ირაკლი კობახიძე: „ეკონომიკის სრული გახსნის, საზღვრების ფართოდ გახსნის პირობებში, COVID-19-ის გავრცელების საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი გვაქვს”
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის ტყუილი.
რეზიუმე: საქართველოში სექტემბერ-ოქტომბერში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა პრაქტიკულად ყოველდღიურად რთულდება. პანდემიის პირველ ეტაპზე თუ COVID-19-ის ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა ერთეულების და რამდენიმე ათეულის ფარგლებში იყო, ირაკლი კობახიძის განცხადების გაკეთების მომენტში, ყოველდღიურად 1000-მდე ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა. საქართველო პანდემიის პირველი ტალღის დროს ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო ქვეყნების სიაში იყო, ოქტომბერში კი ე.წ. წითელ ზონაში გადაინაცვლა.
საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მკვეთრად გაუარესება, პრაქტიკულად ჩაკეტილი ქვეყნის პირობებში მოხდა. კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს საზღვრები მარტში ჩაიკეტა. აგვისტოდან რეგულარული ფრენები, შეზღუდული სიხშირით, მხოლოდ, მიუნხენის, პარიზის და რიგის მიმართულებით სრულდებოდა. რეგულარული ფრენების ეტაპობრივი აღდგენა 1 ნოემბრიდან იგეგმება.
ანალიზი
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ 17 ოქტომბერს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა: „ჩვენ სრული გახსნის პირობებში, ეკონომიკის სრული გახსნის პირობებში, საზღვრების ფართოდ გახსნის პირობებში, კოვიდის გავრცელების საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი გვაქვს“.
შემოდგომაზე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესება გარკვეულწილად მოსალოდნელიც იყო, რაც შეზღუდვების შემსუბუქებას, ტურისტულ სეზონს და რეკომენდაციების ნაკლებად დაცვას უკავშირდება. ეპიდემიოლოგები ჯერ კიდევ გაზაფხულზე, საუბრობდნენ, რომ ზაფხულის დასრულების შემდეგ, ვირუსის მეორე ტალღა იყო მოსალოდნელი. შემოდგომაზე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გლობალურად გაუარესდა. თუმცა მტკიცება, რომ საქართველოს COVID-19-ის გავრცელების დაბალი მაჩვენებელი აქვს, მცდარია.
საქართველოში სექტემბერ-ოქტომბერში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში ყოველდღიურად COVID-19-ით ინფიცირების ერთეული და ათეული შემთხვევები ფიქსირდებოდა. სექტემბრის პირველ ნახევარში ყოველდღიურად 100-ზე მეტი ახალი შემთხვევა, ხოლო მეორე ნახევარში 300-მდე ახალი შემთხვევა დასტურდებოდა. ოქტომბრის პირველ ნახევარში ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა 500-ზე მეტი იყო, ბოლო მონაცემებით კი ყოველდღიურად 1000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. ასევე მკვეთრად გაიზარდა COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობაც, ხოლო 24 ოქტომბერს მორიგი რეკორდული მაჩვენებელი - 1941 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.
საქართველოში 1 სექტემბრის მონაცემებით, ახალი კორონავირუსის 1 510 დადასტურებული შემთხვევა იყო, ირაკლი კობახიძის განცხადების გაკეთების მომენტში, 17 ოქტომბერს 16 285 შემთხვევა, 24 ოქტომბერს კი დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 26 503-მდე გაიზარდა. 1 სექტემბრის მონაცემებით, COVID-19-ით 19 ადამიანი იყო გარდაცვლილი, 17 ოქტომბერს გარდაცვლილთა რიცხვი 128-მდე გაიზარდა. 24 ოქტომბრის მონაცემებით კი, ქვეყანაში 193 პირია გარდაცვლილი.
ამასთან, საქართველო პანდემიის პირველი ტალღის დროს ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო ქვეყნების სიაში იყო. ოქტომბერში კი ე.წ. წითელ (საგანგაშო) ზონაში გადაინაცვლა. 7 ოქტომბერს, გერმანიამ საქართველო კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის ქვეყნების სიაში შეიყვანა. 21 ოქტომბრის ინფორმაციით, ევროკავშირმა საქართველო ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო.
გრაფიკი 1: საქართველოში COVID-19-ის დღიური შემთხვევების რაოდენობა
წყარო: https://www.worldometers.info/coronavirus/country/georgia/
მარტში ხელისუფლების მიერ მიღებულმა ზომებმა, ფაქტობრივად, ქვეყნის სრული ჩაკეტვა გამოიწვია, რამაც ვირუსის გავრცელება მნიშვნელოვნად შეაფერხა. ზაფხულში კი დაწესებული შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნა. თუმცა მტკიცება, რომ საქართველომ საზღვრები ფართოდ გახსნა, სიმართლეს არ შეესაბამება. კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს საზღვრები მარტში ჩაიკეტა. მთავრობამ რეგულარული ფრენების ეტაპობრივი აღდგენა, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, პირველ ივლისს დააანონსა, თუმცა შეზღუდვების მოხსნა არაერთხელ გადავადდა. რეგულარულ ფრენების ეტაპობრივი აღდგენა 1 ნოემბრიდან იგეგმება. კერძოდ, ავიარეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შემდეგ ქალაქებში აღდგება: დოჰა, ვარშავა, ათენი, ამსტერდამი, ვენა, ბერლინი და მილანი. ხოლო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან კატოვიცეს, ვილნიუსისა და დორტმუნდის მიმართულებებით. აგვისტოდან რეგულარული ფრენები მხოლოდ, მიუნხენის, პარიზის და რიგის მიმართულებით სრულდებოდა, შეზღუდული იყო ფრენების სიხშირეც (იხილეთ: ამ თემაზე „ფაქტ-მეტრის“ სტატია).
30 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ საქართველო ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა და მათთვის საზღვრების გახსნის შესახებ რეკომენდაცია გასცა. 1-ელი ივლისიდან ევროკავშირის რიგმა ქვეყნებმა საქართველოსთვის საზღვრები უპირობოდ გახსნეს. თუმცა საქართველომ საზღვრები, უპირობოდ, მხოლოდ ევროკავშირის 5 ქვეყანასთან: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი, გახსნა. ყველა სხვა მიმართულებით რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვები იყო დაწესებული.
მთავარი ფოტო: ინტერპრესნიუსი (ipn)