ანალიზი

ვებგვერდი „Geotimes“ სტატიას ავრცელებს, სათაურით „ნორვეგიელი და ბრიტანელი მეცნიერების მტკიცებით, SARS-CoV-2 ხელოვნურადაა წარმოქმნილი“. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, COVID-19-ის პროტეინის შემცველობა და თანმიმდევრობა ვირუსის ხელოვნურობაზე მიუთითებს; კორონავირუსის ვირუსული ნაწილაკები SARS-ისგან ძალიან განსხვავდება და მისი ბუნებაში აღმოჩენა შეუძლებელია. ნორვეგიელ-ბრიტანელი მკვლევრების განცხადებით, ვირუსმა გამოჩენიდან დღემდე მუტაცია ნაკლებად განიცადა, რაც ასევე მის ხელოვნურობაზე მიუთითებს. აღნიშნულ ინფორმაციას, სტატიის მიხედვით, ამერიკული გამოცემა Forbes ავრცელებს.

Forbes-ზე აღნიშნული სტატია ნამდვილად იძებნება, თუმცა ის, სინამდვილეში, 2020 წლის 7 ივნისს გამოქვეყნდა, 8 ივნისს კი, სრულად განახლდა. ვებგვერდმა „Geotimes“ აღნიშნული სტატია 2020 წლის 5 ნოემბერს გამოაქვეყნა და 8 ივნისის განახლება, რომელიც სტატიის შინაარსს ფუნდამენტურად ცვლიდა, არ მიუთითა.

Forbes-ი მკითხველს სტატიის განახლების შესახებ 8 ივნისს მიაწოდა ინფორმაცია: ჯანდაცვის ექსპერტებმა და ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურმა ვირუსის ხელოვნურად წარმოშობის შესახებ ვარაუდები უარყვეს და ნორვეგიელ-ბრიტანელი მეცნიერების მტკიცება შეთქმულების თეორიად შეაფასეს.

კორონავირუსის ხელოვნურად შექმნის შესახებ პანდემიის დასაწყისიდანვე მრავალი დეზინფორმაცია ვრცელდება. მათ გასაქარწყლებლად, 2020 წლის მარტში ათობით მეცნიერმა ავტორიტეტულ სამედიცინო ჟურნალ ლანცეტში ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა. მეცნიერების მტკიცებით, COVID-19-ს ბუნებრივი საფუძვლები აქვს და, შესაბამისად, ვირუსი ბიოინჟინერიის პროდუქტი არაა.

აღსანიშნავია, რომ ვირუსების ხელოვნურად შექმნის შესახებ შეთქმულების თეორიები სხვა დროსაც გავრცელებულა, კერძოდ, 2002 წელს, SARS-ის ეპიდემიის, ხოლო 2009 წელს H1N1-ის პანდემიის შემთხვევაში. კორონავირუსის ხელოვნურად შექმნის შესახებ არსებული მოსაზრება მეცნიერთა მიერ უკუგდებულია - აკადემიურ წრეებში მიიჩნევენ, რომ კორონავირუსი ცხოველებში, დიდი ალბათობით, ღამურებში წარმოიშვა.

„Geotimes-ის“გავრცელებულ სტატიაში ასევე გვხვდება მტკიცება, რომ ვირუსმა გამოჩენის დღიდან მუტაცია ნაკლებად განიცადა, რის გამოც ვარაუდობენ, რომ ის ადამიანზე უკვე სრულად იყო ადაპტირებული. თუმცა, რამდენიმე კვლევა გამოქვეყნდა, რომლებიც SARS-CoV-2-ის შტამებს შორის განსხვავებას და მუტაციას აღნიშნავს. ამავეს მოწმობს დანიის ფერმებში წაულებში გამოვლენილი კორონავირუსის მუტაცია, რაც, ვირუსოლოგების ვარაუდით, შეიძლება, ადამიანებზეც გავრცელდეს.

ნორვეგიელ-ბრიტანელი მეცნიერების კვლევებს აშშ-ის „ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის“ დირექტორის, ენტონი ფაუჩის, განაცხადებაც ეწინააღმდეგება - მეცნიერული მტკიცებულებები არ არსებობს, რომ კორონავირუსი ლაბორატორიაში წარმოიშვა. ამავეს აცხადებენ, „მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია“ და ამერიკის „გალვესტონის ეროვნული ლაბორატორიის“ წამყვანი მკვლევრებიც.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, პოსტი მანიპულაციური ხასიათისაა და მკითხველი შეცდომაში შეჰყავს - ავტორმა მომხმარებელს სრული კონტექსტი დაუმალა და მცდარი ინფორმაცია ფაქტად წარმოაჩინა. კორონავირუსთან დაკავშირებით გავრცელებულ სხვა დეზინფორმაციებს, შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

თუ სოციალურ ქსელებში შეგხვდებათ ყალბი ამბავი ან ფიქრობთ, რომ პოსტი/ვიდეო/სურათი შეიძლება დეზინფორმაციის ნიშნებს ატარებდეს, მოგვწერეთ „ფაქტ-მეტრის“ ოფიციალურ Facebook გვერდზე. თქვენი ჩართულობა ყალბი ამბების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში ყველაზე მნიშვნელოვანია.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5396 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი