იტვირთება

2020 წლის 10 თებერვალს უზენაესმა სასამართლომ „ევროპული საქართველოს“ გენერალურ მდივანს, თბილისის ყოფილ მერს, გიგი უგულავას, ბრალი გადაუკვალიფიცირა და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამნისტიის შესახებ კანონისა და იმის გათვალისწინებით, რომ უგულავამ სასჯელი უკვე მოიხადა, მას საბოლოო სასჯელად 3 წელი და 2 თვე პატიმრობა განესაზღვრა. უგულავას ხელახალი დაპატიმრება დაგმეს ოპოზიციამ, არასამთავრობო სექტორმა და საერთაშორიო პარტნიორებმა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ოპოზიციამ მმართველ გუნდთან მოლაპარაკებები შეწყვიტა. [1]

დიალოგის შეწყვეტას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მამუკა მდინარაძეც გამოეხმაურა. 2020 წლის 11 თებერვალს მან განაცხადა, რომ „ოპოზიციას მოლაპარაკების მაგიდის აყირავება დიდი ხანია, უნდოდა. ეს იმაშიც გამოიხატება, რომ არცერთ ეტაპზე, მათ კომპრომისული ვერსია არ წარმოუდგენიათ“. მისივე თქმით,[2] ოპოზიცია გიგი უგულავას დაპატიმრებას მოლაპარაკების ჩაშლის საბაბად იყენებს.

მოლაპარაკების მეხუთე რაუნდის წინ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის დაპატიმრება, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, ხელისუფლების მხრიდან დიალოგისთვის ხელისშემშლელ ფაქტორად შეაფასეს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა შექმნილ ვითარებაზე მთელი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრა. მათი წარმომადგენლების განცხადებებში ნათქვამია, რომ გიგი უგულავას მიმართ გამოტანილი განაჩენი და თავისუფლების აღკვეთის დრო და კონტექსტი დიალოგს რისკის ქვეშ აყენებს და ხელს არ უწყობს პოლიტიკური სიტუაციის დეპოლარიზაციას. კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის საქართველოს ჯგუფის თავმჯდომარე ადამ კიზინგერი და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიში პირდაპირ უთითებენ, რომ საქართველოს სასამართლო დამოუკიდებელი არაა და ის პოლიტიკური დევნის იარაღად გამოიყენება.[3]

რა ხდებოდა უგულავას დაპატიმრებამდე?

2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების საპასუხოდ, 24 ივნისს მმართველი გუნდის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდებოდა. 2019 წლის 14 ნოემბერს საპარლამენტო უმრავლესობამ „ქართული ოცნების“ 93 დეპუტატის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო კანონპროექტი პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით თავადვე ჩააგდო.

საჯაროდ გაცემული დაპირების შეუსრულებლობამ საზოგადოების ლეგიტიმური პროტესტი გამოიწვია. სამოქალაქო აქტივისტებმა და არასამათავრობო სექტორის წარმომადგენლებმა არაერთხელ მოუწოდეს მმართველ გუნდს, გაეაზრებინა მდგომარეობის სიმძიმე და გაცემული პირობა შეესრულებინა. შექმნილი კრიზისული ვითარების განმუხტვის მიზნით, კომპრომისების ძიება ოპოზიამ დაიწყო.

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შექმნილმა ოპოზიციის საკოორდინაციო ფორმატმა ხელისუფლებას ე.წ. „გერმანული მოდელის“ მოდიფიცირებული ვარიანტი[4] წარუდგინა (მათი განცხადებით, ეს მოდელი საკონსტიტუციო ცვლილების გარეშეც იძლეოდა მოქმედ სისტემაზე უფრო სამართლიანი საარჩევნო მოდელის ჩამოყალიბების საშუალებას). აღსანიშნავია ისიც, რომ კანონპროექტის ჩაგდებიდან თითქმის 2 კვირის განმავლობაში ხელისუფლება მოლაპარაკებებზე უარს ამბობდა. მიუხედავად ოპოზიციის რამდენიმე მცდელობისა, მმართველი გუნდი, არც ოპოზიციის წინადადებებს იზიარებდა და ოპონენტებს ვითარების განმუხტვის გზებს არც თავად სთავაზობდა. 25 ნოემბერს „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ პარტიაში გამართული სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ საარჩევნო სისტემის თემა დახურული იყო და 2020 წლის არჩევნები არსებული სისტემით ჩატარდებოდა. 30 ნოემბერს კი ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველ გუნდს ოპოზიისთვის არაფრის შეთავაზების ინტერესი არ ჰქონდა. ამასთან, მისივე განცხადებით, ოპოზიციასთან შეხვედრას, ხელისუფლება მხოლოდ და მხოლოდ დიპლომატიური კორპუსის მოსაზრებების გათვალისწინების გამო გამართავდა. მოლაპარაკების პირველი რაუნდი 2019 წლის 30 ნოემბერს გაიმართა, სადაც ოპოზიციამ ე.წ. „გერმანული მოდელი“ წარადგინა. მმართველი გუნდი ოპოზიციის შეთავაზებას ე.წ „გერმანული მოდელის“ კონსტიტუციასთან შეუსაბამობის მოტივით არ დაეთანხმა.

8 დეკემბერს მოლაპარაკების მე-2 რაუნდი გაიმართა, სადაც განხილვის საგანი კვლავ ე.წ „გერმანული მოდელი“ იყო. ხელისუფლება და ოპოზიცია ვერც ამჯერად შეთანხმდნენ და დიალოგში ჩართულმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა მხარეებს შესთავაზეს, მომდევნო შეხვედრისთვის სწორედ ოპოზიციის მიერ ინიცირებული კანონპროექტის კომპონენტები ცალ-ცალკე განეხილათ. შესაბამისად, გადაწყდა, რომ შემდეგ შეხვედრაზე მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების[5] საკითხი იქნებოდა განხილული. აქვე აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებით, მრავალმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგებოდა და საკითხის პარტიაში განსახილველად დრო ითხოვეს. ერთკვირიანი მსჯელობის შემდეგ, 15 დეკემბერს მოლაპარაკებების მესამე რაუნდზე, მმართველმა გუნდმა განაცხადა, რომ მრავალმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების შემოღება მიუღებელი იყო, ვინაიდან ისინი ქართული საზოგადოების ინტერესებს ვერ უზრუნველყოფდა.

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მომდევნო, მე-4 რაუნდი 20 დეკემბერს გაიმართა, რომელზეც „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი ვერსია პირველად წარადგინა. კერძოდ, მან ოპოზიციას ე.წ. „100/50“-ზე საარჩევნო მოდელი შესთავაზა. შეთავაზება პროპორციული წესით არჩეულ 100 დეპუტატსა და მაჟორიტარული წესით არჩეულ 50 მაჟორიტარს ითვალისწინებს (ნაცვლად მოქმედ სისტემაში არსებული 77 პროპორციული და 73 მაჟორიტარული მანდატისა). მმართველი გუნდის შეთავაზება ოპოზიციამ არ გაიზიარა. ოპოზიციის აზრით, შემოთავაზებული მოდელი პროპორციული საარჩევნო სისტემის პრინციპებს არ ითვალისწინებს და მოქმედი საარჩევნო სისტემის მსგავსად, 30%-იანი მხარდაჭერის პირობებში, გამარჯვებული პარტიის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის მიღების შესაძლებლობას იძლევა.

გიგი უგულავას დაპატიმრებამდე რამდენიმე საათით ადრე, 10 თებერვალს, ოპოზიცია კიდევ ერთ, ახალ შეთავაზებაზე მუშაობდა. „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებით, მათ ახალი ინიციატივა (130 პროპორციული და 20 მაჟორიტარული მანდატი)[6] დიპლომატიურ კორპუსთან შეთანხმებული ჰქონდათ და პარტიებს შიგნით განხილვის შემდეგ, მოლაპარაკების მე-5 რაუნდზე მმართველი პარტიისთვის წარდგენას აპირებდნენ.

მოვლენების ქრონოლოგია

14 ნოემბერი

- პარლამენტმა სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო.

- „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ მმართველი პარტიის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ განაცხადა, რომ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არ იცის განსხვავება პროპორციულ და შერეულ საარჩევნო სისტემებს შორის.

- ოპოზიციური პარტიები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები სამოქმედო გეგმის შექმნისთვის „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეიკრიბნენ. პარალელურად, პარლამენტის წინ, საპროტესტო აქციები დაიწყო.

  • 15 ნოემბერი

- ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქუჩაში ხალხი არ დგას, ხალხი დგას ქართული ოცნების უკან“.

  • 16 ნოემბერი

- ოპოზიციამ მმართველ გუნდს ე.წ „გერმანული მოდელი“ შესთავაზა, რაც საკონსტიტუციო ცვილელებებს არ საჭიროებდა.

  • 18 ნოემბერი

- სპეცრაზმმა პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქცია წყლის ჭავლით დაშალა.

  • 25 ნოემბერი

- „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ პარტიის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილების თემა დახურულია და 2020 წელს შერეული საარჩევნო სისტემა შენარჩუნდება.

  • 26 ნოემბერი

- სპეცრაზმმა საპროტესტო აქცია კიდევ ერთხელ დაშალა.

  • 29 ნოემბერი

- ირაკლი კობახიძე: „ანგარიშს ვუწევთ დიპლომატიურ კორპუსს, ოპოზიციასთან ე.წ. გერმანულ მოდელს 30 ნოემბერს განვიხილავთ“. მისევე თქმით, ოპოზიციის ქუჩაში დგომა, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მოქმედებს.

  • 30 ნოემბერი

- ოპოზიციასთან შეხვედრის დაწყებამდე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველ გუნდს ოპოზიციისთვის არაფრის შეთავაზების ინტერესი არ აქვს.

- საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა იმედი გამოთქვა, რომ დიალოგი, რომელიც ახლა ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის მიმდინარეობს, შედეგს გამოიღებს და კრიზისიდან გამოსავლის მოძებნა შესაძლებელი იქნება.

- ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონსენსუსი ვერ შედგა. შეხვედრაზე ე.წ. „გერმანულ მოდელზე“ იმსჯელეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ „გერმანულ მოდელი“ ქართულ კონსტიტუციას არ შეესაბამება.

  • 4 დეკემბერი

- ოპოზიციამ გერმანული საარჩევნო მოდელის მოდიფიცირებული ვერსია პარლამენტში ახალი კანონპროექტის სახით დაარეგისტრირა.

  • 7 დეკემბერი

- ლიეტუვის სეიმმა მოლაპარაკების მხარეებს დიალოგის გაგრძელებისა და კრიზისიდან გამოსავლის პოვნისკენ მოუწოდა.

- ევრონესტის თანათავმჯდომარის, ანდრიუს კუბილიუსის თქმით, შექმნილ ვითარებაში მმართველ პარტიას დიდი პასუხისმგებლობა აკისრია.

  • 8 დეკემბერი

- ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა მხარეებს შესთავაზეს, რომ ე.წ „გერმანული მოდელის“ კომპონენტები ცალკ-ცალკე განეხილათ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ შემდეგი შეხვედრისთვის ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების საკითხს განიხილავდნენ.

  • 8-10 დეკემბერი

- თბილისში გამართული ევრონესტის ყოველწლიური საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, ევროპარლამენტარებმა მწვავედ გააკრიტიკეს საქართველოს ხელისულფება. მათი განცხადებები, ძირითადად, საჯაროდ გაცემული დაპირების შეუსრულებლობას, საპროტესტო აქციების დაშლასა და აქივისტების დაპატიმრებას ეხებოდა[7].

  • 10 დეკემბერი

- ოპოზიციის თხოვნით, სახალხო დამცველმა ეუთოს/ODIHR ე.წ გერმანული მოდელის შესახებ მოსაზრების მომზადების მიზნით მიმართა.

  • 13 დეკემბერი

- აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის საქართველოს ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა ადამ კინზინგერმა და ჯერალდ კონოლიმ გიორგი გახარიას წერილი გამოუგზავნეს. კონგრესმენები საჯაროდ გაცემული დაპირების შეუსრულებლობის, საპროტესტო აქციების დაშლისა და აქტივისტების დაპატიმრების გამო შეშფოთებას გამოთქვამდნენ.

  • 14 დეკემბერი

- „ქართულმა ოცნებამ“ თავისუფლების მოედანზე მხარდამჭერთა მასშტაბური შეკრება დააორგანიზა. მათი განცხადებით, აღნიშული შეკრება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარედ არჩევასთან დაკავშირებული, საზეიმო კვირეულის ნაწილი იყო.

  • 15 დეკემბერი

- ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქები იყო, რომლის განხილვაც მხარეებს დიპლომატიურმა კორპუსმა წინა რაუნდზე შესთავაზა, თუმცა მხარეთა შორის შეთანხმება ვერც ამ ეტაპზე შედგა. ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები ქართული საზოგადოების ინტერესების დაცვას ვერ უზრუნველყოფდა. საყურადღებოა, რომ მოალაპარაკებების მეასამე რაუნდის ჩათვლით, „ქართული ოცნება“ მხოლოდ ოპოზიციის შეთავაზებების „დაწუნებით“ იყო დაკავებული და თითქმის 2 თვის მანძილზე, არცერთი კომპრომისული ვერსია არ წარმოუდგენია.

  • 15 დეკემბერი

- ანდრეს კუბილიუსის განცხადებით, „სამწუხაროა, რომ საქართველოს პარლამენტის მმართველმა გუნდმა ვერ შეძლო ამ მნიშვნელოვანი რეფორმის ირგვლივ მხარდაჭერის კონსოლიდაცია. შერეული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულზე გადასვლა ქართველი ხალხის მოთხოვნა იყო და პარლამენტმა ვერ შეძლო, მოესმინა თავისი ამომრჩევლისათვის“.

  • 16-19 დეკემბერი

- საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებით, მიღებული კრიტიკული წერილების საპასუხოდ, ისინი შეეცდებიან, ამერიკელ პარტნიორებს „ზუსტი და სრულყოფილი ინფორმაცია“ მიაწოდონ საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ. საყურადღებოა, რომ ვიზიტის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ 10-მდე კრიტიკული წერილი მიიღო აშშ-ის კონგრესმენებისა და სენატორებისგან.

  • 19 დეკემბერი

- სენატორმა როჯერ ვიკერმა (აშშ-ის სენატის კომერციის, მეცნიერების და ტრანსპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ) წერილი მისწერა პრემიერ გიორგი გახარიას. წინა წერილების მსგავსად, ეს წერილიც ქართული ოცნების მხრიდან პროპორციულის ჩაგდებასა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ მიმდინარე სასამართლო საქმეებს ეხებოდა.

  • 20 დეკემბერი

- ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი გაიმართა. ე.წ „გერმანული მოდელის“ საპირისპიროდ, მმართველმა გუნდმა ოპოზიციას ახალი მოდელი წარუდგინა, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციული წესით არჩეულ 100 დეპუტატსა და მაჟორიტარული წესით არჩეულ 50 მაჟორიტარს ითვალისწინებდა.[8] შეთავაზების თანახმად, 2024 წლის არჩევნები პორპორციულის ნაცვლად, შეთავაზებული მოდელით უნდა ჩატარებულიყო. ოპოზიცია აღნიშნულ მოდელს არ დაეთანხმა.

  • 20 დეკემბერს

- Facebook-მა თავისი პლატფორმიდან 418 ქართული ანგარიში წაშალა. ამის მიზეზი წაშლილი ანგარიშების კოორდინირებული და არაავთენტური ქცევა გახდა. ატლანტიკური საბჭოს ციფრული კრიმინალისტიკის ლაბორატორიის თანახმად, რომელიც Facebook-თან თანამშრომლობს და მას დეზინფორმაციული კამპანიების შესახებ ინფორმაციას აწვდის, აღნიშნულ გვერდებზე ანტი-ამერიკული შინაარსის შემცველი პოსტებიც ვრცელდებოდა. Facebook-ის განცხადების თანახმად, ეს აქტივობები საქართველოში მოქმედ სარეკლამო კომპანია „პანდასა“ და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას უკავშირდება. ამ გვერდებმა დაახლოებით 316 000 აშშ დოლარი Facebook-სა და Instagram-ზე რეკლამაში, ანუ პოსტების დასპონსორებაში დახარჯეს.

  • 24 დეკემბერი

- ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დაიცვას დემოკრატიული პრინციპები, ინდივიდუალური თავისუფლება და კანონის უზენაესობა.

  • 13 – 29 იანვარი

- ამ პერიოდში საქართველოს მთავრობამ ამერიკელი კონგრესმენებისა და სანეტორებისგან 7 კრიტიკული წერილი მიიღო. ყველა წერილში ყურადღება გამახვილებული იყო დემოკრატიის ხარისხის გაუარესებაზე, დანაპირების შეუსრულებლობაზე, ოპოზიციის ლიდერების დევნასა და სამოქალაქო აქტივისტების დაკავებაზე.

  • 20 იანვარი

- საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა საარჩევნო ცვლილებების საჭიროებაზე ისაუბრა და პარლამენტს საარჩევნო რეფორმის გატარებისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, ვითარების განმუხტვის მიზნით მოლაპარაკებების გაგრძელება უმნიშვნელოვანესია. დიალოგის აუცილებლობას შეეხო ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში, კარლ ჰარცელიც. მან აღნიშნა, რომ მხარეთა შორის შეთანხმების მიღწევა, გარემოს დეპოლარიზაციისა და ნდობის გაჩენის კუთხით, აუცილებელია.

  • 21 იანვარი

- ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ევროპელმა დეპუტატებმა მწვავედ გააკრიტიკეს „ქართული ოცნების" ხელისუფლება. ევროპარლამენტრმა, ანდრიუს კუბილიუსმა ხელისუფლებას პოლიტიკურ დევნაზე მიუთითა.

  • 29 იანვარი

- პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ „ოპოზიციას არ სურს არც პროპორციული სისტემა, არც პასუხისმგებლობის გადანაწილება. მათი ერთადერთი ამოცანაა დესტაბილიზაციის გზის მოძებნა, რათა საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით და ქართველი ხალხის მხარდაჭერის გარეშე, სცადონ და მოიპოვონ ძალაუფლება“.

  • 5 თებერვალი

-ეუთო/ODIHR-მა საარჩევნო კოდექსის ცვლილების კანონპროექტის (ე.წ. გერმანული მოდელის) შესახებ მოსაზრება გამოაქვეყნა. დოკუმენტის შესავალ ნაწილში ნათქვამია, რომ ე.წ გერმანული მოდელის კონსტიტუციასთან შესაბამისობის განსაზღვრა მის კომპეტენციის ფარგლებს სცდება და აღნიშნულთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ქვეყნის ეროვნულმა სასამართლომ (საკონსტიტუციო სასამართლო) უნდა მიიღოს. ასევე აღნიშნულია, რომ დასკვნა საარჩევნო ცვლილებების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მიმოხილვას წარმოადგენს.

  • 10 თებერვალი

- ოპოზიცია მოლაპარაკების მეხუთე რაუნდისთვის ახალ შეთავაზებას ამზადებს.

- უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავას პატიმრობა მიუსაჯა.

- ოპოზიციამ მმართველ გუნდთან მოლაპარაკებები შეწყვიტა.



[1] აღნიშნულის შესახებ, ოპოზიციური პარტიების სახელით „ლეიბორისტების“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

[2] 14 თებერვალს მსგავსი განცხადება პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმაც გააკეთა. შესაბამისად, პასუხისმგებლობის ოპონენტებისთვის გადაბრალება „ქართული ოცნების“ საერთო გზავნილად შეიძლება მივიჩნიოთ.

[3] იგივე შინაარსის განცხადებები გააკეთეს: ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკვიჩუსმაევროპის სახალხო პარტიის წევრმა, მაიკლ გალერიმ; ევროპარლამენტარმა, ნაჩო სანჩესმა; შვედეთის და ესტონეთის საგარეო უწყებებმა და ა.შ.

[4] გერმანული მოდელის მოდიფიცირებული ვარიანტი გულისხმობს, ერთის მხრივ, მრავალმანდატიანი მაჟორიტარულ ოლქების შემოღებას, მეორეს მხრივ კი, პროპორციული სისტემით დეპუტატების პარლამენტში მოხვედრა, პარლამენტში მაჟორიტარული წესით პარტიის მიერ მიღებული მანდატების წილზეა დამოკიდებული.

[5] მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებზე ვრცლად, იხ. ფაქტ-მეტრის სტატია.

[6] „ევროპული საქართველოს“ ინიციატივით მომზადებული ვარიანტის მთავარი პრინციპი ის არის, რომ პარტიამ იმისთვის, რომ მთავრობის დაკომპლექტება შეძლოს, მაჟორიტარული ოლქების (20 ოლქიდან) თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობაში უნდა გაიმარჯვოს, ხოლო პროპორციულ ნაწილში მინიმუმ ამომრჩეველთა 45%-ის მხარდაჭერა მოიპოვოს.

[7] ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის შესახებ ვრცლად იხ. „ფაქტ-მეტრის"სტატია.

[8] 100/50-ზე მოდელი საკონტიტუციო ცვლილებებს მოითხოვს. შეგახსენებთ, რომ ხელისუფლების მთავარი არგუმენტი ე.წ „გერმანული მოდელის“ წინააღმდეგ, მისი არაკონსტიტუციურობა იყო. შესაბამისად გაუგებარი, რატომაა კონსტიტუციის ცვლილება ერთ შემთხვევაში შესაძლებელი, მეორე შემთხვევაში კი შეუძლებელი.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3008 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
22%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი