ირაკლი კობახიძე - კანონპროექტი მიმართულია არა ბოიკოტის, არამედ საბოტაჟის წინააღმდეგ და ეს კანონპროექტები სამართლებრივად აბსოლუტურად გამართულია
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის ტყუილი
რეზიუმე: კანონპროექტის შინაარსი, ასევე, მისი მიღების დრო და პოლიტიკური გარემო, პირდაპირ მიუთითებს, რომ კანონპროექტი ბოიკოტის მომხრე პარტიების „დასჯის“ მიზანს ემსახურება. პარლამენტის მომხრე პარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების და უფასო საეთერო დროის შეწყვეტით „ქართული ოცნება“ მიზნად ისახავს, ერთის მხრივ, ბოიკოტის მომხრე პარტიებზე ზეწოლას და მათთვის საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვის იძულებას, მეორეს მხრივ კი, პარლამენტის ბოიკოტის, როგორც დემოკრატიული მექანიზმის, ფაქტობრივ აკრძალვას. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, საქართველოს ბიუჯეტიდან პარტიების დაფინანსებისთვის გამოყოფილი თანხა პარტიების ფინანსური მხარდაჭერისა და პარტიული სისტემის განვითარების მიზანს ემსახურება. შესაბამისად, ბოიკოტის გამო პარტიისთვის საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტა, ხსენებული კანონის მიზანს ეწინააღმდეგება. ირაკლი კობახიძის წიგნის მიხედვით, „პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრების განაწილების უმთავრეს საფუძველს წარმოადგენს პარტიების მიმართ გამოხატული საზოგადოებრივი მხარდაჭერის ხარისხი და არა მათი წარმომადგენლობა საკანონმდებლო ორგანოში“. ამასთან, მოქმედი (ნინო ლომჯარია) და ყოფილი (სოზარ სუბარი) სახალხო დამცველის შეფასებით, ბოიკოტის გამო, პარტიისთვის საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტა, არაკონსტიტუციურია.
ანალიზი:
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პროცესში გამოვლენილმა დარღვევებმა საზოგადოების ნაწილში კენჭისყრის შედეგების მიმართ უნდობლობა გააჩინა. არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურმა პარტიებმა 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგები არალეგიტიმურად მიიჩნიეს, საპროტესტო აქციები მოაწყვეს და ხელისუფლებისგან ხელახალი არჩევნების ჩატარება მოითხოვეს. მმართველმა გუნდმა ამ მოთხოვნების შესრულებაზე უარი განაცხადა. 2020 წლის 3 ნოემბერს ოპოზიციამ პარლამენტის მანდატებზე უარის თქმის შესახებ შეთანხმება გააფორმა. შექმნილი მძიმე ვითარებიდან გამომდინარე, აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში, კელი დეგნანისა და კარლ ჰარცელის მონაწილეობით, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის, მოლაპარაკების რამდენიმე რაუნდი გაიმართა, თუმცა მხარეებს შეთანხმებისთვის ამ დრომდე არ მიუღწევიათ. ოპოზიცია მმართველი გუნდისგან ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაყენებას, პოლიტპატიმართა გათავისუფლებასა და ხელახალი/რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვს და მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. იმ ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ, რომელთაც საპარლამენტო მანდატი მოიპოვეს, საქართველოს პარლამენტს პარტიული სიების ანულირების და პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოთხოვნით, უკვე მიმართეს.
ოპოზიციური პარტიების ბოიკოტის საპასუხოდ, „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში კანონმდებლობის ცვლილებაზე დაიწყო მუშაობა, რომელიც ბოიკოტის მომხრე ოპოზიციური პარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტას გულისხმობს. 2020 წლის 16 დეკემბერს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ხუთმა დეპუტატმა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს კანონში, საქართველოს საარჩევნო კოდექსში და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებების პაკეტი დაარეგისტრირა. საყურადღებოა, რომ ცვლილებათა ინიციატორებმა კანონპროექტების განხილვა დაჩქარებული წესით მოითხოვეს, რაც პარლამენტმა დააკმაყოფილა. 17 დეკემბერს „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავის 2“-ის ეთერში ცვლილებათა პაკეტზე საუბრისას აღნიშნა, რომ ცვლილებები სამართლებრივად გამართულია და იგი მიმართულია არა ბოიკოტის, არამედ საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგ - „ბოიკოტი არის სხვა რამე, ამ შემთხვევაში, საპარლამენტო საბოტაჟთან გვაქვს ჩვენ საქმე, ეს არის ახალი მოვლენა, რასაც სჭირდება სამართლებრივი რეაგირება“. 2020 წლის 23 დეკემბერს პარლამენტმა ცვლილებათა პაკეტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. [1]
რას გულისხმობს ცვლილებათა პაკეტი?
