რეზიუმე: გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) „სასურსათო უსაფრთხოებისა და ნუტრიციის“ ანგარიშში მსოფლიოში შიმშილის მხრივ არსებულ მდგომარეობას აფასებს. 2019 წლის მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის 8.2% არასრულფასოვნად იკვებება. აღნიშნული მაჩვენებელი კავკასიის რეგიონის ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებელს 3-ჯერ აღემატება.
ანალიზი
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა: „გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მონაცემებით, საქართველოში მშიერი ადამიანების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია და 8.2%-ს აღწევს, მთელ კავკასიის რეგიონში ყველაზე მაღალია ეს მაჩვენებელი და მათ შორის, 3-ჯერ უფრო მეტი, ვიდრე სომხეთში“.
2015 წელს გაეროს ყველა წევრი ქვეყანა მდგრადი განვითარების გლობალურ დღის წესრიგზე შეთანხმდა. აღნიშნული 2030 წლისთვის მსოფლიოს წინაშე არსებული ეკონომიკური, სოციალური და გარემოს დაცვის გლობალური გამოწვევების დაძლევას გულისხმობს და 17 მიზნისაგან შედგება. მდგრადი განვითარების მიზანი 2 - შიმშილის აღმოფხვრაა.
2020 წლის სექტემბერში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) „სასურსათო უსაფრთხოებისა და ნუტრიციის“ ანგარიში გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, არსებული ტენდენციის გათვალისწინებით, 2030 წლისთვის მდგრადი განვითარების მიზანი 2 - შიმშილის აღმოფხვრა, ვერ მიიღწევა. ამასთან, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის ფონზე, მოწყვლად ჯგუფებში საკვებზე ხელმისაწვდომობა შესაძლოა, კიდევ უფრო გაუარესდეს.
ანგარიშის თანახმად, 2019 წლის მონაცემებით, მსოფლიო მოსახლეობის 8.9% (თითქმის 690 მილიონი ადამიანი) არასრულფასოვნად იკვებება, რაც 2014 წლის მაჩვენებელზე 0.3 პროცენტული პუნქტით (60 მლნ ადამიანით) მეტია. საქართველოში მოსახლეობის 8.2% არასრულფასოვნად იკვებება. საქართველოს მაჩვენებელი კავკასიის რეგიონის ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებელს 3-ჯერ აღემატება (იხილეთ გრაფიკი 1).
დასავლეთ აზიის ქვეყნების ჯგუფში, რომელშიც საქართველო შედის, არასრულფასოვანი კვების მაჩვენებელი 11.2%-ია.
გრაფიკი 1: არასაკმარისი კვების პრევალენტობა მთლიან მოსახლეობაში, კავკასიის რეგიონის ქვეყნებში
არასრულფასოვანი კვება საკვების იმ ოდენობას გულისხმობს, რომლის ენერგეტიკული ღირებულებაც აქტიური და ჯანსაღი ცხოვრებისთვის არასაკმარისია. არასრულფასოვანი კვების მაჩვენებელზე გავლენას, როგორც სურსათზე ფიზიკური და ფინანსური ხელმისაწვდომობა, ასევე კვების რაციონის მრავალფეროვნება ახდენს.