რეზიუმე: 2012 წელს წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციისთვის თითქმის 103 მილიონი იყო გამოყოფილი. იგივე დანიშნულებით 2020 წელს 206.5 მლნ ლარია გათვალისწინებული. აღნიშნული რიცხვი 2012 წლის მონაცემს თითქმის ორჯერ აღემატება (103 454 000 ლარით) და არა 10-ჯერ, როგორც მინისტრმა განაცხადა. თუ 2012 წლის მონაცემს 2013-2020 წლების ჯამურ მონაცემს შევადარებთ, მაშინ წყალმომარაგების სექტორის დაფინანსებაში 10-ჯერ ზრდა ნამდვილად არის, მაგრამ ერთი წლის მონაცემთან 8 წლის ჯამური მონაცემის შედარება, აბსურდულია. წყალმომარაგების სექტორის დაფინანსების, რვა წლის ჯამური მონაცემი, რომ 10-ჯერ არის გაზრდილი ცალკე აღებული ერთი (2012) წლის მონაცემთან შედარებით, ბუნებრივია და ეს ფაქტი წარმატებულობის მაჩვენებლად ნამდვილად ვერ გამოდგება. განცხადების მოცემული ნაწილი რეალობას აცდენილია.
რაც შეეხება გაზიფიცირების ნაწილს, 2019 წლის მონაცემებით, ბუნებრივი აირით უზრუნველყოფილი მოსახლეობის რაოდენობა, 2012 წელთან შედარებით, 31.6 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი, რაც ბუნებრივი აირით უზრუნველყოფილი მოსახლეობის დაახლოებით 1.6-ჯერ ზრდას ნიშნავს და არა 2.5-ჯერ, როგორც მინისტრი აცხადებს. განცხადების ეს ნაწილიც მეტწილად მცდარია. შესაბამისად, საერთო ჯამში მაია ცქიტიშვილის განცხადება მცდარია.
ანალიზი
პარტია „ქართული ოცნების“ მდგრადი განვითარების პროგრამის პრეზენტაციაზე რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის 8-წლიანი მუშაობა შეაფასა და განაცხადა (22:56 წთ): „2012 წელთან შედარებით 10-ჯერ გაიზარდა წყალმომარაგების სექტორის დაფინანსება, 2.5-ჯერ გაიზარდა გაზიფიკაციის მოცულობა“.
2012 წელს წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციისთვის თითქმის 103 მილიონი იყო გამოყოფილი. იგივე დანიშნულებით 2020 წელს 206.5 მლნ ლარია გათვალისწინებული. აღნიშნული რიცხვი 2012 წლის მონაცემს თითქმის ორჯერ აღემატება (103 454 000 ლარით) და არა 10-ჯერ, როგორც მინისტრმა განაცხადა. მაია ცქიტიშვილი რა მონაცემებს ადარებს ერთმანეთს, გაუგებარია. თუ 2012 წლის მონაცემს 2013-2020 წლების ჯამურ მონაცემს შევადარებთ, მაშინ წყალმომარაგების სექტორის დაფინანსებაში 10-ჯერ ზრდა ნამდვილად არის, მაგრამ ერთი წლის მონაცემთან 8 წლის ჯამური მონაცემის შედარება, აბსურდულია. წყალმომარაგების სექტორის დაფინანსების, რვა წლის ჯამური მონაცემი, რომ 10-ჯერ არის გაზრდილი ცალკე აღებული ერთი (2012) წლის მონაცემთან შედარებით, ბუნებრივია და ეს ფაქტი წარმატებულობის მაჩვენებლად ნამდვილად ვერ გამოდგება.
ცხრილი1: წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციის დაფინანსება 2012-2020 წლებში
წყარო: ფინანსთა სამინისტრო
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემის მიხედვით, 2012 წელს ბინაში შეყვანილი წყალსადენის სიტემა საქართველოს მოსახლეობის 56.7%-ს ჰქონდა, წყალსადენი ონკანი ეზოში ან უბანში - 21.7%, ჭა ეზოში ან უბანში - 15.9%, ბუნებრივი წყარო ეზოში ან უბანში - 5.6%. 2019 წელს იგივე მონაცემები შემდეგნაირია: 68.8%, 11.9%, 12.8% და 6.4%. როგორც მონაცემებიდან ჩანს, მოსახლეობის წილი, რომელსაც წყალსადენი სისტემა სახლში აქვს შეყვანილი, რვა წლის განმავლობაში, 12.1 პროცენტული პუნქტით, წელიწადში საშუალოდ 1.5 პროცენტული პუნქტით, არის გაზრდილი, რაც შთამბეჭდავი მონაცემი არ არის და ამ მიმართულებით „ქართული ოცნების“ განსაკუთრებით წარმატებულობას ვერ ადასტურებს.
განცხადების მეორე ნაწილი გაზიფიცირებას ეხება. საქსტატის მონაცემებით, 2012 წელს ბუნებრივი აირით მოსახლეობის 51.2% იყო უზრუნველყოფილი. 2019 წელს იგივე მონაცემი 82.8%-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ 2019 წლისთვის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფილი მოსახლეობის რაოდენობა, 2012 წელთან შედარებით, 31.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, რაც ბუნებრივი აირით უზრუნველყოფილი მოსახლეობის დაახლოებით 1.6-ჯერ გაზრდას ნიშნავს და არა 2.5-ჯერ, როგორც მინისტრი აცხადებს.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მაია ცქიტიშვილის განცხადება, საერთო ჯამში, მცდარია.