მსოფლიო მასშტაბით, ახალი კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 38 მლნ-ს გადააჭარბა, მილიონ ადამიანზე მეტი კი გარდაიცვალა. საქართველოში, ამ დროისთვის, ახალი კორონავირუსის 12 841 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 102 ადამიანი.

კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამი პირველად 2019 წლის დეკემბერში, ჩინეთში, ქალაქ უჰანში დაფიქსირდა და მთელ მსოფლიოში, სწრაფი ტემპით, გავრცელდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ ჯერ კიდევ 30 იანვარს გამოაცხადა. 11 მარტს კი, მსოფლიოში ახალი ვირუსის გავრცელების მასშტაბებიდან და დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე, პანდემია გამოცხადდა. პირველ ეტაპზე, კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად ქვეყნებმა მკაცრ ზომებს მიმართეს (საზღვრების ჩაკეტვა, საყოველთაო კარანტინი). ზაფხულის ბოლოდან მოყოლებული, მსოფლიო მასშტაბით ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა რთულდება, რაც საზღვრების გახსნისა და მკაცრი შეზღუდვების გაუქმების შემდეგ მოსალოდნელიც იყო.

ამ დროისთვის დამტკიცებული ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ არ არსებობს. იმისთვის, რომ ვირუსთან თანაცხოვრება შევძლოთ, აუცილებელია, ყურადღება არ მოვადუნოთ და მკაცრად დავიცვათ ჯანდაცვის მინიმალური წესები და რეკომენდაციები.

როგორ ვრცელდება COVID-19

COVID-19 ძირითადად წვეთოვანი გზით ვრცელდება. ვირუსის შემცველ წვეთებს ადამიანი ხველისას, ცემინებისას და საუბრისას ავრცელებს. ახალი კორონავირუსის ძირითადი სიმპტომებია: ცხელება, მშრალი ხველა, სუნთქვის გაძნელება, ყნოსვის დაკარგვა. ზოგიერთ პაციენტს აღენიშნება: ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, სურდო, დიარეა. ზოგ შემთხვევაში კი დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევების მიხედვით, კოვიდ ინფიცირებული პაციენტების 88%-ს აღენიშნებოდა ცხელება, ხოლო ყოველი 6 ინფიცირებულიდან ერთს აღენიშნება სუნთქვის გაძნელება.

რას იწვევს COVID-19?

ახალი კორონავირუსი იწვევს სასუნთქი გზების დაზიანებით გამოწვეულ ჯანმრთელობის პრობლემებს. ვირუსი შეიძლება შეიჭრას ფილტვის უჯრედში და დააზიანოს ფილტვის სტრუქტურა. უმეტეს შემთხვევაში, ვირუსი მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა რიგ შემთხვევებში მას თან ახლავს მძიმე გართულებები, რომლებიც შესაძლოა ფატალურად დასრულდეს. საშუალო და კრიტიკულ შემთხვევებში შესაძლოა განვითარდეს პნევმონია (ფილტვების ანთება) ან მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი, რომლის დროსაც ფილტვის ალვეოლებში სითხე გროვდება. დაგროვებული სითხის გამო ფილტვებში საკმარისი სივრცე ჰაერისთვის აღარ რჩება, რის შემდეგაც, გაცილებით ნაკლები ჟანგბადი აღწევს სისხლის მიმოქცევის სისტემაში. მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომის დროს საჭიროა ჟანგბადის მიწოდება და ხელოვნური ვენტილაცია.

ხანდაზმულები და ქრონიკული დაავადებების (მაღალი არტერიული წნევა, სასუნთქი სისტემის დაავადებები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი) მქონე პირები კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში უფრო მეტად არიან დაავადების გართულების რისკის ქვეშ.

რით განსხვავდება COVID-19 სეზონური გრიპისგან?

ახალი კორონავირუსის გამოჩენისთანავე დაიწყო მისი არასწორად გაიგივება სეზონურ გრიპთან. ასევე, მრავლად გავრცელდა ყალბი ამბები, რომლებიც ამტკიცებენ, თითქოს გრიპით უფრო მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე კორონავირუსით. (იხილეთ ფაქტ-მეტრის სტატია).

გრიპიც და კორონავირუსიც რესპირატორულ დაავადებებს იწვევს, ამიტომ მათი სიმპტომები მსგავსია. ორივე ვირუსი ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა წვეთოვანი გზით. შესაბამისად, მსგავსია ჯანდაცვის ზომებიც - ხელების ჰიგიენა, პირბადის გამოყენება და სოციალური დისტანცირება. თუმცა მათი ერთმანეთთან გაიგივება არ შეიძლება, რადგან ისინი ორ სხვადასხვა ვირუსს წარმოადგენენ. COVID-19 ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციაა. სეზონური გრიპი კი გამოწვეულია გრიპის ვირუსების სხვადასხვა ტიპითა და შტამებით. ამ ეტაპზე, COVID-19 უფრო სახიფათოა, ვიდრე გრიპის ვირუსები.

COVID-19 უფრო გადამდებია, ვიდრე სეზონური გრიპი. კორონავირუსის ეს შტამი აინფიცირებს 2-2.5 ადამიანს, გრიპი კი - 1.3-ს. COVID-19 უფრო სწრაფად და მარტივად ვრცელდება.

COVID-19-ის შემთხვევაში სიკვდილიანობის კოეფიციენტი გაცილებით მაღალია. COVID-19-ით გარდაცვალების მაჩვენებელი დაახლოებით 1%-ია, სეზონური გრიპის გარდაცვალების მაჩვენებელი კი დაახლოებით 0.1%-ია. თუმცა, ამ ეტაპზე კორონავირუსის პანდემია აქტიურ ფაზაშია, შესაბამისად COVID-19-ის სიკვდილიანობის ზუსტი კოეფიციენტის განსაზღვრა რთულია და ეს პანდემიის დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, COVID-19-ით სიკვდილიანობის ზუსტი კოეფიციენტი არ არის ცნობილი, მაგრამ სავარაუდოდ, იგი მნიშვნელოვნად მაღალია, (შესაძლოა, 10-ჯერ ან უფრო მეტადაც), ვიდრე გრიპის შტამების უმეტესობა.

აქვე აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, მსოფლიოში ყოველწლიურად 290 000 – დან 650 000 ადამიანი იღუპება გრიპთან დაკავშირებული მიზეზებით. COVID-19-ით კი უკვე მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

გრიპისგან განსხვავებით, COVID-19-ისთვის დამახასიათებელია, ყნოსვის და გემოს დაკარგვა. განსხვავებულია საინკუბაციო პერიოდიც, გრიპის დროს სიმპტომები 1-დან 4 დღემდე ვლინდება, COVID-19-ის შემთხვევაში სიმპტომების გამოვლენას 2-დან 14 დღემდე სჭირდება. ამასთან, ახალ კორონავირუსს შეიძლება მოყვეს უფრო მძიმე გართულებები, ვიდრე გრიპს. კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში პაციენტის გამოჯანმრთელებისთვის საჭირო დრო უფრო ხანგრძლივია. დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე შესაძლოა რამდენიმე კვირა გაგრძელდეს, კრიტიკულ შემთხვევაში კი რამდენიმე თვეც.

გრიპისგან განსხვავებით, COVID -19-ის საწინააღმდეგო დამტკიცებული ვაქცინა, ან სპეციალური მედიკამენტები ჯერჯერობით არ არსებობს[1], რაც მკურნალობის პროცესს კიდევ უფრო პრობლემურს ხდის და შესაბამის გავლენას ახდენს გარდაცვალების მაჩვენებელზეც. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის, მსოფლიოში 180 ვაქცინის კვლევა მიმდინარეობს, მათგან 35-ს უკვე ადამიანებზე ცდიან. ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ მასობრივი ვაქცინაცია სავარაუდოდ 2021 წლის შუა პერიოდიდან დაიწყება.

ძირითადი რეკომენდაციები COVID-19-ისგან თავის დასაცავად:

· ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და თბილი წყლით, არანაკლებ 20 წამის განმავლობაში ან სპირტის შემცველი ხსნარით დაიმუშავეთ;
· მოერიდეთ სახეზე - პირზე, ცხვირზე, თვალებზე ხელით შეხებას. ეს ორგანიზმში ვირუსის შეღწევის და ინფიცირების გზას წარმოადგენს;
· დაიცავით სოციალური დისტანცია გარშემომყოფებთან (სულ მცირე 2 მეტრი);
· საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, დახურულ სივრცეებში, ტრანსპორტში გამოიყენეთ პირბადე;
· მოერიდეთ ხალხმრავალ შეკრებებს.

COVID-19-ის პანდემიის პირობებში, 2020-2021 სეზონზე მთელ მსოფლიოში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას. გრიპის ვაქცინაცია შეამცირებს ორივე ვირუსით ერთდროული ინფიცირების რისკს და ჯანდაცვის სექტორის დატვირთვას - გრიპით ავადობის გამო ექიმთან მიმართვიანობას და ჰოსპიტალიზაციას.

[1] რუსეთი ირწმუნება, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე დაამზადა და ვაქცინაციის დაწყებას ოქტომბრიდან გეგმავს. თუმცა, მეცნიერების ძალიან დიდი ნაწილი რუსულ ვაქცინას სარისკოდ მიიჩნევს. რუსული ვაქცინა კლინიკური კვლევების უხეში დარღვევით, მესამე ფაზის გამოტოვებით, დამტკიცდა. მესამე ფაზა არის ფართომასშტაბიანი კვლევა, ამ ფაზაში დასტურდება ვაქცინის ეფექტიანობა და უსაფრთხოება.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი