რეზიუმე: 2019 წელს, 2012 წელთან შედარებით, ნომინალური (მიმდინარე ფასებში დათვლილი მთლიანი შიდა პროდუქტი) 1.8-ჯერ არის გაზრდილი. მშპ-ს დინამიკის განხილვა აღნიშნული მაჩვენებლით შინაარსს მოკლებულია, რადგან ის ინფლაციური პროცესებისგან თავისუფალი არ არის და, შესაბამისად, ფასების ზრდის გავლენა ასახული არ არის. ამგვარად, დროის სხვადასხვა პერიოდში მშპ-ს შედარებისთვის, ნომინალური რიცხვების გამოყენება არასწორია.

რეალური, მუდმივ ფასებში დათვლილი მშპ არის მონაცემი, რომელიც მშპ-ს დინამიკას ობიექტურად ასახავს და რომლითაც ფასდება ქვეყნის ეკონომიკური ზრდა ყველა ავტორიტეტული ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ. აღნიშნულ მონაცემში, ფასების ზრდის ზემოქმედება გამორიცხულია. 2012 წელთან შედარებით, რეალური მშპ, დაახლოებით 33%-ით, ანუ 1.33-ჯერ არის გაზრდილი და არა ორჯერ.

ანალიზი:

პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, რუსთავი 2-ის გადაცემა „ღამის კურიერში“ განაცხადა: „2019 წელს, 2012 წელთან შედარებით, ჩვენი ეკონომიკა გაორმაგდა და მიაღწია 50 მილიარდს”.

მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) დროს გარკვეულ პერიოდში ქვეყნის შიგნით საბოლოო მოხმარებისთვის წარმოებული საქონლისა და მომსახურების მოცულობას აჩვენებს, რაც ქვეყნის ეკონომიკის ზომისა და მასშტაბების საზომია. მშპ-ს მოცულობის განსაზღვრის არაერთი მაჩვენებელი არსებობს, თუმცა მათი უნარი, ცვლილების ტენდენცია აღწეროს, უნივერსალური არ არის.

პოლიტიკოსი მშპ-ს მაჩვენებელს მიმდინარე ფასებში განიხილავს. კერძოდ, 2019 წელს, 2012 წელთან შედარებით, ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 1.8-ჯერ არის გაზრდილი. თუმცა მშპ-ს დინამიკის განხილვა აღნიშნული მაჩვენებლით შინაარსს მოკლებულია, რადგან ის ინფლაციური პროცესებისგან თავისუფალი არ არის, ანუ ფასების ზრდაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული. ამგვარად, დროის სხვადასხვა პერიოდში მშპ-ს შედარებისთვის ნომინალური რიცხვების გამოყენება არასწორია.

მშპ-ს დინამიკის განხილვისთვის საჭიროა რეალური, ანუ ფასების დონით კორექტირებული მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის განხილვა. აღნიშნული მაჩვენებელი ცალკეული ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ტენდენციის შეფასების ფართოდ მიღებულ ობიექტურ საზომს წარმოადგენს და მისი საშუალებით ფასდება ქვეყნის ეკონომიკური ზრდა ყველა ავტორიტეტული ორგანიზაციის, მათ შორის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ. 2019 წლის მონაცემებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი, 2012 წელთან შედარებით, დაახლოებით 33%-ით, ანუ თითქმის 1.33-ჯერ არის გაზრდილი და არა ორჯერ.

გრაფიკი 1: ნომინალური და რეალური მშპ, მშპ-ს რეალური ზრდა 2012-2019 წლებში (2015 წლის ფასებში, მლრდ ლარი)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ამგვარად, ეკონომიკის შესახებ საუბრისას მშპ-ს მაჩვენებლების დროში შესადარებლად ნომინალური მონაცემების გამოყენება არსებითად მცდარია და რიცხვებით მანიპულირებას წარმოადგენს. ამის შესახებ „ფაქტ-მეტრი“ აქამდეც წერდა.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5396 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი