ნათია თურნავა: OECD-ს კვლევაში საქართველომ დაიკავა მოწინავე მე-8 პოზიცია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ღია ეკონომიკა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. მშპ-თან ფარდობითი მაჩვენებლით საქართველო გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანაა
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ნათია თურნავას განცხადება არის ფაქტებით მანიპულირება
რეზიუმე: ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) წლიურად FDI Regulatory Restrictiveness ინდექსს (უხეშად ითარგმნება როგორც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რეგულაციური შეზღუდულობის ინდექსი) აქვეყნებს. ინდექსი ქვეყნის შემზღუდავ პოლიტიკას 22 სექტორზე დაყრდნობითა და 4 ძირითადი კრიტერიუმით [1] აფასებს. ინდექსი 0-დან 1-მდე მერყეობს, რაც უფრო ახლოს არის ქულა 0-თან, OECD-ს შეფასებით, მით უფრო თავისუფალია საინვესტიციო გარემო. არსებული მონაცემებით, საქართველო 82 ქვეყანას შორის მართლაც, მერვე ადგილს იკავებს 0.02 ინდექსის პოზიციით, მეშვიდე ადგილს ესტონეთი იკავებს, პირველ და მეორე ადგილს კი ლუქსემბურგი და პორტუგალია ინაწილებენ.
ბოლო წლებში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მონაცემები როგორც ფარდობითი, ასევე აბსოლუტური მოცულობით, შემცირდა. 2019 წლის ინვესტიციების ფარდობითი მაჩვენებელი - 7.4%, 2013 წლის შემდეგ, ყველაზე მცირეა. თუმცა, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2019 წლის პუი-ს ფარდობითი მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში ოცდამეოთხე ადგილს იკავებს, რაც ყველა მეზობელი ქვეყნის მაჩვენებელს აღემატება, ხოლო ევროპაში კვიპროსის, მალტას, უნგრეთის, ესტონეთის, მონტენეგროს, სერბეთისა და ალბანეთის ინდიკატორებს ჩამოუვარდება.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მიერ მიმოხილული რიცხვები მეტ-ნაკლებად რეალურია. მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია, რომ ნებისმიერ საკითხთან მიმართებით ყოველთვის შესაძლებელია დადებითი ტენდენციების გამოყოფა და კონტექსტის არასრულად ჩვენება. საქართველოს საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებით არსებული დადებითი შეფასებები ნამდვილად ბევრია, მაგრამ რჩება ერთი მთავარი გამოწვევა, რომელზეც როგორც ადგილობრივი ავტორიტეტული ორგანიზაციები, ასევე საერთაშორისო პარტნიორები ცალსახად მიუთითებენ, რომ სასამართლო ხელისუფლების გამოსწორებამდე და კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის მიმართულებით ნაბიჯების გადადგმამდე, საინვესტიციო გარემო არ შეიძლება პოზიტიურად შეფასდეს. ის, რომ რეგულაციებითა და გადასახადებით არ ვზღუდავთ ინვესტორებს, არ ნიშნავს იმას, რომ მათ პოზიტიურ საინვესტიციო გარემოს ვუქმნით. ამგვარად, მინისტრის განცხადება არის ფაქტებით მანიპულირება.
ამ შემთხვევაშიც, ეკონომიკის მინისტრის განცხადება ფაქტობრივ მონაცემებთან ბუკვალურად თანხვედრაშია და მის მიერ დასახელებულ კვლევაში ასახულ ინფორმაციას შეესაბამება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ციტატის მოცემული სახით გადმოცემისას, მნიშვნელოვანი კონტექსტი იკარგება. კერძოდ, ქვეყანა შესაძლებელია, ფორმალურად ინვესტიციის შემოდინებას არ ეწინააღმდეგებოდეს (სწორედ ამ ნაწილს აფასებს მოცემული კვლევა). თუმცა შეფასება უფრო მნიშვნელოვან ასპექტს არ ფარავს, [2] რაც საინვესტიციო გარემოზე არსებითად უარყოფითად მოქმედებს და ფორმალური საკანონმდებლო ჩარჩოს დონეზე უცხოური ინვესტიციების მიმართ გაცხადებული ღიაობის ეფექტების ნიველირებას ახდენს. ქვეყანაში არსებული სამართლებრივ გარემო და სასამართლოს მიუკერძოებლობის თვალსაზრისით არსებული პრობლემები მნიშვნელოვან შემაფერხებელ ფაქტორად ფასდება.
ანალიზი
საქართველოს ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა, ნათია თურნავამ განაცხადა: „საინვესტიციო პოლიტიკის შეფასების საფუძველზე, საქართველოს პირველად მიენიჭა რეიტინგი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კვლევაში FDI Regulatory Restrictiveness Index და აღნიშნულ კვლევაში საქართველომ დაიკავა მოწინავე მე-8 პოზიცია, 80-ზე მეტ ქვეყანას შორის, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ღია ეკონომიკა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. ფარდობითი მაჩვენებლით საქართველო გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანაა - 7,5 პროცენტი მშპ-ში“.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ერთი ქვეყნის რეზიდენტის მიერ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ საწარმოში წილის ფლობასა და საწარმოსთან დაკავშირებულ სხვადასხვა ეკონომიკური ხასიათის ოპერაციების წარმოებას გულისხმობს. პირდაპირია ინვესტორი, რომელიც საწარმოს აქციების არანაკლებ 10 პროცენტს ან ასეთი მონაწილეობის ეკვივალენტს ფლობს.
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) წლიურად FDI Regulatory Restrictiveness ინდექსს (უხეშად ითარგმნება როგორც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რეგულაციური შეზღუდულობის ინდექსი) აქვეყნებს. ინდექსი ქვეყნის შემზღუდავ პოლიტიკას 22 სექტორზე დაყრდნობითა და 4 ძირითადი კრიტერიუმით [3]აფასებს. ინდექსი 0-დან 1-მდე მერყეობს, რაც უფრო ახლოს არის ქულა 0-თან, OECD-ს შეფასებით, მით უფრო თავისუფალია საინვესტიციო გარემო. არსებული მონაცემებით, საქართველო 82 ქვეყანას შორის მართლაც, მერვე ადგილს იკავებს 0.02 ინდექსის პოზიციით, მეშვიდე ადგილს ესტონეთი იკავებს, პირველ და მეორე ადგილს კი ლუქსემბურგი და პორტუგალია ინაწილებენ.
2020 წლის პირველი სამი კვარტლის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში 719 მლნ აშშ დოლარი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემოვიდა, რაც აბსოლუტურ რიცხვებში, 2010 წელს შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. აღნიშნული კლების მიზეზად გარკვეულწილად პანდემიიდან გამოწვეული კრიზისი გვევლინება, თუმცა პანდემიამდე პერიოდშიც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მკვეთრი კლების ტენდენცია ქვეყნისთვის პრობლემას წარმოადგენს.
გრაფიკი 1: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2010-2020 (3 კვარტლის) წლებში
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
პუი-ს კვარტალური სტატისტიკა გრაფიკ 1-ზეა წარმოდგენილია. 2019 წელს, პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 1.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მხოლოდ 4 მლნ აშშ დოლარით აღემატება 2018 წლის მონაცემს. თუმცა, აბსოლუტურთან ერთად, მნიშვნელოვანია, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ფარდობითი მაჩვენებლის (მთლიან შიდა პროდუქტთან) დინამიკის განხილვა, რადგან ფარდობითი მაჩვენებელი ასახავს, თუ ეკონომიკის რა ნაწილს შეადგენს ინვესტიციები. 2014-2017 წლებში, პუი-ს ფარდობითი მაჩვენებელი საშუალოდ 11.3%-ს შეადგენდა, ხოლო 2018-2019 წლებში, 7.4%-მდე შემცირდა. უშუალოდ 2019 წლის ინვესტიციების ფარდობითი მაჩვენებელი - 7.4%, 2013 წლის შემდეგ, ყველაზე მცირეა. თუმცა, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2019 წლის პუი-ს ფარდობითი მაჩვენებლით, საქართველო მსოფლიოში მეოცე ადგილს იკავებს, რაც ყველა მეზობელი ქვეყნის მაჩვენებელს აღემატება, ხოლო ევროპაში კვიპროსის, მალტას, უნგრეთის, ესტონეთის, მონტენეგროს, სერბეთისა და ალბანეთის ინდიკატორებს ჩამოუვარდება.
[1] კაპიტალის შეზღუდვა, განხილვისა პროცედურები, ოპერაციონალური შეზღუდვები და უცხოურ სამუშაო ძალაზე დაწესებული შეზღუდვები.
[2] Blanka Kalinova, Angel Palerm, Stephen Thomsen “OECD's FDI Restrictiveness Index” [Page 6].
[3] კაპიტალის შეზღუდვა, განხილვისა პროცედურები, ოპერაციონალური შეზღუდვები და უცხოურ სამუშაო ძალაზე დაწესებული შეზღუდვები.