ახალი კორონავირუსის, Covid-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, სხვადასხვა სერვისის მიმწოდებელი ობიექტებისთვის, არაერთი რეგულაცია ამოქმედდა.
როგორ იცავენ სასტუმროები, კლინიკები, კვებისა და სხვა დანიშნულების ობიექტები დადგენილ რეგულაციებს და რამდენად არის დაცული იქ დასაქმებულთა, ასევე, მომხმარებელთა უსაფრთხოება, ამას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი ამოწმებს.
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, რომელი ობიექტები შემოწმდა აჭარის ა/რ ტერიტორიაზე და რომელი მათგანი დაჯარიმდა რეგულაციების დარღვევის გამო. ინფორმაცია სამინისტროსგან ოფიციალურად გამოვითხოვეთ.
მიმდინარე წლის 22 სექტემბრის მდგომარეობით, როგორც „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ასევე, სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (CODIV-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით, 2019-2020 წლებში დეპარტამენტმა აჭარაში 800-მდე ობიექტის ინსპექტირება განახორციელა (დანართი 1).
იმ ობიექტებს შორის, რომლებიც ინსპექტირების მომენტში მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდნენ, არაერთი სასტუმროა, მათ შორის, ის სასტუმროებიც, რომლებშიც აჭარის ა/რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა საკარანტინო ზონები მოაწყო. მაგალითად, დეპარტამენტს ხელშეკრულება, რომლის სავარაუდო ღირებულება 100 000 ლარია, გაფორმებული აქვს შპს „მარი ჯგუფთან“ (245560879). ეტაპობრივად განხორციელებული ცვლილებების შედეგად, მომსახურების თანხა გაზრდილია და ამ ეტაპზე მიმწოდებლისთვის უკვე 398 000 ლარამდეა გადახდილი.
შპს „მარი ჯგუფი“ ბათუმში ფლობს შპს MARINA COLISEUM-ს, რომელთანაც აჭარის ა/რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს ასევე ორი ხელშეკრულება (კარანტინის საჭიროების მქონე მოქალაქეების განთავსების შესახებ) აქვს გაფორმებული. ამ ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება 444 000 ლარს შეადგენს. თუმცა პანდემიამდეც, ამავე კომპანიისგან, აჭარის მთავრობას სასტუმროს მომსახურება არაერთხელ აქვს შესყიდული, რაშიც რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ათასობით ლარია გადახდილი.
ინფორმაციისთვის, აღნიშნული კომპანიის მფლობელია რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ინგა არშბა, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ ოთარ არშბას ოჯახის წევრია. ოთარ არშბა ვლადისლავ არძინბას მრჩეველი იყო. ამის შესახებ რუსულ წყაროებში არაერთი ცნობა იძებნება.
აღსანიშნავია დაბა ჩაქვში მდებარე „დრიმლენდ ოაზისი“ (იქ საკარანტინო სივრცე არ არის), რომლის მდგომარეობაც კრიტიკულად შეფასდა. ეს ის სასტუმროა, სადაც მიმდინარე წლის 2 სექტემბერს სამედიცინო კონფერენციაზე ერთ-ერთ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. კონფერენცია სწორედ მაშინ გაიმართა, როცა მწვანე ზონად შეფასებულ აჭარაში ეპიდემიამ განმეორებით იფეთქა. ამიტომ საზოგადოების ნაწილმა სამედიცინო პერსონალის მიერ ხალხმრავალი შეხვედრის მოწყობა საკმაოდ მწვავედ გააკრიტიკა.
აჭარის ა/რ ტერიტორიაზე მდებარე ობიექტების სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (CODIV-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით, 22 სექტემბრამდე განხორციელებული ინსპექტირების შედეგად, რეგულაციების დარღვევის არაერთი ფაქტი დადასტურდა. 30-ზე მეტი შემოწმებული ობიექტიდან, მოთხოვნებს მხოლოდ ნახევარი აკმაყოფილებს.
ცხრილი 1. სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (CODIV-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების შესრულება, აჭარა, 2020 წლის 22 სექტემბრამდე პერიოდი
წყარო: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
დაჯარიმებული და გაფრთხილებული ობიექტების მფლობელები ამბობენ, რომ მსხვილ კომპანიებზე, როგორც სამშენებლო, ასევე სასტუმრო თუ კვების ობიექტებზე, აღნიშნული სახდელები იმდენად მძიმედ არ აისახება, როგორც შედარებით დაბალი ბრუნვის მქონე მეწარმეებზე, რომლებიც, პანდემიიდან გამომდინარე, ბიზნესის დახურვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. ფაქტობრივად, უსამსახუროდ დარჩა იქ დასაქმებულების ნაწილიც. ამ კომპანიებს საბანკო ვალდებულებებიც მძიმედ აწევთ და არც იმ სიკეთეებზე მიუწვდებათ ხელი, რომლებითაც, სახელმწიფოს მხრიდან, სხვა ბიზნესები დროდადრო სარგებლობენ, გამარტივებული წესითა თუ ელექტრონულ ტენდერებში უკონკურენტოდ მიღებული ხელშეკრულებების სახით.
მაგალითად, გაფრთხილებულ და დაჯარიმებულ კომპანიებს შორისაა შპს „ხიდი 2006“ (245556991), რომელიც სახელმწიფო შესყიდვებში არაერთ ხელშეკრულებას გამარტივებული წესით იღებს. ასევე სს „მეტრო ატლას ჯორჯია“ (445406631), რომელთან დაკავშირებული პირები , პარალელურად, წარმოდგენილი არიან სს „მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმში“ (445504482). ამ უკანასკნელთან კი, პანდემიის გამოცხადების დღიდან, საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და აჭარის ა/რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს გაფორმებული აქვთ ოცდაშვიდი ხელშეკრულება, რომელთა ჯამური ღირებულება 11 მლნ ლარს აღწევს. თუმცა ამავე სასტუმროსგან მომსახურება სახელმწიფო უწყებებს გასულ წლებშიც აქვთ შესყიდული, მათ შორის, ორჯერ ხელშეკრულების ღირებულება 10 000 და 11 000 ლარს აღემატება.
აღსანიშნავია, რომ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ ერთ-ერთ მედიასთან ინსპექტირების მიზნებზე ისაუბრა. მან განაცხადა, რომ საზოგადოებამ ინსპექტირებაში მხოლოდ სადამსჯელო მანდატი არ უნდა დაინახოს, ვინაიდან შემოწმებები სარეკომენდაციო ხასიათსაც ატარებს. მიუხედავად ამისა, ბიზნესის მფლობელები და იქ დასაქმებულები აცხადებენ, რომ მუდმივად სტრესულ გარემოში უწევთ მუშაობა, რადგან ყოველწამიერად იმაზე ფიქრში არიან, რომ ობიექტის შესამოწმებლად ინსპექცია მოვა და რამე დარღვევას აუცილებლად იპოვის. მიუხედავად იმისა, რომ ისინი წესებისა და რეკომენდაციების დაცვას ზედმიწევნით ცდილობენ.