დეზინფორმაცია: საქართველოს გავლით აზერბაიჯანში სირიელი მებრძოლები გადაჰყავთ და იარაღი გადააქვთ

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

For English click here

ანალიზი

მთიან ყარაბახში 27 სექტემბერს აზერბაიჯანულ და სომხურ მხარეებს შორის სამხედრო დაპირისპირება განახლდა.

კონფლიქტთან დაკავშირებით საერთაშორისო მედიაში (მაგალითად: The Guardian, CNN, Reuters, BBC) გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქული კერძო უსაფრთხოების კომპანიამ აზერბაიჯანის მხარეს საბრძოლველად სირიელი მებრძოლები დაიქირავა და გაგზავნა. თურქეთი და აზერბაიჯანი აღნიშნულს უარყოფენ.

ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით სოციალურ მედიაში (Facebook-ზე, Instagram-ზე, Telegram-ზე, Twitter-ზე) გავრცელდა ყალბი ინფორმაცია, თითქოს სირიელი მებრძოლები აზერბაიჯანში თურქეთიდან საქართველოს გავლით გადაჰყავთ. ამასთან, ვრცელდება კიდევ ერთი დეზინფორმაცია, რომ საქართველოს გავლით თურქეთიდან აზერბაიჯანში იარაღი გადააქვთ. დეზინფორმაციული წყაროები საქართველო-თურქეთის საზღვრის გადაკეტვის მოწოდებებსაც ავრცელებენ. მოცემული მტკიცებები სიმართლეს არ შეესაბამება. გავრცელებული ყალბი ამბები და დეზინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულებზე: ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4, ბმული 5, ბმული 6, ბმული 7, ბმული 8, ბმული 9, ბმული 10, ბმული 11, ბმული 12.

„სამხრეთის კარიბჭის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „29 სექტემბერს კარწახთან, ადგილობრივმა მოსახლეობამ საქართველო–თურქეთის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა გადაკეტა. ისინი თურქეთიდან საქართველოს მიმართულებით მოძრავ მანქანებს არ ატარებდნენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პროტესტის ამ ფორმით ცდილობდნენ გაერკვიათ, თუ რატომ უშლიან ხელს ყარაბაღის კონფლიქტში მონაწილე სომეხი ჯარისკაცების და დაზარალებულების დახმარებაში“. „სამხრეთის კარიბჭესთან“ ერთ-ერთმა ადგილობრივმა განაცხადა: „ფეისბუკზე წავიკითხეთ, რომ საქართველომ აზერბაიჯანს მარტივად გაუხსნა გზა, ჩვენ კი გუშინ ძლივს შევძელით სურსათის გაგზავნა. გვაინტერესებს, რატომ არ გვაძლევს საქართველო უფლებას სომეხ სამხედროებს დავეხმაროთ“. ასევე „ნეტგაზეთის“ მიხედვით, „სომხურენოვანი „ალიქ მედია“ იუწყება, რომ მათ ერთ-ერთმა დემონსტრანტმა უთხრა: „თურქეთიდან აზერბაიჯანში საქართველოს გავლით იგზავნება იარაღი, ამიტომ გზის ჩაკეტვა გადავწყვიტეთ“. იმავეს იუწყებოდა ახალქალაქის ტელევიზია „ატვ 12“. მოცემული ფაქტები დეზინფორმაციის მავნე ზეგავლენის მაგალითებია.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი, სოციალურ მედიაში გავრცელებულ დეზინფორმაციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ინფორმაციას თითქოს თურქეთის ტერიტორიიდან აზერბაიჯანის მიმართულებით სირიაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე არაფორმალური შეიარაღებული ფორმირებები საქართველოს ტერიტორიის გავლით გადაადგილდებიან, არანაირი საფუძველი არ გააჩნია. მან დამატებით აღნიშნა, რომ „ეს არის სიცრუე და მიზნად ისახავს საქართველოში და ზოგადად რეგიონში ვითარების ესკალაციას და დაძაბვას“. მეტიც, მისი თქმით, „ამავე წყაროებში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხელი შეუშალონ ჩვენს კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში მშვიდობიან თანაცხოვრებას, კეთდება კონკრეტული მოწოდებები რათა გადაიკეტოს აზერბაიჯანის მიმართულებით მიმავალი საავტომობილო მაგისტრალი“.

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭო აზერბაიჯანულ და სომხურ მხარეებს შორის სამხედრო დაპირისპირებასა და შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით 3 ოქტომბრის განცხადებაში აღნიშნავს, რომ „აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამხედრო მოქმედებების გამო, საქართველოს მთავრობამ, ესკალაციის დაწყებისთანავე, დროებით შეაჩერა ნებართვების გაცემა საკუთარ ტერიტორიაზე, სახმელეთო და საჰაერო მარშრუტებით სამხედრო ტვირთების გატარებაზე ორივე ქვეყნის მიმართულებით“, რის შესახებაც მხარეები ინფორმირებულნი იყვნენ. ხოლო „საქართველოს გავლით, ტრანზიტის რეჟიმში სამოქალაქო დანიშნულების სატვირთო გადაზიდვები შეუფერხებლად და უსაფრთხოდ ხორციელდება ნებისმიერი, მათ შორის აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართულებით“. ასევე „კონფლიქტის გამწვავების მომენტიდან საქართველოს მიერ სამოქალაქო საჰაერო სატვირთო გადაზიდვების მიზნებისათვის რაიმე სახის შეზღუდვები არ დაწესებულა და არც დაწესდება“. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის წევრებიც ადასტურებენ. საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის, განცხადების მიხედვით, „აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამხედრო მოქმედებების გამო, საქართველოს მთავრობამ ესკალაციის დაწყებისთანავე, გადადგა მნიშვნელოვანი ქმედითი ნაბიჯები, ერთ- ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ მიმართულებით არის ის, რომ დროებით შეაჩერა ნებართვების გაცემა საკუთარ ტერიტორიაზე სახმელეთო და საჰაერო მარშრუტებით სამხედრო ტვირთების გატარებაზე ორივე ქვეყნის მიმართულებით და ამის თაობაზე ჩვენი პარტნიორები ინფორმირებულები იყვნენ, ჩვენ მუდმივად ვართ მათთან კონტაქტზე. რაც შეეხება ნებისმიერ სხვა საერთაშორისო სატრანზიტო გადაზიდვებს, ქართული მხარე სრულიად ასრულებს საერთაშორისო ვალდებულებებს“. უსაფრთხოების საბჭოს მდივანი და შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, აცხადებს, რომ კონფლიქტის დაწყების პერიოდიდან სომხეთ-აზერბაიჯანის მიმართულებით საქართველოს სამხედრო გადაზიდვები შეჩერებული აქვს და „ამის შესახებ გაფრთხილებულია როგორც სომხეთი, ისე - აზერბაიჯანი“. ხოლო „საომარი მოქმედებების განახლებიდან საქართველო საჰაერო და სახმელეთო გზებით უპრობლემოდ ატარებს სამოქალაქო დანიშნულების ტვირთებს კონფლიქტში მონაწილე ორივე ქვეყნის მიმართულებით და ამ კუთხით შეზღუდვები არ დაწესებულა“. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას, განცხადებით, „საქართველოს გავლით სამოქალაქო დანიშნულების სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვა აბსოლუტურად შეუფერხებლად ხორციელდება, როგორც აზერბაიჯანთან, ასევე სომხეთთან მიმართებაში“, რაზეც მეტყველებს სტატისტიკა - „750-დან 800-მდე სატივრთო ავტომობილი სამოქალაქო ტვირთით ყოველდღიურად კვეთს საქართველო-აზერბაიჯანის და საქართველო-სომხეთის საზღვარს“. მეტიც, თურნავას მიხედვით, „სომხეთის სამოქალაქო ტვირთების გადაზიდვის უფრო მეტად უსაფრთხო და გამართული ფუნქციონირებისთვის და უზრუნველყოფისთვის, ავამოქმედეთ საბაჟო გამშვები პუნქტი ნინოწმინდა-ბავრა, რომელიც ძალიან მაღალი ინტენსივობით ემსახურება ტვირთებს, სომხეთის მიმართულებით და პირიქით სომხეთიდან გამავალი სატრანზიტო ტვირთებს ინტენსივობა ძალიან მაღალი აქვთ, კვეთები ძალიან მაღალია და ამ კუთხით რაიმე შეფერხებას ადგილი არ აქვს და არ ექნება“.

ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოდან აზერბაიჯანისთვის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას საქართველოში სომხეთის საელჩოც გამოეხმაურა. საელჩომ განაცხადა, რომ „ინტერნეტში გავრცელებული ვიდეო, რომლის თანახმადაც, თითქოს სამხედრო აღჭურვილობა, რომელიც ბორჯომშია გადაღებული, აზერბაიჯანს გადაეცემა, არ შეესაბამება სიმართლეს. სამხედრო აღჭურვილობა, რაც ვიდეოშია ნაჩვენები, ეკუთვნის საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და გადაადგილება ხორციელდებოდა საქართველოს უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე.“ საქართველოში სომხეთის საელჩომ მოქალაქეებს მოუწოდა, რომ დეზინფორმაციის გავრცელებას თავი აარიდონ, რადგან მას „შესაძლოა პანიკა და არასასურველი შედეგები მოჰყვეს“.

ფოტო: ამერიკის ხმა

თეგები: