იტვირთება

ვიდეოში მოცემული ფაქტი 1: „დეზინფორმაციაა, რომ ცესკომ პირველადი შედეგების გამოცხადება ძალიან დააგვიანა. სინამდვილეში, ცესკო-ს მხრიდან დაგვიანება არ ყოფილა და პირველადი შედეგები გამოცხადდა ჩვეულებრივ, საშუალო გამოცხადების დროს“.

ვერდიქტი: მეტწილად მცდარი

ანალიზი

2020 წლის 16 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ“ ოფიციალურ Facebook-გვერდზე ვიდეო რგოლი განათავსა. მათი განმარტებით, რგოლის მიზანი 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით გავრცელებული 5 დეზინფორმაციის გაქარწყლება იყო. „ფაქტ-მეტრი“ ვიდეოში მოცემული ფაქტების სიზუსტით დაინტერესდა.

ვიდეოში ნათქვამია: „დეზინფორმაციაა, რომ ცესკომ პირველადი შედეგების გამოცხადება ძალიან დააგვიანა. სინამდვილეში, ცესკო-ს მხრიდან დაგვიანება არ ყოფილა და პირველადი შედეგები გამოცხადდა ჩვეულებრივ, საშუალო გამოცხადების დროს“.

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პირველადი შედეგები ცესკოს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ 1 ნოემბრის ღამის ოთხის ნახევარზე გამოაცხადა. 2012 წლის შემდეგ, 2020 წლის არჩევნების პირველადი შედეგები, ყველაზე გვიან გამოცხადდა. ცხრილი 1-ის მიხედვით, პირველადი შედეგების გამოცხადების საშუალო დრო კენჭისყრის დასრულებიდან 6 საათია. 31 ოქტომბრის არჩევნების პირველადი შედეგები 7 საათისა და 30 წუთის შემდეგ გამოცხადდა, რაც პირველადი შედეგების გამოცხადების საშუალო დროზე 1.5 საათით მეტია. შესაბამისად, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარალამენტო არჩევნების პირველადი შედეგების გამოცხადებასთან დაკავშირებით ვიდეო რგოლში არსებული ინფორმაცია არის მეტწილად მცდარი.

ცხრილი 1: 2012-2020 წლების არჩევნები და პირველადი შედეგების გამოცხადების პერიოდი. [1]

წყარო: ცენტრალური საარჩევნო კომისია

აღნიშნული ნათლად აჩვენებს, რომ 2012 წლის შემდეგ ცესკო-ს პირველადი მონაცემების გამოსაქვეყნებლად ამდენი დრო ჯერ არ დასჭირვებია. მეტიც, შესადარებლად საპარლამენტო არჩევნების სტატისტიკების გამოყენება შეიძლება, ვინაიდან განსხვავებული არჩევნები განსხვავებული სპეციფიკით ტარდება და შედეგების დათვლას, შესაძლოა, განსხვავებული დრო დასჭირდეს. შესაბამისად, თუ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველადი შედეგების გამოცხადებისა და 2020 წლის პირველადი შედეგების გამოცხადებისთვის ცესკო-ს მიერ გამოყენებულ დროს შევადარებთ, აღმოჩნდება, რომ ცესკო-მ 2016 წელთან შედარებით, პირველადი მონაცემების გამოქვეყნება 2 საათით დააგვიანა.

"ფაქტ-მეტრის" სრული ანალიზი "ქართული ოცნების" მიერ გავრცელებული ვიდეორგოლის შესახებ იხილეთ ბმულზე.

[1] ცხრილში ასახულია, მხოლოდ არჩევნების პირველი ტურების მონაცემები.


მსგავსი სიახლეები

3539 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
20%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
9%
ყალბი ამბავი
7%

ყველაზე კითხვადი