ფაქტ-მეტრი აგრძელებს აჭარის ა/რ მუნიციპალიტეტის თვითმმართველობების მიერ გამოცხადებული ტენდერების კვლევას. ამ ეტაპზე ჩვენ გაგაცნობთ ინფორმაციას ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2018 წლის დეკემბრიდან 2019 წლის ივლისამდე გამოცხადებული სახელმწიფო შესყიდვების თაობაზე.
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მიზნებია სახელმწიფო შესყიდვებისთვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა; სახელმწიფო საჭიროების აუცილებელი საქონლის წარმოების, მომსახურების გაწევისა და სამშენებლო სამუშაოს შესრულების სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება; შესყიდვების განხორციელებისას, მასში მონაწილეთა მიმართ პროპორციული, არადისკრიმინაციული მიდგომისა და თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა. ამ მთავარი პრინციპების გათვალისწინებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული ტენდერები სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე ატვირთული ინფორმაციის მიხედვით შევისწავლეთ. მუნიციპალიტეტმა ჩვენ მიერ დასახელებული დროის მონაკვეთში სულ 101 ტენდერი გამოცხადა.
გრაფიკი 1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული სახელმწიფო შესყიდვების სტატისტიკა 2018 წლის დეკემბრიდან 2019 წლის ივნისის ჩათვლით
წყარო: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ საანგარიშო პერიოდში გამოცხადებული შესყიდვებიდან, 75-ზე უკვე გაფორმებულია ხელშეკრულებები, რომელთა ჯამური ღირებულებაც 14 124 500 ლარს შეადგენს. აქედან 32 ხელშეკრულება ერთპრეტენდენტიან ტენდერებზე მოდის. ეს კი გაფორმებული ხელშეკრულებების 44,67%-ია.
გამოცხადებული სახელმწიფო შესყიდვებიდან ერთი უარყოფითი შედეგით დასრულდა, 19 ტენდერი არ შედგა, ხოლო ექვსი - შეწყდა.
არ შედგა მიმდინარე წლის 16 მაისს გამოცხადებული 2 349 202 ლარის ღირებულების ტენდერი (NAT190009705), რომელიც აჭარის ა/რ რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული, ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გზებზე ბეტონის საფარის მოწყობას (I ზონა) გულისხმობდა. ამ ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების მიზნით, ზუსტად იმავე ღირებულების შესყიდვა, მეორედ 25 ივნისს გამოცხადდა (NAT190012512).
განმეორებით გამოცხადდა ასევე ტენდერი (NAT190012510), რომელიც აჭარის ა/რ რესპუბლიკური ბიუჯეტიდან რეგიონის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი ფონდიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გზებზე ბეტონის საფარის მოწყობას (II ზონა) ითვალისწინებს. მისი ღირებულება 374 548 ლარს შეადგენს. ტენდერში ერთი კომპანია მონაწილეობდა. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს წინადადების შერჩევა-შეფასება. აღნიშნული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, იმავე ღირებულების ტენდერი (NAT190009304) მიმდინარე წლის 10 მაისსაც იყო გამოცხადებული, თუმცა ის არ შედგა, რადგან მასში მონაწილეობა არც ერთმა კომპანიამ არ მიიღო.
გარდა ამისა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიას სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული არაერთი ტენდერი ჩაუვარდა, რომელთა სავარაუდო ღირებულებაც 741 420 ლარს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროგრამის განსახორციელებლად ქობულეთის მუნიციპალიტეტმა მთლიანად 836 000 ლარი გამოეყო. ფაქტ-მეტრმა მუნიციპალიტეტებში პროგრამის განხორციელების შესახებ სტატია უკვე გამოაქვეყნა.
საერთო ჯამში კი, საანგარიშო პერიოდში გამოცხადებული ტენდერებიდან, არ შედგა 1 357 900 ლარის სავარაუდო ღირებულების ტენდერი, მათ შორის, რამდენიმე - ორჯერ. გარდა ამისა, აღნიშნულ პერიოდში შეწყდა ჯამში 482 000 ლარის ღირებულების ტენდერი, ხოლო ერთი 41 500-ლარიანი შესყიდვა უარყოფითი შედეგით დასრულდა.
სამივე კომპონენტის გათვალისწინებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტს 1 მილიონ 900 ათას ლარამდე სავარაუდო ღირებულების ტენდერი ჩაუვარდა, რომელთა ნაწილიც განმეორებით გამოაცხადა. აქედან რამდენიმე კვლავ არ შედგა, ხოლო დანარჩენების შემთხვევაში, ხელშეკრულებები გაფორმებული არ არის (2019 წლის ივლისის დასაწყისის მდგომარეობით).
აღსანიშნავია, რომ რვა ტენდერში ხელშეკრულები კომპანიებთან იმ პრეტენდენტების დისკვალიფიკაციის შედეგად გაფორმდა, რომლებმაც შემსყიდველს ყველაზე დაბალი ფასი შესთავაზეს. მაგალითად: 2019 წლის იანვარში გამოცხადებულ ტენდერში (NAT190000096), რომელიც სოფელ ზენითში ადმინისტრაციული შენობის მოწყობას ითვალისწინებდა, ყველაზე დაბალი ფასით შპს „იმედი 2015“ შევიდა, თუმცა მას დისკვალიფიკაცია მიეცა და 105 777-ლარიანი ხელშეკრულება შპს „კაბადოკიასთან“ გაფორმდა. ზუსტად იმავე შედეგით - „იმედი 2015-ის“ დისკვალიფიკაციითა და „კაბადოკიასთან“ 96 200-ლარიანი ხელშეკრულების გაფორმებით - დასრულდა დაბა ოჩხამურის ადმინისტრაციული შენობის მოწყობასთან დაკავშირებული ტენდერი (NAT190000097).
კონკურენტის დისკვალიფიკაციის შედეგად მიიღო 41 500-ლარიანი ხელშეკრულება ი/მ რომან რომანაძემ. ეს ერთადერთი შემთხვევაა, როცა მას ტენდერში კონკურენტი ჰყავდა. დაწყებული 2014 წლიდან (დაფუძნებულია 2014 წლის 18 მარტს, ხოლო იმავე წლის ივნისში გაფორმდა პირველი ხელშეკრულება) დღემდე, ქობულეთის მუნიციპალიტეტისა და მის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციების ყველა ტენდერში, რომლებიც ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექმომსახურებას ეხება, ის ერთადერთი მონაწილე და გამარჯვებულია.
რაც შეეხება ყველაზე ძვირადღირებულ ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებს, ამ მიმართულებით შპს „ჯორჯიან სტოუნი“ ლიდერობს, რომელსაც ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ მიმდინარე წლის ივნისის ჩათვლით, ჯამში 6 მილიონ ლარამდე ღირებულების ხელშეკრულება გაუფორმა. ამ კომპანიის დირექტორი ბადრი რომანაძეა, რომელიც, ფაქტ-მეტრის მიერ მოძიებული ერთ-ერთი დოკუმენტის თანახმად, 2013 წელს ჯერ კიდევ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურული და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსი იყო. კომპანიის დირექტორად ის 2015 წლიდან ფიქსირდება. სწორედ ამ პერიოდიდან შპს „ჯორჯიან სტოუნი“ აქტიურად არის ჩართული ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ გზების, ქუჩების, ეზოების, გადასასვლელების მოწყობის, მშენებლობა-რეაბილიტაციისა და სხვა ამ ტიპის სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერებში. 2015-2019 წლებში კომპანიასთან გაფორმებული ოცდაშვიდი ხელშეკრულების ჯამური ღირებულება 19 მლნ ლარს აღწევს. აქედან ექვს ტენდერში კომპანია ერთადერთი მონაწილე იყო, ხუთ ტენდერში ხელშეკრულება სხვა კომპანიის დისკვალიფიკაციის შედეგად ერგო, ხოლო რამდენიმე ტენდერში სავარაუდო ღირებულება 25%-დან 28%-მდე გააიაფა.
აღსანიშნავია, რომ როცა პრეტენდენტი ღირებულებას ასეთი მაღალი პროცენტით აიაფებს, ფასწარმოქმნის დოკუმენტი უნდა წარმოადგინოს, თუმცა ეს დოკუმენტი ხშირად საბაზრო ღირებულებას ობიექტურად არ ასახავს, ხოლო შემსყიდველს ამ ფასის გადამოწმების უფლება და ვალდებულება არ აქვს. ეს კი, საბოლოო ჯამში, პროექტის ხარისხიანად განხორციელებას საფრთხეს უქმნის და სახელშეკრულებო პირობების დარღვევის რისკებს შეიცავს, მათ შორის, შესაძლოა შემსრულებელმა მასთან დასაქმებულებს ხელფასი ვერ გადაუხადოს.
რედაქტორის შენიშვნა: სტატიის თავდაპირველ ვერსიაში სათაურში შეცდომით იყო მითითებული შეწყვეტყვეტილი/უარყოფილი ტენდერების საერთო პროცენტული მაჩვენებელი (50%). სტატიის ძირითად ნაწილში მოცემულ გრაფიკზე, როგორც თავდაპირველ, ასევე შესწორებულ ვერსიაში, სწორად არის მითითებული აღნიშნული მაჩვენებელი. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ფაქტ-მეტრის გუნდს დაუკავშირდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური და სათაურში არსებულ უზუსტობაზე მიუთითა. შესაბამისად, სტატიის სათაური შესწორდა და 50%-ის ნაცვლად (რაც შეცდომით იყო მოცემული მხოლოდ სათაურის ნაწილში) მითითებულია 27%.