რეზიუმე: სამუშაო ადგილების და დეპოზიტების ზრდას შორის, ირიბი კავშირი არსებობს, თუმცა დეპოზიტების ზრდაზე სხვა ფაქტორებიც ახდენს გავლენას, მაგალითად კერძო მფლობელობაში ნაღდი ფულის სახით არსებული თანხების (რაც სტატისტიკაში ვერ ხვდება) დეპოზიტებზე აქტიურად განთავსება. ეროვნული ბანკის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დეპოზიტების ზრდის ერთ-ერთ მიზეზს ის ფაქტი წარმოადგენს, რომ სახსრების ნაწილი, რომლებიც დეპოზიტებზე მოთავსდა, წარსულში მოსახლეობის მფლობელობაში იყო და სტატისტიკურად, მხოლოდ დეპოზიტებზე განთავსების შემდეგ აღირიცხა. მეორე მხრივ, პოლიტიკოსის მიერ დასახელებული მონაცემები, ფიზიკური და იურიდიული პირების დეპოზიტების ჯამურ მაჩვენებელს ემთხვევა, რაც უშუალოდ მოსახლეობის შემოსავლების დონის ანალიზისას არარელევანტურია და ფიზიკური პირების დეპოზიტების სტატისტიკა უნდა განიხილებოდეს. შედარებისთვის კი 2015 და 2019 წლების მონაცემებია (სავარაუდოდ, ეროვნული ბანკის ინტერაქტიული სტატისტიკა) გამოყენებული.
შესაბამისად, მოცემულ ნაწილში, ირაკლი კობახიძე ერთი მხრივ არასწორ მაჩვენებელს იყენებს (ფიზიკური პირების დანაზოგის ნაცვლად ფიზიკური და იურიდიული პირების ჯამურ დანაზოგს), რითაც დანაზოგების აბსოლუტურ მონაცემს გადაჭარბებულად წარმოაჩენს, მეორე მხრივ, დანაზოგების ზრდის სხვა მიზეზებს (მათ შორის წმინდა ტექნიკურ მიზეზებს, როგორიცაა ნაღდი ფულის საბანკო დეპოზიტით ჩანაცვლება), ყურადღების მიღმა ტოვებს და ზრდას მთლიანად დასაქმებას უკავშირებს, რაც რეალობას აცდენილი მტკიცებაა.
რაც შეეხება სამუშაო ადგილებს, 2012 წლის შემდეგ ბიზნეს სექტორში 222 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნა, რაც ახლოსაა დასახელებულ 250 ათასთან. თუმცა დეპოზიტების შემთხვევაში პოლიტიკოსი დროის სხვა შუალედს მიმოიხილავს (2015-2019 წლები). ერთი მოსაზრების ფარგლებში, ერთი მაჩვენებლით მეორის ახსნა და ამავდროულად თითოეულისთვის სხვადასხვა დროითი პერიოდის აღება, აბსურდული მიდგომაა და მონაცემების ანალიზის ლოგიკა გაუგებარი რჩება. თავის მხრივ 2015-2019 წლებში ბიზნეს სექტორში ჯამში მხოლოდ 129.2 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნა და არა 250 ათასი. ამავდროულად აღსანიშნავია, რომ ბიზნეს სექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა იმავე რაოდენობის დასაქმებულ პირს არ ნიშნავს. შრომისუნარიანი პირი შესაძლოა, ორ ან მეტ სამუშაო ადგილს იკავებდეს. ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ ბიზნეს სექტორში სამუშაო ადგილების ზრდის მიუხედავად, ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობა მცირდება.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ მეთოდოლოგიით, განცხადება არის ნახევრად სიმართლე. [1]
ანალიზი
ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ 27 ოქტომბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა (აქ უნდა მოთავსდეს ვიდეო): „250 000-ზე მეტი სამუშაო ადგილია შექმნილი, რისი ინდიკატორიც არის დეპოზიტების მაჩვენებლები. ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდათ მთლიანობაში 4.4 მლრდ დეპოზიტები ლარში, დღეს აქვთ 9.5 მილიარდი“.
2012 წლის შემდეგ ბიზნეს სექტორში 222 ათასი სამუშაო ადგილი მართლაც შეიქმნა. თუმცა 2015-2019 წლებში ბიზნეს სექტორში ჯამში მხოლოდ 129.2 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნა. აღსანიშნავია, რომ ბიზნეს სექტორში სამუშაო ადგილები ყოველწლიურად იზრდებოდა. ამასთან, ბიზნეს სექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა იმავე რაოდენობის დასაქმებულ პირს არ ნიშნავს. შრომისუნარიანი პირი შესაძლოა, ორ ან მეტ სამუშაო ადგილს იკავებდეს. ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ ბიზნეს სექტორში სამუშაო ადგილების ზრდის მიუხედავად, ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობა მცირდება.
გრაფიკი 1: ბიზნეს სექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა (ათასი ადამიანი), 2008-2019 წლებში
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
პოლიტიკოსი სამუშაო ადგილების შექმნით გამოწვეულ კეთილდღეობის ზრდას უსვამს ხაზს, რაც სხვა მაჩვენებლებთან ერთად, გარკვეულწილად დეპოზიტების მოცულობაში აისახება. თუმცა, აღნიშნული კავშირი პირდაპირი არ არის და შესაძლოა, დეპოზიტების ზრდაზე სხვა ფაქტორები ახდენდეს გავლენას, მაგალითად კერძო მფლობელობაში არსებული თანხების დეპოზიტებზე განთავსება. ინფორმაციის დასაზუსტებლად, „ფაქტ-მეტრი“ ეროვნულ ბანკს დაუკავშირდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2012-2019 წლებში დეპოზიტები 150%-ით გაიზარდა (დოლარი/ლარის კურსის ცვლილების გამორიცხვით). ის ფაქტი, რომ დეპოზიტების ზრდის ტემპი წინ უსწრებს ეკონომიკისა და შემოსავლების ზრდის ტემპს, დაზოგვის მაჩვენებლის მატებითა და საბანკო სისტემის განვითარებით აიხსნება. საბანკო სისტემა მრავალმხრივ ვითარდება. საბანკო პროდუქტები უფრო მრავალფეროვანი ხდება და სულ უფრო მეტი ხალხი და ორგანიზაციები სარგებლობს ამ პროდუქტებით. იხვეწება საგადასახადო სისტემები. ანგარიშსწორება მეტად ელექტრონული ხდება და, შესაბამისად, როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირების მხრიდან, ნაღდი ფულის გამოყენების საჭიროება მცირდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სახსრების ნაწილი, რომლებიც დეპოზიტებზე მოთავსდა, წარსულში მოსახლეობის მფლობელობაში იყო და სტატისტიკურად, მხოლოდ დეპოზიტებზე განთავსების შემდეგ აღირიცხა.
მეორეს მხრივ, პოლიტიკოსის მიერ დასახელებული მონაცემები ფიზიკური და იურიდიული პირების დეპოზიტების ჯამურ მაჩვენებელს ემთხვევა, რაც უშუალოდ მოსახლეობის დონის ანალიზისას არარელევანტურია და ფიზიკური პირების დეპოზიტების სტატისტიკა უნდა განიხილებოდეს. შედარებისთვის კი 2015 და 2019 წლების მონაცემებია (სავარაუდოდ, ეროვნული ბანკის ინტერაქტიული სტატისტიკა) გამოყენებული.
ცხრილი 1: ფიზიკური და იურიდიული პირების დეპოზიტები ეროვნულ ვალუტაში, მლრდ ლარი, ნაშთები
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
ფიზიკური და იურიდიული პირების ჯამური დეპოზიტები, 2019 წლის მონაცემებით, 2015 წელთან შედარებით, დაახლოებით 107%-ით არის გაზრდილი, ხოლო 2012 წელთან შედარებით, დაახლოებით 223%-ით. უშუალოდ ფიზიკური პირის დეპოზიტები, 2019 წლის მონაცემებით, 2015 წელთან შედარებით, დაახლოებით 160%-ით არის გაზრდილი, ხოლო 2012 წელთან შედარებით, დაახლოებით 350%-ით. მიმდინარე, 2020 წლის არსებული მონაცემებით, 2020 წელს ფიზიკური პირების დეპოზიტების მოცულობამ 4.2 მლრდ ლარი შეადგინა, 2015 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 1.4 მლრდ ლარს შეადგენდა, ხოლო 2012 წელს - 846 მლნ ლარს.
[1]ნახევრად სიმართლე – განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა.