აჭარის ა/რ მუნიციპალიტეტებში, მოსახლეობის წყლით უზრუნველყოფის მიზნით, ბოლო რამდენიმე წელია, არაერთი პროექტი განხორციელდა. სოფლებსა თუ დაბებში წყლის სისტემების, კანალიზაციისა და სანიაღვრე არხების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გახარჯული მილიონობით ლარის მიუხედავად, ამ დასახლებებში პრობლემები კვლავ მოუგვარებელია. ფაქტ-მეტრმა ამის შესახებ რამდენიმე კვლევა გამოაქვეყნა (ლინკი 1; ლინკი 2; ლინკი 3; ლინკი 4)

მოსახლეობა, პრობლემის მოგვარების მოთხოვნით, აქციებს ხშირად მართავს. თითქმის ყოველთვის, როცა ჩვენ ამ თემებზე ხელისუფლების წარმომადგენლებს კითხვებს ვუსვამთ, გვპასუხობენ, რომ რეგიონში მსხვილი პროექტი იწყება, რომელიც წყლისა და წყალარინების სისტემების მოწყობას ითვალისწინებს. ხელისუფლება ჯერ კიდევ 2016 წლიდან აცხადებს, რომ აღნიშნული პროექტი „აჭარის დაბებსა და მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში წყლის მიწოდების პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრის“. თუმცა, პარალელურად, ადგილობრივი თვითმმართველობები ამ მიმართულებით ტენდერებს კვლავ აცხადებენ, თანხას ხარჯავენ, მაგრამ ხშირად სამუშაოები ხარვეზებით სრულდება და მოსახლეობას წყალი შეფერხებით მიეწოდება.

2017 წელს, აჭარის რეგიონის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოწყობა-რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, სს „აჭარის წყლის ალიანსი“ შეიქმნა, რომელშიც წილებს ბათუმის, ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურის, ქობულეთის მუნიციპალიტეტები და აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ფლობენ.

გრაფიკი 1. სს „აჭარის წყლის ალიანსის“ წილობრივი გადანაწილება მფლობელებს შორის

წყარო: სს „აჭარის წყლის ალიანსი“

2018 წელს „აჭარის წყლის ალიანსმა“ საერთაშორისო ღია ტენდერი გამოაცხადა, რომელიც პროექტის საკონსულტაციო მომსახურებებისთვის დეტალური დიზაინის (პროექტირება და ხარჯთაღრიცხვა), სატენდერო პროცედურების წარმართვის, სამუშაოთა ზედამხედველობისა და თანმხლები ღონისძიებების შესყიდვას ითვალისწინებდა.

2019 წლის სექტემბერში ორი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია შეირჩა - MACS-ი და Fichtner-ი. აქედან ერთი კომპანია მუნიციპალიტეტებისთვის საინჟინრო-საპროექტო დოკუმენტაციასა და მის შემდგომში განხორციელებას უზრუნველყოფს. მეორე კომპანია კი მუნიციპალიტეტების ტექნიკურ დახმარებასა და ინსტიტუციურ მხარდაჭერას განახორციელებს.

პროექტის ბიუჯეტი 59,5 მლნ ევროა. აქედან 7 მლნ ევრო ევროკავშირის მიერ გამოყოფილი გრანტია, ხოლო 43 მლნ ევრო გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკმა (KFW) გამოყო, საიდანაც 40 მლნ ევრო სესხია, ხოლო 3 მლნ ევრო - გრანტი. დანარჩენ 9,5 მლნ ევროს აჭარის ა/რ რესპუბლიკის მთავრობა გადაიხდის.

პროექტის ბიუჯეტი უკვე გადანაწილებულია მუნიციპალიტეტების მიხედვით. როგორც „აჭარის წყლის ალიანსის“ მიერ მომზადებულ პრეზენტაციაშია მითითებული (დანართი 1), ყველაზე მეტი, 10 341 900 ევროს დახარჯვა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის წყლისა და წყალარინების სისტემების მოწყობა-რეაბილიტაციაზე იგეგმება.

ცხრილი 1. პროექტის ბიუჯეტის გადანაწილება მუნიციპალიტეტების მიხედვით

წყარო: სს „აჭარის წყლის ალიანსი“

ამ ეტაპზე საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს, ან დასრულებულია დაბა ხულოში, დაბა შუახევში, დაბა ქედასა და 40-მდე სოფელში.

ვინაიდან ფაქტ-მეტრმა აჭარის ა/რ მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის წყლით მომარაგების პრობლემებსა და ამ მიზნით განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებზე არაერთხელ იმუშავა, ჩვენ დავინტერესდით, რა ბედი ეწევა იმ სისტემებსა და ქსელებს, რომლებიც უკვე გაკეთდა და ბიუჯეტის ფული გადახდილია. მაგალითად: დაბა ხულოში მოეწყო მაგისტრალი, სოფელ მუხაესტატეში არაერთხელ გაკეთდა ჭაბურღილები და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროექტები ჩაბარებულია, მოსახლეობას წყლის მიწოდების პრობლემა არ მოუგვარდა. „აჭარის წყლის ალიანსის“ დირექტორმა თეიმურაზ ბედინაძემ ჩვენთან საუბრისას განმარტა, რომ უკვე განხორციელებული პროექტებისთვის დამატებითი თანხის გადახდა ბიუჯეტს მოუწევს, თუმცა, მისი თქმით, ხარჯი დიდი არ იქნება.

„ამ ეტაპზე კვლევა-ძიების პროცესში ვართ, თუ როგორ ჩავსვათ უკვე განხორციელებული პროექტები ჩვენს პროექტში, რომ გახარჯული თანხა ჰაერში არ დარჩეს. ამიტომ ვცდილობთ, შევინარჩუნოთ, რაც არის და ახალს მოვარგოთ. როგორი ხარისხითაა შესრულებული, ამას სჭირდება კვლევა. ზეპირად ამას ვერ ვიტყვით. დაბა ხულოში ერთი ხაზი გამოყვანილია ნეგოიანიდან, ამ ხაზს შევინარჩუნებთ. როგორც ვიცი, მცირედი რეაბილიტაცია, ჰიდრავლიკური მოდელირება დასჭირდება. რაც შეეხება სათავე ნაგებობას, იმის ხელახლა მოწყობა საჭიროა და პროექტში გათვალისწინებული გვაქვს. ორმაგი ხარჯი არ არის, მაგრამ დამატებითი ხარჯი იქნება. ის სტანდარტი, რომლითაც გაკეთდა ადრე, აბსოლუტურად განსხვავებულია ჩვენი სტანდარტებისგან და ამიტომ ჩვენ გვჭირდება იმ ძველის ადაპტირება ახალთან. იქ თავის დროზე რაღაცები არ იყო გათვალისწინებული და ვცდილობთ, ევროკავშირის სტანდარტების გათვალისწინებით მოვახდინოთ მისი რეაბილიტაცია. შესწავლილი გვაქვს უკვე და დანამდვილებით ვიცით, რომ ის ქსელი, ხარვეზების გამოსწორებით, შენარჩუნდება. რაც არ დაეწუნება, იმას დავტოვებთ.

რაც შეეხება ჭაბურღილებს, მათ მოწყობას მაქსიმალურად თავს ვარიდებთ. თუმცა სოფელ მუხაესტატეში იმდენად შორს არის ზედაპირული წყალი, რომ მისი მოყვანა გაცილებით ძვირი დაჯდება და ამიტომ გადაწყდა ჭაბურღილის მოწყობა. ასევე ოჩხამურში, ცეცხლაურში, ჯიხანჯურშიც ჭაბურღილებს გავაკეთებთ“, - განაცხადა თეიმურაზ ბედინაძემ.

ფაქტ-მეტრი ასევე დაინტერესდა, როგორი ფორმით უნდა განხორციელდეს პროექტის მართვა მუნიციპალიტეტებში, ან რა ბედი ეწევა იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ადგილებზე წყლისა და საკანალიზაციო სისტემებზე არიან პასუხისმგებლები და თვითმმართველობების ბიუჯეტებიდან ფინასდებიან.

„ალიანსის“ დირექტორის განცხადებით, აღნიშნული ორგანიზაციები პროექტის ფარგლებში მოექცევა: „სავარაუდოდ, ამ ორგანიზაციებს მოვაქცევთ პროექტის ფარგლებში. რომლის ინტეგრაციაც ვერ მოხერხდება, ისინი ლიკვიდირებული იქნება. თუ არსებულის გამოყენებას შევძლებთ, ახლის დაფუძნებას არ ვაპირებთ. ყველა არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი გადაკეთდება შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოდ. ეს ორგანიზაციები „აჭარის წყლის ალიანსიდან“ დაფინსნდება, რომელიც, თავის მხრივ, აჭარის ა/რ რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ფინანსდება. მუნიციპალიტეტებიდან დაფინანსების შემთხვევაში, მართვა უფრო რთული იქნება.

ამ პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია საშტატო ერთეულები მცირე რაოდენობით და მათი გადამზადება და აღჭურვა ყველა საჭირო ტექნიკური საშუალებით. მხოლოდ აღჭურვილობისთვის 2 მლნ 100 ათასი ევროა განკუთვნილი.“

როგორც ცნობილია, პროექტი 2023 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს და დაახლოებით 50 სოფელი მოიცვას. დაგეგმილია, რომ პროექტის დასრულების შემდეგ, ქსელში დაახლოებით 200 000 აბონენტი ჩაერთვება.

თეგები: