ხატია დეკანოიძე: გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) კვლევის მიხედვით საქართველოში 50 000 ბავშვს არ აქვს ინტერნეტი
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ხატია დეკანოიძის განცხადება არის სიმართლე
რეზიუმე: გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის მიხედვით, საქართველოში ინტერნეტზე და კომპიუტერზე წვდომა 50 400 ბავშვს არ აქვს. ხატია დეკანოიძის განცხადების ეს ნაწილი სიმართლეა. რაც შეეხება სახელმწიფოს აქტივობას მოსწავლეთა ინტერნეტით უზრუნველყოფის კუთხით, დისტანციური სწავლების უზრუნველსაყოფად განათლების სამინისტრომ მთელი რიგი აქტივობები განახორციელა, თუმცა უშუალოდ ინტერნეტით მოსწავლეების უზრუნველსაყოფად სამინისტროს მნიშვნელოვანი არაფერი გაუკეთებია. ასევე სახელმწიფოს მხრიდანაც, მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროგრამა ქართული ოცნების ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო, პროექტი საწყის ეტაპზეც კი არ არის (თუ არ ჩავთვლით სტრუქტურის შექმნას და პირველად კვლევებს, რომელიც, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, ფონდმა „ქართუმ“ დააფინანსა). ზემოთქმულიდან გამომდინარე, ხატია დეკანოიძის განცხადება არის სიმართლე
ანალიზი:
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ხატია დეკანოიძემ კორონავირუსის პანდემიის პირობებში მთავრობის მუშაობა შეაფასა და განაცხადა: „გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) კვლევის მიხედვით საქართველოში 50 000 ბავშვს არა აქვს ინტერნეტი. მთავრობას ამ მიმართულებით ექვსი თვის განმავლობაში არაფერი გაუკეთებია“.
გაეროს ბავშვთა ფონდმა მიმდინარე წლის მაისში კვლევა - „მოწყვლადი ბავშვები და რისკები ახალი კორონავირუსის (კოვიდ-19) დროს“, გამოაქვეყნა. დოკუმენტში მიმდინარე კრიზისის დროს მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობაა განხილული. მასში 2018 წელს ჩატარებული მრავალინდიკატორული კლასეტური კვლევის მონაცემები, ასევე საქსტატის მოსახლეობისა და ადმინსტრაციული მონაცემები არის ასახული. ყველა გამოყენებული მონაცემი 2018-2020 წლებს ეკუთვნის. კვლევა ბავშვებისა და ოჯახების მდგომარეობას კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისამდე ასახავს. მიუხედავად იმისა, რომ რეალურად ამ კრიზისმა ბავშვების მდგომარეობასა და და მოწყვლადობაზე რა მასშტაბის ზემოქმედება მოახდინა, ჯერ ზუსტად არ არის ცნობილი, კვლევაში ასახული ინფორმაცია სანდო საბაზისო მონაცემია, რომელიც გაჭირვებული და მოწყვლადი ბავშვებისთვის დახმარების გაწევას შეუწყობს ხელს.
კვლევაში ბავშვთა საცხოვრებელი გარემო, ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა, განათლება და სოციალური დაცვა არის შეფასებული.
მიმდინარე კრიზისი დროს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ყველა ბავშმა სწავლა გააგრძელოს. აღნიშნული ბავშვები ისედაც მოწყვლადნი არიან, რადგან არ აქვთ ციფრული მოწყობილობები და ინტერნეტთან კავშირი, სახლში სწავლისთვის ხელსაყრელი პირობები და მშობლების მხარდაჭერა. კვლევის მიხედვით, 3-17 წლამდე ბავშვების რაოდენობა, რომელთაც საცხოვრებელ ადგილას ინტერნეტთან და კომპიუტერთან წვდომა არ აქვთ, 50 400-ია.
განხილული კვლევის მიხედვით, საქართველოში კომპიუტერთან და ინტერნეტთან წვდომა 50 400 ბავშვს არ აქვს. ხატია დეკანოიძის განცხადების ეს ნაწილი სიმართლეა. რაც შეეხება მეორე ნაწილს, მთავრობის აქტივობას ამ მიმართულებით, კორონავირუსმა სწავლების დისტანციურ ფორმაზე გადასვლის აუცილებლობა წარმოშვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ (EMIS) სკოლებს დისტანციური სწავლების ხელშეწყობისთვის Microsoft-ის 15-ზე მეტი პროდუქტის გამოყენების შესაძლებლობა შესთავაზა, რომლებიც მათ ონლაინინტერაქტიული გაკვეთილების წარმართვაში ეხმარება. სამინისტროს ინფორმაციით, 600 000-ზე მეტ მოსწავლესა და 55 000-მდე მასწავლებელს სპეციალური პროფილები უკვე გააქტიურებული აქვთ და სამინისტროს მხარდაჭერით, შესაძლებლობა აქვთ, სრულყოფილად ისარგებლონ შეთავაზებული ონლაინ ინსტრუმენტებით - Microsoft office 365- ით, რომელიც აერთიანებს Microsoft TEAMS, OneNote-ს და სხვა. ამასთან, სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) წარმომადგენლებმა საქართველოს საჯარო სკოლების ყველა კლასისთვის პროგრამა TEAMS-ში ვირტუალური საკლასო ოთახები შექმნეს და პედაგოგებს სწავლების პროცესისთვის მხარდამჭერი ტექნოლოგიური ინსტრუმენტების გამართვასა და დანერგვაში ეხმარებიან.
მიმდინარე წლის 30 მარტს პროექტი ტელესკოლაც დაიწყო, რომელიც 15 სექტემბრიდან კვლავ განახლდა. პროექტს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქართველოს პირველ არხთან თანამშრომლობით ახორციელებს. „ტელესკოლა“ ყველა მოსწავლეს, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა წვდომა ინტერნეტთან, საშუალებას აძლევს, ნახოს გაკვეთილები ყველა საგანში. პროექტი „ტელესკოლა“ საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი - განათლება“ (ყოფილი მეორე არხი) ეთერით გადის. საეთერო ბადე (გაკვეთილების ცხრილი) ყველა კლასის საგანს მოიცავს.
ეს არის იმ აქტივობების ჩამონათვალი, რაც განათლების სამინისტრომ დისტანციური სწავლების მიმართულებით განახორციელა, თუმცა უშუალოდ მოსწავლეების ინტერნეტით ან კომპიუტერით უზრუნველყოფის მიმართულებით სხვა ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს. ჩვენ სამინისტროსგან იმ მოსწავლეების რაოდენობა გამოვითხოვეთ, ვინც ინტერნეტის არქონის გამო დისტანციურ სწავლებაში ჩართვას ვერ ახორციელებს, თუმცა მათ აღნიშნული სტატისტიკა არ მოგვაწოდეს.
„ქართული ოცნების“ ოთხწლიანი გეგმის ერთ-ერთი მთავარი დაპირება საყოველთაო ინტერნეტიზაცია იყო. პროგრამის მიხედვით, 2020 წლისთვის 8 000-კილომეტრიანი ინფრასტრუქტურა უნდა აშენებულიყო, რის შედეგადაც 800 000 ადამიანი ინტერნეტს მიიღებდა. ჯამში, ქვეყნის მოსახლეობის 90%-ზე მეტს, ინტერნეტზე წვდომა ექნებოდა. თავდაპირველი ინფორმაციით, საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის დაფინანსების წყარო საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ უნდა ყოფილიყო, ახლა ირკვევა, რომ ინტერნეტიზაციის პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება. პროექტი ჯერ დაწყებული არ არის და შეიძლება ითქვას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საყოველთაო ინტერნეტიზაციის დაპირება ვერ შეასრულა (იხილეთ: სტატია)
ისიც აღსანიშნავია, რომ საქართველოში ინტერნეტით მოსახლეობის 79.3 % არის უზრუნველყოფილი. შესაბამისად, მოსახლეობის 20%-ზე მეტს ინტერნეტთან წვდომა არ აქვს. მოსწავლეთა რა რაოდენობა ვერ ახერხებს დისტანციურ სწავლებაში ჩართვას ინტერნეტის უქონლობის გამო, ამ კითხვაზე, როგორც აღვნიშნეთ, განათლების სამინისტროსგან პასუხი ვერ მივიღეთ. არც ის არის ცნობილი, დისტანციური სწავლების გამო, მოსწავლეებს შორის წარმოშობილი უთანასწორობის აღმოსაფხვრელად სამინისტრომ რა ნაბიჯები გადადგა.