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას მიიღებს, მხოლოდ ის პარტია, რომელიც მისთვის განკუთვნილ პარლამენტის წევრის მანდატს ან მანდატების ნახევარს მაინც აითვისებს. ეს დანაწესები საარჩევნო ბლოკებში შემავალ პარტიებზეც ვრცელდება. საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტია, მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს კუთვნილ საბიუჯეტო დაფინანსებას, თუ იგი ბლოკის მიერ მოპოვებულ მანდატებში, მისთვის განკუთვნილ მანდატების ნახევარს მაინც აითვისებს.
ასევე, ცვლილებების მიხედვით, პარტია მომდევნო 6 თვის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარი მაინც საქართველოს პარლამენტის წინა მორიგი სესიის განმავლობაში, არასაპატიო მიზეზით პლენარული სხდომების ნახევარზე მეტს არ დაესწრება.
ამასთან, კანონპროექტის მიხედვით, პარტიის მიერ საბიუჯეტო დაფინანსების მიღებაზე თანხმობა საჭირო აღარ იქნება. კანონის მოქმედი რედაქციით პარტია საბიუჯეტო დაფინანსებას, მხოლოდ წინასწარი, წერილობითი თანხმობის საფუძველზე მიიღებს. პარტიამ დაფინანსების მისაღებად, ყოველი წლის 25 ნოემბრამდე, წერილობითი თანხმობა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს. თუ პარტია, არც მოცემულ ვადაში და არც ცესკოს მიერ განსაზღვრულ დამატებით ვადაში არ წარადგენს თანხმობას დაფინანსების მიღებაზე, იგი კარგავს მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსების მიღების უფლებას. კანონპროექტის მიხედვით, აღნიშნული მოწესრიგება იცვლება, კერძოდ, საბიუჯეტო დაფინანსებას პარტია ავტომატურად მიიღებს, თუ იგი ყოველი წლის 25 ნოემბრამდე, საბიუჯეტო დაფინანსების მიღებაზე უარის თქმის მიზნით, ცესკოს წერილობით არ მიმართავს.
საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები
საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მიხედვით, პარტია, რომელიც მისთვის განკუთვნილი მანდატების ნახევარს მაინც არ აითვისებს, უფასო საეთერო დროით ვერ ისარგებლებს. ასევე, პარტია უფასო საეთერო დროს ვერ მიიღებს, თუ მან „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში საბიუჯეტო დაფინანსება დაკარგა.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებები.
პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების მიხედვით, პარლამენტის წევრს, რომელიც მორიგი სესიის კალენდარული თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით ყველა პლენარულ სხდომას გააცდენს, ხელფასი სრულად დაუკავდება. პარლამენტის წევრს ხელფასი სრულად დაუკავდება საპარლამენტო არდადეგების პერიოდში, თუ მას არდადეგებამდე მორიგი სესიის ბოლო კალენდარულ თვეში ამ პუნქტით დადგენილი წესით სრულად დაუკავდა ხელფასი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ იგი შესაბამისი რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომას დაესწრება.
პარტიების საბიუჯეტო დაფინანსების მნიშვნელობა და საჭიროება.
პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ მოცემული ცვლილებები პარტიების საბიუჯეტო დაფინანსებას საპარლამენტო დაფინანსებასთან აიგივებს, რაც არასწორია. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს კანონში აღნიშნულია, რომ „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად გამოიყოფა თანხა პარტიების საქმიანობის ფინანსური მხარდაჭერისა და პარტიული სისტემის განვითარებისთვის“. აღნიშნული ჩანაწერი მოწმობს, რომ საბიუჯეტო დაფინანსება პარტიის მიერ პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადებასთან დაკავშირებული არაა. კანონპროექტით შემოთავაზებული, დაფინანსების მიღების წინაპირობები, საბიუჯეტო დაფინანსების მიზნებსა და იდეას არ შეესაბამება.
მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური პარტიების საბიუჯეტო დაფინანსება და საპარლამენტო დაფინანსება ერთმანეთისგან გაიმიჯნოს. საბიუჯეტო დაფინანსება პოლიტიკური პარტიების გაძლიერებას და მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლებას ისახავს მიზნად. საქართველოში არსებული ვითარება და წარსული გამოცდილება პოლიტიკური პარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების არსებობას, კიდევ უფრო აუცილებელს ხდის. განვლილი 30 წელი აჩვენებს, რომ ხშირად საბიუჯეტო დაფინანსება ოპოზიციური პარტიებისთვის შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს. საქართველოში არსებული დემოკრატიის დაბალი დონისა და ხელისუფლების უზმოდ დიდი ძალაუფლების ფონზე, კერძო სექტორი ყოველთვის ცდილობს, ხელისუფალი არ გაანაწყენოს და ოპოზიციური პარტიების ფინანსური მხარდაჭერისგან თავს იკავებს ხოლმე. აღნიშნულ მოსაზრებას პარტიების შემოწირულობების ანალიზიც ადასტურებს.
საბიუჯეტო დაფინანსება პარტიებს შესაძლებლობას აძლევ, ხელისუფლებაში მყოფ პარტიას კონკურენცია გაუწიონ, რომელიც შეუზღუდავი რესურსებით სარგებლობს (ადმინისტრაციული რესურსი, კერძო სექტორის შემოწირულობები და ა.შ ). ამასთან, საბიუჯეტო დაფინანსება პარტიებს ეხმარება, დამოუკიდებლობა შეინარჩუნონ, მმართველი ძალის წნეხის ქვეშ არ მოექცნენ და მხოლოდ საკუთარი პრინციპებისა და მხარდამჭერთა მოთხოვნის შესაბამისად იმოქმედონ. აღნიშნულის ნათელ მაგალითს, პარტიის მიერ პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადება წარმოადგენს. ბოიკოტის გამოცხადების დროს, პარტია საკუთარი შეხედულებებისა და მხარდამჭერთა ინტერესის გათვალისწინებით, კონკრეტული მიზეზით (არჩევნების არალეგიტიმურობა, დემოკრატიული პრინციპებიდან გადახვევა და ა.შ.) და მიზნით საკანონმდებლო საქმიანობაში ჩართვაზე ამბობს უარს. ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ იგი მთელი რიგი პრივილეგიებით, მათ შორის, საპარლამენტო დაფინანსებით ვეღარ სარგებლობს. ასეთი მძიმე გადაწყვეტილებების მიღების დროს, პარტიათა საბიუჯეტო დაფინანსების როლი, მნიშვნელოვნად იზრდება, რადგან იგი პარტიის არსებობის და შემდგომი განვითარების ერთადერთ სტაბილურ საყრდენად გვევლინება.
პარტიებისათვის საბიუჯეტო დაფინანსებისა და უფასო საეთერო დროის შეწყვეტის შესაძლებლობით, როგორც „ქართული ოცნება“, ასევე, ნებისმიერი შემდგომი ხელისუფალი შეძლებს, ოპოზიცური პარტიებზე ზეწოლა მოახდინოს და აიძულოს ისინი დემოკრატიისთვის დამახასიათებელ, ისეთი მექანიზმის გამოყენებაზე თქვან უარი, როგორიც პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადებაა. შესაბამისად, კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებების საქართველოს დემოკრატიული პროცესების სამომავლო განვითარებაზე ორმაგად ნეგატიურ გავლენას იქონიებს.
საყურადღებოა ისიც, რომ ზემოხსენებულ მოსაზრებებს, წლების წინ, თავად ირაკლი კობახიძეც იზიარებდა. 2008 წელს მისი ავტორობით გამოცემულ წიგნში - „პოლიტიკურ გაერთიანებათა სამართალი“, ირაკლი კობახიძე წერს, რომ „დაუშვებელია, პოლიტიკურ პარტიას უარი ეთქვას სახელმწიფო დაფინანსებაზე მის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადების მიზეზით. პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრების განაწილების უმთავრეს საფუძველს წარმოადგენს პარტიების მიმართ გამოხატული საზოგადოებრივი მხარდაჭერის ხარისხი და არა მათი წარმომადგენლობა საკანონმდებლო ორგანოში“. [2]
2008 წელს, ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა საარჩევნო სუბიექტმა, „გაერთიანებულმა ოპოზიციამ“ საპარლამენტო არჩევნები გაყალბებულად მიიჩნია და მას ბოიკოტი გამოუცხადა. ბოიკოტის საპასუხოდ, იმდროინდელმა საპარლამენტო უმრავლესობამ (ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ) ბოიკოტის მომხრე პარტიების დასასჯელად და მათთვის საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტის მიზნით, 2008 წლის 15 ივლისს ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ კანონში ცვლილებები შეიტანა. შეტანილი ცვლილებების მიხედვით, „ პარტიას, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხა ეკუთვნის, დაფინანსებას ვერ მიიღებს ან დაფინანსება შეუწყდება, თუ პარტიის პროპორციული სისტემით არჩეულ ყველა წევრს შეუწყდა პარლამენტის წევრის უფლებამოსილება“. [3] მოცემულ საკანონმდებლო ცვლილებას ირაკლი კობახიძე, თავის წიგნში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ კანონში 2008 წლის 15 ივლის შესული ცვლილებები ამოღებული უნდა იქნეს.
აქვე, საინტერესოა, რომ 2008 წელს პარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტას, მაშინდელი სახალხო დამცველი, ამჟამად საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სოზარ სუბარიც აკრიტიკებდა. სახალხო დამცველის 2008 წლის პირველი ნახევრის ანგარიშის მიხედვით, „სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების მიღებით, იმ პარტიების მიმართ გატარებულმა სანქციამ, რომლის პროპორციული სიით არჩეულმა პირებმა უარი თქვეს პარლამენტის წევრის მანდატზე, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 26–ე მუხლის მე–2 პუნქტით და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–11 მუხლით აღიარებული პოლიტიკური პარტიის საქმიანობის თავისუფლების პრინციპს“. [4]
კანონპროექტის შეფასებები და კრიტიკა
„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული ცვლილებებს საქართველოს სახალხო დამცველი, არასამთავრობო სექტორი და საქართველოში მოქმედი ამერიკის ელჩიც გამოეხმაურნენ.
2020 წლის 20 დეკემბერს პარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსებისა და უფასო საეთერო დროის შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით 12-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა. არასამთავრობო სექტორის შეფასებით, „საქართველოში არსებული ფართომასშტაბიან და მრავალმხრივ კრიზისულ სიტუაციაში მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებები ოპოზიციური პარტიებისთვის საქმიანობის შეზღუდვასთან დაკავშირებით და ამ მიზნით კანონპროექტების ინიცირება, განსაკუთრებით შემაშფოთებელია.
23 დეკემბერს „ფორმულა“-სთან ინტერვიუში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა „ქართული ოცნების“ წევრების მიერ ინიცირებული კანონპროექტები შეაფასა. მისი განცხადებით, იგი „არცერთ კანონს არ ეთანხმება, რომელიც აფერხებს ოპოზიციის განვითარებას ან ოპოზიციური პარტიების ხელმისაწვდომობას მედიასთან“. მისივე თქმით, „განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩევლებს და საზოგადოებას სრული ინფორმაცია ჰქონდეთ, რათა პასუხი მოსთხოვონ თავიანთ ლიდერებს და ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ“.
მმართველი გუნდის ინიციატივას სახალხო დამცველიც გამოეხმაურა. 24 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში სახალხო დამცველი უარყოფითად აფასებს პარტიების დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებულ ცვლილებებს. განცხადებაში, აღნიშნულია, რომ ინიცირებული ცვლილებები პოლიტიკური პარტიების თავისუფლებასა და საკუთრების უფლებას ზღუდავს. სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს არ მიიღოს წარმოდგენილი ცვლილებები, რადგან ის არღვევს პოლიტიკური პარტიებისათვის საქართველოს კანონმდებლობით უზრუნველყოფილ უფლებრივ გარანტიებს.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ „კანონპროექტი მიმართულია არა ბოიკოტის, არამედ საბოტაჟის წინააღმდეგ და ეს კანონპროექტები სამართლებრივად აბსოლუტურად გამართულია“, არის ტყუილი. ინიცირებული ცვლილებების შინაარსი, პირდაპირ უთითებს, რომ კანონპროექტით „ქართული ოცნება“ მიზნად ისახავს, ერთის მხრივ, ბოიკოტის მომხრე პარტიებზე ზეწოლას და მათთვის საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვის იძულებას, მეორეს მხრივ კი, პარლამენტის ბოიკოტის, როგორც დემოკრატიული მექანიზმის, ფაქტობრივ აკრძალვას. კანონპროექტის შინაარსი, ასევე, მისი მიღების დრო და პოლიტიკური გარემო, პირდაპირ მიუთითებს, რომ კანონპროექტი ბოიკოტის მომხრე პარტიების „დასჯის“ მიზანს ემსახურება. განცხადებაში ირაკლი კობახიძე უთითებს, რომ ცვლილებები „საპარლამენტო საბოტაჟის“ წინააღმდეგ არის მიმართული, თუმცა „საპარლამენტო საბოტაჟის“ მცნება არ არსებობს და იგი რეალურად პარლამენტის ბოიკოტს გულისხმობს. როგორც სახალხო დამცველის, ასევე, თავად ირაკლი კობახიძის ადრინდელი შეფასებების მიხედვით, პარტიების საბიუჯეტო დაფინანსება, საკანონმდებლო ორგანოში მათ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის. პარლამენტის ბოიკოტის გამო, პარტიისთვის დაფინანსების შეწყვეტა დემოკრატიული პრინციპებთან და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებთან შეუსაბამოა. რაც შეეხება კანონპროექტის სამართლებრივად „წელში გამართულობის“ საკითხს, მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ შემთხვევაში კანონპროექტის ფორმალურ-სამართლებრივი სისწორე ნაკლებმნიშვნელოვანია (მოცემული ცვლილებები თავისი არსით უფრო მეტად პოლიტიკური დოკუმენტია ვიდრე წმინდა სამართლებრივი), მაინც აღსანიშნავია, რომ ბოიკოტის გამო, საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტას, როგორც მოქმედი, ასევე ყოფილი სახალხო დამცველი, არაკონსტიტუციურად მიიჩნევს.
[1] 23 დეკემბერს კენჭისყრის შემდეგ, ირაკლი კობახიძემ კანონპროექტის მიმართ გამოთქმული კრიტიკის საპასუხოდ, საპარლამენტო უმრავლესობას ცვლილებათა პაკეტის ვენეციის კომისიისთვის და/ან ოდირისთვის გაგზავნის ინიციატივით მიმართა.
[2] კობახიძე ი., პოლიტიკურ გაერთიანებათა სამართალი, თბილისი, 2008, 116
[3] შედარებისთვის: ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ კანონში 2008 წლის 15 ივლისში შესული ცვლილება -პარტიას, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხა ეკუთვნის, დაფინანსებას ვერ მიიღებს ან დაფინანსება შეუწყდება, თუ პარტიის პროპორციული სისტემით არჩეულ ყველა წევრს შეუწყდა პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. 2020 წლის 16 დეკემბერს ინიცირებული ცვლილება - საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას მიიღებს, მხოლოდ ის პარტია, რომელიც მისთვის განკუთვნილ პარლამენტის წევრის მანდატს ან მანდატების ნახევარს მაინც აითვისებს.
[4] საქართველოს სახალხო დამცველის საანგარიშო მოხსენება საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, თბილის, 2008 წლის პირველი ნახევარი, 61.