გიორგი ხანიშვილი:9 სასურსათო პროდუქტის ფასების ზრდის დაზღვევაზე თავდაპირველად განსაზღვრული 10 მილიონი ლარიდან ხორბლის ფასების სტაბილურობაზე 4.5 მილიონი, ხოლო ყველა დანარჩენ პროდუქტზე 1 150 000 ლარი დაიხარჯა, თუმცა პროგრამამ თავისი ფუნქცია წარმატებით შეასრულა
ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი ხანიშვილის განცხადება არის მცდარი
რეზიუმე: სახელმწიფო ხაზინის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, „პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების“ სახელმწიფო პროგრამის (კოდი 310518) აპრილის თვის გადახდამ 4 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო მაისი თვეში პროგრამის ბიუჯეტიდან უკვე 9 მილიონი ლარი იყო ათვისებული. შესაბამისად, პროგრამისთვის გათვალისწინებული 10 მილიონიდან 9 მილიონი ლარი დაიხარჯა და არა 5.6 მილიონი, როგორც მინისტრის მოადგილე აცხადებს. რაც შეეხება დასახელებული პროდუქტების ფასებს, პროგრამის მიმდინარეობის პირველ თვეს (აპრილში) მთავრობის მიერ განსაზღვრული ცხრა პროდუქტიდან შვიდზე ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა (გარდა ზეთისა და ხორბლის პურისა). მაისი თვეში კი, ხორბლის ფქვილის და პურის, რძის ფხვნილის და შაქრის ფასი შემცირდა, დანარჩენ ხუთ პროდუქტზე კვლავ ფასების ზრდა დაფიქსირდა. აქედან გამომდინარე, იმის თქმა, რომ პროგრამამ თავის მიზანს (9 პროდუქტზე ფასების შენარჩუნება) წარმატებით გაართვა თავი, გადაჭარბებულია და სიმართლეს არ შეესაბამება.
ანალიზი
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ 9 სასურსათო პროდუქტის ფასების ზრდის დაზღვევის პროგრამა შეაფასა და აღნიშნა: „პროგრამამ აბსოლუტურად გაართვა თავი დასახულ ამოცანას. თავდაპირველად პროგრამისთვის განსაზღვრული ათი მილიონიდან, ხორბლის ფასის სტაბილურობაზე 4.5 მილიონ ლარზე მეტი, ხოლო ყველა დანარჩენ პროდუქტზე 1 150 000 ლარი დაიხარჯა. პროგრამამ თავის ფუნქცია წარმატებით შეასრულა“.
საქართველოს მიმდინარე წლის 23 მარტს, კორონავირუსის ეპირემიიდან გამომდინარე, პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა. პროგრამის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარით განისაზღვრა. პროგრამის მიხედვით, 9 სასურსათო პროდუქტზე (ბრინჯი, წიწიბურა, მაკარონი, ზეთი, ფქვილი, ხორბალი, რძის ფხვნილი, შაქარი და ლობიო) ფასების უცვლელად შენარჩუნება სახელმწიფოს უნდა დაეზღვია.
საქართველოში აღნიშნული პროდუქტები ძირითადად იმპორტირებულია. მოცემული პროგრამით მთავრობა ზემოთ ჩამოთვლილ პროდუქციის იმპორტიორებისთვის კურსთა შორის სხვაობა უნდა დაეფარა, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ დოლარის შემთხვევაში კურსი 3 ლარზე დაფიქსირდებოდა (1 აშშ დოლარი-3 ლარი), ევროს შემთხვევაში კი - 3.3 ლარზე (1 ევრო - 3.3 ლარი). იმპორტიორს დოლარის შემთხვევაში 3 ლარს და ევროს შემთხვევაში 3.3 ლარის ზემოთ ფასნამატს სახელმწიფო დაუსუბსიდირებდა. თუ, ვთქვათ იმპორტირებული 1 ევროიანი ან 1 დოლარიანი პროდუქტის ფასი 3.5 ლარი იქნებოდა კურსის გათვალისწინებით, ფასთა შორის სხვაობას (დოლარის შემთხვევაში 0.50 ლარს და ევროს შემთხვევაში 0.20 ლარს) სახელმწიფო გადაიხდიდა.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გიორგი ხანიშვილის განცხადებით, დასახელებული პროგრამისთვის გამოყოფილი ათი მილიონიდან ჯამში 5 650 000 ლარი იქნა ათვისებული.
