დეზინფორმაცია: ახალქალაქი არის სომხეთი. ახალციხე არის სომხეთი.
ვერდიქტი: ყალბი ამბავი
ანალიზი
Facebook-გვერდმა „Armen Ararad“ დეზინფორმაციული და პროვოკაციული სახის სურათი გამოაქვეყნა:
შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ფოტო ხელითაა დახატული. გარდა ახალციხისა და ახალქალაქის სომხეთისთვის მიკუთვნებისა, მოცემულ რუკაზე საქართველოს ტერიტორიიდან ჩამოჭრილია აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონის საზღვარი კი რუსეთთან წაშლილია.
ახალციხე და ახალქალაქი საქართველოს სუვერენული ტერიტორიებია. საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ცნობს როგორც სომხეთი, ასევე აზერბაიჯანი.
საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიული რუკა, წყარო: ნეტგაზეთი
საქართველოს ოფიციალური რუკა, წყარო: გაერო
აღსანიშნავია, რომ Facebook-გვერდი „Armen Ararad“ 2020 წლის 29 სექტემბერს არის შექმნილი, ხოლო ზემოთ ნაჩვენები დამახინჯებული რუკა, მისი ერთადერთი პოსტია (გარდა პროფილის სურათისა), რომელიც, ამავდროულად, დარეკლამებულია. მოცემულ პოსტს სტატიაზე მუშაობის დროს 28 ათასზე მეტი ნახვა და Facebook-ზე ათასზე მეტი ინტერაქცია (რეაქციები+კომენტარები+გაზიარებები) აქვს.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის განახლებული სამხედრო დაპირისპირების კონტექსტში, სოციალურ ქსელში დეზინფორმაციის შემცველი და შუღლის გამაღვივებელი პოსტები აქტიურად ვრცელდება. მაგალითად, Facebook-ზე გავრცელდა დეზინფორმაცია, რომელიც საქართველოს გავლით თურქეთიდან აზერბაიჯანში სამხედრო ტვირთის გადატანასა და დაქირავებული სირიელი მებრძოლები გადაყვანას ამტკიცებდა.