპალიტეტებში წყლისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა, სავარაუდოდ, 2021 წლის შემოდგომაზე დაიწყება. ტენდერი 2020 წლის დეკემბერში გამოცხადდა. პროექტი გერმანიისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. საუბარია ორ პროექტზე, რომლებიც ხუთ ლოტადაა დაყოფილი.

პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია წყალმომარაგების მილსადენებისა და წყალარინების ქსელის რეკონსტრუქცია, დაერთებები, წყლის მრიცხველების მონტაჟი, დაახლოებით თხუთმეტი რეზერვუარის, ათი სათავე და ხუთი წყლის გამწმენდი ნაგებობის, სამი სატუმბი სადგურის აშენება და რეაბილიტაცია. ასევე აშენდება ათასამდე სანიტარული ობიექტი და თითო საწყობი აჭარის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში (ბათუმის გარდა).

პროექტის შესახებ „ფაქტ-მეტრი“ სს „აჭარის წყლის ალიანსის“ დირექტორს, თემურ ბედინაძეს ესაუბრა.

-გვითხარით, რა პროცედურებია ახლა გასავლელი, რა მოცულობის თანხა უნდა აითვისოთ და ქართული მხარე რამდენს დახარჯავს?

-პროექტირების პროცესი დასრულებულია. რაღაც დეტალებია დარჩენილი, მაგრამ პრეკვალიფიკაციის მიმდინარეობის პროცესში დასრულდება. ერთი ტენდერი გულისხმობს დაბების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციას, ხოლო მეორე - სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების.

პირველ ტენდერი ორ ლოტადაა განაწილებული, ხოლო მეორე სამ ლოტად. ორივე ტენდერის ჯამური ღირებულება 38 მლნ ევროს ფარგლებშია. ეს თანხა 2021-2024 წლებში უნდა გაიხარჯოს. ამ ეტაპზე საქართველო მხოლოდ დამატებითი ღირებულების გადასახადსა და სხვა არსებულ გადასახდელებს დაფარავს. მთლიანობაში ეს 9 მლნ ევროა. 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით, დაახლოებით 5 მლნ ლარამდეა გათვალისწინებული.

-რომელ დაბებსა და სოფლებს მოიცავს პროექტი, მუნიციპალიტეტების მიხედვით, ხარჯი როგორ გადანაწილდება და რამდენი აბონენტი ჩაერთვება ქსელში?

- ესაა დაბები: ხულო, ქედა და შუახევი. ქობულეთში არის ოჩხამური, ჯიხანჯური და ცეცხლაურის დაბის ტიპის დასახლებები, რომლებიც დიდ არეალზეა გაფანტული. ხელვაჩაურში - ზედა ჯოჭო, ქვედა ჯოჭო, ზედა ერგე და ქვედა ერგე. მეორე ლოტი მოიცავს სოფლებს, 41 სოფელია. ხულოს მუნიციპალიტეტში ქსელში ჩაერთვება 1 571 ოჯახი, დაიხარჯება 11 978 099 ევრო; შუახევის მუნიციპალიტეტში - 1 328 ოჯახი, ღირებულება - 7 580 635 ევრო; ქედის მუნიციპალიტეტში - 852 ოჯახი, ღირებულება - 5 664 809 ევრო; ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში - 1 123 ოჯახი და დაიხარჯება 6 531 902 ევრო; ქობულეთის მუნიციპალიტეტში ქსელში ჩაერთვება 955 ოჯახი, ხოლო ინვესტიციის ღირებულება 6 531 902 ევროს შეადგენს.

-ვიცით, რომ აჭარა მეწყერსაშიში ზონაა და მაღალია ეკოლოგიური კატასტროფების რისკი. ხომ არ გამოიწვევს სამუშაოები მათ გააქტიურებას?

-ყველა დეტალი გათვალისწინებულია, მეწყერსაშიში ზონებიც, ეკოლოგიური საფრთხეები, ფლორისა და ფაუნის თავისებურება... ყველა მიმართულების ექსპერტები მუშაობდნენ პროექტზე და მთელი ტერიტორია შეისწავლეს. ერთ-ერთ სოფელში, სადაც რეაბილიტაცია დაგეგმილი გვქონდა, ექსპერტმა გვირჩია, რომ ამ ეტაპზე თავი შევიკავოთ. საჭიროა დამატებითი კვლევები. ამიტომ ეს სოფელი პროექტში ვერ ჩავსვით, იმის მიუხედავად, რომ იქ წყალმომარაგების მწვავე დეფიციტია. ექსპერტმა გვითხრა, რომ მის მიერ შესწავლილ სოფლებს შორის, ეს ყველაზე მაღალი რისკის ზონაა. სოფლის სახელს, შეთანხმების გარეშე, ვერ გავასაჯაროებ. მუნიციპალიტეტს ამის შესახებ რეკომენდაციები მივაწოდეთ. ახლა ვმუშაობთ, რა შეიძლება გაკეთდეს ამ სოფელში. დამატებით კვლევებს ვაწარმოებთ.

-აჭარის დაბებსა და ზოგიერთ სოფელში, რომლებიც ახალი პროექტის ფარგლებში მოექცა, წყლის სისტემების რეაბილიტაციაზე ათეულობით მილიონი ლარი დაიხარჯა. ადრე გკითხეთ, რა ბედი ეწევა ამ სისტემებს-მეთქი და თქვენ მაშინ მიპასუხეთ, რომ ეცდებოდით, სადაც ამის შესაძლებლობა იქნებოდა, ეს რეაბილიტირებული ქსელები ახალ პროექტში მოგექციათ. რა შეგიძლიათ დღეს თქვათ, იძლევა არსებული სისტემები გამოყენების საშუალებას?

-დაბებში რაღაც დონის სისტემები არსებობს, მაგრამ აბსოლუტურად არადამაკმაყოფილებელია. ძველი, პრაქტიკულად, არაფერი არ რჩება. ძალიან მცირე, ფაქტობრივად, არაარსებითი ნაწილია, რომლის შენარჩუნებაც რაღაც ფორმით მოხერხდება. ხულოში, შუახევსა და ქედაში მთლიანად იცვლება როგორც შიგა, ისე მაგისტრალური სისტემები. ხულოში მხოლოდ ერთ მაგისტრალს შევინარჩუნებთ. ახალი გაკეთებულია და შედარებით კარგ მდგომარეობაშია. გამძლეობაზე ჰიდრავლიკური ტესტირება ჩაუტარდება და თუ სადმე გამაგრება დასჭირდება, იმას გავაკეთებთ. შუახევში საერთოდ ახალი სათავე კეთდება, ახალი წყაროდან შემოვიყვანთ მაგისტრალს. ძველი რაც არის, არაფერი არ რჩება. ოჩხამურ-ჯიხანჯურ-ცეცხლაურში ერთი რეზერვუარი შენარჩუნდება და დანარჩენი გამოიცვლება. რაც შეეხება სოფლებს, აქცენტი გავაკეთეთ იმ სოფლებზე, რომლებსაც წყლით მომარაგების მწვავე პრობლემა აქვთ. საერთოდ, არც ერთ სოფელში ცენტრალიზებული სისტემა არ არსებობს. ახალი გაკეთებულია, თუ - ძველი, მნიშვნელობა არ აქვს, ყველგან არის კუსტარულად გაკეთებული. ჩვენი კონცეფცია სხვა სტანდარტებს ითვალისწინებს. სოფლებში: ვაიო, ქვედა ვაშლოვანი, გურძაული, სხეფი, გომარდული - საერთოდ არ იყო წყალი, არც წყარო ჰქონდათ და არც წყალმომარაგება. ამიტომ ასეთი სოფლები პირველ რიგში უნდა ჩაგვესვა. არის სოფლები, სადაც წყლის რესურსი არსებობს, მაგრამ არასათანადოდაა გაკეთებული და მოძველებულია. მოკლედ, ისე შევარჩიეთ სოფლები, რომ იქ ახალგაყვანილი ქსელი არ არის და მუნიციპალიტეტების მიერ დიდი ფული არ დახარჯულა.

-ერთ-ერთ ინტერვიუში თქვენ ახსენეთ, რომ სადაც არის წყალმომარაგების სისტემები, იქაც კი წყლის ხარისხი არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს. ანუ სასმელად გამოუსადეგარია?

-იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ საკანალიზაციო სისტემა ფიზიკურად არ არსებობს. ამის საჭიროება რომ არის, ეს ისედაც ვიცით. წყლის რესურსი კი რამდენიმე სოფელში საკმაო რაოდენობით არსებობს, მაგრამ სათანადო წყალმომარაგების სისტემები მათ არ გააჩნიათ. მეორე მხარეა, რომ რაციონალურად არ იყენებენ. სოფელს არ დავასახელებ, მაგრამ უზომო რაოდენობით წყალი აქვს, 160-მილიმეტრიანი მილით მოედინება და 80 კომლიდან, ორმოც კომლს მიეწოდება, მეორე ნახევარს - არა. ითხოვენ, დამატებით გამოიყვანეთო. მათ წარმოუდგენიათ, რომ წყალმა ონკანებში, ეზოებში 24-საათიან რეჟიმში უნდა იდინოს. ეს აბსურდია. ესაა არასათანადო მოპყრობა. ასეთი ვერც რეზერვუარი და ვერც საკანალიზაციო სისტემა ვერ მოეწყობა. რაც შეეხება ხარისხს, ყველა წყარო ლაბორატორიულად შევისწავლეთ, ბაქტერიოლოგიურად, მინერალოროგიულად... ყველა წყაროს სჭირდება დამუშავება.

-თქვენი პროექტი ადგილობრივ დონეზე წყალმომარაგების კომპანიების გამართვასაც გულისხმობს. ყველა მუნიციპალიტეტში არსებობს ორგანიზაცია, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს, აქვს ტექნიკური რესურსი და ჰყავს თანამშრომლები. შენარჩუნდება ეს რესურსი და არსებული თანამშრომლები დატრენინგდებიან, ან ხელფასს ვინ გადაუხდის, ვის ბალანსზე იქნება ეს კომპანიები?

-რადგან ყველაფერი მაღალი ხარისხით, ევროპული სტანდარტებით კეთდება და ეს საკმაოდ ძვირადღირებული პროცესია, მნიშვნელოვანია, რომ აშენებული ქსელის მოვლა-პატრონობა და ექსპლუატაცია მოხდეს შესაბამისად. ამას კვალიფიციური სპეციალისტები დასჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამხელა თანხა წყალში გადაყრილი იქნება. მიდგომა კომპლექსურია. სტრუქტურულად, ეს განხორციელდება ასე: ყველა დაბაში, სადაც ცენტრალიზებული წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები გვექნება, იქნება წყალმომარაგების კომპანია, რომელიც „აჭარის წყლის ალიანსის“ დაქვემდებარებაში მოექცევა. მათი აღჭურვა მოხდება სპეციალური ტექნიკით, მანქანა-დანადგარებით, მოწყობილობებით, მასალებით. ასევე გათვალისწინებულია სპეციალისტების გადამზადება, ტრენინგები... დეტალური ინსტრუქცია იქნება და თანამშრომლებს ეცოდინებათ, რა ვითარებაში როგორ უნდა იმოქმედონ.

მთავარი ქოლგა იქნება სს „აჭარის წყლის ალიანსი“, რომელშიც განთავსდება მართვის ცენტრი. ყველა საკვანძო ინფორმაცია აქ მოიყრის თავს: მონაცემთა ბაზა, ცენტრალური ლაბორატორია, იურიდიული სამსახური, სემეკთან [საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია] ურთიერთობის სამსახური. მეორე დონე იქნება მუნიციპალური წყალმომარაგების კომპანიები, რომლებიც ადგილზე განახორციელებენ წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის მიმდინარე მოვლა-პატრონობას. რაც შეეხება სოფლებს, მოსახლეობა შეარჩევს სამუშაო ჯგუფს, რომელიც ადგილზე მოემსახურება სისტემას. მათ ექნებათ ხელფასი, იქნებიან აღჭურვილი და გადამზადებული. მათ გარკვეულ დონემდე შეეძლებათ მომსახურება, უფრო სერიოზული ჩარევის აუცილებლობისას, ჩაერთვება მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების კომპანია, ან - „აჭარის წყლის ალიანსის“ მთავარი ოფისი. ხელფასები საიდან გაიცემა, ეს ამ ეტაპზე არ ვიცით. ეს უფრო პოლიტიკური ნაწილია და ჩემი გადასაწყვეტი არ არის.

-რომ დავაზუსტოთ, უკვე არსებული ორგანიზაციები ამ პროექტში მოექცევა, თუ გაუქმდება, ან პარალელურად იფუნქციონირებს?

-არანაირი პარალელური ორგანიზაციები არ იქნება. ერთ მუნიციპალიტეტში ერთი წყალმომარაგების კომპანია იქნება. თუ არსებული თანამშრომლებს ექნებათ საბაზისო უნარები, რომ შემდგომში გადამზადდნენ, შენარჩუნდებიან. ვინც ვერ დააკმაყოფილებს, წავა. ჩვენ არ გვაქვს ისეთი მიდგომა, რომ ძველი არ ვარგა და ახალი უკეთესია.

-დაახლოებით, რამდენი თანამშრომელი იქნება საჭირო ერთ კომპანიაში და რით განისაზღვრება მათი რაოდენობა?

-ჯერ არც ეს ვიცით. ერთი ტენდერი ჩავატარეთ, რომლის ფარგლებშიც შეძენილია სპეცტექნიკა და აღჭურვილობები. სავარაუდოდ, გაზაფხულზე მოგვეწოდება. ახლა უკვე ვიცით, რა გვაქვს. თითოეულ მუნიციპალიტეტზე გაანგარიშებულია თითო სპეცმანქანა, თითო ექსკავატორი, ორი შლამმწოვი, ავტოთვითმცლელი და სხვა. ამ ტექნიკას სჭირდება მომსახურე პერსონალი, სპეციალისტების ჯგუფი. ნებისმიერი ვერ მოიხმარს. წყალარინებასა და წყალმომარაგებაზე სხვადასხვა ჯგუფი იმუშავებს. რამდენ კაციანი იქნება ეს ჯგუფები, დამოკიდებულია უკვე დაბის, სოფლის რელიეფურობაზე, მის სირთულეზე და სხვა. ყველა მუნიციპალიტეტში დასაქმდებიან ადგილობრივები. დაგეგმილია, რომ დაბა შუახევში იქნება მთავარი ბაზა ქედის, ხულოსა და შუახევისთვის, სადაც ისეთი ტექნიკა განთავსდება, რომლის გამოყენებაც ყოველდღიურ აუცილებლობას არ წარმოადგენს. მთავარი ლაბორატორია იქნება „აჭარის წყლის ალიანსში“, მუნიციპალიტეტებს ექნებათ პორტატული ლაბორატორიები.

-პროექტის საგარანტიო ვადა რა პერიოდს მოიცავს და თუ არის გათვალისწინებული ის რთული რელიეფი, ასევე, საგზაო ინფრასტრუქტურის არარსებობა სოფლებში, სადაც ქსელები უნდა მოაწყოთ? ხომ არ შეამცირებს ეს ფაქტორები საგარანტიო ვადის ხანგრძლივობას?

-სათანადო მოვლა-პატრონობისა და ექსპლუატაციის შემთხვევაში, ამ ქსელმა უნდა იმუშაოს 50 წლის განმავლობაში, ყოველგვარი ხარვეზის გარეშე. თქვენ მიერ აღნიშნული ფაქტორები, რა თქმა უნდა, იმოქმედებს. თუმცა კონკრეტულად რაიმე პროგნოზის გაკეთება გამიჭირდება. თან უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე სოფელში გზის საფარი უკვე მოეწყო და პროცესი გრძელდება.

-და ბოლოს, როდის დაიწყება და დასრულდება ეს პროექტი და ხომ არ იგეგმება პარალელურად დონორებისთვის ახალი პროექტის წარდგენა აჭარის სხვა სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოსაწესრიგებლად?

-ახლა საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურებია გასავლელი და სავარაუდოდ, სექტემბერში დაიწყება და 2024 წელს დასრულდება. ძირითადი სამუშაოების დასრულება დაგეგმილია 2023 წელს, მაგრამ მომდევნო წელი იქნება სატესტო რეჟიმი და თუ სადმე დეფექტი აღმოჩნდა, გამოვასწორებთ. პარალელურად, 2022 წელს მეორე ფაზის განაცხადს გავაკეთებთ. როცა ამ პროექტზე მუშაობა დავიწყეთ, ამდენი გამოცდილება არ გვქონდა და ახლა ვიცით, სად, როგორ, რა მიდგომით ვიმუშაოთ. თან ამ ლოკაციების პარალელურად, სადაც პროექტი ხორციელდება, ჩვენ სხვა სოფლებიც შესწავლილი გვაქვს და სათანადო ინფორმაცია მოვაგროვეთ. უკვე ზუსტად ვიცით, მომდევნო ეტაპზე რომელი სოფლები უნდა მოვიცვათ.

შენიშვნა: იმ დაბებისა და სოფლების შესახებ, სადაც სს „აჭარის წყლის ალიანსი“ აღნიშნულ პროექტს ახორციელებს, დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

აჭარის დაბებსა და სოფლებში წყლისა და წყალარინების პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ მიერ მომზადებულ სტატიაში.


მსგავსი სიახლეები

3539 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
20%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
9%
ყალბი ამბავი
7%

ყველაზე კითხვადი