ირაკლი აბესაძე: ივანიშვილმა იპოდრომის 8 ჰა დაიტოვა
ვერდიქტი: ირაკლი აბესაძის განცხადება არის სიმართლე
რეზიუმე: მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს ფონდმა „ქართუმ“ თბილისის მუნიციპალიტეტს ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე მდებარე სამი ნაკვეთი გადასცა, რომელთა ჯამური ფართი 353 274 კვ.მეტრს შეადგენს, რაც 35 ჰექტარზე მეტია. თუმცა ფონდ ქართუს მფლობელობაში სამი ნაკვეთი ისევ რჩება, რომელთა ჯამური ფართი თითქმის რვა ჰექტარია.სიმართლეს შეესაბამება ის ფაქტიც, რომ მიმდინარე წლის 26 მარტს შპს „ინვესტ კაპიტალმა“ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს თამარაშვილის ქ#13-ში მდებარე ქონების დაყოფის მოთხოვნით მიმართა, ხოლო მიმდინარე წლის 22 ივნისს შპს „ინვესტ კაპიტალის“ ქონება საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მფლობელობაში გადავიდა. „ფაქტ-მტრი“ ვერ შევა იმის შეფასებაში, იპოდრომის რამდენად მომგებიანი ნაწილი დაიტოვა ბიძინა ივანიშვილმა. ზემოთ განხილულიდან გამომდინარე, ირაკლი აბესაძის განცხადება არის სიმართლე.
ანალიზი
„ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა, რომ ფონდმა „ქართუმ“ ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე საკუთრებაში დაიტოვა 8 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, სადაც მომავალში, შესაძლოა, აშენდეს სხვადასხვა კომერციული ტიპის ფართი. „ივანიშვილმა 2020 წლის ივნისში იპოდრომის ტერიტორია გაყო ორ ნაწილად. ცენტრალური მოედანი, სადაც ნულოვანი ეკონომიკური ინტერესი შეიძლება ჰქონოდა ივანიშვილს და ვერანაირ მოგებას ვერ ნახავდა, გადასცა სახელმწიფოს,ხოლო 8 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, თამარაშვილს ქუჩის მხარეს, სადაც არის ყველაზე ხშირი გამწვანება, ქართუ ჯგუფმა საკუთრებაში დაიტოვა“,- განაცხადა აბესაძემ.
რამდენიმე დღის წინ თბილისის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას ამცნო, რომ ბიძინა ივანიშვილმა და ფონდმა „ქართუმ“ დედაქალაქს ყოფილი იპოდრომის ტერიტორია უსასყიდლოდ გადასცა, სადაც „ქართუს“ დახმარებით თბილისის ცენტრალური პარკი გაშენდება. მეორე დღეს მერიამ ცენტრალური პარკის პროექტის პრეზენტაცია გამართა. კახა კალაძის თქმით, პარკის ტერიტორიაზე, იაპონური პარკი, საგანმანათლებლო ტერიტორია, პანორამული პლატფორმა, ხელოვნური ტბა, გუბურა მოეწყობა. ასევე, მერის განცხადებით, ცენტრალურ პარკში ამფითეატრი, ბოტანიკური ბაღი, კვების ზონა, მდელო და ფრანგული ბაღი იქნება.
ქალაქ თბილისში მდებარე ყოფილი იპოდრომის იურიდიული მისამართი თამარაშვილის #13-ია. უძრავი ქონების რეესტრში მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (ს/კ 204521794) სახელზე თამარაშვილის ქუჩა # 13-ში მდებარე სამი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 01.10.16.004.275; ს/კ 01.10.16.007.211; ს/კ 01.10.16.007.013) დარეგისტრირდა, ნაკვეთების ფართობი: 272 669კვ.მ, 78 605 კვ.მ და 2000 კვ.მ არის, ჯამში 353 274 კვ.მ, რაც 35 ჰექტარზე ( 1 ჰა= 10 000 კვ.მ) მეტია. შესაბამისად, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ თბილისის მუნიციპალიტეტს იპოდრომის ტერიტორიაზე მდებარე 35 ჰექტარი მიწის ფართობი გადასცა უსასყიდლოდ.
დღეის მდგომარეობით, საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მფლობელობაში თამარაშვილის #13-ში მდებარე სამი ნაკვეთი ფიქსირდება (ს/კ 01.10.16.004.272; ს/კ 01.10.16.004.285; ს/კ 01.10.16.004.283), ნაკვეთების ფართობი: 9 645 კვ.მ, 66 940 კვ.მ და 2 844 კვ.მეტრია, ჯამში 79 429 კვ.მ, რაც თითქმის 8 ჰექტარია. აღნიშნული იმის დასტურია, რომ ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე მდებარე 8 ჰექტარი მიწის ფართობი კვლავ „ქართუ“ ფონდის მფლობელობაშია, რასაც ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორი ნიკოლოზ ჩხეტიანი უარყოფს. დასახელებული მიწის ფართობი იპოდრომის თამარაშვილის ქუჩიდან შესასვლელის მიმდებარე ნაკვეთებია (იხილეთ: რუკა).
იპოდრომის გასხვისების ისტორია 1998 წლიდან იწყება. 1998 წლის თებერვალში „ჟოკეი კლუბსა“ და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს შორის იჯარა-გამოსყიდვითი ხელშეკრულება 5 წლის ვადით და ქირავნობის ხელშეკრულება 10 წლის ვადით გაფორმდა. იჯარა-გამოსყიდვით გადაცემულ ქონებაში „ჟოკეი კლუბს“ 710 000 დოლარი უნდა გადაეხადა. ხელშეკრულების პირობების მიხედვით, მოიჯარეს ობიექტის პროფილი უნდა შეენარჩუნებინა ( სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი უნდა მოეწყო) 5 წლის განმავლობაში, 3.5 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა და თანამშრომლების 70% უნდა შეენარჩუნებინა. 2005 წლის თებერვალში „ჟოკეი კლუბმა“ თბილისის მერიას იპოდრომის ტერიტორიაზე მდებარე მიწებისთვის სტატუსის შეცვლის მოთხოვნით მიმართა. მანამდე, აღნიშნული მიწებს ღია საუწყებო ტყე-პარკის სტატუსი ჰქონდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ დასახელებულ ტერიტორიაზე ყოველგვარი მშენებლობა, რაც მწვანე საფარს დააზიანებდა, აკრძალული იყო.
2007 წლის იანვარში თბილისის მაშინდელმა მერმა გიგი უგულავამ იპოდრომის ტერიტორიას ტყე-პარკის სტატუსი მოუხსნა. 9 მარტს გამოცხადებული აუქციონის შედეგად, „ჟოკეი კლუბმა“ იპოდრომის მთელი ტერიტორია იყიდა. ამის შემდეგ „ჟოკეი კლუბის“ დამფუძნებელთა სიაში ცვლილება შევიდა და მისი 50% ყაზახურმა ფირმამ შეიძინა.მალევე, კომპანიამ იპოდრომის ტერიტორიაზე მრავალსართულიანი შენობების პროექტი დააანონსა. საბოლოოდ, „ჟოკეი კლუბის“ პროექტი ვერ განხორციელდა. 2009 წელს იპოდრომის ტერიტორია 52 მილიონ დოლარად, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ შპს „ინვესტ კაპიტალმა“ გამოისყიდა. მიმდინარე წლის 26 მარტს შპს „ინვესტ კაპიტალმა“ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს თამარაშვილი ქ#13-ში მდებარე ქონების დაყოფის მოთხოვნით მიმართა, ხოლო მიმდინარე წლის 22 ივნისს შპს „ინვესტ კაპიტალის“ ქონება საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მფლობელობაში გადავიდა.
ზემოთ განხილულიდან გამომდინარე, ირაკლი აბესაძის განცხადება არის სიმართლე.
მთავარი ფოტო: ტაბულა