რეზიუმე: ტელეკომპანია „ობიექტივის“ გადაცემაში, „ღამის ეთერი“, კორონავირუსთან და ვაქცინაციასთან დაკავშირებით წამყვანისა და მოწვეული სტუმრების მიერ არაერთი დეზინფორმაცია და შეთქმულების თეორია ვრცელდება. უსაფუძვლო და ყალბი ბრალდებები ისეთ საკითხებს შეეხებოდა, როგორებიცაა: კორონავირუსის საწინააღმდეგო „ოქსფორდის“ ვაქცინა გენმოდიფიცირებულია და ადამიანის გენეტიკური ინფორმაციის შეცვლას ისახავს მიზნად; ბილ გეითსი მოსახლეობის 7-9 მილიარდით შემცირებას გეგმავს; გრიპის ვაქცინა თაღლითობაა; ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, თუ მშობელი შვილს არ აცრის, ჩამოართმევენ; თითოეული ბრალდება ფაქტობრივ საფუძველს მოკლებულია და შეთქმულების თეორიას წარმოადგენს.
ანალიზი:
სოციალურ ქსელში ვრცელდება ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში გასული გადაცემის ვიდეო, სათაურით, „ნოდარ გოგებაშვილი - პროფესორი, აკადემიკოსი, იმუნოლოგიური კვლევების ცნობილი მკვლევარი დეტალურად გვიხსნის, თუ რა ზიანის მომტანი იქნება ახალი ,,კორონა ვაქცინა“. ვიდეო სხვა ყალბ ამბებსა და დეზინფორმაციას შეიცავს, რასაც ქვემოთ განვიხილავთ.
მტკიცება: კორონავირუსის საწინააღმდეგო „ოქსფორდის“ ვაქცინა გენმოდიფიცირებულია და ადამიანის გენეტიკური ინფორმაციის შეცვლას ისახავს მიზნად.
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, აღნიშნული ინფორმაცია არის ყალბი ამბავი.
კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ არაერთი დეზინფორმაცია გავრცელდა. მათ შორისაა მტკიცება, რომ ვაქცინა ადამიანის გენეტიკური კოდის დამანგრეველია.
სავარაუდოდ, აღნიშნული მტკიცება ვაქცინის ერთ-ერთი ტიპის, დნმ-ის ვაქცინის არსებობას უკავშირდება. ზოგადად, ყველა ტიპის ვაქცინის საერთო ფუნქცია ორგანიზმში ანტისხეულების წარმოქმნაა. დნმ ვაქცინა არაინფიცირებულ პაციენტში იმუნური პასუხის სტიმულირებისთვის ვირუსის გენეტიკური კოდის მცირე ნაწილის (დნმ ან რნმ) შეყვანას გულისხმობს. ვაქცინებისა და გენეტიკური მოდიფიკაციის შესახებ კორნელის უნივერსიტეტის სამეცნიერო ალიანსის ჯგუფის მოწვეული მკვლევარი, მარკ ლინასი Reuters-თან საუბრობს. მისი თქმით, არც ერთი ტიპის ვაქცინას, მათ შორის დნმ-ის ვაქცინას, ადამიანის ორგანიზმის უჯრედის ბირთვთან შეხება არ აქვს და შესაბამისად, მასში ცვლილებებსაც არ იწვევს. გენეტიკური მოდიფიკაციისას კი სწორედ უჯრედის ბირთვში ხდება უცხო დნმ-ის შეყვანა. ვაქცინები კი ამ პრინციპით არ მოქმედებენ. შესაბამისად, ადამიანის ორგანიზმში მისი შეყვანა ადამიანის გენეტიკურ კოდზე გავლენას ვერ მოახდენს და მით უმეტეს, მას ვერ შეცვლის.
რაც შეეხება უშუალოდ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას, მასზე მუშაობა ერთ-ერთმა პირველმა ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა 2020 წლის 10 იანვარს დაიწყეს, როდესაც ჩინელმა მეცნიერებმა ახალი კორონავირუსის გენომი გამოაქვეყნეს.ოქსფორდის ვაქცინის დასამზადებლად შიმპანზეს ადენოვირუსის ვაქცინის ტექნოლოგიაა გამოყენებული. ვაქცინაციის დროს ადამიანის სხეულში შეყავთ გრიპის დასუსტებული, არააქტიური, უვნებელი პათოგენური ორგანიზმი - ვირუსი, რაც ადამიანის ორგანიზმის მიერ იმუნიტეტის მშენებლობას უწყობს ხელს. ვაქცინა იმუნურ სისტემას თავდაცვისაკენ აღძრავს, რაც ანტისხეულების გამომუშავებაში ვლინდება. ადამიანის სხეულში მოხვედრილი ვაქცინა გენეტიკურ კოდს სპეციფიკური ცილის გამოსამუშავებლად იყენებს, რომელიც იმუნიტეტის მშენებლობას ხმარდება. თუ კორონავირუსის მიკრობი ადამიანის ორგანიზმში კიდევ მოხვდა, იმუნური სისტემა მის წინააღმდეგ საბრძოლველად უკვე მზად იქნება.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცება, რომ კორონავირუსის ვაქცინას ადამიანის გენეტიკური კოდის მოდიფიკაცია შეუძლია, მცდარია.
ვაქცინის გლობალური ალიანსის თანახმად, მას შემდეგ, რაც ცხოველებზე ვაქცინის გამოცდისას წარმატებული შედეგები მიიღეს, მისი ადამიანებზე გამოცდის ფაზები დაიწყეს. კლინიკური კვლევის პირველი/მეორე (Phase I/II) ფაზა 23 აპრილს დაიწყო. მას შემდეგ, რაც კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ვაქცინის აღნიშნული ვარიანტი რაიმე გაუთვალისწინებელ რეაქციას არ იწვევდა, კვლევის პროცესი 28 მაისს დიდ ბრიტანეთში მეორე/მესამე ფაზაში (Phase II/III) გადავიდა. მისი საშუალო ეფექტიანობა ჯერჯერობით დახლოებით 70 %-ია. სავარაუდოა, რომ აღნიშნული ვაქცინა 90%-იან ეფექტიანობას მიაღწევს, თუმცა შესაბამისი დოზის გამოცდა მოხალისეებზე ამჟამად მიმდინარეობს.
მტკიცება: ბილ გეითსი თავისი ვაქცინით მოსახლეობის 7-9 მილიარდით შემცირებას გეგმავს.
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, აღნიშნული ინფორმაცია არის ყალბი ამბავი.
ბილ გეითსთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში არაერთი ყალბი თუ მანიპულაციური ინფორმაცია გავრცელდა. მტკიცება, თითქოს გეითსი ვაქცინით მსოფლიო მოსახლეობის დეპოპულაციას ისახავს მიზნად, მას შემდეგ წარმოიშვა, რაც გაზეთ „The Sovereign Independet“ 2011 წლის ივნისის გამოცემა პირველი გვერდი გავრცელდა. გარეკანზე არსებული წარწერა „The Zero Carbon Solution!“ - ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის ნულოვან დონემდე დაყვანასთან დაკავშირებით ბილ გეითსის გეგმას გულისხმობს. ამ გეგმაზე გეითსმა 2011 წლის თებერვალში TED კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა. მან 30 წუთიანი სიტყვით გამოსვლის შესავალ ნაწილში განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინების გამოგონება და მიწოდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ისეთი ღარიბი მოსახლეობისთვის როგორიც აფრიკაშია, აღნიშნული ჯგუფისთვის, კლიმატის ცვლილებებით გამოწვეულ პრობლემებს არანაკლები მნიშვნელობა აქვს. მათთვის კლიმატის ცვლილება, შესაბამისი საკვები პროდუქტის გაქრობას და შიმშილით გამოწვეულ სიკვდილიანობას გულისხმობს.
ბილ გეითსი განმარტავს, თუ ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის დონეს სამყაროში რა ძირითადი ფაქტორები განსაზღვრავს. ეს ფაქტორებია: 1. დედამიწაზე მოსახლეობის რაოდენობა; 2. იმ სხვადასხვა სახის მომსახურების ერთობლიობა, რაც თითოეულ ადამიანს სჭირდება საშუალოდ ცხოვრების მანძილზე; 3. ენერგიის რაოდენობა, რაც ამა თუ იმ სახის მომსახურების გაწევაზე იხარჯება და 4. ამ დახარჯულ ენერგიაში ნახშირორჟანგის შემცველობა. გეითსი მიიჩნევს, რომ ამ 4 ფაქტორის რაოდენობის ნელ-ნელა შემცირება საბოლოოდ დედამიწაზე ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის დონისა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული პრობლემების შემსუბუქების წინაპირობა იქნება. სწორედ ამ კონტექსტიდან გამომდინარე, იგი შემდეგ სიტყვებს ამბობს: „დღეს მსოფლიო მოსახლეობა შეადგენს 6.8 მილიარდს. ეს რაოდენობა მოიმატებს 9 მილიარდამდე. თუ ჩვენ გავაძლიერებთ მუშაობას ახალი ვაქცინების შემუშავებისა და რეპროდუქციული ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესების კუთხით, ჩვენ მოსახლეობის ზრდას 10-15 პროცენტით შევამცირებთ“.
ამ განცხადებაში ბილ გეითსი გულისხმობს არა დეპოპულაციას, არამედ მოსახლეობის ზრდის ტემპის დარეგულირებას, რაც საჭირო ვაქცინების გამოგონებითა და გამართული ჯანდაცვის სისტემის შექმნით იქნება შესაძლებელი. როგორც ცნობილია, განვითარებად ქვეყნებში მრავალშვილიანობა დიდი რაოდენობის მუშახელის საჭიროებით და განუვითარებელი ჯანდაცვის პირობებითაც აიხსნება. იქიდან გამომდინარე, რომ განვითარებად ქვეყნებში არ აქვთ წვდომა გამართულ ჯანდაცვის სისტემაზე, ბავშვებში ხშირია ვაქცინის არ არსებობით გამოწვეული სიკვდილიანობა, რაც ოჯახებში მრავალშვილიანობასაც განაპირობებს. ბილ გეითსის თქმით კი, ვაქცინების გამოგონება და მიწოდება, მოწყვლადი ჯგუფებისთვის მეტი ბავშვის სიცოცხლეს გადაარჩენს, რაც მშობლებს ეკონომიკური და ჯანდაცვის გამოწვევების გამო, მრავალშვილიანობის აუცილებლობას აღარ შეუქმნის.
შესაბამისად, მტკიცება, რომ ბილ გეითსის მიზანი იძულებითი ვაქცინაციით მოსახლეობის შემცირებაა, ყალბი ამბავია. სინამდვილეში, გეითსი საჭირო ვაქცინების დროულად გამოგონების აუცილებლობას უსვამს ხაზს, რომელიც, თავის მხრივ, განვითარებად ქვეყნებში მოსახლეობის ჭარბი ზრდის განმაპირობებელ მიზეზებს მოაგვარებს
მტკიცება: გრიპის ვაქცინა თაღლითობაა, რაც დონალდ ტრამპმაც დაადასტურა.
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, აღნიშნული ინფორმაცია არის ყალბი ამბავი.
დონალდ ტრამპმა გამოცემა Washington Examiner-ისთან ინტერვიუში გრიპის ვაქცინასთან დაკავშირებით წინააღმდეგობა გამოხატა. თუმცა ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა ტრამპი გრიპის ვაქცინის საჭიროებას ეჭვქვეშ აყენებდა. ის აცხადებდა, რომ მის ირგვლივ არავინ იცოდა, ვინც გრიპით გარდაიცვალა.
სინამდვილეში, CDC–ის წინასწარი შეფასებით, 2019-2020 წლის გრიპის სეზონისთვის აშშ-ში გრიპის ვირუსი 39 მილიონიდან 56 მილიონამდე ადამიანს ჰქონდა. სიკვდილიანობის მაჩვენებელი 24 ათასიდან 62 ათასამდე იყო. 2010 წლიდან აშშ – ში გრიპით ყოველწლიურად 9 მილიონიდან 45 მილიონამდე ადამიანი ინფიცირდება. ამ შემთხვევებიდან ყოველწლიურად 12 ათასიდან 61 ათასამდე სიკვდილით სრულდება.
CDC–ის თანახმად, გრიპის ვაქცინა აშშ-ს ყოველწლიურად ათიათასობით ჰოსპიტალიზაციის შემთხვევას არიდებს თავიდან. მის გამოყენებას ძალიან მცირე რისკი (გვერდითი მოვლენები ჩხვლეტის ადგილას ტკივილს, სიწითლეს და/ან შეშუპებას მოიცავს. შეიძლება, თან ახლდეს თავის მსუბუქი ტკივილი, კუნთების ტკივილი და დაღლილობა) და მნიშვნელოვანი სარგებელი აქვს. კვლევები მიუთითებს, რომ გრიპის სეზონზე მისი საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება ინფიცირების რისკს აშშ-ის მთლიანი მოსახლეობაში 40%-დან 60%-მდე ამცირებს.
Kaiser Permanente Washington Health Research Institute-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია სტატია - „10 მითი გრიპის ვაქცინის შესახებ“. მათ შორისაა ისეთი არასწორი მოსაზრებები, თითქოს, გრიპის ვაქცინამ შეიძლება, გრიპით ინფიცირება გამოიწვიოს; გრიპის ვაქცინა მავნე მედიკამენტებს შეიცავს, რომელიც გრიპზე უარეს გვერდით მოვლენებს იწვევს. მეათე მითი სწორედ დონალდ ტრამპის კომენტარს ეხება, რომელიც აცხადებს, რომ გრიპით არასოდეს დაინფიცირებულა, შესაბამისად, აცრა არ სჭირდება. ჯანმრთელობის ექსპერტები განმარტავენ, რომ კორონავირუსის პანდემიის დროს გრიპის ვაქცინა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა ჯანდაცვის სისტემა ორივე ვირუსთან ბრძოლით არ გადაიტვირთოს.
აღნიშნულ პოზიციას ქართველი ეპიდემიოლოგებიც იზიარებენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე, რისკჯგუფში შემავალ პირებს მოუწოდებს, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთონ. მისი განცხადების თანახმად, მოსახლეობის დროულ ვაქცინაციას გრიპის საწინააღმდეგოდ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მისი დაცვის უნარი 60-75%-ის ფარგლებშია. ასევე გასათვალისწინებელია, რომ გრიპის სამკურნალო წამალი, კორონავირუსისგან განსხვავებით, უკვე არსებობს. შესაბამისად, იმ საპრევენციო ღონისძიებებთან ერთად, რომელიც კორონავირუსის პირობებშია რეკომენდებული, გრიპის საწინააღმდეგოდ ვაქცინაციაც ერთ-ერთი რეკომენდაციაა.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მტკიცება, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა თაღლითობაა, მცდარია და ფაქტობრივი საფუძველი არ გააჩნია.
რაც შეეხება უშუალოდ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას, მის მიმართ დონალდ ტრამპი არათუ სკეპტიკურად განწყობილი, არამედ მისი მხარდამჭერი და დაუყოვნებლივ გავრცელების მომხრეა. თუმცა ვაქცინის საზოგადოდ სავალდებულოობას, არც ტრამპი აპირებდა და არც ახალარჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, აანონსებს.
მტკიცება: ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, თუ მშობელი შვილს არ აცრის, ჩამოართმევენ.
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, აღნიშნული ინფორმაცია არის ყალბი ამბავი.
ევროკავშირის თითოეული ქვეყანა იმუნიზაციის პროგრამას თავად განსაზღვრავს (იყოს სავალდებულო თუ ნებაყოფლობითი). მათი უმეტესობა აღნიშნულ პროგრამას არა სავალდებულო, არამედ რეკომენდაციული ხასიათით ატარებს. ეროვნული მთავრობები ისეთ ფაქტორებს ითვალისწინებენ, როგორიცაა: ჯანდაცვის სისტემები, საკანონმდებლო ჩარჩოები და კულტურული ნორმები. ევროკავშირის 12 ქვეყანაში გარკვეული დაავადებების წინააღმდეგ ბავშვთა აცრა სავალდებულოა, თუმცა თითოეულ მათგანში სხვდასხვა ვაქცინაა სავალდებულო.
რაც შეეხება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მის არცერთ პუნქტში არ გვხვდება ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, თუ მშობელი შვილს არ აცრის, ჩამოართმევენ. მსგავსი დეზინფორმაციები ევროკავშირის საწინააღმდეგოდ მიმართული ერთ-ერთი მთავარი ნარატივია. ყალბი ამბები ვრცელდებოდა ისეთ თემებზეც, როგორებიცაა: „ბავშვთა უფლებების კოდექსის“ თანახმად, სიღარიბის გამო ოჯახებს შვილებს წაართმევენ, ყურის აწევის გამო მშობლობის უფლება ჩამოერთმევათ და ა.შ.
ამ გარემოებების გათვალისწინებით, მტკიცება, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, თუ მშობელი შვილს არ აცრის, მშობლობის უფლებას ჩამოართმევენ, მიზანმიმართული დეზინფორმაციაა და ფაქტობრივი საფუძველი არ გააჩნია.
---------------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.