სახელმწიფო ხაზინის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით (რადგან პროგრამის მიმდინარეობა 2020 წლის 15 მარტიდან 15 მაისამდე განისაზღვრა, აქედან გამომდინარე, ბიუჯეტის შესაბამისი თვეების შესრულების ანგარიშები განვიხილეთ), „პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების“ სახელმწიფო პროგრამის (კოდი 310518) აპრილის თვის გადახდამ 4 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო მაისის თვეში პროგრამის ბიუჯეტიდან უკვე 9 მილიონი ლარი იყო ათვისებული. შესაბამისად, პროგრამისთვის გათვალისწინებული 10 მილიონიდან 9 მილიონი ლარი დაიხარჯა და არა 5.6 მილიონი, როგორც მინისტრის მოადგილე აცხადებს.
პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამის მიზანი დასახელებულ პროდუქტებზე არსებული საცალო სარეალიზაციო ფასის შენარჩუნება იყო. პროგრამის ამოცანა კი - სუბსიდირების გზით პროდუქტზე ფასების ზრდის შეჩერება და ქვეყანაში პროდუქტების საჭირო მარაგების შექმნის სტიმულირება.
პროგრამამ რამდენად წარმატებით გაართვა თავი დასახულ მიზანს, ამის გასარკვევად პროგრამით გათვალისწინებული 9 პროდუქტის ფასების ზრდის დინამიკა განვიხილეთ:
ცხრილი1: ცხრა პროდუქტის სამომხმარებლო ფასების ინდექსი (წინა თვე=100)
როგორც მონაცემებიდან ჩანს, პროგრამის მიმდინარეობის პირველ თვეს (აპრილში) მთავრობის მიერ განსაზღვრული ცხრა პროდუქტიდან შვიდზე ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა (გარდა ზეთისა და ხორბლის პურისა). რაც შეეხება მაისი თვეს, ხორბლის ფქვილის და პურის, რძის ფხვნილის და შაქრის ფასი შემცირდა, დანარჩენ ხუთ პროდუქტზე კვლავ ფასების ზრდა დაფიქსირდა. აქედან გამომდინარე, იმის თქმა, რომ პროგრამამ თავის მიზანს წარმატებით გაართვა თავი, გადაჭარბებულია და სიმართლეს არ შეესაბამება.
რაც შეეხება პროგრამის ამოცანას ქვეყანაში პროდუქტების საჭირო მარაგების შექმნას, ქვეყანაში აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული პროდუქტების დეფიციტი მართლაც არ შექმნილა. ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტის - ხორბლის იმპორტი კი საანგარიშო პერიოდში გაიზარდა. 2020 წლის მარტ-მაისში საქართველოში ჯამში 29 422.2 ათასი აშშ დოლარის ღირებულების - 135 013 ტონა ხორბლის იმპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მონაცემს თანხობრივად 27%-ით, რაოდენობრივად კი 35%-ით აღემატება (იხილე: სტატია). ამ დროის განმავლობაში ხორბლის საშუალო ფასმა 198 დოლარი შეადგინა.
აღნიშნულ პერიოდში რუსეთიდან იმპორტირებულმა ხორბალმა მთლიანი იმპორტის 98% შეადგინა. ხორბლის 2% აშშ-დან არის შემოტანილი. ხორბლის იმპორტის დივერსიფიცირების აუცილებლობა განსაკუთრებით კორონავირუსით შექმნილი პანდემიის ფონზე გამოიკვეთა. ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ხორბლის დივერსიფიცირებული იმპორტი გვქონდეს, რათა მოწოდების შეწყვეტის რისკი თავიდან ავიცილოთ და ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული ისეთ არასაიმედო სავაჭრო პარტნიორზე, როგორიც რუსეთია და რომელიც საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობებს ხშირად პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.