2020 წლის 30 აპრილს აჭარის ა/რ უმაღლესმა საბჭომ აჭარის ა/რ 2020 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში განსახორციელებელ ცვლილებებს მხარი დაუჭირა. „საგანგებო ბიუჯეტი“, როგორც მას უწოდებენ, რეგიონის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობის მხარდაჭერით, ცამეტი ხმით დამტკიცდა. როგორც მის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, მიმდინარე წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების დაზუსტების ძირითად არსს საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის გათვალისწინებული ასიგნებების, საერთო რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელებისა და რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობების ცვლილებები წარმოადგენს. შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 318594300 ლარით განისაზღვრა, რაც ნიშნავს, რომ თავდაპირველად დაგეგმილი მაჩვენებელი (322094300 ლარი) 3500000 ლარით შემცირდა.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ცალკეული გადასახდელების მოცულობის შემცირებით, მთავრობამ COVID-19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად 23370300 ლარის მობილიზება შეძლო.
ცხრილი 1. აჭარის ა/რ 2020 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების მაჩვენებლები, ცვლილების მოცულობა, ლ (30. 04. 2020)
დასახელება
|
თავდაპირველად დაგეგმილი მაჩვენებელი
|
ცვლილების შემდგომი მაჩვენებელი
|
ცვლილება
|
|
შემოსულობები
|
322094 300
|
318594 300
|
-3500 000
|
|
|
გადასახდელები
|
350094 300
|
350094 300
|
0
|
|
ნაშთის ცვლილება
|
28000 000
|
31500 000
|
3500 000
|
|
წყარო: აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭო
როგორც ვხედავთ, შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 3500000 ლარით მცირდება. ეს შემცირება არაფინანსური აქტივების კლების საპროგნოზო მაჩვენებელს (20844300 ლარი) შეეხო და წლიური საპროგნოზო მოცულობა 17344300 ლარით განისაზღვრა.
რაც შეეხება გადასახდელებს, ის უცვლელი რჩება და კვლავ 350094300 ლარს შეადგენს. თუმცა ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, მიზნობრივი ღონისძიებების განხორციელება დაიგეგმა, რისთვისაც თანხის მობილიზება სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციის ასიგნებების შემცირებით გახდა შესაძლებელი. კერძოდ, კლასიფიკაციის მუხლებს შორის სახსრების გადატანით. ასევე, 2020 წლისთვის არსებული ნაშთის გამოყენების საპროგნოზო მაჩვენებელი, 3500000 ლარით იზრდება.
ცხრილი 2. აჭარის ა/რ 2020 წლის ბიუჯეტის ხარჯები ცვლილებამდე და ცვლილების შემდეგ, ლ
დასახელება
|
ცვლილებამდე
|
ცვლილების შემდეგ
|
ცვლილება
|
ხარჯები
|
246711 100
|
248306 700
|
1595 600
|
მათ შორის:
|
შრომის ანაზღაურება
|
39269 700
|
38801 100
|
-468600
|
საქონელი და მომსახურება
|
44758 700
|
46816 600
|
2057 900
|
პროცენტი
|
1144 700
|
1072 000
|
-72 700
|
სუბსიდიები
|
7575 800
|
5212 900
|
-2362 900
|
გრანტები (გაცემული)
|
66757 300
|
66274 300
|
-483 000
|
სოციალური უზრუნველყოფა
|
15001 400
|
14991 400
|
-10 000
|
სხვა ხარჯები
|
72203 600
|
75138 300
|
2934 700
|
წყარო: აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭო
აღსანიშნავია, რომ შრომის ანაზღაურების საპროგნოზო მაჩვენებელიც შემცირდა და ეს შემცირება აჭარის ა/რ უმაღლეს საარჩევნო კომისიასა და მთავრობის აპარატში, ასევე - აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში დასაქმებულთა ხელფასებს შეეხო.
ჯამში, 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ცალკეული გადასახდელების მოცულობა 23270300 ლარით მცირდება და ეს თანხა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლას მოხმარდება.
აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაფინანსება, ჯამში, 2452500 ლარით შემცირდა და 111348300 ლარით დაიგეგმა. თუმცა გამოთავისუფლებული სახსრების შედეგად, შესაძლებელი გახდა აჭარის ა/რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დაფინანსების გაზრდა, კერძოდ, 7300000 ლარი ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის ღონისძიებებს მოხმარდება. ეს პროგრამა საკარანტინო სივრცეებში (სასტუმროებში) განთავსებული მოქალაქეებისთვის შესაბამისი სერვისების (ცხოვრება, კვება, ჰიგიენა...) მიწოდებას გულისხმობს.
შემცირება სამინისტროს მთელ რიგ პროგრამებსა და ქვეპროგრამებს შეეხო: ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა; სახაზინო მომსახურება; რეკრეაციული ადგილების მოვლა-შენახვა; დამწყები და განვითარებადი ბიზნესის ხელშეწყობა; საწარმოთა მართვა; ბიზნესინტერესების დაცვა და ექსპორტის ხელშეწყობა; ტურიზმის სფეროს მართვა და დარგის განვითარების ხელშეწყობა; მარკეტინგი (5 მლნ ლარზე მეტით) და სხვა. საერთოდ ამოღებულია პროგრამა „ახალი შესაძლებლობები ბიზნესს“, რომლისთვისაც 500000 ლარი იყო გათვალისწინებული.
დაფინანსება ოდნავ, 13800 ლარით შეუმცირდა საავტომობილო გზების დეპარტამენტს და საბოლოოდ 64982200 ლარი შეადგინა.ყველაზე მეტი ზრდა - 8137700 ლარი, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებების საპროგნოზო მაჩვენებელს შეეხო. პარალელურად, თანხები გამოთავისუფლდა სამინისტროს რამდენიმე პროგრამისა და ქვეპროგრამის ხარჯების შემცირებით. ამის შედეგად, სამინისტროს დაემატა ქალაქ ბათუმის 170 საწოლზე გათვლილი მრავალპროფილური კლინიკური საავადმყოფოს აღჭურვის, ფუნქციონირებისა და რისკჯგუფების ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით უზრუნველყოფის პროგრამა, რომლის დაფინანსების საპროგნოზო მაჩვენებელიც 8555000 ლარს შეადგენს.
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის დაფინანსება 27200 ლარით გაიზარდა. აქედან 25500 ლარი მომუშავეთა შრომის ანაზღაურების ზრდას მოხმარდება.
ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, სამინისტროს დაფინანსება, ჯამში, 29137700 ლარით განისაზღვრა.
აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხა 47385400 ლარი გახდა, რაც ცვლილებამდე არსებულ მაჩვენებელზე, 56390100 ლარზე, 9004700 ლარით ნაკლებია. ცვლილება სამინისტროს აპარატში დასაქმებულთა ხელფასსაც შეეხო და ის 427800 ლარით შემცირდა. გარდა ამისა, საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ინვენტარით აღჭურვის, მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის პროგრამის დაფინანსებამ 3054400 ლარით მოიკლო. ასევე, სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის, საპანსიონო მომსახურების, ზოგადი პროფესიული განათლების, უწყვეტი განათლების, უმაღლესი განათლების, სახელოვნებო განათლების ხელშეწყობის, სკოლისგარეშე სასპორტო დაწესებულებების ხელშეწყობის, კულტურის განვითარების, ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის, სპორტის განვითარების ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის, ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობის პროგრამების ხარჯების მოცულობაც შემცირდა.
რაც შეეხება აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გადაწყდა, რომ ის, 15178200 ლარის ნაცვლად, 14629700 ლარს მიიღებს. შემცირება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ხარჯებს შეეხო. სამინისტროს პროგრამების მუხლებში გარკვეული ცვლილებების შედეგად, შესაძლებელი გახდა დამატებითი თანხის მობილიზება აგროსერვისების განვითარების პროგრამისთვის, რომელიც, 2537700 ლარის ნაცვლად, 3189200 ლარით დაფინანსდება. ამ პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქვეპროგრამა სანერგე, საჩითილე მეურნეობებისა და ვეტერინარული კლინიკების განვითარების შესახებ, რომლის დაფინანსებაც იზრდება. კლასიფიკაციის მუხლებს შორის გადატანით ჯამში 2413500 ლარის მობილიზება მოხდა და ეს თანხა სხვა პროგრამებს დაემატა.
4314600 ლარით გაიზარდა საერთო რესპუბლიკური მნიშვნელობის ასიგნება, მათ შორის:
სარეზერვო ფონდი - 3800000 ლარით და 6800000 ლარი შეადგინა;
უცხოეთიდან მიღებული სესხის დაბრუნება - 234100 ლარით და გახდა 2695900 ლარი.
თუმცა 72700 ლარით შემცირდა სესხების მომსახურების ხარჯი და საპროგნოზო მაჩვენებელი 1072000 ლარით განისაზღვრა.
246600 ლარი დაემატა მდგრადი სოფლის მეურნეობის ქვეპროგრამის თანადაფინანსებას.
უნდა აღინიშნოს, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ხარჯებს მხოლოდ 100000-ლარიანი შემცირება შეეხო, ხოლო აჭარის ა/რ მთავრობის აპარატის ხარჯები 250000 ლარით შემცირდა. ამ კონკრეტულმა ფაქტორმა და ზოგადად, 2020 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში განხორციელებულმა ცვლილებებმა აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერი წევრების უკმაყოფილება და პროტესტი გამოიწვია.
მართალია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კანონის პროექტის განხილვაში ჩართული იყვნენ, მაგრამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. ცვლილებებს მხარი ორმა ოპოზიციონერმა დეპუტატმაც არ დაუჭირა, ხოლო ერთი დეპუტატი სხდომას არ დაესწრო. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ახალ კორონავირუსთან (COVID-19) ბრძოლისთვის მეტი თანხის მობილიზება იყო შესაძლებელი. ენმ-ის წევრები უმაღლესი საბჭოს უმრავლესობას ურჩევენ, შეამციროს ფრაქციების რაოდენობა, საავტომობილო ხარჯები. ასევე, მათივე განცხადებით, შესამცირებელია ავტომანქანების ხარჯები და მოადგილეების რაოდენობა მთავრობასთან არსებულ ორგანიზაციებში, ამ გზით გამოთავისუფლებული სახსრები კი პანდემიით დაზარალებული პირების დასახმარებლად უნდა წარმართოს. საუბარია იმ პირებზე, რომლებიც ცენტრალური ხელისუფლების მიერ განსაზღვრულ კატეგორიებში ვერ მოხვდებიან. ოპოზიცია აცხადებს, რომ აჭარის ა/რ მთავრობამ და უმაღლესი საბჭოს უმრავლესობამ ოპოზიციის შეთავაზება უნდა გაითვალისწინოს.