რეზიუმე: ვიდეოში არსებული ინფორმაციის ნაწილი სიმართლეა, თუმცა ვიდეოში მოცემული მტკიცებები ფაქტებით მანიპულირებაა და საზოგადოებაში არსებული პროტესტის გაქარწყლებასა და მათ შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

ანალიზი:

2020 წლის 16 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ“ ოფიციალურ Facebook-გვერდზე ვიდეორგოლი განათავსა. მათი განმარტებით, რგოლის მიზანი 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით გავრცელებული 5 დეზინფორმაციის გაქარწყლება იყო. „ფაქტ-მეტრი“ ვიდეოში მოცემული ფაქტების სიზუსტით დაინტერესდა. ქვემოთ ვიდეოში მოცემული თითოეული ფაქტი და მასთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაციაა მიმოხილული.

ვიდეოში მოცემული ფაქტი 1: „დეზინფორმაციაა, რომ ცესკომ პირველადი შედეგების გამოცხადება ძალიან დააგვიანა. სინამდვილეში, ცესკო-ს მხრიდან დაგვიანება არ ყოფილა და პირველადი შედეგები გამოცხადდა ჩვეულებრივ, საშუალო გამოცხადების დროს“.

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პირველადი შედეგები ცესკოს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ 1 ნოემბრის ღამის ოთხის ნახევარზე გამოაცხადა. 2012 წლის შემდეგ, 2020 წლის არჩევნების პირველადი შედეგები, ყველაზე გვიან გამოცხადდა. ცხრილი 1-ის მიხედვით, პირველადი შედეგების გამოცხადების საშუალო დრო კენჭისყრის დასრულებიდან 6 საათია. 31 ოქტომბრის არჩევნების პირველადი შედეგები 7 საათისა და 30 წუთის შემდეგ გამოცხადდა, რაც პირველადი შედეგების გამოცხადების საშუალო დროზე 1.5 საათით მეტია. შესაბამისად, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარალამენტო არჩევნების პირველადი შედეგების გამოცხადებასთან დაკავშირებით ვიდეორგოლში არსებული ინფორმაცია,არის მეტწილად მცდარი.

ცხრილი 1: 2012-2020 წლების არჩევნები და პირველადი შედეგების გამოცხადების პერიოდი (მხოლოდ პირველი ტურის მონაცემები).

წყარო: ცენტრალური საარჩევნო კომისია

აღნიშნული ნათლად აჩვენებს, რომ 2012 წლის შემდეგ ცესკო-ს პირველადი მონაცემების გამოსაქვეყნებლად ამდენი დრო ჯერ არ დასჭირვებია. მეტიც, შესადარებლად საპარლამენტო არჩევნების სტატისტიკების გამოყენება შეიძლება, ვინაიდან განსხვავებული არჩევნები განსხვავებული სპეციფიკით ტარდება და შედეგების დათვლას, შესაძლოა, განსხვავებული დრო დასჭირდეს. შესაბამისად, თუ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველადი შედეგების გამოცხადებისა და 2020 წლის პირველადი შედეგების გამოცხადებისთვის ცესკო-ს მიერ გამოყენებულ დროს შევადარებთ, აღმოჩნდება, რომ ცესკო-მ 2016 წელთან შედარებით, პირველადი მონაცემების გამოქვეყნება 2 საათით დააგვიანა.

ვიდეოში მოცემული ფაქტი 2:„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს ბათილი ბიულეტენების რაოდენობა ბევრია. სინამდვილეში, 2008 წლის შემდეგ, ბათილი ბიულეტენების რაოდენობა 3-დან 4 %-მდე მერყეობს“ .

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში 65 295 ბიულეტენი გაბათილდა, ხოლო მაჟორიტარული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში 81 963 ბიულეტენი. პროპორციულ ნაწილში ბათილი ბიულეტენების რაოდენობა, წინა წლებში ჩატარებული არჩევნების დროს არსებული ბათილი ბიულეტენების რაოდენობისგან, მნიშვნელოვნად არ განსხვავდება.

2020 წლის არჩევნების მაჟორიტარულ ნაწილში გაბათილებული ბიულეტენების რაოდენობა (81 963), 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, 7 000-ით, ხოლო 2012 წლის მაჩვენებელს 14 000-ით აღემატება (იხ. ცხრილი 2). საყურადღებოა, რომ ვიდეორგოლში მაჟორიტარულ ნაწილში ბათილი ბიულეტენების, ყველაზე მაღალ მაჩვენებელთან დაკავშირებით, არანაირი ინფორმაცია არ მოხვედრილა. შესაბამისად, აღნიშული მტკიცება არის მეტწილად მცდარი, რადგან ვიდეორგოლში, მხოლოდ ის მონაცემებია წარმოდგენილი, რომელიც მათივე მტკიცებას ამყარებს.

ცხრილი 2: ბათილი ბიულეტენების რაოდენობა 2008-2020 წლებში ჩატარებული არჩევნების მიხედვით (პირველი ტურის მონაცემები)

წყარო: ცენტრალური საარჩევნო კომისია

აქ კიდევ ერთხელ შეიძლება იმ ფაქტის გამეორება, რომ მართებულია ერთი ტიპის - ამ შემთხვევაში - საპარლამენტო არჩევნებს შორის სხვადასხვა მონაცემის შედარება. ცხრილიდან ჩანს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებული ბათილი ბიულეტენების რაოდენობა, რეალურ რიცხვებშიც და პროცენტული მაჩვენებლითაც, მანამდე ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ანალოგიურ მაჩვენებლებს მკვეთრად აღემატება. მათ შორის 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს - რომელსაც ხელისუფლების ცვლილება მოჰყვა და 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებს - რომელსაც მაშინდელი ოპოზიცია აპროტესტებდა და პარლამენტს ბოიკოტს უცხადებდა.

ვიდეოში მოცემული ფაქტი 3: „დეზინფორმაციაა, რომ 2020 წელს ჭარბი, დიდი რაოდენობით შესწორების ოქმია. სინამდვილეში წელს იყო 1171 შესწორების ოქმი და თითქმის ასეთივე რაოდენობა იყო 2017 წელს, თვითმმართველობის არჩევნების დროს. 2016 წელს იყო ნაკლები შესწორების ოქმი, მაგრამ მაშინ იყო 23 რეგისტრირებული სუბიექტი, წელს კი 50. ამასთან, ტარდებოდა აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები“.

ცესკოს მონაცემების მიხედვით, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში 1228 შესწორების ოქმი შედგა, რაც 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შესწორების ოქმების რაოდენობას 356-ით აღემატება (იხ. ცხრილი 3). შესაბამისად, ვიდეორგოლში გაჟღერებული ინფორმაცია, რომ 2017 და 2020 წლების არჩევნებში შესწორების ოქმების რაოდენობა, თითქმის თანაბარია, არის ტყუილი.

2020 წლის 31 ოქტომბრის პროპორციულ სისტემით ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, 507 საარჩევნო უბანზე 552 შესწორების ოქმი დაიწერა. მაჟორიტარული სისტემით ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, 584 საარჩევნო უბანზე 644 შესწორების ოქმი დაიწერა. ცხრილი 3-დან ნათლად ჩანს, რომ, როგორც შესწორების ოქმების რაოდენობა, ისე იმ უბნების რაოდენობა, სადაც შესწორების ოქმი დაიწერა, წინა წლებში ჩატარებული არჩევნების ანალოგიურ მონაცემებს, საგრძნობლად აღემატება.

ცხრილი 3: შესწორების ოქმებისა და იმ საარჩევნო უბნების რაოდენობა, სადაც შესწორების ოქმი დაიწერა, 2016-2020 წლებში ჩატარებული არჩევნების მიხედვით (პირველი ტურის მონაცემები).

წყარო: ცენტრალური საარჩევნო კომისია

ვიდეორგოლში შესწორების ოქმების გაზრდილი რაოდენობას საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ჩატარებით და ბევრი საარჩევნო სუბიექტის არსებობით (50) ხსნიან. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ მსგავსი მტკიცება, იმთავითვე არასწორი და მანიპულაციურია. კენჭისყრის პროცესი ხარვეზების გარეშე, გამართულად ჩატარება ცესკოს ერთ-ერთი, უმთავრესი ვალდებულებაა. წინასაარჩევნო პერიოდში ცესკომ უნდა უზრუნველყოს საარჩევნო კომისიების კვალიფიკაციის ამაღლება და მათი იმგვარი მომზადება, რომ საარჩევნო სუბიექტების სიმრავლისა თუ სხვა, ფაქტორების მიუხედავად, კენჭისყრის პროცესი ხარვეზების გარეშე წარიმართოს. შესაბამისად, ვიდეორგოლში გაჟღერებული არგუმენტი საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ, საზოგადოებაში არსებულ ეჭვებს არათუ აბათილებს, არამედ, პირიქით, აძლიერებს და ცესკოს კომპეტენტურობის მიმართ კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს ბადებს. ამასთან, სხვადასხვა წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედარებით დგინდება, რომ 2020 წელს 2016 საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, შესწორების ოქმების რაოდენობა მკვეთრად მაღალია.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2020 წლის მსგავსად, 2016 წელს საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები ერთდროულად ტარდებოდა, თუმცა გამოქვეყნებულ ვიდეოში მოცემული მტკიცება იმგვარადაა წარმოდგენილი, რომ თითქოს 2016 წელს უმაღლესი საბჭოს არჩევნები არ ჩატარებულა და 2020 წელს გაზრდილი მაჩვენებელი უმაღლესი საბჭოს არჩევნების ჩატარებით უნდა აიხსნებოდეს. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შესწორების ოქმებთან დაკავშირებით, ვიდეორგოლში არსებული მტკიცება არის ფაქტებით მანიპულირება და საზოგადოებაში არასწორი ინფორმაციის გავრცელებას ისახავს მიზნად.

ვიდეოში მოცემული ფაქტი 4: „დეზინფორმაციაა, რომ ბევრ ოქმში არის დისბალანსი. სინამდვილეში, დღეისთვის, გვაქვს დაახლოებით 966 ოქმი, რომელშიც იყო დისბალანსი. 2016 წლის არჩევნებში დაახლოებით, 900-მდე ოქმი იყო. ესაა ჩვეულებრივი ტექნიკური წუნი, რომელიც არჩევნებს ახლავს ხოლმე“.

ცესკოს მონაცემების მიხედვით, 14 ნოემბრის მდგომარეობით, დისბალანსი, პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელ ოქმებში 943 საუბნო საარჩევნო კომისიაში დაფიქსირდა. გაბათილებული ბიულეტენების და ნამდვილი ხმების ჯამი, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობას 19 საუბნო საარჩევნო კომისიაში აღემატება. ხოლო, 857 საარჩევნო უბანში, გაბათილებული ბიულეტენების და ნამდვილი ხმების ჯამი არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობაზე ნაკლებია.

ცხრილი 4: ბიულეტენების ნაკლებობის მაჩვენებელი 2008-2020 წლებში ჩატარებული არჩევნების მიხედვით [1]

წყარო: ცენტრალური საარჩევნო კომისია.

პროპორციულ ნაწილში, არჩევნების საბოლოო შედეგების მიხედვით ნაკლები ბიულეტენების რაოდენობამ შეადგინა 3062 (0.15%). საყურადღებოა, რომ 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 2020 წლის არჩევნების პროპორციულ ნაწილში ბიულეტენების ნაკლებობის მაჩვენებელი, ყველაზე მაღალია.

როგორც ქართული ოცნების ვიდეორგოლში, ასევე ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, აღნიშნულია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს პროპორციულ ნაწილში გამოვლენილი დისბალანსის პროცენტული მაჩვენებელი იგივეა, რაც 2016 წლის პარლამენტის არჩევნებისას იყო, 2014 წლის და 2017 წლის მუნიციპალიტეტის არჩევნებთან შედარებით მცირედით ნაკლებია და 2008 წლის პრეზიდენტის და პარლამენტის არჩევნებისგან რადიკალურად განსხვავდება.

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ გამოვლენილი ხარვეზების სხვა წლებთან შედარება და ამით, ისეთი სურათის შექმნა, რომ 2020 წლის არჩევნებში „არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა“ თავისი არსით არასწორია და საზოგადოებაში არსებული ლეგიტიმური პროტესტის გაქარწყლებას ემსახურება მიზნად. რაც შეეხება ვიდეოში არსებულ ზემოხსენებული არგუმენტს, იგი იმ შემთხვევაში იქნებოდა საფუძვლიანი, თუ დისბალანსის მაჩვენებელსა და ამომრჩეველთა აქტივობას შორის, პირდაპირ პროპორციული კავშირი იარსებებდა. თუმცა, როგორც ცხრილი 4-დან ჩანს მსგავსი კავშირი არ არსებობს. მაგალითად, 2012 წლის არჩევნებში 2020 წელთან შედარებით, ამომრჩეველთა რაოდენობა, თითქმის 220 000-ით მეტი იყო, ხოლო ბიულეტენების ნაკლებობის მაჩვენებელი 500 -ით ნაკლები. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობა 2020 წლის არჩევნების პირველი ტურის ამომრჩეველთა აქტივობის ტოლია, თუმცა ბიულეტენების ნაკლებობის მაჩვენებელი 2020 წელს, 2018 წელთან შედარებით, 5-ჯერ მაღალია. შესაბამისად, როგორც უკვე ვახსენეთ, ვიდეოში და ცესკოს განცხადებაში გაჟღერებული არგუმენტი საფუძველს მოკლებულია. ამასთან, ნაკლები ბიულეტენების საერთო რაოდენობის საარჩევნო უბნების საერთო რაოდენობასთან შეფარდებამ აჩვენა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, საშუალოდ, ყოველ 10 საარჩევნო უბანზე 8 ბიულეტენის ნაკლებობაა. აღნიშნული 2008 წლის არჩევნების შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ასევე, მნიშნველოვანია, რომ 2020 წლის არჩევნების პროპორციულ ნაწილში ბიულეტენების ნაკლებობა, ზოგადად არჩევნების შეფასების კონტექსტში განვიხილოთ. 31 ოქტომბრის არჩევნებში დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა, არაერთი, მძიმე დარღვევა, მათ შორის ე.წ. „კარუსელის“ შემთხვევა დააფიქსირეს. 1 ნოემბერს არასამთავრობო ორგანიზაციამ, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელურად დათვლის შედეგები გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, შედეგების შეჯამების პროცესში გამოკვეთილი ტენდენციის სახე ჰქონდა შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსის ისეთ შემთხვევებს, როცა ბიულეტენების რაოდენობა აღემატებოდა ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას, რაც დარღვევას წარმოადგენს. ამასთან, რიგ უბნებზე, მოცემული დისბალანსი, ერთეულ შემთხვევებს მნიშვნელოვნად აჭარბებდა. მოცემული დარღვევა საარჩევნო უბნების 8%-ში დაფიქსირდა. ასეთი მასშტაბის მსგავსი ტენდენცია ბოლო წლების განმავლობაში არ გამოვლენილა და ამდენად განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტენდენციას, შესაძლოა, გარკვეული გავლენა მოეხდინა საარჩევნო სუბიექტების მიერ ნაჩვენებ შედეგებზე, PVT ანალიზი აჩვენებს, რომ შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა 4.1%-ზე ნაკლები იქნებოდა. აღნიშნული ტენდენცია საფრთხეს უქმნის მიმდინარე საარჩევნო პროცესისადმი ნდობას, და ამდენად საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, ის რომ 2008 წლის არჩევნების შემდეგ ბიულეტენების ნაკლებობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი წელს დაფიქსირდა, არჩევნების სანდოობასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებულ ეჭვებს კიდევ უფრო აღრმავებს.

საბოლოო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დისბალანსთან დაკავშირებით ვიდეორგოლში არსებული მტკიცება არის ფაქტებით მანიპულირება.

ვიდეოში მოცემული ფაქტი 5: „დეზინფორმაციაა, რომ უპრეცედენტოდ ბევრი საჩივარია დაწერილი. სინამდვილეში, 2020 წელს 2016 წელთან შედარებით არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაწერილი საჩივრების რაოდენობა 71 ერთეულითაა შემცირებული. სამაგიეროდ, პარტიებს აქვთ 738 -ით მეტი საჩივარი დაწერილი“.

ცესკოს მონაცემების მიხედვით, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიებში კენჭისყრის დღეს და შემდგომ პერიოდში ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების მიერ 2092 საჩივარი შევიდა. დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ 633 საჩივარი, ხოლო საარჩევნო სუბიექტების მიერ 1459 საჩივარი იყო წარდგენილი. 2016 წელის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ანგარიშის მიხედვით, საოლქო საარჩევნო კომისიებში კენჭისყრის დღესთან (პირველი ტური) დაკავშირებით 1168 განცხადება/საჩივარი შევიდა. 507 საჩივარი საარჩევნო სუბიექტებმა, ხოლო 635 საჩივარი დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა წარადგინეს. ვიდეორგოლში აღნიშნულია, რომ 2016 წელთან შედარებით, 2020 წელს დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა 71 ერთეულით ნაკლები საჩივარი წარადგინეს, თუმცა, როგორც ცესკოს მონაცემებიდან ჩანს, 2016 და 2020 წლების არჩევნებში დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ წარდგენილი საჩივრების რაოდენობა, თითქმის თანაბარია. ამასთან, საყურადღებოა, რომ მოცემულ რეალობაში საჩივრების რაოდენობა მნიშვნელოვანი არაა. 31 ოქტომბრის არჩევნებს ოპოზიცია და არასმთავრობო სექტორი უარყოფითად აფასებს. „სამართლიანი არჩვენების“ განცხადების მიხედვით, საარჩევნო უბნების 8 % ხელახალ გადათვლას საჭიროებს. ასევე, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ 117 უბნის ბათილობას ითხოვს, ხოლო „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ 42 უბნის ბათილობას. შესაბამისად, საჩივრების რაოდენობაზე მნიშვნელოვანი საჩივრების შინაარსი და გამოვლენილი დარღვევებია. ამიტომაც, ვიდეორგოლში გაჟღერებული ინფორმაცია არის ფაქტებით მანიპულირება. ვიდეოში ყურადღება, მხოლოდ საარჩევნო სუბიექტების მხრიდან საჩივრების გაზრდილ რაოდენობაზეა გამახვილებული, ხოლო საარჩევნო სუბიექტებისა და დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ კენჭისყრის პროცესში გამოვლენილი შესაძლო დარღვევების სიმძიმე და საჩივრების შინაარსი, უგულებელყოფილია.

ცხრილი 5: კენჭისყრის დღესთან დაკავშირებით საოლქო კომისიებში წარდგენილი საჩივრების/განცხადებების რაოდენობა 2016-20 წლების არჩევნების მიხედვით.

წყარო: ცენტრალური საარჩევნო კომისია

დასკვნის სახით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებული ვიდეორგოლი არის ფაქტებით მანიპულირება. ვიდეოში არსებული ინფორმაციის ნაწილი სიმართლეა, თუმცა ვიდეოში, ძირითადად გვხვდება, ისეთი მტკიცებები, რომლებიც საზოგადოებაში არსებული პროტესტის გაქარწყლებას და ფაქტების მანიპულირებით, მათ შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

1.2008 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებისთვის და 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილი საარჩევნო უბნების რაოდენობის ოფიციალური მონაცემები „ფაქტ-მეტრამა“ ვერ მოიპოვა. 2008 წლის არჩევნებთან დაკავშირებით ცესკოს მიერ გასაჯაროებული ინფორმაციაში, საარჩევნო უბნების საერთო რაოდენობის მონაცემები დამუშავებული არ არის, ან ტექნიკური ხარვეზის გამო, ასეთი მონაცემების მოპოვება შეუძლებელია. შესაბამისად, ცხრილი 4-ში უბნების საერთო რაოდენობის გრაფაში 2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილი საარჩევნო უბნების რაოდენობები დათვლილია ავტორის მიერ. აქვე აღვნიშნავთ, რომ ზემოხსენებულ 2 მონაცემს ვერდიქტზე გავლენა არ მოუხდენია.