რეზიუმე: აჭარის ა/რ მთავრობამ ეკომიგრანტებისთვის სოციალურ სახლებში ფართების გადაცემა 2013 წლიდან დაიწყო. ამ დრომდე საცხოვრებელი გადაეცა 670 ოჯახს. აქედან ყველაზე მეტი 2018 წელს დაკმაყოფილდა - საცხოვრებელი 209 ოჯახმა მიიღო.
რაც შეეხება 2020 წელს, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, სხვადასხვა რეგიონში, საცხოვრებელი ფართი აჭარის ტერიტორიაზე მცხოვრებ 126 ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცა ან/და დაუკანონდა.
მხოლოდ „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში“, რომელიც 2016 წლიდან მოქმედებს, ეკომიგრანტებისთვის სახლების შესაძენად 11 754 231 ლარი გამოიყო. ამ თანხით საცხოვრებელი476-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა შეიძინა.
2012 წლიდან ბათუმში ე. წ. ოცნების ქალაქი გაჩნდა. ტერიტორია თვითნებურად დაიკავეს ოჯახებმა, რომლებიც, უკვე წლებია, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. აჭარის ა/რ მთავრობამ 2019 წელს ტერიტორიაზე მრავალბინიანი კორპუსების მშენებლობა დაიწყო. თუმცა ჯერ კიდევ დაუდგენელია კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც „ოცნების ქალაქში“ დასახლებულ ოჯახებს ფართები გადაეცემათ. ცნობილია, რომ კრიტერიუმების დადგენაში ჩართული არიან იუნისეფის, „წითელი ჯვრის ორგანიზაციისა“ და საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები. აჭარის ა/რ მთავრობის მიერ შექმნილმა ჯგუფმა 1 740 ოჯახი შეისწავლა. აქედან რეგისტრაცია მხოლოდ 1 607-მა ოჯახმა გაიარა.
ანალიზი:
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ რამაზ ჯინჭარაძემ განაცხადა: „2013 წლიდან დღემდე დაკმაყოფილებულია 600-მდე ეკომიგრანტი სოციალურად დაუცველი ოჯახი. წელს 120-მდე ოჯახს გადაეცა საცხოვრებელი სახლი. რაც შეეხება აღნიშნულ დასახლებას [ე. წ. ოცნების ქალაქი], ჩვენ მიერ შესწავლილია 1 740 ოჯახი დეტალურად. ამ კრიტერიუმების შესწავლასა და შემდგომ რიგითობის დადგენაში ჩართული არიან იუნისეფის, წითელი ჯვრისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლები.“
„ფაქტ-მეტრი“ აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
ცნება „ეკომიგრანტის“ ზუსტი განმარტება არ არსებობს, თუმცა მიღებულია, რომ ამ ტერმინით მოიხსენებენ სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს, რომლებიც გადაადგილებას ექვემდებარებიან. აჭარის რეგიონში კი ამ კატეგორიას მიკუთვნებული ოჯახების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამა 2012 წლიდან ამოქმედდა და „სოციალურად დაუცველი და ეკომიგრანტი ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლის მშენებლობის პროექტის“ ფარგლებში, დაბა შუახევსა და ქედაში შენობების რეკონსტრუქცია ჩატარდა, ხოლო ბათუმში ორი ცხრასართულიანი სახლი აშენდა.
პროექტი მომდევნო წლებშიც გაგრძელდა, ხოლო 2016 წლიდან აჭარაში „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამაც“ ამოქმედდა, რომელიც, თითოეული ბენეფიციარი ოჯახისთვის, 25 000 ლარის ფარგლებში, საცხოვრებლის შეძენას გულისხმობს. აღნიშნული პროგრამით უკვე 476-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა ისარგებლა, რისთვისაც აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან, ჯამში, 11 754 231 ლარი გამოიყო.
2013-2020 წლებში, „სოციალურად დაუცველი და ეკომიგრანტი ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლის მშენებლობის პროექტისა“ და „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში საცხოვრებლით უზრუნველყოფილი, ჯამში, 796 ოჯახია. აქედან:
წყარო: აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო დანართი 1
აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, 34 ეკომიგრანტ ოჯახს სახლი აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ შეუსყიდა, 13 ოჯახს საცხოვრებელი ფართი ხულოს სოციალურ სახლში გადაეცა. ასევე, აჭარიდან მიგრირებულ 40 ოჯახს საცხოვრებელი სხვადასხვა რეგიონში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დაუკანონდა. მისივე დაფინანსებით საცხოვრებელი შესყიდულია 35 ოჯახისთვის. კიდევ 4 ოჯახს საცხოვრებელი აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ დაუკანონა.
როგორც უკვე ვთქვით, საცხოვრებლით უზრუნველყოფა ხდება როგორც შესაბამისი ფართის გადაცემით, ისე „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში, თითოეული ბენეფიციარი ოჯახისთვის სახლის შესაძენად განკუთვნილი 25 000 ლარამდე თანხის გამოყოფით. მიმდინარე პერიოდის ჩათვლით, ამ მიზნით უკვე გახარჯულია 11 754 231 ლარი და დაკმაყოფილებულია 476 ეკომიგრანტი ოჯახი.
ცხრილი 1. „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში გახარჯული თანხა წლების მიხედვით
წყარო: აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
რაც შეეხება ე. წ. ოცნების ქალაქს, რომელიც 2012 წელს შეიქმნა, აქ 2 000-მდე ოჯახი ცხოვრობს. 2019 წელს აჭარის ა/რ მთავრობამ სამუშაო ჯგუფი შექმნა, რომელმაც 1 740 ოჯახი შეისწავლა. აქედან რეგისტრაცია მხოლოდ 1 607-მა ოჯახმა გაიარა. როგორც მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძემ „ფაქტ-მეტრთან“ განმარტა, ზოგიერთ შემთხვევაში მეუღლეები სხვადასხვა ოჯახად იყვნენ დარეგისტრირებული და ეს ხარვეზი გამოსწორდა. ოჯახების აღწერა და შესწავლა უკავშირდება „ოცნების ქალაქში“ თვითნებურად შესახლებული ეკომიგრანტი და სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას. როგორც ცნობილია, პირველ ეტაპზე 580 ოჯახი დაკმაყოფილდება. მშენებლობა მიმდინარეობს, თუმცა უცნობია კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც ოჯახების დაკმაყოფილება მოხდება. ამ საკითხთან დაკავშირებით ტერიტორიაზე დასახლებულების ნაწილმა არაერთი აქცია გამართა. ისინი მთავრობისგან ინფორმაციას ითხოვენ, საცხოვრებლით პირველ ეტაპზე რომელი ოჯახები დაკმაყოფილდებიან და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ ისინი. „ოცნების ქალაქის“ კომისიაში, რომლებმაც კრიტერიუმები და სხვა დეტალები უნდა განსაზღვროს, გაეროს ბავშვთა ფონდის (Unicef), „წითელი ჯვრის ორგანიზაციისა“ და საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები მონაწილეობენ. სწორედ მათი მუშაობის შედეგად გადაწყდება, პროგრამის ბენეფიციარი პირველ ჯერზე ვინ გახდება და ახალაშენებულ სახლში საცხოვრებელ ფართს ვინ მიიღებს.