• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
ქობულეთის მუნიციპალიტეტში  ჯამში 489 000 ლარის სავარაუდო ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები, შემოსავლების მოსალოდნელი შემცირების გამო, გაუქმდა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ჯამში 489 000 ლარის სავარაუდო ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები, შემოსავლების მოსალოდნელი შემცირების გამო, გაუქმდა

„ფაქტ-მეტრი“აჭარის ა/რ ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს აქტიურად ადევნებს თვალს.

22/12/2020
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

„ფაქტ-მეტრი“აჭარის ა/რ ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს აქტიურად ადევნებს თვალს.

ამ ეტაპზე დავინტერესდით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რომელი ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა 2020 წელს და რა მოცულობის თანხა დაიხარჯა. ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, რიგი ღონისძიებები, კოვიდპანდემიით (COVID-19) გამოწვეული ვითარების პირობებში, შემოსავლების მოსალოდნელი შემცირების გამო, გაუქმდა.

როგორც ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიისგან მიღებული ინფორმაციით ირკვევა, აჭარის ა/რ 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან, მუნიციპალიტეტში მიმდინარე კაპიტალური პროექტების დასაფინანსებლად, კაპიტალური ტრანსფერის სახით, ქობულეთის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი იყო 13 650 000 ლარი. აქედან 1 350 000 ლარი სხვადასხვა ღონისძიებიდან გამოთავისუფლებული თანხის მოცულობაა და საბოლოოდ, კაპიტალური პროექტებისთვის ავტონომიური ბიუჯეტიდან 12 300 000 ლარი მიიმართა.

აღნიშნული თანხის დიდი წილი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სოფლებსა და დაბებში, ასევე - მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრში გზებზე ბეტონის საფარის მოწყობაზე გაიხარჯა. ამ მიზნით ქობულეთის მუნიციპალიტეტმა ექვსი ტენდერი გამოაცხადა, რომელთა ჯამური ღირებულება 2 430 787 ლარს შეადგენს. ბეტონის საფარი ქობულეთის რამდენიმე ქუჩაზე, ასევე - დაბა ჩაქვის, დაბა ოჩხამურის, სოფლების: ქობულეთის, ჭახათის, კვირიკეს, გვარას, ბობოყვათის, ხალას, ხუცუბნის, საჩინოს, ციხისძირის, დაგვას, ჩაისუბნის, ქაქუთის, ლეღვას, წყავროკის, ზენითის, აჭყვისთავის, მუხაესტატეს, ალამბრის სხვადასხვა ლოკაციაზე, მოეწყო. ამ პროექტების ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების უმეტესობა, როგორც მუნიციპალიტეტმა მოგვწერა, უკვე დასრულებულია, რამდენიმე ლოკაციაზე კი წლის ბოლომდე დასრულდება.

კაპიტალური ტრანსფერის სახით 2 მლნ ლარი ქობულეთის ზღვისპირა პარკის მოწყობის პროექტის მეორე ეტაპისთვის. არის განსაზღვრული. პირველი ეტაპის შესახებ „ფაქტ-მეტრი“ უკვე წერდა, რომ პროექტი შეფერხებით მიმდინარეობდა და შესრულებული სამუშაოების ხარისხის თაობაზე კითხვებიც არსებობდა. ჩვენ ასევე საინტერესო დეტალები შპს „ჯორჯიან სტოუნზეც“ მოვიკვლიეთ, რომელმაც აღნიშნული პროექტი განახორციელა.

პროექტის მეორე ეტაპით (პირველი ეტაპის გაგრძელება) გათვალისწინებულ სამუშაოებსაც იგივე კომპანია ახორციელებს. საინტერესოა, რომ ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე (NAT200000994) 4 73 769 ლარის სამუშაოების შესყიდვაზე გამოცხადდა და „ჯორჯიან სტოუნმა“ ხელშეკრულება მეორე პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შედეგად მიიღო. 2020 წლის 18 მარტს გაფორმებული 4 637 636-ლარიანი კონტრაქტის თანახმად, შესყიდვა ორწლიანია და 2021 წელს უნდა დასრულდეს. მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, წელს, წლის ბოლომდე, ხარჯმა 2 მლნ ლარი უნდა შეადგინოს, ხოლო დანარჩენი თანხის ათვისება მომავალ წელს იგეგმება.

კაპიტალური პროექტების დაფინანსებიდან ნაწილი რამდენიმე სოფელში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის იყო განკუთვნილი. კერძოდ, ალამბარში საბავშვო ბაღის მშენებლობის სამუშაოები მუნიციპალიტეტმა 2019 წლის ბოლოს შეისყიდა. ტენდერში სამი პრეტენდენტი მონაწილეობდა. ორ მათგანს დისკვალიფიკაცია მიენიჭა და 2020 წლის 10 იანვარს 1 144 956-ლარიანი ხელშეკრულება ამხანაგობა „ინდივიდმშენთან“ გაფორმდა. ობიექტი ხელშეკრულების გაფორმებიდან 330 დღეში უნდა დასრულებულიყო. თუმცა სამუშაოები, კოვიდპანდემიის გამო, რამდენიმე თვით შეჩერდა. არსებული მდგომარეობით, მიმწოდებელი პროექტს შეფერხებით ახორციელებს და პირგასამტეხლო ეკისრება. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, გადახდილი თანხის მოცულობა 505 518 ლარს შეადგენს. სამუშაოები კი, როგორც ქობულეთის მერიამ მოგვწერა, 2021 წელს უნდა დასრულდეს.

საინტერესო ფაქტია, რომ ამხანაგობა „ინდივიდმშენში“, პარტნიორები არიან გია გაზდელიანი და ზურაბ მაღლაკელიძე. ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულებას მათ ხელი 2019 წლის 7 ოქტომბერს მოაწერეს. ირკვევა, რომ 2013-2014 წლებში გია გაზდელიანმა „ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ თანხა ოთხჯერ შესწირა, ჯამში - 63 000 ლარი.

საბავშვო ბაღის მშენებლობა ასევე ხალასა და საჩინოში მიმდინარეობს. ორივე შესყიდვა მრავალწლიანია და 2021 წელს უნდა დასრულდეს. რაც შეეხება სოფელ ლეღვაში საბავშვო ბაღის მშენებლობას, რისთვისაც ბიუჯეტში თანხა წლის დასაწყისშივე იყო გათვალისწინებული, ტენდერი მხოლოდ დეკემბერში გამოცხადდა. ამის მიზეზად მუნიციპალიტეტმა პროექტში ცვლილებების განხორციელების საჭიროება დაასახელა. წინადადებების მიღება 25 დეკემბერს მთავრდება და მშენებლობა, შესაბამისად, 2021 წელს დაიწყება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 334 227 ლარს შეადგენს.

ამ და სხვა კაპიტალურ პროექტებზე უკვე გახარჯულია 8 484 449 ლარი, ანუ თანხის მთლიანი მოცულობის 69%.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, ასევე აჭარის ა/რ 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან, სპეციალური ტრანსფერის სახით, გამოყოფილი იყო 3 200 000 ლარი. ეს თანხა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს, ახალი ლიფტების მოწყობასა და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების გადახურვას მოხმარდა. მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ტენდერების შედეგად 802 577 ლარი დაიზოგა. აქედან გამომდინარე, სპეციალური ტრანსფერის თანხა 2 958 853 ლარით განისაზღვრა. არსებული მდგომარეობით, უკვე გახარჯულია მთლიანი თანხის 82%. სულ ექვსი შესყიდვა განხორციელდა, საიდანაც სამი საბოლოოდ დასრულებულია, ორ პროექტზე ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან, ხოლო ერთი წლის ბოლომდე დასრულდება.

გარდა ამისა, რამდენიმე სოფელში გზებზე ბეტონის საფარისა და გარე განათებების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე - სასმელი წყლის მილებისა და ავზების შესყიდვა. როგორც პასუხიდან ირკვევა, სამუშაოები თითქმის დასრულებულია. პროექტები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და მათი მთლიანი ღირებულება 836 000 ლარს შეადგენს, საიდანაც გადახდილია 21%. ამ ეტაპზე, რამდენიმე პროექტთან დაკავშირებით, მიმდინარეობს საბოლოო ანგარიშსწორების პროცედურები.

რაც შეეხება ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებულ პროექტებს, სულ თექვსმეტი ინფრასტრუქტურული ღონისძიება განხორციელდა, რისთვისაც გათვალისწინებული იყო 851 831 ლარი. სამუშაოების დიდი ნაწილი დასრულებულია, ნაწილი კი უახლოეს დღეებში, წლის ბოლომდე დასრულდება და საბოლოო ანგარიშსწორება ამის შემდეგ მოხდება. არსებული მდგომარეობით, ფაქტობრივად გადახდილი თანხის მოცულობა 488 901 ლარს, ანუ 57%-ს შეადგენს.

ცხრილი 1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული პროექტები

წყარო: ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია

ცხრილი 1-ში ჩამოთვლილი ღონისძიებების გარდა, ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული იყო კიდევ რამდნიმე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის გადახურვა, მემორიალის მოწყობა, სანაპირო ზოლში ცამეტი ერთეული გასახდელის მონტაჟი, ქვეითად მოსიარულეებისთვის გადასასვლელების მოწყობისა და საპარკინგე ადგილის დახაზვის სამუშაოები, დეკორატიული სანაგვე ურნების შესყიდვა. აღნიშნული სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ტენდერების ჯამურმა სავარაუდო ღირებულებამ 489 290 ლარი შეადგინა. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქვეყანაში შექმნილი კოვიდსიტუაციიდან გამომდინარე, შემოსავლების მოსალოდნელი შემცირების გამო, ეს ღონისძიებები გაუქმდა.

კიდევ ერთი პროექტი, რომელიც აჭარის ა/რ ბიუჯეტის მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, ქალაქ ქობულეთში თავისუფლების ქუჩის კეთილმოწყობას ითვალისწინებს. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მუნიციპალიტეტმა 9 000 ლარად 2019 წლის 20 ივნისს შეისყიდა და იმავე წლის ოქტომბერში ჩაიბარა. ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოებზე კი ტენდერი ერთი წლის მერე გამოცხადდა.

პირველი ტენდერი არ შედგა. მეორედ გამოცხადებულ ტენდერში ერთადერთი კომპანია მონაწილეობდა, რომელთანაც 685 511 ლარის ღირებულების ხელშკრულება გაფორმდა. სამუშაოები 2020 წლის 25 დეკემბერს უნდა დასრულდეს.

ნაზი რეხვიაშვილი
ნაზი რეხვიაშვილი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა