დეზინფორმაცია: კორონავირუსისგან დასაცავად პირბადეები არ უნდა გამოვიყენოთ

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ სოციალურ ქსელში ყალბი ინფორმაცია ვრცელდება. კერძოდ, Facebook გვერდი „სტალინი“ ამერიკული ფინანსურ-ეკონომიკური ჟურნალის, Forbes-ის, სტატიას აქვეყნებს, სათაურით - „არა, თქვენ არ გჭირდებათ პირბადეები კორონავირუსის თავიდან ასაცილებლად – ეს თქვენი დაინფიცირების რისკს ზრდის“. გავრცელებული მასალის თანახმად, ინფექციების პრევენციის სპეციალისტის, აიოვას სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორის, ელი პერენსევიჩის, თქმით, ქირურგიული, რესპირატორული თუ სხვა სახის პირბადეები კორონავირუსისგან თავის დასაცავად არ უნდა გამოვიყენოთ. ის ასევე აღნიშნავს, რომ ქირურგიული პირბადეები მხოლოდ მათ უნდა გამოიყენონ, ვისაც გრიპი აქვს, ან ფიქრობენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირდნენ.

Forbes-ზე აღნიშნული სტატია ნამდვილად იძებნება, თუმცა ის, სინამდვილეში, 2020 წლის 29 თებერვალს გამოქვეყნდა. აღსანიშნავია, რომ მოცემული სტატია ქართულმა Forbes-მაც თარგმნა. Facebook გვერდი „სტალინი“ აღნიშნულ სტატიას 2020 წლის 20 სექტემბერს აქვეყნებს, რეალურად კი, ის პანდემიის დასაწყისში არსებულ რეკომენდაციებს ემყარება. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი (CDC), 2020 წლის 12 თებერვალს პირბადის ყველასათვის სავალდებულოდ ტარების რეკომენდაციებს არ გასცემდა. ამას კი საფუძვლად, ძირითადად სამედიცინო პირბადეების საგრძნობი დეფიციტი ედო. „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც“ (WHO) პირბადის გამოყენების რეკომენდაციას არა ყველაზე, არამედ იმ პირებზე გასცემდა, ვისაც COVID-19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ჰქონდათ, ან ინფიცირებულ/შესაძლო ინფიცირებულ ადამიანს უვლიდნენ. მათივე განმარტებით, ამით მსოფლიოში დეფიციტური პირბადეების რაციონალურ გამოყენებას ხელს უწყობდნენ. საქართველო ძირითადად WHO-ს რეკომენდაციების შესაბამისად მოქმედებდა და პირბადეების გამოყენებაც მხოლოდ დაავადებული ადამიანისთვის ან მასთან კონტაქტში მყოფი პირისთვის იყო რეკომენდებული.

დღეისათვის, ვირუსთან დაკავშირებული ცოდნის ზრდასა და პირბადეების დეფიციტის აღმოფხვრასთან ერთად, ჯანდაცვის ყველა ავტორიტეტული ინსტიტუტი თანხმდება, რომ კორონავირუსის გავრცელების შეფერხებისთვის პირბადის ტარება აუცილებელია. CDC საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადეების მასობრივ გამოყენებას უწევს რეკომენდაციას. „მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის“ თანახმად, სამედიცინო ნიღაბს შეუძლია, ვირუსის გავრცელებას ხელი შეუშალოს და ასევე, ადამიანი ინფიცირებისგან დაიცვას. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე, მოქალაქეებს თავშეყრის ადგილებში პირბადის გამოყენების აუცილებლობაზე მუდმივად მოუწოდებს. მისი განცხადებით, ჯერჯერობით, როცა კორონავირუსის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც პირდაპირი მოქმედების წამალი არ არსებობს, ერთადერთი იარაღი პირბადეა.

СOVID-19-ის გავრცელება წვეთოვანი გზით ხდება, ადამიანი ვირუსის შემცველ წვეთებს ხველისას, ცემინებისას და საუბრისას აფრქვევს, პირბადის გამოყენება კი ვირუსის მიკრობების გავრცელებას ხელს უშლის. COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის მხოლოდ პირბადის გამოყენება არ არის საკმარისი, ჰიგიენის დაცვა (ხელების ხშირი დაბანა ან სპირტისშემცველი ხსნარით დამუშავება) და სოციალური დისტანციის დაცვაც აუცილებელია.

Facebook-გვერდმა „სტალინმა“ პოსტი 20 სექტემბერს გამოაქვეყნა და Forbes-ის ორიგინალი სტატიის გამოქვეყნების თარიღი, 29 თებერვალი არ მიუთითა. შესაბამისად, პოსტი მანიპულაციური ხასიათისაა და მკითხველი შეცდომაში შეჰყავს. ხაზგასასმელია ისიც, რომ აღნიშნული გვერდი დეზინფორმაციული და მანიპულაციური შინაარსის პოსტებს ხშირად ავრცელებს.

პირბადის მავნებლობასთან დაკავშირებული მანიპულაციები ბოლო დროს ხშირად ვრცელდება. აღნიშნულ საკითხზე „ფაქტ-მეტრი“ აქამდეც წერდა.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი