არჩილ თალაკვაძე: „ქართული ოცნება“ არის პარტია და პოლიტიკური გუნდი, რომელმაც უახლეს ისტორიაში პირველმა, ხელისუფლებაში ყოფნის დროს, შეცვალა საარჩევნო სისტემა უფრო დემოკრატიულით.
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, არჩილ თალაკვაძის განცხადება არის ფაქტებით მანიპულირება.
რეზიუმე: მიუხედავად იმისა, რომ მანამდე არსებული საარჩევნო სისტემის „უფრო დემოკრატიული“ სისტემით შეცვლა მიმდინარე წელს, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში მოხდა, ეს არა მმართველი გუნდის სურვილმა განაპირობა, არამედ სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო პარტნიორებისა და ოპოზიციური პარტიების ძალისხმევამ.
შეგახსენებთ, რომ მიუხედავად ბიძინა ივანიშვილის დაპირებისა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარებულიყო, პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი მმართველმა გუნდმა გასული წლის 14 ნოემბერს ჩააგდო.
ანალიზი
4 ოქტომბერს სიღნაღში, „ქართული ოცნების“ მიერ გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღის და დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ არის პარტია, რომელმაც უახლეს ისტორიაში პირველმა, ხელისუფლებაში ყოფნის დროს, შეცვალა საარჩევნო სისტემა. „სხვა ყველა პოლიტიკური პარტია, ვინც აქამდე იყო ხელისუფლებაში, ამას ითხოვდა მხოლოდ ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, თუმცა, თქვენ ნახეთ, რომ მათ ოპოზიციაშიც არ დაუჭირეს მხარი ამ ცვლილებებს - ამით მოხდა ლუსტრაცია, თუ ვინ არის ამ ქვეყანაში დემოკრატიის მხარდამჭერი და ჯანსაღი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ნამდვილად შეუძლია დემოკრატიული სტანდარტების დაკმაყოფილება“, -განაცხადა მან.
კონსტიტუციური კანონის პროექტი, რომელიც საარჩევნო სისტემის ცვლილებას ეხებოდა, პარლამენტმა მიმდინარე წლის 29 ივნისს, 117 ხმით მიიღო. ცვლილების თანახმად, საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული პარლამენტი პროპორციული სისტემით არჩეული 120 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 30 პარლამენტის წევრისაგან შედგება, მანამდე მოქმედი სისტემით კი, პარლამენტი 77 პროპორციული და 73 მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატისგან კომპლექტდებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო სისტემა „ქართული ოცნების“, როგორც მმართველი გუნდის, ხელისუფლებაში ყოფნის დროს შეიცვალა, გვსურს, მკითხველს შევახსენოთ, რეალურად, აღნიშნული შედეგის დადგომა ვისმა ძალისხმევამ და რა მოვლენებმა განაპირობა
2019 წლის 20 ივნისის ღამეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცრემლმდენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით პარლამენტის წინ გამართული მანიფესტაცია დაშალა, რომელიც რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას მოჰყვა. აღნიშნული მოვლენის შემდეგ, აქციის მონაწილეთა ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნად მომდევნო საპარლამენტოს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება იქცა, რასაც ოპოზიციური პარტიებიც უჭერდნენ მხარს.
შედეგად, 24 ივნისს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა ინიციატივით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარებულიყო.
მიუხედავად იმისა, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პროცესი სექტემბრიდან დაიწყო და საყოველთაო სახალხო განხილვაც ჩატარდა, 14 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციული არჩევნების კანონპროექტი ჩააგდო. მმართველმა გუნდმა პროექტის ჩავარდნა „ამბოხებულ“ დეპუტატებს „დააბრალა“, რომლებმაც ბიძინა ივანიშვილის აზრი არ გაითვალისწინეს და პროპორციული სისტემის წინააღმდეგ წავიდნენ. ეს დეპუტატები იყვნენ დიმიტრი ხუნდაძე, კახაბერ ოქრიაშვილი და ენზელ მკოიანი. აღსანიშნავია, რომ პროპორციული სისტემის ჩამგდები დიმიტრი ხუნდაძე კანონპროექტის ჩაგდებიდან დაახლოებით 1 თვეში დააწინაურეს და ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ დაამტკიცეს. [1]
საჯაროდ გაცემული დაპირების შეუსრულებლობამ საზოგადოების პროტესტი გამოიწვია. სამოქალაქო აქტივისტებმა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა არაერთხელ მოუწოდეს მმართველ გუნდს, გაეაზრებინა მდგომარეობის სიმძიმე და გაცემული პირობა შეესრულებინა, ხოლო ოპოზიციამ, შექმნილი კრიზისული ვითარების განმუხტვის მიზნით, კომპრომისების ძიება დაიწყო.
შეიქმნა ოპოზიციის საკოორდინაციო ფორმატი, რომელმაც ხელისუფლებას ე.წ. „გერმანული მოდელის“ მოდიფიცირებული ვარიანტი წარუდგინა (მათი განცხადებით, ეს მოდელი საკონსტიტუციო ცვლილების გარეშეც იძლეოდა მოქმედ სისტემაზე უფრო სამართლიანი საარჩევნო მოდელის ჩამოყალიბების საშუალებას). მიუხედავად ამისა, მმართველი გუნდი კანონპროექტის ჩაგდებიდან თითქმის 2 კვირის განმავლობაში ოპოზიციასთან მოლაპარაკებებზე უარს ამბობდა. მეტიც, გუნდში აცხადებდნენ, რომ საარჩევნო სისტემის თემა დახურული იყო და ოპოზიისთვის არაფრის შეთავაზების ინტერესი არ არსებობდა.
ამის შემდეგ, დიპლომატიური კორპუსის განცხადებების გათვალისწინებით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების არაერთი რაუნდი გაიმართა, თუმცა უშედეგოდ. განვითარებული მოვლენების გამო, საერთაშორისო პარტნიორები შეშფოთებას გამოთქვამდნენ, მთავრობას კრიტიკულ წერილებს უგზავნიდნენ და მმართველ გუნდს დემოკრატიული პრინციპების დაცვისკენ მოუწოდებდნენ.
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარემ, ანდრიუს კუბილიუსმა შექმნილ ვითარებაში მმართველ პარტიას დიდი პასუხისმგებლობა დააკისრა. დეკემბერში თბილისში გამართული ევრონესტის ყოველწლიური საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, ევროპარლამენტარებმა საქართველოს ხელისუფლება მწვავედ გააკრიტიკეს. მათი განცხადებები, ძირითადად, საჯაროდ გაცემული დაპირების შეუსრულებლობას, საპროტესტო აქციების დაშლასა და აქტივისტების დაპატიმრებას ეხებოდა.
13 დეკემბერს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის საქართველოს ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა ადამ კინზინგერმა და ჯერალდ კონოლიმ გიორგი გახარიას წერილი გამოუგზავნეს. კონგრესმენები საჯაროდ გაცემული დაპირების შეუსრულებლობის, საპროტესტო აქციების დაშლისა და აქტივისტების დაპატიმრების გამო შეშფოთებას გამოთქვამდნენ.
24 დეკემბერს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა, რომლითაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებდა, დაეცვა დემოკრატიული პრინციპები, ინდივიდუალური თავისუფლება და კანონის უზენაესობა.
იანვარში, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ევროპელმა დეპუტატებმა „ქართული ოცნების" ხელისუფლება მწვავედ გააკრიტიკეს.
საბოლოოდ, მრავალთვიანი მოლაპარაკებების შედეგად, პარლამენტმა 29 ივნისს საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო, რომლის მიხედვითაც წელს საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება - 1%-იანი საარჩევნო ბარიერის პირობებში პარლამენტის 120 წევრი პროპორციული და 30 წევრი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით აირჩევა.
აქვე შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ კოალიცია მაშინ არსებული საარჩევნო სისტემის არასამართლიანობაზე ჯერ კიდევ 2012 წლამდე საუბრობდა. 2015 წელს დავით უსუფაშვილმა (რომელიც იმ დროისთვის პარლამენტის თავმჯდომარე იყო), ხელი მოაწერა მემორანდუმს, სადაც ეწერა, რომ არსებული საარჩევნო სისტემა ვერ უზრუნველყოფდა მანდატებში ამომრჩეველთა ნების პროპორციულად ასახვას და საჭირო იყო მაჟორიტარული სისტემის შეცვლა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მმართველი გუნდი 2016 წლის არჩევნების ჩატარებას კვლავ შერეული სისტემით აპირებდა, ხოლო მომდევნო არჩევნები მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარდებოდა. მიუხედავად ამისა, 2017 წელს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმადაც, სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 2024 წლისთვის გადაიდო, რაც იმაზე მეტყველებს, რომ „ქართული ოცნება“, თავისი მმართველობის პერიოდში, ყველანაირად ცდილობდა, საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება თავიდან აერიდებინა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რომ არა სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო პარტნიორებისა და ოპოზიციური პარტიების ძალისხმევა, მიმდინარე წელს „ქართული ოცნება“ აქამდე არსებულ საარჩევნო სისტემას, „უფრო დემოკრატიული“ სისტემით არ შეცვლიდა.