მაია ცქიტიშვილი: EBRD-ის დახმარებით, უკვე შეკვეთილია 185 ავტობუსი, საიდანაც 100-მდე ავტობუსი უკვე ჩამოყვანილი და 7 დასახლებისთვის გადაცემულია
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით მაია ცქიტიშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე
რეზიუმე: საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების პროგრამას (GUTEP) ახორციელებს, რომლის დამფინანსებელი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკია (EBRD). პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტებისთვის 175 ერთეული ევრო-5 სტანდარტის ავტობუსის შესყიდვა და 6 მუნიციპალიტეტში გადანაწილება იგეგმება. ამ ეტაპისთვის 50 ერთეული ავტობუსი და არა 100 ერთეული, როგორც მინისტრი აცხადებს, უკვე ჩამოყვანილია და მუნიციპალიტეტებშია გაგზავნილი. დარჩენილი ავტობუსების შემოყვანა ზამთრის განმავლობაში ეტაპობრივად განხორციელდება.
ანალიზი
საფინანსო-საბიუჯეტო, აგრარულ საკითხთა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მაია ცქიტიშვილმა სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტებზე საუბრისას რეგიონების მუნიციპალური ტრანსპორტით უზრუნველყოფასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა (10:38:58): „EBRD-ის დახმარებით, უკვე შეკვეთილია 185 ავტობუსი, საიდანაც 100-მდე ავტობუსი უკვე ჩამოყვანილია და 7 დასახლებისთვის გადაცემულია“.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების პროგრამის (GUTEP) განსახორციელებლად დაფინანსება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან (EBRD) მიიღო, პროექტი საქართველოს ექვსი მუნიციპალიტეტისთვის - ქუთაისის, გორის, თელავის, ზუგდიდის, რუსთავისა და ფოთისთვის ახალი ავტობუსების შესყიდვას ითვალისწინებს. პროექტის სავარაუდო ღირებულება 19 მილიონი ევროა.
მიმდინარე წლის 27 ივნისს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერში გამარჯვებულ კომპანია Otokar Otomotiv ve Savunma Sanayi A.S.-სთან ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულების ფარგლებში კომპანიამ მუნიციპალიტეტებისთვის 175 ერთეული ავტობუსი უნდა შეიძინოს. გამარჯვებული კომპანია ვალდებულია, ეტაპობრივად, მიმდინარე წლის შემოდგომიდან ზამთრის განმავლობაში, ასჩვიდმეტი 8.5-მეტრიანი და ორმოცდათვრამეტი 10-მეტრიანი ავტობუსის მოწოდება უზრუნველყოს. პროექტის ფარგლებში გორს - 30, ზუგდიდს - 25, რუსთავს - 40, ქუთაისს - 60, ხოლო თელავსა და ფოთს 10-10 ავტობუსი უნდა გადაეცეს.
მიმდინარე წლის 16 დეკემბერს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ ფოთს EURO 5-ის სტანდარტის ავტობუსები გადასცა. ამ ეტაპზე, ფოთს 50 მგზავრზე გათვლილი 5 ახალი ავტობუსი გადაეცა. პროგრამის ფარგლებში დარჩენილი 5 ავტობუსის გადაცემა მომდევნო წლის გაზაფხულამდე ეტაპობრივად განხორციელდება. ახალი ავტობუსები ევრო სტანდარტის შესაბამისია, მათ შორის, თანამედროვე ვენტილაციის სისტემით არის აღჭურვილი და შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის სრულად არის ადაპტირებული.
15 დეკემბერს ქალაქ ზუგდიდს EURO 5-ის სტანდარტის 5 ავტობუსი, ქალაქ თელავს -5 ავტობუსი, ქალაქ ქუთაისს - 10 ავტობუსი და ქალაქ გორს 25 ავტობუსი გადაეცა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ქალაქ თელავს აქამდე მუნიციპალური ტრანსპორტი არ ჰყავდა.
1998 წლის შემდეგ მუნიციპალური ტრანსპორტი არც ქალაქ გორს ჰყოლია. ქალაქისთვის განკუთვნილი 30 ერთეული ავტობუსის ღირებულება მთლიანობაში 3 800 500 ევროა. აქედან ადგილობრივი ხელისუფლების წილი 3 292 633 ევროს შეადგენს, დანარჩენი 507 867 ევრო კი მუნიციპალური განვითარების ფონდიდან დაიხარჯება. სპეციალურად გამართულ საკრებულოს სხდომაზე გორის მერის თხოვნა დააკმაყოფილეს და კონსტანტინე თავზარაშვილს აღნიშნული თანხის სესხად აღების ნებართვა მისცეს. გორის მერიის ინფორმაციით, ერთი ერთეული ახალი ავტობუსის შესყიდვა დაახლოებით 106 000 ევრო ჯდება.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ გასულ წელს დააანონსა, რომ 2020 წლის შემოდგომიდან გორს ახალი მუნიციპალური ტრანსპორტი ეყოლებოდა და მას საჩუქრად სახელმწიფოსგან მიიღებდა. ამის ნაცვლად, სპეციალურად შექმნილი ორგანიზაციის შენახვა და სესხად აღებული თანხების დაფარვა 2030 წლამდე, საკუთარი გადასახადებიდან, თავად გორელებს მოუწევთ (იხილეთ სტატია).
ახალი ავტობუსების მარშრუტებს და სატრანსპორტო დერეფნებს მუნიციპალიტეტები თავად განსაზღვრავენ.
როგორც ვხედავთ, საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტებისთვის ამ ეტაპზე 50 ავტობუსია შემოყვანილი და არა 100 ერთეული, როგორც მაია ცქიტიშვილი აცხადებს. პროგრამის ფარგლებში დარჩენილი ავტობუსების შემოყვანა ზამთრის განმავლობაში ეტაპობრივად განხორციელდება.