იტვირთება

რეზიუმე: 2021 წლის დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, უფასო სასადილოების მომსახურებისთვის 18 475 000 ლარი არის გათვალისწინებული. დედაქალაქის ათივე გამგეობაში რეგისტრირებული უფასო სასადილოების ბენეფიციართა რაოდენობა 38 914-ია. შესაბამისად, ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ერთი ბენეფიციარის დღიურ კვებაზე 1.3 ლარია გათვალისწინებული. მიმდინარე წელსაც უფასო სასადილოს ერთი ბენეფიციარის სადილისთვის იგივე რაოდენობის თანხა იყო გამოყოფილი. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წლის ოქტომბრის მონაცემებით, გასულ წელთან შედარებით, სასურსათო პროდუქტებზე ინფლაციამ 5.5% შეადგინა, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ფასები იმ პროდუქტებზე, რომელიც უფასო სასადილოს მენიუს ძირითადი შემადგენელია. აქედან გამომდინარე, მომავალ წელ, უფასო სასადილოს ბენეფიციარების მომსახურება იგივე ფასად, იგივე მენიუთი, მსუბუქად რომ ვთქვათ, ძალიან გაძნელდება.

ანალიზი

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა ირაკლი აბესაძემ საკუთარ Facebook-გვერდზე უფასო სასადილოების ბენეფიციარების კვებასთან დაკავშირებით შემდეგი ინფორმაცია გაავრცელა: „უფასო სასადილოებში ისევ 1.3 ლარად აჭმევენ ბენეფიციარებს“.

თბილისის ათ რაიონში 62 უფასო სასადილო ფუნქციონირებს. სასადილოს მომსახურებით სარგებლობა ბენეფიციარებს დღეში ერთხელ შეუძლიათ.

დედაქალაქში უფასო სასადილოების ბენეფიციართა მომსახურების წესს და მათ აღრიცხვას თბილისის მერის 2014 წლის 26 ნოემბრის #2344 ბრძანება არეგულირებს.

ბრძანების მიხედვით, უფასო სასადილოების ბენეფიციართა სიაში შეყვანას მხოლოდ ის სოციალურად დაუცველი პირები ექვემდებარებიან, რომელთა სარეიტინგო ქულა 200 000-ს არ აღემატება. ასევე, განსაკუთრებულ შემთხვევაში, ბენეფიციართა სიაში შეყვანა გამგებლის მოტივირებული გადაწყვეტილებითაც ხდება. რაც შეეხება სიაში განმცხადებლების შეყვანის რიგითობას, ის განცხადების რეგისტრაციის თარიღის მიხედვით განისაზღვრება. უპირატესობა იმ განმცხადებელს ენიჭება, რომლის განცხადებაც გამგეობაში უფრო ადრე დარეგისტრირდა. თავდაპირველად, პირი დამატებით სიაში ხვდება, ხოლო ძირითადი სიის შევსება დამატებითი სიიდან ხორციელდება. დამატებითი სიის ბენეფიციართა რაოდენობა ძირითადი სიის 5%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით უფასო სასადილოების მომსახურებისთვის (კოდი: 06 02 14) 18 475 000 ლარია გათვალისწინებული. იგივე მიზნისთვის მიმდინარე წელს - 18 357 000 ლარი, გასულ წელს კი - 17 997 000 ლარი დაიხარჯა. ბოლო წლებში უფასო სასადილოების მომსახურებაზე ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები შემდეგნაირი იყო:

ცხრილი1: უფასო სასადილოების მომსახურების ბიუჯეტი 2013-2021 წლებში (ათას ლარებში)

წყარო: თბილისის ბიუჯეტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ათივე გამგეობამ უფასო სასადილოების მომსახურებაზე გამარტივებული ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე (NAT200017150, NAT200017138, NAT200017137, NAT200017133, NAT200017123, NAT200017102, NAT200017062, NAT200017050, NAT200017049, NAT200017047) უკვე გამოაცხადა. ტენდერების მიხედვით, უფასო სასადილოს ერთი ბენეფიციარის კვებაზე 1.3 ლარია გათვალისწინებული.

ცხრილი 2: გამგეობებში უფასო სასადილოების მომსახურებისთვის გამოცხადებული ტენდერების სავარაუდო ღირებულება, ბენეფიციართა რაოდენობა და დღიური თანხა (ლარებში)

წყარო: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

თბილისის ბიუჯეტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, უფასო სასადილოს პროგრამის მიზანი, დედაქალაქის მაცხოვრებლების, რომელნიც სოციალურ სიდუხჭირეს განიცდიან, ცხელი სადილით უზრუნველყოფაა. მენიუ ადამიანის სიცოცხლისთვის აუცილებელი კალორაჟის გათვალისწინებით არის გაანგარიშებული. ყოველდღიური რაციონი (მენიუ) ისეთ ნივთიერებებს (ნახშირწყლებს, ცილებს, ცხიმებს და ა.შ) შეიცავს, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის და მისი სრულფასოვანი არსებობისთვის არის საჭირო. უფასო სასადილოს სადილი წინასწარ შედგენილი მენიუს მიხედვით მზადდება. მასში ცხელი წვნიანი, გარნირი, კომპოტი და პური შედის. წვნიანის და გარნირის სახეობა დღეების მიხედვით იცვლება. მენიუში მაწვნის შეჭამანდი, ამოლესილი ლობიო, ვეგეტარიანული ბორშჩი, წვნიანი ხორცის გუფთით, წვნიანი ქათმის ბულიონზე და ა.შ. მონაცვლეობით შედის.

ასევე მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ოქტომბრის მონაცემით, წინა თვის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები 0.9%-ით გაიზარდა, რაც თვის ინფლაციაზე (0.8%) 0.28 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემდეგ ქვეჯგუფებზე გაიზარდა: ზეთი და ცხიმი (7.2%), ბოსტნეული და ბახჩეული (5.3%), რძე, ყველი და კვერცხი (2.7%). ამასთან ფასების კლება ხილსა და ყურძენზე დაფიქსირდა (-9.7%). რაც შეეხება წლიურ ინფლაციას, აღნიშნულ ჯგუფში ფასები 5.5%-ით გაიზარდა, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.74 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემდეგ ქვეჯგუფებზე არის მომატებული: ზეთი და ცხიმი ( 17.3%), ყავა, ჩაი და კაკაო (13.6%), თევზეული (10.3%), პური და პურპროდუქტეული (7.8%), რძე, ყველი, და კვერცხი (6.0%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული ( 4.5%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (3.5%), ბოსტნეული და ბაღჩეული (2.2%). ამასთან, ფასები ხილსა და ყურძენზე არის შემცირებული (-3.2%).

მომავალი წლისთვის უფასო სასადილოს ერთ ბენეფიციარის მომსახურებაზე დღიურად მართლაც 1.3 ლარია გათვალისწინებული. ასევე აღსანიშნავია, რომ უფასო სასადილოების რაციონი ძირითადად იმ პროდუქტებისგან შედგება, რომელთა ფასებიც, მიმდინარე წელს, გასულ წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდილია (არსებული რეალობიდან გამომდინარე, კიდევ უფრო მეტად გაძვირებაა მოსალოდნელი). აღნიშნული ინფლაციის ფონზე, მომავალ წელს უფასო სასადილოების ერთი ბენეფიციარისთვის იგივე მენიუს მიმდინარე წლის ფასად (1.3 თეთრი, რაც 2021 წლის ბიუჯეტის პროექტით არის გათვალისწინებული) შეთავაზება, ალბათ ძალიან გაძნელდება.

შენიშვნა: სტატიაზე მუშაობა დასრულებული გვქონდა, როდესაც თბილისის მერმა კახი კალაძემ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ უფასო სასადილოების ბენეფიციარებისთვის 2021 წლის ბიუჯეტით გამოყოფილი თანხა საკმარისი არ იქნება, თბილისის მერია ამ თანხას გაზრდის. ასევე, მერის გადაწყვეტილებით, უფასო სასადილოების ბენეფიციართა რაოდენობას, დამატებით სიაში მყოფი 3500 ადამიანი მოცდის გარეშე, პირდაპირ დაემატება.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

3369 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
23%
ყალბი ამბავი
18%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი